“სევილიას” ერთბურთიანი უპირატესობა “ლესტერთან” (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “სევილიასა” და “ლესტერ სიტის” შორის გამართული პირველი მატჩი ანდალუსიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მასპინძელთაგან გოლები პაბლო სარაბიამ (25-ე წუთი) და ხოაკინ კორეამ (62-ე წუთი) გაიტანეს, სტუმართაგან კი ერთი ბურთი ჯეიმი ვარდიმ (73-ე წუთი) გაქვითა. აღსანიშნავია, რომ კორეამ პენალტი ვერ გამოიყენა (მე-14 წუთი).

წყვილის განმეორებითი მატჩი ლესტერში, 14 მარტს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (I მატჩი)
“სევილია” — “ლესტერ სიტი” 2:1 (1:0)
გოლები: პაბლო სარაბია 25′, კორეა 62′ — ვარდი 73′.

“სევილიამ” “რეალი” დაამარცხა, იოვეტიჩს საოცნებო დებიუტი გამოუვიდა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-18 ტურში “სევილიამ” “რამონ სანჩეს პისხუანზე” მადრიდის “რეალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა, რითაც “სამეფო კლუბის” 40-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია. მეორე ტაიმის შაუწელს დანიელ კარვახალი მარჯვენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, იქ კი მასპინძელთა მეკარემ ესპანელი მცველი წააქცია და მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი კრიშტიანუ რონალდუმ გამოიყენა და “რეალი” დააწინაურა. 85-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. სერხიო რამოსი საჯარიმო მოედნიდან ბურთის გამოტანას ცდილობდა, მაგრამ თავით საკუთარ კარში ჩაჭრა და წონასწორობა აღადგინა. კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შემოსულმა სტევან იოვეტიჩმა, რომელსაც “სევილიას” რიგებში ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა, შორეული დარტყმით სტუმართა კარის ბადე მეორედ შეარხია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

“რეალი” 40 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობას ინარჩუნებს, მეორეადგილოსან “სევილიას” ერთი მატჩით მეტი და ერთი ქულით ნაკლები აქვს.

“სევილიამ” “იუვენტუსის” შედეგი გაიმეორა

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “სევილიამ” დონეცკის “შახტარი” ორი მატჩის ჯამში 5:3 დაამარცხა და ტურნირის ფინალურ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა.

ამრიგად, ანდალუსიური გუნდი ევროპის ლიგის ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებს. “სევილია” ტურინის “იუვენტუსის” შემდეგ პირველი გუნდია, რომელიც ევროპული საკლუბო ტურნირის ფინალში მიჯრით მესამედ გავიდა. “ბებერმა სინიორამ” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 1996, 1997 და 1998 წლებში ითამაშა.

“სევილიამ” “შახტარი” დაამარცხა და ფინალში გავიდა (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “სევილიამ” “რამონ სანჩეს პისხუანზე” დონეცკის “შახტარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ანგარიში კევინ გამეირომ მატჩის დებიუტშივე გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს ედუარდოს გოლით უკრაინელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ორი ბურთი გაიტანეს: გამეირომ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ფერეირა მარიანომ ჩაიწერა.

“სევილია” ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში “ლივერპულს” დაუპირისპირდება. შეხვედრა ბაზელში, 18 მაისს გაიმართება.

ევროპის ლიგა
ნახევარფინალი (საპასუხო მატჩი)
“სევილია” — “შახტარი” 3:1 (1:1)

გოლები: გამეირო 9′, 47′, მარიანო 59′ — ედუარდო 44′.
გაფრთხილებები: ბანეგა 30′, ვიტოლო 87′ — მარლოსი 11′, რაკიცკი 14′, კუჩერი 20′, სრნა 49′, ედუარდო 61′, სტეპანენკო 76′, ისმაილი 90′.

“შახტარი” ლვოვში “სევილიას” დაუზავდა (მიმოხილვა)

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე დონეცკის “შახტარმა” ლვოვში “სევილია” მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ანდალუსიელები მე-6 წუთზე ვიტოლომ დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში მოახერხეს: 23-ე წუთზე გოლი მარლოსმა გაიტანა, 36-ე წუთზე ტარას სტეპანენკომ დონეცკელები სულაც დააწინაურა. “სევილია” მარცხს 82-ე წუთზე კევინ გამეიროს ზუტის პენალტის წყალობით გადაურჩა.

