ევრა: “ვულოცავ “ინტერს”, მაგრამ ისინი გამარჯვებას “იუვეს” ყოფილი ბიჭებით აღწევენ”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მცველი პატრის ევრა თითქმის დარწმუნებულია, რომ იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას მილანის “ინტერი” მოიგებს, თუმცა იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედები “ბებერი სინიორას” ყოფილი თანამშრომლები არიან.

“თითქმის შეუძლებელია, რომ სკუდეტო “იუვენტუსმა” მოიგოს. “ინტერს” დიდებული სეზონი აქვს. ვულოცავ მათ, მაგრამ ისინი მიხვდნენ, რომ გუნდში “იუვენტუსის” ყოფილი ბიჭები მიიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ “ინტერი” მძულს, ანტონიო კონტე სხვა დონეზეა, ის სხვა პლანეტიდანაა. არ დაგვავიწყდეს არც ბეპე მაროტა. ეს ბიჭი “იუვეში” მუშაობის პერიოდში ჯადოქრობებს ახდენდა. მან რამდენიმე დიდებული ფეხბურთელი დაიმატა და ზოგიერთი მათგანი უსასყიდლოდაც კი: კარლოს ტევესი, ანდრეა პირლო, კინგლსი კომანი, პოლ პოგბა და თვით მეც კი”, – თქვა ევრამ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე “ინტერი” უახლოეს მდევარ “მილანს” 10 ქულით უსწრებს. “ნერაძურიმ” სკუდეტო უკანასკნელად 2010 წელს მოიგო.

ევრამ ხალხის გასახალისებლად ახალი ვიდეო გადაიღო (ვიდეო)

“მარსელის” მცველმა პატრის ევრამ სოციალურ ქსელში მხიარული ვიდეო გამოაქვეყნა.

“უბრალოდ მინდა, რომ გაგაღიმოთ. მინდა, რომ თავი ბედნიერებად გაგრძნობინოთ ამ ორშაბათს, ვინაიდან ვიცი, რომ ეს მძიმე დღეა. მინდა, რომ ბევრი ენერგია და ბედნიერება გაჩუქოთ”, – დაწერა ევრამ სოციალურ ქსელში.

A post shared by Patrice Evra (@patrice.evra) on

ოფიციალურად: პატრის ევრა “მარსელში” გადავიდა

ტურინის “იუვენტუსის” ფრანგი მცველი პატრის ევრა კარიერას სამშობლოში აგრძელებს. ფეხბურთელი “მარსელში” გადავიდა.

მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ძალაში წელიწადნახევრის განმავლობაში იქნება. გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

პატრის ევრამ მიმდინარე სეზონში “იუვენტუსის” რიგებში 13 მატჩი ჩაატარა.

ევრა “იუვენტუსში” რჩება

ტურინის “იუვენტუსის” მცველი პატრის ევრა კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა ამა წლის 30 ივნისს ეწურება. კონტრაქტი ერთი წლის ვადით გახანგრძლივდება. დოკუმენტში ჩაიწერება პუნქტი, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულება შესაძლოა, კიდევ ერთი სეზონით გაგრძელდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე განცხადება მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ პატრის ევრა “იუვენტუსის” ღირსებას 2014 წლიდან იცავს. 35 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ორ-ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და თასი, ერთხელ დაეუფლა ქვეყნის სუპერთასს.

ევრა: “ბაიერნი” ფავორიტია, მაგრამ მე მჯერა “იუვენტუსის”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსი” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება. “ბებერი სინიორას” მცველმა პატრის ევრამ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთ შეხვედრებში მთავარია ფსიქოლოგიური განწყობა.

“დარწმუნებული ვარ, რომ კარგი შედეგის ჩვენება შეგვიძლია, თუმცა ამისთვის გუნდის ყველა წევრმა თავისი როლი უნდა შეასრულოს. ასევე საჭიროა მხარდაჭერა. მთავარია გონივრულად, პატივისცემითა და შიშის გარეშე თამაში.

