ჯაბა კანკავა კვარცხლბეკზე საქართველოს დროშით ავიდა (ვიდეო, ფოტო)

უეფას ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში ჯაბა კანკავას “დნიპრო” “სევილიასთან” ანგარიშით 2:3 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი ვერცხლის მედლის მისაღებად კვარცხლბეკზე საქართველოს დროშით ავიდა.

 

J. Kankava

ევროპის ლიგის წლევანდელი ფინალის მსაჯთა ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ მსაჯთა ვინაობა, რომლებიც უეფას ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალურ მატჩს განსჯიან.

დნეპროპეტროვსკის “დნიპროსა” და “სევილიას” შორის გასამართ შეხვედრას 44 წლის ინგლისელი არბიტრი მარტინ ატკინსონი მოემსახურება. მის თანაშემწეებად მაიკლ მალარკი და სტივენ ჩაილდი იმუშავებენ (ორივე ინგლისიდან). მეოთხე მსაჯი ჩეხი პაველ კრალოვეცი იქნება. დამატებით ასისტენტებად ასევე ინგლისელები – ანდრე მარინერი და ენტონი ტეილორი იმუშავებენ, ხოლო სარეზერვო არბიტრი ჯეიკ კოლინი (ინგლისი) იქნება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალური მატჩი 27 მაისს, ვარშავის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

ვიტოლომ ევროპის ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ვილიარეალსა” და “სევილიას” შორის გამართულ მატჩში ტურნირის არსებობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა.

სტუმართა ნახევარმცველმა ვიტოლომ გოლი მე-13 წამზე გაიტანა.

შეხვედრა “სევილიას” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა 19 მარტს გაიმართება.

ამხანაგური მატჩი ჩხუბის თანხლებით — ასპასს სახეში თავი ჩაარტყეს

“კადისსა” და “სევილიას” შორის გამართული ამხანაგური მატჩი (0:3) ამხანაგურად ნამდვილად არ წარიმართა. შეხვედრაში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში “სევილიაში” იჯარის წესით განათხოვრებული იაგო ასპასი “კადისის” თავდამსხმელნა კიკე ლოპესმა უხეშად “მოცელა”. ასპასი უმალ წამოხტა, თან მეტოქეს ფეხი დაუხვედრა და პრეტენზიები გამოხატა, რაც ლოპესმა ვერ მოითმინა და იაგოს სახეში თავი ჩაარტყა. ამ ყველაფერს ხელჩართული ჩხუბი მოგყვა.

აქვე გთავაზობთ მომხდარის ამსახველ ვიდეომასალას.

დეულოფეუ კარიერას “სევილიაში” გააგრძელებს

“ბარსელონას” შემტევი ჟერარ დეულოფეუ კარიერას “სევილიაში” გააგრძელებს.

20 წლის ფეხბურთელი ანდალუსიურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს ხელს მოაწერს და ოფიციალურად გახდება გუნდის ფეხბურთელი.

დეულოფეუ “სევილიაში” იჯარის წესით თამაშებს. ანდალუსიელებს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება არ მიენიჭებათ.

დეულოფეუმ გასული სეზონი აგრეთვე იჯარის წესით ლივერპულის “ევერტონში” გაატარა. ინგლისის პრემიერლიგაში ესპანელმა ფეხბურთელმა 25 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

 

რონალდუს დუბლით “რეალმა” უეფას სუპერთასი მოიგო

მადრიდის “რეალსა” და “სევილიას” შორის უელსის დედაქალაქ კარდიფში შემდგარი უეფას სუპერთასის მატჩი “სამეფო კლუბის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ორივე გოლი მადრიდელთა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.

“რეალი” 30-ე წუთზე დაწინაურდა. შეტევის მარცხენა ფლანგზე გარეტ ბეილი გაიჭრა და საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთს შორეულ ძელთან რონალდუმ მიუსწრო, მეტოქეს პოზიციურად აჯობა და “სევილიას” კარის ბადეც შეარხია.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დუბლი მეორე ტაიმის დებიუტში გაიფორმა. ამჯერად საგოლე პასი კარიმ ბენზემამ გააკეთა, რონალდუმ კი 16 მეტრის მანძილიდან მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა.

ამრიგად, “რეალმა” არსებობის ისტორიაში უეფას სუპერთასი მეორედ მოიგო, მანამდე “სამეფო კლუბი” აღნიშნულ ტიტულს 2002 წელს დაეუფლა, როდესაც ჰოლანდიური “ფეინოორდი” დაამარცხა.