წყვილის განმეორებითი მატჩი “რამონ სანჩეს პისხუანზე” 5 მაისს შედგება.

ევროპის ლიგა
ნახევარფინალი (პირველი მატჩი)
“შახტარი” — “სევილია” 2:2 (2:1)

გოლი: მარლოსი 23′, სტეპანენკო 36′ — ვიტოლო 6′, გამეირო 82′ (პენ).
გაფრთხილებები: მალიშევი 89′, სრნა 90+5′ — ესკუდერო 27′, დანიელ კარისუ 40′, კრიხოვიაკი 48′.

გთავაზობთ მატჩის ვიდეომიმოხილვას.

“სევილიამ” კონოპლიანკა უცნაური მიზეზის გამო დააჯარიმა

“სევილიამ” უკრაინელი ნახევარმცველი ევგენი კონოპლიანკა კონტრაქტით გათვალისწინებული პუნქტის შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა. კერძოდ, ფეხბურთელი გარკვეულ ვადებში ესპანურ ენას უნდა დაუფლებოდა. ამ ინფორმაციას ტელეარხ “ფუტბოლ 1/2”-ის კომენტატორი კირილ კრუტოროგი ავრცელებს.

“ცოტა ხნის წინათ ესპანეთში გახლდით და ასეთი რამ გავიგე: “სევილიას” ჩვენი ევგენი იმის გამო დაუჯარიმებია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებულ პერიოდში ესპანური ენის შესწავლა ვერ მოუსწრია.

გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ ესპანური და ინგლისური ენების არცოდნა არის მიზეზი, რის გამოც კონოპლიანკა სასტარტო შემადგენლობაში არარეგულარულად ხვდება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი ესპანურ და ბასკურ ენებზე საუბრობს, ევგენი კი რუსულ და უკრაინულ ენებს ფლობს. ასე რომ, ფრეა – 2:2″, – აღნიშნავს კრუტოროგი.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ევგენი კონოპლიანკამ 29 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა. უკრაინელი ნახევარმცველი ჩემპიონატის ბოლო ათ შეხვედრაში “სევილიას” ძირითად განაცხადში მხოლოდ ოთხჯერ მოხვდა.

 

ემერი: “ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ”

“სევილიას” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი აღიარებს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

“ამ სეზონში ჩვენი ძირითადი მიზანი პრიმერადივიზიონს უკავშირდება. ჩემპიონთა ლიგა კი ის ტურნირია, რომელსაც ვერ მოვიგებთ და მისგან მხოლოდ უნდა დავტკბეთ. სამომავლო წარმატებების გზა ესპანეთის ჩემპიონატში ჩვენს კარგად თამაშზე გადის”, – ციტირებს ემერის სიტყვებს “ტოდო მერკადო”.

 

ქეცბაია უეფას სუპერთასის მატჩის შესახებ

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის გამართულ უეფას სუპერთასის შეხვედრას (5:4) დაესწრო. მოგვიანებით ქართველმა სპეციალისტმა მატჩი ბერძენ ჟურნალისტებთან შეაფასა.

“წარმოუდგენელი სანახაობა ვიხილეთ და ვამაყობ, რომ ეს ჩემს ქვეყანაში მოხდა. ის ფაქტი, რომ სტადიონზე 52 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა, ყველაფერზე მეტყველებს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს იყო სუპერთასის საუკეთესო მატჩი, რაც ოდესმე უნახავს”, – ქეცბაიას კომენტარი gazzetta.gr-ზე გამოქვეყნდა.

 

რა თქვა უეფას ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტმა თბილისური სუპერთასის შემდეგ?

ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გამართულმა სუპერთასის მატჩმა მოლოდინს გადააჭარბა. სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ორი დიდებული გუნდის დრამატული ბრძოლა, ლამაზი თამაში და 120 წუთში გატანილი ცხრა გოლი იხილა.

მატჩს უეფას ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტი ენდი ჯეიმსი ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ აღფრთოვანება ვერ დამალა.

“სიმართლე გითხრათ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია, რაც ოდესმე მინახავს. შესაძლოა, საუკეთესოც კი იყოს. “ბარსელონა” სუპერთასის გამარჯვებულია. ეს იყო მატჩი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა. საოცარი ღამე გამოვიდა!” – აღნიშნა ჯეიმსმა.

 

თბილისში გამართულ სუპერთასის მატჩში სხვადასხვა რეკორდები დამყარდა

თბილისში გამართულმა უეფას სუპერთასის მატჩმა მოლოდინს გადააჭარბა. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” შემდგარ დაპირისპირებაში სხვადასხვა სახის რეკორდები დამყარდა.

• ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა და ევროთასებზე გატანილი გოლების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა (80);
• უეფას სუპერთასის მატჩებში მესის სულ სამი გატანილი გოლი მოუგროვდა, რითაც არი ჰაანს, ფრანსუა ვან დერ ელსტს, გერდ მიულერს, ოლეგ ბლოხინს, რადამელ ფალკაოს, რობ რენსენბრინკსა და ტერი მაკდერმოტს გაუთანაბრდა;
• ევერ ბანეგამ გოლი მატჩის მესამე წუთზე გაიტანა. ეს უეფას სუპერთასის არსებობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია;
• დანიელ ალვესმა უეფას სუპერთასი მეოთხედ მოიგო, რითაც პაოლო მალდინის შედეგი გაიმეორა;
• ალვესმა მალდინის კიდევ ერთი მიღწევა გაიმეორა: ბრაზილიელმა უეფას სუპერთასის მეხუთე მატჩში მიიღო მონაწილეობა;
• ლუის ენრიკე გახდა მეოთხე პირი, რომელმაც უეფას სუპერთასი მოიგო როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში. მანამდე ეს მოახერხეს ხოსეპ გვარდიოლამ, კარლო ანჩელოტიმ და დიეგო სიმეონემ, თუმცა მხოლოდ ლუის ენრიკეს აქვს სუპერთასის მატჩში გოლი გატანილი (1997 წ.);
• “ბარსელონამ” უეფას სუპერთასი მეხუთედ მოიგო, რითაც “მილანის” შედეგი გაიმეორა;
• “ბარსელონამ” უეფას სუპერთასის მატჩში მეცხრედ ითამაშა. უახლოეს მადევარს ორით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული;
• “ბარსელონა” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას სუპერთასის ერთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა;
• “სევილია” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სუპერთასის მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, თუმცა დამარცხდა;
• “სევილია” სუპერთასის არსებობის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სამბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა;
• ცხრა გატანილი გოლით თბილისური სუპერთასი ყველაზე შედეგიანია;
• უეფას სუპერთასის მატჩში ესპანური დაპირისპირება მესამედ ვიხილეთ (ყოველ ჯერზე ერთ-ერთი მეტოქე “სევილია” იყო). ტიტულისთვის ერთმანეთში ორჯერ უბრძოლიათ იტალიის წარმომადგენლებს;
• საქართველომ პირველად უმასპინძლა უეფას საფეხბურთო ტურნირის ფინალურ მატჩს;
• თბილისურ სუპერთასს 51 490 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარებული სუპერთასის მატჩებიდან სარეკორდო მაჩვენებელია.

 

ლუის ენრიკე: “თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა”

უეფას სუპერთასის მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 5:4 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის კითხვებს კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უპასუხა.

— ბევრად უფრო რთული მატჩი აღმოჩნდა, ვიდრე თქვენ მოელოდით…
— არა, ასე არ არის. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რთული რთული მატჩი გველოდა. ყველამ დაინახა, ამ დონეზე რაოდენ რთულია გამარჯვება, როგორ იცვლება ხანმოკლე დროში ყველაფერი. მეტოქემ კარგი თამაში აჩვენა და ანგარიშის გათანაბრება დაიმსახურა. მიხარია, რომ გამარჯვებული ჩვენ დავრჩით.

— ჩვენ ვიხილეთ “ბარსელონას ორი მხარე. მატჩი კარგად დაიწყეთ, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა…
— როცა გუნდი აგებს, დასაკარგი აღარაფერია. მეტოქემ ბევრი გარისკა, თერთმეტმეტრიანი დარტყმითა და კარგი თამაშის წყალობით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. “სევილიას” კარგი გუნდი ჰყავს. ბევრს ეგონა, რომ ადვილად მოვიგებდით, თუმცა ასე არ მოხდა.

— ნეიმარის შემცვლელად რატომ შეაჩერეთ არჩევანი რაფინიაზე?
— პედროს ტრავმის მხრივ გარკვეული პრობლემა ჰქონდეს, ამას დაემატა გუნდიდან მისი შესაძლო წასვლა. გადაწყვეტილებას ახლა რომ ვიღებდი, ამჯერადაც რაფინიას ვათამაშებდი.

