იტალიაში “ინტერი” გალიდერდა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართა, სადაც მილანის “ინტერმა” რომის “ლაციო” მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “მილანმა” “სპეციასთან” შეხვედრა დათმო (0:2), რითაც “ნერაძურის” გალიდერების შანსი გაუჩნდა. ამისთვის ანტონიო კონტეს გუნდს “ლაციო” უნდა დაემარცხებინა. თავის მხრივ, რომაელები, გამარჯვების შემთხვევაში, მეექვსედან მესამე პოზიციამდე აღზევდებოდნენ.

თამაში მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო, ანგარიში კი 22-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. რომელუ ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესის გათამაშებული კომბინაცია რომაელთა საჯარიმო მოედანზე არგენტინელი ფეხბურთელის წაქცევით შეფერხდა და მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი ლუკაკუმ უშეცდომოდ შეასრულა – 1:0. ტაიმის ბოლოს “ლაციოს” საჯარიმოს მისადგომებთან მარსელო ბროზოვიჩის ვარდნის შედეგად ბელგიელი ფორვარდი პეპე რეინასთან ერთი ერთზე დარჩა და დუბლი შეასრულა – 2:0.

მატჩის 61-ე წუთზე “ლაციოს” თამაშის შემოტრიალების იმედი მიეცა. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი გონსალო ესკალანტეს მოხვდა და სამირ ჰანდანოვიჩის კარში შევარდა – 2:1. “ნერაძურიმ” სიმონე ინძაგის გუნდს ცივი შხაპი სამ წუთში გადაასხა: ბროზოვიჩმა საკუთარი საჯარიმოს მისადგომეთან მეტოქეს ბურთი აართვა და ლუკაკუს გრძელი გადაცემა გაუკეთა, ბელგიელმა ფეხბურთელმა სოლო რეიდი მოაწყო, მეტოქეს გაასწრო, მოტიტვლებულ საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი მარტოდმარტო დარჩენილ ლაუტაროს მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი ცარიელ კარში შეაგორა – 3:1.

“ლაციოსთან” მოპოვებული გამარჯვებით “ინტერმა” აქტივში 50 ქულას მოუყარა თავი და გათამაშების სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში, ერთი პუნქტით ნაკლები აქვს “მილანს”, ხოლო მესამე პოზიციაზე 43 ქულით “რომა” გახლავთ. “ლაციო” 40 პუნქტით “ნაპოლისთან” და “ატალანტასთან” 5-7 ადგილებს იყოფს.

იტალიის სერია A
XXII ტური
“ინტერი” — “ლაციო” 3:1 (2:0)
გოლები:
ლუკაკუ 22′ (პენ), 45′, მარტინესი 64′ — ესკალანტე 61′.

სერია ა-მ ახალი ლოგოტიპი წარადგინა (ფოტო)

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები მცირე რებრენდინგს ახორციელებენ. ამ დროისთვის უკვე შექმნილია იტალიის უმაღლესი ჩემპიონატის ახალი ლოგოტიპი, რომელზეც ლათინური ასო A დომინირებს.

როგორც ცნობილი ხდება, უახლოეს დღეებში წარსდგება იტალიის თასის, სუპერთასისა და ახალგაზრდული ჩემპიონატის ახალი ლოგოტიპები.

მოურინიო: “რონალდუს “რეალიდან” წასვლის შემდეგ, პრემიერ ლიგა საუკეთესო ტურნირია”

ჟოზე მოურინიო კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის “რეალიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადასვლას გამოეხმაურა.

“პრემიერ ლიგა არის საუკეთესო ჩემპიონატი, სადაც თამაშობენ საუკეთესო ფეხბურთელები. ახლა შეგიძლიათ, იხილოთ, სამი განზომილება: ხალხი უყურებს იტალიის პირველობას რონალდუს გამო, პრემიერ ლიგას, იმიტომ, რომ ის ყველაზე კარგია და – ლა ლიგას, მესის გამო. ვულოცავ “იუვენტუსს” ამ ტრანსფერს, რადგან ეს ძალიან წაადგებათ, პირველ რიგში, საფეხბურთო თვალსაზრისით; ასევე: რეკლამირებასა და მარკეტინგში,” – ამბობს ჟოზე.

სერია ა-ს სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

დასასრულს მიუახლოვდა სერია ა-ს გათამაშება. Goal.Com-ი აღნიშნული ტურნირის სომბოლურ გუნდს გვთავაზობს.