უეფას სუპერთასი
“რეალი” — “სევილია” 2:0 (1:0)

“რეალი”: კასილასი, პეპე, რამოსი, ფაბიო კოენტრაუ (მარსელო 84′), კარვახალი, კროოსი, როდრიგესი (ისკო 72′), ბეილი, მოდრიჩი (ილიარამენდი 86′), რონალდუ, ბენზემა.
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

“სევილია”: ბეტო, ფასიო, ფერნანდო ნავარო, პარეხა, კოკე (ფიგეირაში 84′), კრიხოვიაკი, დანიელ კარისუ, დენის სუარესი (რეიესი 79′), ვიტოლო, ვიდალ-პარეუ (ასპასი 66′), ბაკა.
მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი.

გოლები: რონალდუ 30′, 49′.
გაფრთხილებები: კარვახალი 45′, კროოსი 53′ — ვიტოლო 42′, ფერნანდო ნავარო 66′.

მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

უეფას სუპერთასი — სასტარტო შემადგენლობები

სულ ცოტა დრო რჩება მადრიდის “რეალსა” და “სევილიას” შორის უეფას სუპერთასის მატჩის დაწყებამდე.

უკვე ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლბები:

“რეალი”: კასილასი, პეპე, რამოსი, ფაბიო კოენტრაუ, კარვახალი, კროოსი, როდრიგესი, ბეილი, მოდრიჩი, რონალდუ, ბენზემა.
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

“სევილია”: ბეტო, ფასიო, ფერნანდო ნავარო, პარეხა, კოკე, კრიხოვიაკი, დანიელ კარისუ, დენის სუარესი, ვიტოლო, ვიდალ-პარეუ, ბაკა.
მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი.

მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

 

უეფას სუპერთასი — ანჩელოტის წინასამატჩო სიტყვა

დღეს უეფას სუპერთასის მატჩში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის “რეალი” ევროპის ლიგის ჩემპიონ “სევილიას” უელსის დედაქალაქ კარდიფში დაუპირისპირდება. “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი პოზიტიურად არის განწყობილი და ამბობს, რომ გუნდს ახალ სეზონში შარშანდელი წარმატების გამეორება შეუძლია.

“არსებული შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და პირდაპირ გეტყვით, რომ ამ გუნდს ყველაფერი აქვს გამარჯვებისთვის. “რეალის” დონის კლუბისთვის ეს ლოგიკურიც გახლავთ. გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გასულ სეზონში. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ შარშანდელი სეზონის წარმატების გამეორება შეგვიძლია. “სევილია” ისე ითამაშებს, როგორც წინა სეზონში თამაშობდა. მეტოქე ოდნავ შეიცვალა, შუა ხაზში ახალი ფეხბურთელები მივიდნენ, თუმც საერთო სურათი უცვლელია.

კრიშტიანუ რონალდუ მზად არის, არანაირი პრობლემა არ აქვს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამდეგ მატჩში მაქსიმუმი გაიღოს, პრობლემები წარსულს ჩაბარდა. ტონი კროოსი დაახლოებით ხუთი დღეა, ვარჯიშობს, კარგ ფორმაშია. ვფიქრობ, რომ მას და ხამეს როდრიგესს “სევილიასთან” დებიუტი ექნებათ. მოედანზე იკერ კასილასიც იქნება. ის მუყაითად მუშაობს და ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაშიც.

გარეტ ბეილს საოცარი სეზონი ჰქონდა. მან ჩემპიონატი წინასასეზონო მზადების გარეშე დაიწყო. გარკვეული დრო დასჭირდა ფორმის დასაბრუნებლად. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ის უკვე იცნობს გუნდის ატმოსფეროს და თანაგუნდელებს. დარწმუნებული ვარ, ბეილი ამ სეზონშიც შესანიშნავად ითამაშებს. წინასასეზონო მომზადება ძალიან კარგად გაიარა. ის სასურველ კონდიციებშია როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. გასულ სეზონთან შედარებით, მან უფრო დიდ წარმატებას უნდა მიაღწიოს”, – ანჩელოტის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “რეალსა” და “სევილიას” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარკ კლატენბურგის ხელმძღვანელობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის.

 

უეფას სუპერთასი — უნაი ემერის წინასამატჩო სიტყვა

დღეს უეფას სუპერთასის მატჩში მადრიდის “რეალი” და “სევილია” შეერკინებიან ერთმანეთს. “სევილიას” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი აღიარებს, რომ “რეალი” ფავორიტია, თუმცა მისი თქმით, ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებული საკუთარი შანსების გამოყენებას ეცდება.