ასეთ მატჩებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგიურ მომენტს. მსგავს შეხვედრებში ფეხბურთით უნდა დატკბე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გეგონება, რომ 20-კილოგრამიანი ქურთუკით თამაშობ. “ბაიერნი” ფავორიტია, მაგრამ მე მჯერა ჩემი თანაკლუბელების”, – ციტირებს ევრას სიტყვებს Sky Italia.

მატჩი “იუვენტუსსა” და “ბაიერნს” შორის სამშაბათს, 23 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

 

ევრა: “სიტუაცია შემაშფოთებელია”

იტალიის სერია A-ს VI ტურში “ნაპოლიმ” შინ ტურინის “იუვენტუსი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ბებერი სინიორას” მცველმა პატრის ევრამ განაცხადა, რომ გუნდის სატურნირო მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს. ტურინელებს ექვსი ტურის შემდეგ აქტივში მხოლოდ ხუთი ქულა აქვთ.

“როდესაც გუნდი შარშანდელთან შედარებით შედეგს აუარესებს, მისი გაკრიტიკება ადვილია. კი ბატონო, ეს კრიზისია, მაგრამ ვეცდებით, რომ გადავლახოთ. მე ოპტიმიზმს ყოველთვის ვინარჩუნებ. ჩვენ სკუდეტოს მოგებაზე კი არა, არამედ თითოეულ მატჩში გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ. სატურნირო ცხრილში ჩვენი მდგომარეობა გვაშფოთებს”, – ციტირებს ევრას სიტყვებს Tmw.

 

ევრა: “სუარესი მოედანზე ჩემ ყოფნას იგრძნობს”

დღეს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალია — ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონას” წინააღმდეგ.

“ბებერი სინიორას” მცველ პატრის ევრას კიდევ ერთხელ მოუწევს ლუის სუარესთან შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ოქტომბერში ურუგვაელ ფეხბურთელს ევრას მიმართ რასისტული შეურაცხყოფის გამო რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

ფრანგმა მცველმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ინციდენტი და განაცხადა, რომ ფინალურ მატჩამდე სუარესს ხელს ჩამოართმევს.

“მისი ბოდიში არ მჭირდება. ამას არც აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. მატჩამდე ხელს ჩამოვართმევ, როგორც ეს “მანჩესტერ იუნაიტედში” ყოფნის პერიოდში გავაკეთე.

Suarez - Evra

ის ვერასოდეს იქნება ჩემი საუკეთესო მეგობარი. წარსული წარსულს ჩაბარდა. ვამაყობ ჩემი ფერით.

მე ვთამაშობ “ბარსელონას” და არა ლუის სუარესის წინააღმდეგ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის მოედანზე ჩემ ყოფნას იგრძნობს.

სასამართლო პროცესზე არ მითქვამს, რომ სუარესი რასისტია. მე ვთქვი, რომ მან რასისტული კომენტარები გააკეთა. სუარესს იმდენად კარგად არ ვიცნობ, რომ მას რასისტობა დავაბრალო.

Suarez - Evra 2

იმ მომენტში საკუთარ თავს ვაკონტროლებდი. თითქოს რაღაც ხმა ჩამესმოდა: “სულელური არაფერი გააკეთო, ხელი არ კრა, ამ თამაშს უამრავი ადამიანი უყურებს”.

ბავშვებისთვის მაგალითი უნდა იყო. რაიმე ცუდი რომ ჩამედინა, დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვერ ვითამაშებდი. შესაძლოა, ჩემთვის სამწლიანი დისკვალიფიკაციაც კი მოეცათ.

იმ მატჩის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი და თანაგუნდელები გაოცებულები მიყურებდნენ. იმ მომენტში სხვა სამყაროში ვიყავი.

ის ჩემთვის მართლაც მძიმე დღე იყო, თუმცა ჩემი თავით ვამაყობ”, – უთხრა ევრამ ITV Sport-ს.

 

“იუვენტუსის” ლიდერები “ინტერთან” მატჩს გამოტოვებენ

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება, სადაც მილანის “ინტერი” ტურინის “იუვენტუსს” მიიღებს, რომელსაც საჩემპიონო ტიტული განაღდებული აქვს. გუნდს ამ სეზონში ორი ფინალი აქვს სათამაშო — კოპა იტალიაზე რომის “ლაციოს” და ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” წინააღმდეგ.

“ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ არ დამალა, რომ “ინტერთან” მატჩში შემადგენლობის როტაციას მიმართავს და გუნდის ლიდერებს დასვენების საშუალებას მისცემს.

“ინტერთან” გასამართ მატჩზე არ წამოგვყვებიან კარლოს ტევესი, ანდრეა პირლო, ჯანლუიჯი ბუფონი, პატრის ევრა და არტურო ვიდალი. ისინი ტურინში დარჩებიან”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს AFP.

მატჩი “ინტერსა” და “იუვენტუსს” შორის შაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

ტურინში ევრას მეუღლე გაძარცვეს

“იუვენტუსის” მცველის, პატრის ევრას მეუღლე ტურინში გაძარცვეს. ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ ავტოსადგომზე მოხდა. ყაჩაღი სანდა ევრას თავს მაშინ დაესხა, როდესაც ქალბატონი ავტომობილში შეძენილ პროდუქტს ალაგებდა. თავდამსხმელმა ევრას მეუღლეს ჩანთა გასტაცა. ეპიზოდი ავტოსადგომზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ობიექტივში მოხვდა, კადრების შესწავლა უკვე მიმდინარეობს.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ევრამ 14 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტო შემადგენლობაში), გაიტანა ერთი გოლი და ერთხელ მიიღო ყვითელი ბარათი.

 

ოფიციალურად: ევრა „იუვენტუსის“ ფეხბურთელია

ფრანგი მცველი პატრის ევრა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ტურინის „იუვენტუსში“ გადაბარგდა.

ფეხბურთელმა „ბებერ ქალბატონთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ბევრი ვიფიქრე და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება გადავწყვიტე. ეს ჩემი კარიერის ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. „მანჩესტერ იუნაიტედი“ სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. ინგლისში თამაში ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ“, – განაცხადა ევრამ.

ტრანსფერის ღირებულებამ 1,2 მილიონი ფუნტი (1,5 მილიონი ევრო) შეადგინა. „წითელი ეშმაკები“ დამატებით 0,3 მილიონ ფუნტს იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ „ბიანკონერი“ ჩემპიონთა ლიგის 2015-16 წლების სეზონის საგზურსაც მოიპოვებს.

 

La Stampa: ევრამ „იუვენტუსში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი პატრის ევრა ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოსაა.

Football Italia „ლა სტამპაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ პარასკევს ფრანგი ფეხბურთელი ტურინს ეწვია, სადაც „ბიანკონერისთან“ კონტრაქტის ბოლო დეტალები განიხილა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის მცველს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება. ამდენად, ევრა „ბებერ ქალბატონს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ტურინულმა კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ აგრეთვე უსასყიდლოდ გადმოიბირა ევრას თანამემამულე პოლ პოგბა.

ფრანგი მცველისთვის იტალია უცხო არ არის, რადგან კარიერა სწორედ ამ ქვეყანაში დაიწყო. ის 1998-დამ 2000 წლამდე იტალიურ კლუბებში – „მარსალასა“ და „მონცაში“ გამოდიოდა. ევრა იტალიურ ენასაც თავისუფლად ფლობს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი მცველი „იუვენტუსთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ბექა დოგრაშვილი

„ინტერი“ ევრას „უთვალთვალებს“

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში ლონდონის „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გამართულ მატჩს (0:0) მილანის „ინტერის“ სპორტული დირექტორი პიერო აუსილიო დაესწრო. იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ იუწყება, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი პატრის ევრა იყო, რომელსაც „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. „ნერიაძური“ აპირებს, ფრანგ ფეხბურთელს ზუსტად ისეთი კონტრაქტი შესთავაზოს, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ კიდევ ერთ მცველ ნემანია ვიდიჩს შესთავაზა – ხელშეკრულება სქემით „2+1“.

ევრას გარდა, „ინტერის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა „არსენალის“ ფეხბურთელი ბაკარი სანია, რომელსაც „მეთოფეებთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში ევრამ ინგლისის პრემიერლიგის 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 3 შედეგიანი გადაცემა.

ბექა დოგრაშვილი