ბლატერი: „დავრჩები თუ არა ფიფა-ს პრეზიდენტი?“

ფიფა-ს პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის თქმით, ის ორგანიზაციის 2016 წლის საპრეზიდენტიო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„2016 წელს კანდიდატი არ ვიქნები. ახალი პრეზიდენტი ვერ გავხდები, რადგან ორგანიზაციის ძველი ხელმძღვანელი ვარ“, – განაცადა ბლატერმა.

შეგახსენებთ, რომდ ღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს შედგება

იხილე ასევე: პრეკონფერენციაზე ზეპ ბლატერს თავზე ფული დააყარეს (ვიდეო)

 

ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩვენების ჩატარების თარიღი ცნობილია

ფიფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს შედგება.

შეგახსენებთ, რომ ფიფა-ს ბოლო პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა, არჩევნების მოგების შემდეგ, სკანდალის გამო, თავისი პოსტი დატოვა, თუმცა ახალი პრეზიდენტის არჩევამდე 79 წლის შვეიცარელი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს.

 

ფიფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატებმა განაცხადი 26 ოქტმბრამდე უნდა შეიტანონ.

აღსანიშნავია, რომ ფავორიტად ამჟამად უეფა-ს პრეზიდენტი მიშეილ პლატინი სახელდება, რომელსაც მხარი ექვსი კოფნედერაციიდან ოთხმა დაუჭირა.

აქამდე ფიფა-ს პრეზიდენტობის სურვილი ასევე ბრაზილიელმა ზიკომ და არგენტინელმა დიეგო მარადონამ გამოთქვეს

სუარესი ფიფასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

“ბარსელონასა” და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა სურვილი გამოთქვა, რომ ფიფამ მის მიმართ გამოტანილი სასჯელის გამო ბოდიში მოიხადოს. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სუარესმა იტალიის ნაკრების მცველ ჯორჯო კიელინის უკბინა, რის გამოც ურუგვაელმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დონეზე ცხრამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

Chiellini - Suarez

“როდესაც დიეგო გოდინმა გოლი გაიტანა, ისე ვერ აღვნიშნე, როგორც მინდოდა, რადგან გაცნობიერებული მქონდა, რომ შეცდომა დავუშვი და ამის გამო შეიძლება დავსჯილიყავი. ვფიქრობ, ფიფას სადისციპლინო კომიტეტში ხვდებიან, რომ ზედმეტად მკაცრი სასჯელი გამომიტანეს. ვისურვებდი, ბოდიში მოიხადონ და აღიარონ, რომ დისკვალიფიკაცია გადაჭარბებული იყო. მე ეს ყველაფერი მოვინანიე.

როდესაც ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა ფიფას მიერ გამოტანილი დისკვალიფიკაცია გამაცნო, ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, თუმცა ცრემლები მაინც ვერ შევიკავე. შეცდომას ყველა უშვებს, თუმცა მატჩებზე დასწრების აკრძალვა ჩემთვის გაუგებარი რამ გახლავთ”, – სუარესის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

როგორ ჩატარდება მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა

25 ივლისს, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა ჩატარდება. ფიფაში შემავალი ექვსიდან ხუთი კონფედერაციის წარმომადგენლებისთვის მუნდიალისკენ სავალი გზა განისაზღვრება. ეს წილისყრა მხოლოდ აზიის კონფედერაციას არ ეხება, ვინაიდან აზიაში შესარჩევი ეტაპი უკვე დაწყებულია. ფიფამ უკვე გაასაჯაროვა წილისყრის პროცედურული საკითხები. გაგაცნობთ დეტალებს, თუ როგორ ჩატარდება წილისყრა უეფაში შემავალი ნაკრებებისთვის.

ევროპული ზონის შესარჩევი ეტაპის წილისყრაში მონაწილეობას მიიღებს 52 ეროვნული ფედერაცია. ერთადერთი გამონაკლისი რუსეთია, რომელიც ტურნირის მასპინძელი ქვეყანაა და ჩემპიონატზე თამაშის უფლება ავტომატურად მიენიჭა. 52 ნაკრები 7 ექვსგუნდიან და 2 ხუთგუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდება. გუნდები ერთმანეთთან ორ მატჩს ჩაატარებენ — შინ და სტუმრად. შეხვედრები 2016 წლის 4 სექტემბრიდან 2017 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება. უეფას მოთხოვნით, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებები ექვსგუნდიან ქვეჯგუფებში უნდა გადანაწილდნენ. 9 ქვეჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ მოხვდება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე. 8 ქვეჯგუფის საუკეთესო მეორეადგილოსნები ერთმანეთში პლეი ოფის მატჩებს ითამაშებენ, რომელიც 2017 წლის ნოემბერში ჩატარდება.

წილისყრა 25 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ბოლო, მეექვსე კალათშია. აქვე წარმოგიდგენთ კალათების შემადგენლობას.


პირველი კალათა: გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, უელსი, ესპანეთი, ხორვატია.

მეორე კალათა: იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ისლანდია, დანია, ბოსნია.

მესამე კალათა: პოლონეთი, უკრაინა, შოტლანდია, უნგრეთი, შვედეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, საბერძნეთი, სერბეთი.

მეოთხე კალათა: თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ირლანდია, ნორვეგია, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები, მონტენეგრო, ესტონეთი.

მეხუთე კალათა: კვიპროსი, ლატვია, სომხეთი, ფინეთი, ბელორუსია, მაკედონია, აზერბაიჯანი, ლიტვა, მოლდოვა.

მეექვსე კალათა: ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, საქართველო, მალტა, სან მარინო, ანდორა.