“ჩვენი საუკეთესო თამაშის ჩვენებით ერთხელ უკვე მოვახერხეთ “რეალის” დამარცხება (მარტი, 2014 წ. 2:1). ასე რომ, პრეცედენტი არსებობს. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, თუმცა “სევილიამ” ევროპის ლიგაზე ნაჩვენები შესანიშნავი სერიით დაამტკიცა, რომ გუნდური შრომისმოყვარეობით ფავორიტის დამარცხება შესაძლებელია, როგორც ეს “ბენფიკასთან” შევძელით. ახალწვეულებს მხედველობაში თუ არ მივიღებთ, “რეალს” ძალიან კარგად ვიცნობთ, თუმცა თავად ჩვენზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გუნდურად, გონივრულად უნდა ვითამაშოთ, შემტევი პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა, დაცვაშიც მარჯვედ თამაში გვმართებს. სწორედ ამის წყალობით დავამარცხეთ “რეალი” გასულ სეზონში.

“რეალი” უეჭველად ფავორიტია. გვინდა, რომ ინიციატივა ჩვენ ავიღოთ, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად მოგვცემს “რეალი” ამის საშუალებას. მადრიდელებს შეუძლიათ, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში თამაში გვაიძულონ. კრიშტიანუ, ბენზემა და ბეილი სწრაფები არიან და დაცვის ხაზში მეტოქეს სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ. ნახევარდაცვაში ხამეს როდრიგესს თავისუფლება არ უნდა მივცეთ. ასევე დასაშვებია, რომ თამაში საკუთარ თავზე მოდრიჩმა და კროოსმა აიღონ. ბურთი როგორც კი ჩაგვივარდება, მაშინვე სწრაფ კონტრშეტევებზე უნდა გადავიდეთ.

ბეილის შეჩერება ვერ მოვახერხეთ, როცა მან ჩვენს წინააღმდეგ პირველად ითამაშა. მაშინ ჩვენ ანგარიშით 3:7 დავმარცხდით (ოქტომბერი, 2013 წ.), ბეილი კი იმ დღეს გამორჩეული იყო. როდესაც გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს, შეგიძლია, მშვიდად იყო, მაგრამ როცა ის შენს წინააღმდეგ თამაშობს, მის გასანეიტრალებლად ორმაგი ან სამმაგი მუშაობა გიწევს. ვეცდებით, რომ ეს მოვახერხოთ, თუმც არც სხვა მოთამაშეების დავიწყებას ვაპირებთ”, – უნაი ემერის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “რეალსა” და “სევილიას” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარკ კლატენბურგის ხელმძღვანელობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის.

 

უეფას წლევანდელი სუპერთასის მატჩის მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია

12 აგვისტოს, კარდიფში, მადრიდის “რეალსა” და “სევილიას” შორის გასამართ უეფას სუპერთასის მატჩს ინგლისელი არბიტრი მარკ კლატენბურგი განსჯის.

39 წლის რეფერი საერთაშორისო დონეზე 2006 წლიდან მსაჯობს, პროფესიით ელექტრიკოსია.

გასულ სეზონში კლატენბურგმა ჩემპიონთა ლიგის ხუთი მატჩი განსაჯა, მათ შორის მეოთხედფინალურ ეტაპზე “რეალსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართული შეხვედრაც.

 

„ბარსელონას“ ნახევარმცველი „სევილიაში“ ითამაშებს

„ბარსელონას“ ახალგაზრდა ნახევარმცველი დენის სუარესი „სევილიაში“ იჯარის წესით ითამაშებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არენდა ორწლიანია.

20 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი „ბარსელონას“ მეორე გუნდში ჩაატარა. დენის სუარესი ესპანეთის 21 წლამდე ნაკრების წევრია.

 

რაკიტიჩი „ბარსელონას“ მიუახლოვდა

„სევილიას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი „ბარსელონას“ უახლოვდება.

კატალონიური კლუბი 26 წლის ხორვატ ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბლაუგრანა“ რაკიტიჩის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გაიღებს. გარდა ამისა, შეთანხმებაში გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა სახის ბონუსები.

მანამდე გავრცელებული ცნობით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მადრიდის „ატლეტიკო“ და „რეალი“ იჩენდნენ.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში ივან რაკიტიჩმა 34 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი