მოურინიო ინგლისში კიდევ უფრო დაძაბულ სეზონს მოელის

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინგლისის პრემიერლიგაში კიდევ უფრო დაძაბულ სეზონს მოელის. პორტუგალიელი სპეციალისტი თვლის, რომ ტიტულისთვის მინიმუმ ხუთი კლუბი იბრძოლებს, დანარჩენები კი მთავარ პრეტენდენტებს ბევრ ქულას დააკარგვინებენ.

“ჩემპიონობის არაკანდიდატი გუნდები კიდევ უფრო მეტ მატჩს მოუგებენ ტიტულის მოპოვების პრეტენდენტ კლუბებს. მათ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენნაირ გუნდებშიც ითამაშებდნენ. მაგალითად, იოან კაბაის, ჯორჯინიო ვეინალდუმსა და მაქს გრადელს “ჩელსიში” თამაში შეუძლიათ.

ტიტულის მოპოვების მინიმუმ ხუთი კანდიდატი გუნდი გვყავს, დანარჩენები კი სულ უფრო ძლიერდებიან.

პრემიერლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდს კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ასე რომ, ტოპ-კლუბებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ”, – მოურინიოს სიტყვები BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“ჩელსი” პრემიერლიგის ახალ სეზონს დამდეგ შაბათს, “სუონსი სიტის” წინააღმდეგ გასამართი საშინაო მატჩით იწყებს.

 

მოურინიო: “ვინც კონტრშეტევებს არ იყენებს, სულელია”

ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის პრემიერლიგაში მომუშავე ის მწვრთნელები გააკრიტიკა, რომლებიც აქცენტს აკეთებენ ბურთის კონტროლზე და არა – კონტრშეტევებზე.

ახალი თაობის მწვრთნელები, როგორებიც არიან “ლივერპულის” თავკაცი ბრენდან როჯერსი და “ევერტონის” ხელმძღვანელი რობერტო მარტინესი, ბოლო სეზონში ლამაზ, შემტევ თამაშს ანიჭებდნენ უპირატესობას. ლონდონის “არსენალიც” და “მანჩესტერ სიტიც” სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდნენ. სეზონის მიმდინარეობისას ლუი ვან გაალმა და არსენ ვენგერმა “ჩელსის” სათამაშო სტილი გააკრიტიკეს, თუმცა მოურინიოს სჯერა, რომ დაცვითი თამაშითაც შესაძლებელია გამარჯვება, რაც ფეხბურთში ყველაზე მთავარი რამ არის.

“რას ნიშნავს ახალი თაობა? ფეხბურთში მხოლოდ ერთი თაობა იქნება, რომელიც იგებს. იმათ, ვინც ხანდახან ან ვერასდროს ვერ იგებს, სხვა რამე ჰქვიათ.

არსებობს ხალხი, რომელსაც აქვს რაღაც იდეა, ფილოსოფია. ისინი ამბობენ: “ჩვენ ვქმნით საიმედო დაცვას, კარგად ვფლობთ ბურთს და არ ვთამაშობთ კონტრშეტევებზე”.

თუ კონტრშეტევებზე არ თამაშობ, სულელი ხარ. კონტრიერიში ძალზედ კარგი საფეხბურთო ელემენტია. როდესაც ხედავ, რომ შენი მეტოქე არადაბალანსებულია, გოლის გატანის ფანტასტიური შანსი გეძლევა.

ზოგიერთები ქმნიან ილუზიებს, რაც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. ფეხბურთი არასდროს არ შეიცვლება. ფეხბურთი არსებობს გამარჯვებისთვის”, – უთხრა მოურინიომ “სანდი თაიმსის” ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ბოლო სეზონში ყველაზე მეტი გოლი (83) “მანჩესტერ სიტიმ” გაიტანა და ბურთების შეფარდების ყველაზე კარგი მაჩვენებელიც (+45) “ქალაქელებს” ჰქონდათ. ამ მხრივ “ჩელსი” მეორე ადგილზეა 73 გატანილი გოლით და +41 ბურთების შეფარდებით.

 

“საუთჰემპტონის” ფეხბურთელმა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი გაიტანა (ვიდეო)

“საუთჰემპტონის” ნახევარმცველმა სადიო მანემ ინგლისის ჩემპიონატის 37-ე ტურში “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი გაიტანა. სენეგალელ ფეხბურთელს სამი გოლის გასატანად მხოლოდ 2 წუთი და 56 წამი ეყო.

წინა რეკორდი “ლივერპულის” ყოფილ თავდამსხმელ რობი ფაულერს ეკუთვნოდა, რომელმაც ჰეთთრიკი 4 წუთსა და 33 წამში გაიტანა.

