წლის ტრიუმფატორი – გურამ კაშია!

26 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განვლილი წელი ტრადიციულად, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე – „GFF Awards 2013“ – ზე შეაჯამა.

საზეიმო საღამოს ნაკრებების სამწვრთნელო შტაბის წევრები, საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, სპორტული მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

სფფ-ის ტრადიციულ, შემაჯამებელ ღონისძიებაზე, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო ფეხბურთელები; ისინი, ვინც 2013 წელს განსაკუთრებულად გამორჩეულები იყვნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, საუკეთესოების გამოსავლენად აზრი პროფესიონალებს ჰკითხა. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის მწვრთნელებმა და კაპიტნებმა.

ნომინანტები შემდეგი ოთხი ნომინაციიდან გამოვლინდნენ:

წლის საუკეთესო ახალგაზრდა (21-წლამდე) ფეხბურთელი
ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელი
წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი
2013 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

გამარჯვებულების გამოვლენამდე, განვლილი წელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა შეაჯამეს.

2013 წელი განსაკუთრებულად დატვირთული იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. სფფ-მ არაერთ მაღალი დონის ტურნირს უმასპინძლა. ამ წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, სხვადასხვა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები გუნდების მოსამზადებლად მოეწყო 60 შეკრება. ჩვენმა ნაკრებმა გუნდებმა 91 ამხანაგური და 36 ოფიციალური მატჩი ჩაატარეს.

რაც შეეხება უშუალოდ დაჯილდოვებას, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი გახდა. ნომინანტები კი,  გიორგი პაპავა და გიორგი ჭანტურია იყვნენ, რომლებმაც, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო სამეული ასეთია: გამარჯვებული – გიორგი ლორია, II ადგილი – ელგუჯა გრიგალაშვილი, III ადგილი – ჩისკო.

წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი, ისევე, როგორც შარშან, არნემის „ვიტესის“ კაპიტანი – გურამ კაშია გახდა. მეორე-მესამე ადგილებზე კი, ჯაბა კანკავა და ვაკო ყაზაიშვილი გავიდნენ.

სფფ-ის სპეციალური პრიზი – წლის საუკეთესო გუნდი, გია ცეცაძის 19-წლამდე (ახლა უკვე 20-წლამდე) ნაკრები გუნდი გახდა, რომელმაც გასული წლის ივლისში უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

საღამოს კულმინაცია კი, 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა იყო. ნომინანტების სამეული ასეთი გახლდათ: გურამ კაშია, გიორგი ლორია და ჯაბა კანკავა.

გამარჯვებული და წლის ნამდვილი ტრიუმფატორი გურამ კაშია გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, ამ ტიტულის მოქმედი მფლობელი იყო და 2013 წელსაც დამსახურებულად შეინარჩუნა.

„ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ. წელს ნამდვილად არ ველოდი ასეთ შედეგებს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას და იმ პროფესიონალებს – მწვრთნელებსა და კაპიტნებს, ვინც მიიჩნია, რომ მე ამ ჯილდოს ვიმსახურებ. ცოტა მეუხერხულება კიდეც, რადგან ვთვლი, რომ ჩემი ამპლუის ფეხბურთელის ასეთი აღიარება ძალიან ძნელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, – განაცხადა 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა.

სფფ-ის პრესსამსახური
ფოტო: სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი

 

სფფ- ს წერილი დინამოს

როგორც ცნობილია რამდენიმე დღის წინ ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის U-13 გუნდი სანკტ-პეტერბურგში გამართულ დემენტიევის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირის (დინამიადის) გამარჯვებული გახდა. ამავე შეჯიბრში სოხუმის დინამოს მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი კლუბის სახელზე გამოგზავნილი წერილი მოჰყვა. აქვე გთავაზობთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის და დინამოს პრეზიდენტის წერილებს, ასევე ტურნირის ორგანიზატორების მიერ გამოგზავნილ წერილს.

4

1

2

3

FCDinamo.GE

სფფ-ისა და კლუბების სამუშაო შეხვედრა

ხვალ, 25 დეკემბერს, 12:00 საათზე, სფფ-ის ხელმძღვანელობა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტები სამუშაო შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრა „მიხეილ მესხის“ სტადიონის მედიაცენტრში, დახურულ ფორმატში გაიმართება. მედიასაშუალებები კი, სასურველ რესპოდენტებთან გასაუბრებას შეხვედრის დასრულების შემდეგ შეძლებენ.
მიმდინარე კვირაში, ამ ფორმატში ეს უკვე მეორე შეხვედრაა. შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს ანალოგიური შეხვედრა „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართა.