მეკარე: ალისონი (“რომა”)

მცველები: ჟოაოა კანსელო (“ინტერი”), მილან სკრინიარი (“ინტერი”), მედჰი ბენატია (“იუვენტუსი”), ალეკსანდარ კოლაროვი (“რომა”)

ნახევარმცველები: ჟორჯინიო (“ლაციო”), სერგეი მილანკოვიჩ-სავიჩი (“ლაციო”)

შემტევი ნახევარმცველები: დუგლაშ კოშტა (“იუვენტუსი”), ლუის ალბერტო (“ლაციო”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”)

თავდამსხმელი: ჩირო იმობილე (“ლაციო”)

იტალიის სერია A-ს 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელი დასახელდა

მასმილიანო ალეგრი 2017 წლის სერია A-ს საუკეთესო მვწრთნელის ჯილდოს მფლობელია. იტალიელი დღეს დააჯილდოვეს. საგულისხმოა, ტურინის “იუვენტუსის” დამრიგებელმა გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო.

გეტყვით, რომ ალეგრის ეს პატივი მესამედ ხვდა წილად. აქამდე მან 2011 და 2015 წლებში მოიპოვა ეს პრიზი. ალეგრი ამ მაჩვენებლით ფაბიო კაპელოსა და ანტონიო კონტეს გაუთანაბრდა.

ამჟამად “იუვე” სერია ა-ში 75 ქულით პირველ პოზიციაზეა. 29 ტურის შემდეგ მეტოქე “ნაპოლის” ორი ქულით უსწრებს.

“ინტერის” საუკეთესო სტარტი თავისი არსებობის მანძილზე

მილანის “ინტერი” ლუჩიანო სპალეტის მეთაურობით გაცილებით უფრო ცოცხლად გამოიყურება. “ნერაძურიმ” იტალიის სერია ა-ს ახალ სეზონში თერთმეტიდან ცხრა მატჩი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა.

ამ დროისთვის ლუჩიანოს ბიჭების ანგარიშზე 29 ქულაა, რაც კლუბის არსებობის მანძილზე საუკეთესო მაჩვენებელია სერია ა-ს 11 ტურის შემდეგ. “ინტერი” მხოლოდ “ნაპოლის” ჩამორჩება სატურნირო ცხრილში, რომლის ანგარიშზეც 11 თამაშში დაგროვებული 31 ქულაა.

გეტყვით იმასაც, რომ აქამდე მათი საუკეთესო სტარტიად 2009 წელს, ჟოზე მოურინიოს თავკაცობით დაწყებული სეზონი მიიჩინეოდა, როდესაც ამ ეტაპზე “ინტერის” ანგარიშზე 28 ქულა იყო. იმ სეზონში კი მილანელებმა ტრიპლეტი მოიგეს (სერია ა, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა).

სერია ა-ს მეათე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

24 და 25 ოქტომბერს იტალიის სერია ა-ს მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა. თავიანთი თამაშები მოიგეს ლიდერებმა. შესაბამისად, ათი ტურის შემდეგ “ნაპოლი” ისევ პირველ ადგილზეა. მას 28 ქულა აქვს.

Whoscored-ი ნახსენები ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

სტრაკოშა, კალაბრია, ტოლოი, ფაციო, კოლაროვი, სუსო, მილინკოვიჩ-სავიჩი, ფრიულერი, ბანასი, ილიჩიჩი, იკარდი.

 

ოფიციალურად: ვოიცეხ შჩესნი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია!

ვოიცეხ შჩესნი “იუვენტუსის” ფეხბურთელია. ამის შესახებ ტურინელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება.

პოლონელმა მეკარემ “ბებერ ქალბატონთან” ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჯერჯერობით, უცნობია, რა დაუჯდა “იუვენტუსს” ლონდონის “არსენალის” კიპერის შეძენა.

შჩესნიმ გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა, ხოლო დღეს კი პრესკონფერენცია გამართა.

ვოიცეხს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება აქვს. მას შემდეგ, რაც პეტერ ჩეხი “არსენალში” გადავიდა, 2015 წლის ზაფხულზე შჩესნი რომის “რომაში” გაანათხოვრეს. მან იტალიის ჩემპიონატის ორ სეზონში 72 მატჩი ჩაატარა.

 

სერია ა-ს კლუბებმა 2016 წელს აგენტებს 193,3 მილიონი გადაუხადეს, “იუვენტუსმა” – 51,8 მილიონი

იტალიური ფეხბურთის ფედერაციამ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაასაჯაროვა.

როგორც ცნობილი ხდება, 2016წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე იტალიის საუკეთესო ოცმა გუნდმა აგენტების ხელფასებს 193,3 მილიონი ევრო დაახარჯა. გამოდის, რომ თითოეული კლუბი საშუალოდ 9,6 მილიონს ხარჯავს აგენტების ხელფასებზე.

გასაკვირი არც არის, რომ ყველაზე მეტს “იუვენტუსი” ხარჯავს – 51,8 მილიონი, რომლიდანაც 25 მილიონი მინო რაიოლას ანგარიშზე გადაირიცხა პოლ პოგბას ტრანსფერისათვის.

“მილანმა” “კალიარი” ბაკას გოლით დაამარცხა (ვიდეო)

8 იანვარს იტალიის სერია ა-ს მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “მილანმა” “კალიარის” უმასპინძლა. თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და, საბოლოოდ, მათ მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დასრულდა: 88-ე წუთზე კარლოს ბაკამ მოახერხა მეტოქის დამწუხრება და მისი გუნდისთვის სამი ქულის მოტანა.

19 ტურის შემდეგ მილანურ კლუბს 36 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. რაც შეეხება “კალიარის”, ამ კლუბმა 23 ქულა მოაგროვა და მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

 იხილეთ მიმოხილვა

ლევან მჭედლიძე: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ჩვენკენ შემოვაბრუნოთ”

25 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ემპოლის” თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ თავის ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გათამაშების გამარჯვებულები მაისურებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების შემდეგ, Fanebi.Com მჭედლიძეს “ემპოლიზე”, შესაძლო ტრანსფერსა და საქართველოს ნაკრებზე ესაუბრა.

– ბოლო დროს კარგ ფორმაში ხართ. ორ მატჩში სამი გოლი გაიტანე. რისი დამსახურებაა ეს ყოველივე?

– პირველ რიგში, ეს იმის დამსახურებაა, რომ მოთმინება გამაჩნია. ეს ის თვისებაა, რომელიც ადრე, მაგალითად, 20 წლის ასაკში, არ მქონდა. რთული პერიოდი გამოვიარე. ყველა ფეხბურთელისთვის რთულია ის, რომ ამდენი ხანი სკამზე ზიხარ, შეიძლება, რაღაცის ღირსი ხარ, თუმცა კონკრეტული მიზეზების გამო ამას ვერ იღებ და ვერ გიფასდება შრომა სათანადოდ. მაგრამ ეს ფეხბურთში ბუნებრივია.

ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც ბევრი წინააღმდეგობა არსებობს. ბარიერი, რაღაც მხრივ, გადავლახე, თუმცა ეს ბოლომდე არ გამიკეთებია. ეს ორი შეხვედრა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე რაღაც გარანტირებული მაქვს. პირიქით, ახლა იწყება ყველაფერი. ეს ორი მატჩი უნდა იყოს ბიძგის მომცემი იმისთვის, რათა ყველაფერი კარგად წავიდეს.

– უშუალოდ, “ემპოლის” მდგომარეობაზე გადავიდეთ. სერია ა-ში მე-17 ადგილზე ხართ და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებთ…

– კი, ეს სიტუაცია დღევანდელი “ემპოლისთვის” სრულიად ლოგიკურია. ყოველი სეზონის დასაწყისში ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გადავრჩეთ და არ გავარდეთ სერია A-დან. სხვა ამბიცია გუნდს არ აქვს. თუმცა, გეტყვით, რომ ამბიცია თვითონ ფეხბურთელში უნდა დაიბადოს. თუ შენ, მოედანზე გასვლისას, მოგებისთვის არ ხარ მზად და ფიქრობ, მხოლოდ იმას, რომ გადარჩე, ძალიან გაგიჭირდება ამ მიზნის მიღწევა. ჩემი აზრით, “ემპოლის” ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. უკვე მეშვიდე წელია გუნდში ვარ და მთელი ამ დროის მანძილზე ძალიან დიდი ტალანტის და ნიჭის მქონე ფეხბურთელები თამაშობენ კლუბში.

რაც შეეხება ამ სეზონს, ცუდად დავიწყეთ. შემდეგ იყო გამონათებაც, თუმცა ბოლოს ძალიან ცუდი მარცხი ვიგემეთ. ამ უკანასკნელ შეხვედრაზე იძახიან, რომ, შესაძლოა, ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედოს ჩვენზე. თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ. 8-ში “პალერმოს” წინააღმდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გუნდი ცხრილში ჩვენზე ქვემოთაა. ეს მატჩი ემპოლიში, ჩვენს კედლებში გაიმართება და იმედი მაქვს, წარმატებას მივაღწევთ.

– რას გვეტყვი “ემპოლის” თავდამსხმელებზე, მაგალითად, ჯილარდინოსა და მაკარონეზე, რომლებიც თქვენს კონკურენტებად ითვლებიან?

– ეს კონკურეცია ძალიან მომგებიანი იყო, როგორც ჩემთვის, ასევე მთლიანად გუნდისთვის. როცა მსოფლიო ჩემპიონის გვერდზე გიწევს ასპარეზობა, როცა მაკარონეს ძალიან მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები, უყურებ მათ, სწავლობ ბევრ რამეს და იზრდები. დაუნახავი უნდა იყო, რომ თქვა: “მე ისინი არ მჭირდებიან.” პირიქით, გამოცდილი თანაგუნდლებისგან ბევრი რამ შევიძინე. გავიხსენოთ, თუნდაც, მიკოლი, კავანი, რა თქმა უნდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის სიტუაცია, რომელშიც ცდილობ ყველაფერი გააკეთო შენი კონკურენტის სასტარტო შემადგენლობიდან ამოსაგდებად, გეხმარება, გაიზარდო და უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდე.

– კავანი ახსენე… გაქვთ ედინსონთან კონტაქტი?

– კი, კი. რა თქმა უნდა. კავანი, პასტორე… მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ეს სპორტსმენები, თითქოს, გულშემატკივრებისთვის მიუღწეველი და მიუკარებლები არიან, თუმცა ამ დროს უნდა გითხრათ ასეთი რამ: რაც უფრო მეტი აქვს მიღწეული ფეხბურთელს, მით უფრო უბრალოა. შეიძლება, შეგხვდეს მოთამაშე, რომელიც საშუალო დონეზე ასპარეზობს, თუმცა აქვს დიდი ამბიცია და ვერ მალავს მას. მაგრამ, არიან სპორტსმენები, რომლებიც უმაღლესი დონის ვარსკვლავები არიან და ისეთი ხასიათი აქვთ, ვერ მიხვდები, რომ თამაშობენ, მაგალითად,  პსჟ-ში, “მილანში”, “რომაში”, “ნაპოლიში” თუ სხვა რომელიმე გუნდში. გავიხსენოთ მარიო რუი და სხვები.

2

– შენი აზრით, ის ზედმეტი ამბიცია, რომელიც ახსენე, რამდენად აქვთ საშუალო დონეზე მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებს? თუნდაც, ნაკრების წევრებს? თუ აქვთ, მაშინ, რამდენად უშლის ეს თვისება ხელს მათ განვითარებაში? 

– რა თქმა უნდა, თუ ფეხბურთელს არ აქვს ამბიცია, ეს წამგებიანია. თუ შენ თავში არ ხარ დარმწუნებული და არ ისწრაფვი დიდი მიზნებისკენ, ეს ცუდია. თუმცა, არის მეორე საკითხი: მიმაჩნია, რომ ამბიცია თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავში უნდა შეინახოს და არ უნდა გამოამჟღავნოს. ასევე, შენში უნდა იყოს შენივე შესაძლებლობების შესაბამისი ამბიცია. თუ მოთამაშეს ზედმეტი ამბიცია დაებადა, ე.ი. იძირება და საქმე კარგად არ მისდის. რაც შეეხება ჩვენს მოთამაშეებს, მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რადგან საქართველოს ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ და იმხელა ტალანტი აქვთ მათ, რომ ევროპაშიც კი გაგიჭირდება მათი მსგავსის ნახვა. იმედი მაქვს, რომ ამ ნიჭს გამოამჟღავნებენ, რაც სრულიად ნაკრებსა და ქვეყანას წაადგება.

– როგორც ვიცით, შენით ბევრი კლუბი დაინტერესდა. რა ვარიანტები გაქვს და აპირებ თუ არა”ემპოლის” დატოვებას?