 

ლამპარდი: “ჩელსიში” გადასვლა ჩემი კარიერის მთავარი მოვლენაა”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა, რომელიც ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს, განაცხადა, რომ 2001 წელს “ვესტ ჰემ იუნაიტედიდან” ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა მისი კარიერის მთავარი მოვლენაა.

“ახალგაზრდობაში ბევრს ვშრომობდი, გამიმართლა და “ვესტ ჰემში” მოვხვდი, სადაც ჰარი რედნაპთან, ტონი კართან, მამაჩემთან და სხვებთან ერთად ვმუშაობდი.

Lampard

შემდეგ ბედმა გამიღიმა და “ჩელსიში” აღმოვჩნდი. ამან ჩემი ცხოვრება და კარიერა მთლიანად შეცვალა. ეს დიდებულ გუნდში გატარებული საოცარი პერიოდი იყო.

მოხარული ვარ, რომ გამოჩენილი ფეხბურთელების გვერდით ორი დიდი გუნდის რიგებში მომიწია თამაში — “ჩელსიში” და “მანჩესტერ სიტიში”, – ლამპარდის სიტყვები “დეილი ექსპრესმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდი “ჩელსის” შემადგენლობაში სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (2004–05, 2005–06, 2009–10), ოთხჯერ მოიგო ფეხბურთის ასოციაციის თასი (2006–07, 2008–09, 2009–10, 2011–12), დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგისა (2011–12) და ევროპის ლიგის (2012–13) თასები.

 

“ევერტონმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” გაანადგურა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში ლივერპულის “ევერტონმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და ბევრისთვის გასაკვირად, მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

“კანფეტების” წაუგებელი სერია ექვს მატჩამდე გაიზარდა, “წითელმა ეშმაკები” კი ზედიზედ მეორედ დამარცხდნენ.

შეხვედრის დებიუტში გატანილი გოლით თავი ჯეიმს მაკარტიმ გამოიჩინა. 35-ე წუთზე ჯონ სტოუნსმა “ევერტონის” უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 74-ე წუთზე კევინ მირალასმა “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში მესამე გოლი გაიტანა.

“ევერტონს” სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-10 ადგილი უკავია, “მანჩესტერ იუნაიტედი” 65 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

 

ინგლისის პრემიერლიგა
34-ე ტური
“ევერტონი” — “მანჩესტერ იუნაიტედი” 3:0 (2:0)

გოლები: მაკარტი 5′, სტოუნსი 35′, მირალასი 74′.
გაფრთხილებები: ფელაინი 12′, შოუ 64′.

“არსენალმა” “ლივერპული” დაამარცხა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურის გახსნთი მატჩი “ემირეითსზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “არსენალმა” “ლივერპული” მიიღო და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ამრიგად, “მეთოფეებმა” ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება ჩაიწერეს.

მატჩის პირველი ტაიმის ბოლო ათ წუთში ლონდონელებმა მეტოქის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს: თავი ექტორ ბელერინმა, მესუთ იოზილმა და ალექსის სანჩესმა გამოიჩინეს. 76-ე წუთზე ჯორდან ჰენდერსონმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა წერტილი მაინც მასპინძლებმა დასვეს: კომპენსირებულ დროში მერსისაიდული გუნდის კარის ბადე ოლივიე ჟირუმ შეარხია. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 84-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა “ლივერპულის” ნახევარმცველ ემრე ჯანს უხეში თამაშისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

31-ე ტურის შემდეგ “არსენალმა” 63 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. “ლივერპულს” 54 ქულით მეხუთე პოზიცია უკავია.

ინგლისის პრემიერლიგა
31-ე ტური
“არსენალი” — “ლივერპული” 4:1 (3:0)

გოლები: ბელერინი 37′, იოზილი 40′, სანჩესი 45′, ჟირუ 90+1′ — ჰენდერსონი 76′.
გაფრთხილებები: ბელერინი 70′ — ჯანი 49′.
გაძევება: ჯანი 84′.

ათი ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერლიგის ისტორიაში თავით ყველაზე მეტი გოლი გაუტანია

წარმოგიდგენთ იმ ათ ფეხბურთელს, რომელსაც ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში თავით ყველაზე ხშირად გაუტანია.

ენდი კოული (მარცხნივ) – თავით გატანილი 27 გოლი

Manchester United soccer star Andy Cole (L) shoots past Leeds United's David Wetherall (2L) as Gary ..

 

რობი ფაულერი – 28 გოლი

Derby v Liverpool

 

ტიმ კეიჰილი – 31 გოლი

Everton v Portsmouth - Premier League

 დანკან ფერგიუსონი (მარჯვნივ) – 36 გოლი

Southampton v Everton

 

ტედი შერინგემი – 36 გოლი

NORWICH V SPURS

 

დუაიტ იორკი – 38 გოლი

Dwight Yorke

 ლეს ფერდინანდი – 40 გოლი

Les Ferdinand

დიონ დაბლინი (ლურჯ ფორმაში) – 45 გოლი

VILLA'S DUBLIN SCORES AGAINST SUNDERLAND.

პიტერ კრაუჩი – 46 გოლი

Tottenham Hotspur's Peter Crouch heads for goal past Manchester United's Nemanja Vidic during their English Premier League soccer match in London

 

ალან შირერი – 46 გოლი

NEWCASTLE UNITED'S SHEARER SCORES HIS SECOND GOAL AGAINST TOTTENHAM HOTSPUR DURING THEIR ENGLISH PREMIER ...

პრემიერლიგის საშობაო მატჩებზე ინგლისელმა გულშემატკივარმა 510 000 ფუნტი მოიგო

ბრიტანულმა საბუკმეიკერო კანტორა Coral-მა ინგლისის პრემიერლიგის საშობაო მატჩებზე დიდი ზარალი განიცადა.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ერთბაშად 15 შეხვედრის შედეგი გამოიცნო და 13 ფუნტით 510 ათასი ფუნტ სტერლინგი მოიგო (13 ნამდვილად არ ყოფილა მისთვის უიღბლო რიცხვი).

იღბლიანმა მოთამაშემ ერთ-ერთი ფსონი იმაზე გააკეთა, რომ ლონდონის “არსენალსა” და “ქუინს პარკ რეინჯერსს” შორის გამართულ მატჩში (2:1)  “მეთოფეთა” მხრიდან გოლებს ტომაშ როსიცკი და ალექსის სანჩესი გაიტანდნენ. ასეც მოხდა!

 

რომელია პრემიერლიგის ყველაზე სიმულანტი გუნდი

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში “საუთჰემპტონსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში (1:1) სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა მიიჩნია, რომ შეხვედრის 55-ე წუთზე ესპანელი ფეხბურთელი მეტოქე გუნდის საჯარიმო მოედანზე საკუთარი ნებით დაეცა და უმალ გაფრთხილება მისცა.

Opta-ს თანახმად, მიმდინარე სეზონში ეს “ჩელსის” ფეხბურთელებისთვის სიმულაციის გამო ნაჩვენები მეოთხე ყვითელი ბარათი იყო. ამ სეზონში აღნიშნული დარღვევისთვის პრემიერლიგის არცერთი სხვა გუნდი ასე ხშირად არ დასჯილა.

 

2003 წლის შემდეგ “არსენალს” ბურთის ფლობის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა

ინგლისის პრემიერლიგის XVII ტურში “ლივერპულსა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ბურთის ფლობის მხრივ პროცენტული შეფარდებით მერსისაიდულმა გუნდმა მეტოქე თვალნათლივ დაჯაბნა. “მეთოფეებს” ამ მაჩვენებელში მხოლოდ 36,5 პროცენტი ჰქონდათ.

ეს არსენ ვენგერის გუნდისთვის 2003 წლის აგვისტოს შემდეგ პრემიერლიგაში ნაჩვენები ყველაზე ცუდი შედეგია.

ამის მიუხედავად, “არსენალს” გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და “ენფილდიდან” მხოლოდ ერთი ქულა წაიღო.

 

2016/17 წლების სეზონიდან ინგლისის პრემიერლიგის მატჩები პარასკევსაც გაიმართება

2016/17 წლების სეზონიდან ინგლისის პრემიერლიგის მატჩები პარასკევ დღესაც გაიმართება, კერძოდ კი – საღამოს საათებში.

ასეთი პრაქტიკა უკვე გამოიყენება ევროპის წამყვან ჩემპიონატებში. 2010 წელს ანალოგიური გადაწყვეტილება იტალიაში მიიღეს.

ამ სიახლის დამკვიდრების შემდეგ უფრო მეტი მატჩის ტრანსლირება იქნება შესაძლებელი პირდაპირ ეთერში. ვარაუდობენ, რომ მაყურებლებს საერთო შეხვედრების 44 პროცენტის ხილვა შეეძლება პირდაპირ ეთერში.

 

პრემიერლიგის კლუბებმა აგენტებს წელიწადში 115 მილიონი ფუნტი გადაუხადეს

ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა 2014 წელს აგენტებს ჯამში 115 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.

აღნიშნული სტატისტიკა ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრის მაჩვენებლების მიხედვით შედგინდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ამ მაჩვენებელმა 96 მილიონი ფუნტი შეადგინა.

ყველაზე მეტი თანხა „ჩელსის“ (16,8 მილიონი ფუნტი), „ლივერპულისა“ (14,3 მილიონი) და „მანჩესტერ სიტის“ (12,8 მილიონი) ხელმძღვანელებმა დახარჯეს. სხვა კლუბებზე ყველაზე ნაკლები კი „ბარნლიმ“ დახარჯა, რომელმაც აგენტებს ჯამში 711 ათასი ფუნტი გადაუხადა.