— როგორი შთაბეჭდილება დატოვა ქვეყანამ? კმაყოფილი ხართ სტადიონით, პირობებითა და ორგანიზებით?
— ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ, მაგრამ ყველაფრით კმაყოფილები ვართ: მოედნით, ორგანიზებით, ქომაგობით.

— “სევილიამ” გასაოცრად ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ პენალტების სერია დაიმსახურა. რისი მიღწევა შეუძლიათ წელს ანდალუსიელებს?
— ჩვენ “სევილიას” კარგად ვიცნობთ. მეტოქემ კარგად ითამაშა და პირველი გოლიც გაიტანა. როდესაც იგებ, ბევრად უკეთესია თამაშის კონტრშეტევებზე აგება, მაგრამ ლეოს დახმარებით თამაში შემოვატრიალეთ. საბოლოო ჯამში, კარგად ვითამაშეთ.

 

ემერი: “შეგვიძლია, ამ თამაშით ვიამაყოთ”

უეფას სუპერთასის მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 5:4 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის კითხვებს ანდალუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ უპასუხა.

— მატჩის ბოლოს ორმაგი ცვლილება განახორციელეთ. ეს თქვენი მხრიდან ვა-ბანკი იყო თუ დაგეგმილი ცვლილებები?
— პირდაპირ გეტყვით, როცა ანგარიშით 1:4 მარცხდები, ბევრს აღარაფერს ელი. მხოლოდ ის ვთქვით, რომ დარჩენილ დროში მაქსიმუმისთვის უნდა მიგვეღწია. ჯერ ერთი გოლი გავიტანეთ, შემდეგ მეორე და იმედიც მოგვეცა. გუნდს თავდაჯერება მოემატა და მიზანსაც მივაღწიეთ – ანგარიში გავათანაბრეთ. ამის შემდეგ ცოტა ამოვისუნთქეთ. დამატებით დროში გვჯეროდა, რომ მოგება შეგვეძლო, თუმცა გოლი გავუშვით და ასეთ დროს რთულია თამაშის კიდევ ერთხელ შემოტრიალება.

— ამ მატჩში ბევრი ტაქტიკური ცვლილება განახორციელეთ. რას გამოყოფდით?
— ამ საღამოს ჩვენი მთავარი მიზანი კარგი თამაშის ჩვენება იყო. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უმაღლესი დონის გუნდებთან თანაბრად თამაში შეგვიძლია. ყველაზე ცუდი იქნებოდა ის, რომ ისე არ გვეთამაშა, როგორც ჩვენ გვსურდა. ჩვენს ფანებს შეუძლიათ, რომ ჩვენი თამაშით კმაყოფილნი იყვნენ.

— ახლა როგორი განწყობა გაქვთ?
— ჩვენ გამარჯვება გვინდოდა და შედეგით უკმაყოფილონი ვართ, მაგრამ თამაში გვაძლევს კმაყოფილების საშუალებას. გუნდისთვის რთულია ამ მარცხის გადაყლაპვა, თუმცა ჩვენ კიდევ შევხვდებით უძლიერეს მეტოქეებს.

— როგორ ფიქრობთ, დაიმსახურა “ბარსელონამ” ეს გამარჯვება?
— “ბარსელონას” გამარჯვება უნდა მივულოცოთ. იყო თუ არა დამსახურებული, ეს სუბიექტური მოსაზრებაა. მატჩის მიწურულს სამი ძალიან კარგი შანსი მოგვეცა და ვიმსახურებდით პენალტების სერიას. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ და შეგვიძლია, ვიამაყოთ ამ თამაშით. გაითვალისწინეთ, რომ “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რომელმაც ყველაფერი მოიგო.

— ოდესმე შეძლებთ ლეო მესის გაჩერებას, რომელმაც “სევილიას” უკვე 24-ე გოლი გაუტანა?
— მესის ვულოცავ ამ გამარჯვებას. იგი უნიკალური შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. წარმოუდგენელია, უმაღლეს დონეზე თამაშობდე ამდენი წლის მანძილზე. დაველოდოთ და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ოდესმე მის გაჩერებას.

— ეს სეზონის სასტარტო მატჩი იყო. რას გეუბნებათ ეს შეხვედრა დამდეგი სეზონისთვის?
— პირველი ნაბიჯი გადავდგით იქითკენ, რომ ახალ სეზონში წარმატებულად ვითამაშოთ. ეს ახალი სეზონის ფუნდამენტია. როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელდებიან, მეტი შესაძლებლობა გვექნება და უკეთ ავთამაშდებით.