– როცა ამხელა ჩემპიონატში ორ მატჩში სამ გოლს იტან და, მით უმეტეს, ეს სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ხდება, ნორმალურია, რომ შენს მიმართ ინტერესს კარგი კლუბები იჩენენ. მსიამოვნებს, რომ ინტერესი არის ჩემს მიმართ. ეს ინტერესი კი არის სტიმული, რათა უფრო მოვინდომო, ბევრი ვიშრომო და განვვითარდე. თუმცა, მე დღესდღეობით ვარ “ემპოლის” ფეხბურთელი, ვარ საკუთარი საქმის პროფესიონალი! 8 იანვარს წლის პირველი თამაშია და ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემმა გუდნმა წარმატებას მიაღწიოს.

– რომელი ჩემპიონატებიდანაა შემოთავაზება?

– არის პრემიერ ლიგა, სერია A, ესპანეთის ვარიანტიც, რომელშიც, ჯერჯერობით, არც ვერევი. ახლა მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ ჩავიდე იტალიაში, გუნდს შევუერთდე და ერთად გავაგრძელოთ კონკრეტული მიზნებისთვის ბრძოლა.

3

– ნაკრებზეც გკითხავთ. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოთხი მატჩი ჩავატარეთ. თამაშის ხარისხი გამოსწორდა, თუმცა გამარჯვება ვერ მოვახერხეთ. როგორ შეაფასებ განვლილ შეხვედრებს და რას გვეტყვი მომავალ თამაშებზე?

– პირველ რიგში, გეტყვით, რომ გულდაწყვეტილი ვარ ჩემი გამოუყენებელი მომენტის გამო. ეს ძალიან განვიცადე. ახლა რომ იმ სიტუაციაში აღმოვჩნდე, არ ვამბობ, რომ აუცილებლად გოლს გავიტან, თუმცა გაცილებით კარგად გამოვიყენებ მსგავს შანსს. ძალიან ვწუხვარ, რომ გულშემატკივრების იმედები იმ შემთხვევაში ვერ გავამართლე. მოლდოვის ნაკრებთან გაცილებით მოტივირებული ვიყავით. მინდოდა, რომ აუცილებლად გამომესწორებინა ჩემი შეცდომა, თუმცა ხელი მცირე ტრავმამ შემიშლა.

იმედი მაქვს, მომავალში წარმატებას მივაღწევთ. ეს ოთხი მატჩი ჩემთვის ცოტა მოულოდნელობაც იყო. უცებ მოვახდინეთ გარდატეხა და ბევრის ყურადღებაც მივიპყრეთ. ბოლოს და ბოლოს, ირლანდიასთან და უელსთან ასეთი კარგი თამაშის გამო, სტუმრად ხალხი ტაშს გვიკრავდა. საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს ყველა უყურებს: ჩემი კლუბის პრეზიდენტიდან დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული. როცა იტალიაში ჩავედი, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხით ყველა გაკვირვებული იყო. უელსის შეხვედრაზე მეუბნებოდნენ, რომ საერთოდ, 5:0 უნდა მოგეგოთო. თუმცა, ხდება ხოლმე, არის ჩავარდნები როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. მაგრამ, ესეც გამოცდილებაა და რაღაც მხრივ კარგია.

ვისწავლეთ ის, რომ, როცა პირველ ტაიმში გაქვს ოთხი ასპროცენტიანი მომენტი და ვერცერთ მათგანს იყენებ, კიდევ უფრო უნდა გააძლიერო აგრესია და უფრო მეტად შეუტიო. 24 მარტს სერბეთთან გასამართ შეხვედრაში წარმატების ძალიან დიდი იმედი მაქვს. ბევრ ადამიანს ჩვენი აღარ ჯერა. არ უნდა გვეწყინოს, რომ გულდაწყვეტილი ხალხი აღარ მოვა სტადიონზე. პირიქით, ჩვენ უნდა მოვინდომოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ხალხი ჩვენკენ შემოვაბრუნოთ.

სერია ა: მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

Goal.Com-ი მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის სერია ა-ს სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

დონარუმა, მინოლასი, კალდარა, რუგანი, ჰამშიკი, კესიე, ალექს სანდრო, ძაპაკოსტა, ბერნარდესკი, ბელოტი, მერტენსი.