დი მარიას “მანჩესტერიდან “პსჟ”-ში გადასვლით “რეალიც” იხეირებს

ანხელ დი მარიას “მანჩესტერ იუნაიტედიდან” “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლით მადრიდის “რეალიც” იხეირებს.

Cadena Cope-ს მიხედვით, როდესაც არგენტინელი ფეხბურთელი “სამეფო კლუბიდან” “წითელ ეშმაკებს” შეუერთდა, კონტრაქტში ჩაიწერა პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ ინგლისური კლუბი დი მარიას გაყიდიდა, “რეალს” გარკვეული პროცენტი უნდა მიეღო. წყაროს ცნობით, თანხა, რომელიც მადრიდულმა კლუბმა ამ ტრანსფერისთვის უნდა მიიღო, 8 მილიონ ევროს შეადგენს. თავად ტრანსფერი 63 მილიონ ევროდ ფასდება.

გუშინ ანხელ დი მარიამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” გააგრძელებს.

 

დი მარია: “პსჟ”-ში გადასვლით მოხარული ვარ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” გააგრძელებს.

“მოხარული ვარ “პსჟ”-ში გადასვლით. ვიცი, რომ პარიზელებმა გასულ სეზონში საფრანგეთში ყველა ტიტული მოიგეს. ეს კლუბისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

მინდა, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ბარიერის დაძლევაში დავეხმარო. ვეცდებით, რომ რაც შეიძლება შორეულ ეტაპზე გავიდეთ”, – ციტირებს დი მარიას სიტყვებს Get French Football News-ი BeIN Sports AR-ზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ანხელ დი მარიამ დოჰაში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, პარიზულ კლუბთან კი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. აღნიშნული ტრანსფერი 63 მილიონ ევროდ ფასდება.

 

მიხაილოვიჩი: “იბრას გადმოსვლა “მილანს” სკუდეტოს სერიოზულ პრეტენდენტად აქცევს”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა გუნდში “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

“არ ვიცი, რა გითხრათ იბრაჰიმოვიჩის შესახებ. ის განსაკუთრებული მოთამაშეა და მისი დამატება ნამდვილად ფენომენალური მოვლენა იქნება. იგი კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. თუ იბრაჰიმოვიჩი ჩვენთან გადმოვა, “მილანის” სკუდეტოს მოპოვების სერიოზული კანდიდატი იქნება”, – ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს ESPN.

თავის მხრივ, “მილანის” მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს “პარი სენ-ჟერმენთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა “როსონერი” მოვლენების განვითარებას დაელოდება.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში” 2010/12 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში შვედმა თავდამსხმელმა “როსონერის” რიგებში ჩატარებულ 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა. მან გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

 

დი მარია “პსჟ”-ში გადასვლას დათანხმდა

ფრანგული გამოცემა “ლე პარიზიენი” იუწყება, რომ ანხელ დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენას არ აპირებს. წყაროს თანახმად, 27 წლის ფეხბურელი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლას დათანხმდა.

პარიზელები მზად არიან, დი მარიას სანაცვლოდ “წითელ ეშმაკებს” 60 მილიონი ევრო შეაძლიონ. ფრანგებმა გარიგებაში შესაძლოა, კლუბის ჰოლანდიელი მცველი გრეგორი ვან დერ ვილიც ჩართონ.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედში” მადრიდის “რეალიდან” გასულ წელს გადავიდა. ფეხბურთელმა 2014/15 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“რეალისა” და “პსჟ”-ის მესვეურებმა რონალდუს შესაძლო ტრანსფერი განიხილეს?

“ფრანს ფუტბოლის” ცნობით, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ამ უქმეებზე ყატარში იმყოფებოდა.

წყაროს თანახმად, პერესი “პარი სენ-ჟერმენის” მფლობელებს შეხვდა. არ არის გამორიცხული, მხარეებს კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერი განეხილათ.

შეგახსენებთ, რომ უეფამ ფინანსური ფეარ პლეის წესებში ცვლილებები შეიტანა, რის შემდეგაც პარიზულ კლუბს შეზღუდვები მოეხსნა.

 

ზიდანმა იბრაჰიმოვიჩი რონალდუს შეადარა

მადრიდის “რეალის” მეორე გუნდის თავკაცმა ზინედინ ზიდანმა “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი “სამეფო კლუბის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.

“არა მგონია, იბრაჰიმოვიჩი რაიმე სახის პრობლემას წარმოადგენდეს. ის “პსჟ”-ისთვის დიდ სამუშაოს ასრულებს.

Zidane

მას აქვს ეგო, მოედანზე ჩემპიონივით იქცევა. ეს მისი ხასიათია და ვერავინ ვერ შეცვლის – ისევე, როგორც რონალდუს.

ზოგჯერ ზლატანი ამპარტავანივით იქცევა, თუმცა მას რომ იცნობდეთ, გეცოდინებათ, რომ ასეთი ნამდვილად არ არის. ის წყნარი ადამიანია.

მე არ ვიცნობ იბრაჰიმოვიჩს, თუმცა მისი მსგავსი ფეხბურთელის ყოლა საჭიროა”, – ზიდანის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

ბლანი: “დანი ალვესი “პსჟ”-ში არ გადმოვა”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბარსელონას” მარჯვენაფლანგელი მცველი დანიელ ალვესი პარიზულ კლუბში გადავა.

“დანი ალვესი “პარი სენ-ჟერმენში” არ გადმოვა”, – ციტირებს ბლანის სიტყვებს beIN SPORTS-ი.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელ ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 3 მილიონ ევროს მიიღებდა.

 

“პარი სენ-ჟერმენი” საფრანგეთის ჩემპიონია!

საფრანგეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” “მონპელიე” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ამით ლორან ბლანის გუნდმა სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე საჩემპიონო ტიტული გაინაღდა. პარიზული კლუბი ზედიზედ მესამედ და ისტორიაში მეხუთედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (1985/86, 1993/94, 2012/13, 2013/14, 2014/15).

“პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის ლიგის თასი მოიგო და რეკორდი დაამაყარა (ვიდეო)

საფრანგეთის ლიგის თასის ფინალურ შეხვედრაში “პარი სენ-ჟერმენმა” “ბასტია” ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

ორ-ორი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ედინსონ კავანიმ გაიტანეს. მე-20 წუთიდან “ბასტია” მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყო, მინდვრიდან სებასტიან სკილაჩი გააძევეს.

ამრიგად, პარიზელებმა ეს ტიტული ისტორიაში მეხუთედ მოიგეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

აღსანისნავია ისიც, რომ “პარი სენ-ჟერმენი” ლიგის თასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

“პსჟ”-მა და “მარსელმა” ტელეკომპანია “კანალ პლუსს” ბოიკოტი გამოუცხადეს (ვიდეო)

“ლე პარიზიენის” ცნობით, “პარი სენ-ჟერმენისა” და “მარსელის” ხელმძღვანელობამ ფრანგულ ტელეარხ “კანალ პლუსს” ბოიკოტი გამოუცხადა.

“შემდგომი გაუგებრობების თავიდან აცილებისა და ჩვენი ინტერესების დაცვის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები, მწვრთნელები და ხელმძღვანელები “კანალ პლუსის” კამერების წინაშე საჯარო განცხადებებს სეზონის ბოლომდე, 30 მაისამდე აღარ გააკეთებენ”, – ნათქვამია “პარი სენ-ჟერმენის” განცხადებაში.

ფრანგულმა კლუბებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარიზელთა თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და და მარსელელთა ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს ტრიბუნქვეშა ოთახში გამოხატული ზედმეტი ემოციების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს. ორივე ეპიზოდი ტელეკომპანია “კანალ პლუსმა” გადაიღო და გაავრცელა.

Calciomercato: იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, “მილანში” დაბრუნდეს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2016 წელს შესაძლოა, “მილანში” დაბრუნდეს. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა “კალჩო მერკატო” ექსკლუზიურად აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, “როსონერის” პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ დახურულ კარს მიღმა კლუბის გაყიდვის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. შემოსული თანხა შესაძლოა, შვედი ფეხბურთელის შეძენისთვის დაიხარჯოს.

“მილანის” გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი 19 მარტს იბრაჰიმოვიჩის აგენტ მინო რაიოლას შეხვდა.

არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული ტრანსფერი ამ ზაფხულშივე შედგეს. “პარი სენ-ჟერმენი” იბრაჰიმოვიჩის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა შვედ ფორვარდს პარიზულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, თუ შრომითი ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება, ერთი წლის შემდეგ ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანიდან” “პარი სენ-ჟერმენში” 2012 წელს ტიაგო სილვასთან ერთად გადავიდა.

 

იბრაჰიმოვიჩი აშშ-ში?

შვედური გაზეთი Aftonbladet-ი იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უახლოეს პერიოდში კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, მარტის ბოლოს შვედმა ფეხბურთელმა აშშ-ის გრძელვადიანი ვიზის მისაღებად საჭირო პროცედურები უკვე გაიარა. იბრაჰიმოვიჩს ნათქვამიც ჰქონდა, რომ უახლოეს ორ-სამ წელიწადში შესაძლოა, MLS-ის ერთ-ერთ კლუბს მიაშუროს.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს “პარი სენ-ჟერმენთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე სეზონში 33 წლის თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 26 მატჩში 19 გოლი გაიტანა.