 

ლიბერიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს

“გარდიანის” ცნობით, ლიბერიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი მუსა ბილიტი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს. 48 წლის ფუნქციონერი თვლის, რომ კონტინენტის სიდიდისა და სტატუსის გათვალისწინებით, აფრიკა საფეხბურთო სამყაროში თვალსაჩინოდ უნდა იყოს წარმოდგენილი. ბილიტი ლიბერიის ფეხბურთს 2010 წლიდან ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ იოზეპ ბლატერი ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მეხუთე ვადით აირჩიეს, თუმცა კორუფციული სკანდალის გამო მან დაკავებული თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

ფიფას რიგგარეშე კონგრესი მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტამდე არსებულ პერიოდში ჩატარდება და ახალ პრეზიდენტსაც დროის ამ მონაკვეთში აირჩევენ. მანამდე ფიფას კვლავ ბლატერი უხელმძღვანელებს.

 

ბლატერი, შესაძლოა, ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდეს

იოზეფ ბლატერმა, რომელმაც ორ ივნისს ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა დაადასტურა, შესაძლოა, გადაიფიქროს და ორგანიზაციას კვლავ უხელმძღვანელოს, რის შესახებაც „Schweiz am Sonntag“-ი იტყობინება.

წყაროს ინფორმაციით, 79 წლის შვეიცარიელმა აფრიკული და აზიური ფეხბურთის ასოციაციებისგან მხარდაჭერა და დარჩენის თხოვნა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ბლატერი პოსტიდან კორუფციული სკანდალის გამო გადადგა. ორანიზაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 16 დეკემვერს შედგება. არჩევნების ზუსტი თარიღი ოც ივლისს, ფიფა-ს სხდომაზე გაირკვევა.

ფიფას საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი ბლატერზე თქმული ხუმრობის გამო გადადგა

ფიფას საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა ვალტერ დე გრეგორიომ დაკავებული პოსტი დატოვა.

დე გრეგორიოს ეს თანამდებობა 2011 წლის სექტემბრიდან ეკავა.

BBC-ს ცნობით, დე გრეგორიოს გადადგომის მიზეზი შესაძლოა, ტელეეთერით იოზეპ ბლატერზე თქმული ხუმრობა იყოს.

— ფიფას პრეზიდენტი ბლატერი და გენერალური მდივანი სხედან ავტომობილში.
— საჭესთან ვინ ზის?
— პოლიციელი.

ფიფას განცხადებაში დე გრეგორიოს გადადგომის მიზეზი ნახსენები არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, ბლატერმა თავად სთხოვა მას პოსტის დატოვება.

 

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა

ფიფამ აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღი გადაწყვიტა.

აღმასრულებელი კომიტეტის წევრები შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 20 ივლისს შეიკრიბებიან. შეხვედრაზე ფიფას კონგრესის ჩატარების თარიღს გადაწყვეტენ. ამ კონგრესზე უნდა აირჩეს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ახალი პრეზიდენტი.

აღნიშნული კონგრესი 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე არსებულ პერიოდში უნდა ჩატარდეს.

 

ინგლისელებმა ზეპ ბლატერი და ირლანდიელები “დატროლეს” (ვიდეო)

დღეს ირლანდიისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებთა შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

მატჩის მიმდინარეობისას ინგლისელმა ფანებმა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და ირლანდიელები “დატროლეს”:

“ზეპ ბლატერმა თქვენი სტადიონისთვის ფული გადაიხადა”, – წაიმღერეს “ავივაზე” შეკრებილმა ინგლისელებმა.

შეგახსენებთ, ფიფამ აღიარა, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას კრედიტის სახით 5 მილიონი დოლარი მისცა. აღნიშნულ შეხვედრაში ფრანგთა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ ბურთი ხელით გაიტანა, თუმცა მსაჯმა ეს ვერ შენიშნა და გოლი ჩათვალა.

 

ფიფამ აღიარა, რომ საფრანგეთთან სკანდალური მარცხის შემდეგ ირლანდიელებს ფული გადაუხადეს

ფიფამ აღიარა, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას კრედიტის სახით 5 მილიონი დოლარი მისცა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ფრანგთა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ ბურთი ხელით გაიტანა, თუმცა მსაჯმა ეს ვერ შენიშნა და გოლი ჩათვალა.

2009/10 წლებში განვითარებული მოვლენების შესახებ ფიფას პრესსამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა:

“არბიტრის გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება, ამიტომ ფიფა და ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია 2010 წელს შეთანხმდნენ, რომ გაუგებრობების თავიდან არიდების მიზნით ჩვენ მათ სტადიონის ასაშენებლად 5 მილიონი დოლარის კრედიტს მივცემდით. აღსანიშნავია, რომ ასეთივე კრედიტი უეფამაც გამოყო. შეთანხმებაში იყო პირობა, რომლის მიხედვითაც, თუ ირლანდიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებდა, სესხს სრულად დაფარავდა, თუმცა გუნდი ტურნირზე ვერ გავიდა. ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის რთული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ სესხის დაბრუნებას არ მოვითხოვდით”.

 

FIFA: 10 საუკეთესო ნაკრები

დღეს, ფიფამ 2015 წლის სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ბელგიის ნაკრებმა წინ აიწია და მეორე ადგილზე აღზევდა.

Снимок

ზიკო ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის ბრძოლას აპირებს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ზიკო ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს.

“ვგრძნობ ძალას. გამოცდილება მაქვს, ხალხი მიცნობს, ჩემი სახელი მთელმა მსოფლიომ იცის. ასე რომ, შანსი მაქვს”, – ციტირებს ზიკოს სიტყვებს “გლობო”.

ფიფას რიგგარეშე კონგრესი მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტამდე არსებულ პერიოდში ჩატარდება და ახალ პრეზიდენტსაც დროის ამ მონაკვეთში აირჩევენ. მანამდე ფიფას კვლავ ბლატერი უხელმძღვანელებს.