სფფ-ის პრესსამსახური

სფფ წლის საუკეთესოებს 26 დეკემბერს დააჯილდოვებს

ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელი

წლის საუკეთესო ახალგაზრდა (21-წლამდე) ფეხბურთელი

წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი ფეხბურთელი

საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი

სპეციალური ანკეტების მეშვეობით, სფფ-მ გამოკითხვა უკვე დაასრულა. საუკეთესოები გამოავლინეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტები, ნაკრებების მწვრთნელები, სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელები, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მედიის წარმომადგენლები.

გამარჯვებულები და ნომინანტები სფფ-ისგან სპეციალურ ჯილდოებსა და საჩუქრებს მიიღებენ.

სფფ-ის პრესსამსახური

სფფ-ის გამოკითხვა გულშემატკივრებს

ძვირფასო გულშემატკივრებო!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ატარებს ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა გლობალურ გამოკითხვას. გამოკითხვა ანონიმურია და მიზნად ისახავს, უკეთ გავიგოთ თქვენი გულწრფელი მოსაზრებები საქართველოში ფეხბურთის განვითარების საკითხებზე. კერძოდ, აღნიშნული კითხვარი, ძირითადად, შეეხება გულშემატკივრების ჩართულობას ორგანიზებულ ფეხბურთში. კონკრეტული საკითხებისადმი გულშემატკივართა დამოკიდებულების შესახებ რეალური სურათის მისაღებად, მნიშვნელოვანია, გამოკითხვაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი მონაწილეობდეს.  ამისთვის კი, უნდა შეხვიდეთ შემდეგ ბმულზე  – https://www.surveymonkey.com/s/geofan2013 – და შეავსოთ მოცემული კითხვარი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წინასწარ მადლობას გიხდით ჩვენს აქციაში აქტიური ჩართულობისთვის.

სფფ-ის გამოკითხვა 2014 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ, გაანალიზდება დაგროვილი მასალა, რაც, ვიმედოვნებთ, საინტერესო სურათს შექმნის და მრავალმხრივად, ძალზე წაადგება ქართული ფეხბურთის განვითარების თემას.

სფფ-ის პრესსამსახური

ვიტალი დარასელიას გახსენება…

დღეს, 13 დეკემბერს, 32 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც ქართული ფეხბურთის გამორჩეული სახე – ვიტალი დარასელია ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ვიტალი დარასელია – ამ სახელის ხსენებაზე, ქართველ გულშემატკივარს, უპირველესად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გოლი ახსენდება. დიუსელდორფის სტადიონის ტაბლოზე ანთებული 87-ე წუთი – 2:1 და თბილისის „დინამოს“ დაუვიწყარი გამარჯვება.

ის მხოლოდ 25 წლის იყო, როცა ამქვეყნიდან წავიდა… თუმცა, თავისი გამორჩეულობით იმდენი მოასწრო, რომ მარადიულად დარჩა ქართველი გულშემატკივრების გულსა და გონებაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პატივს მიაგებს ვიტალი დარასელიას ხსოვნას და მის მარადიულ სახელს.

სფფ-ის პრესსამსახური

ასაკობრივი ნაკრები „თანამეგობრობის თასზე“ ვერ გაემგზავრება

როგორც ცნობილია, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ სფფ-ში ოფიციალური წერილი გამოგზავნა, სადაც „თანამეგობრობის თასის“ 22-ე გათამაშებაზე საქართველოს ასაკობრივი ნაკრები (1993 წელს დაბადებულები და ზემოთ) მიიწვიეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ამ საკითხზე მწვრთნელებთან ერთად იმსჯელა და გადაწყდა, რომ ამ გათამაშებაზე ნაკრები ვერ გაემგზავრება. საუბარი იყო ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრებზე, რომელსაც მაისში ელიტრაუნდი აქვს სათამაშო და ასეთი მასშტაბური ტურნირი გუნდს წაადგებოდა. თუმცა, ამ ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა უმაღლესი ლიგის კლუბების ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და იანვრის ბოლოს, მაშინ, როცა „თანამეგობრობის თასი“ ტარდება, ყველა ეს კლუბი საწვრთნელ შეკრებაზე იქნება.  5 მარტამდე კი, ფიფა-უეფას ოფიციალური სათამაშო დღეები არ არის და აქედან გამომდინარე, კლუბები თავის ფეხბურთელებს სანაკრებო შეკრებაზე ვერ გამოუშვებენ. შესაბამისად, ის მიზანი, რაც ამ ტურნირზე მონაწილეობას უნდა ჰქონოდა, ვერ შესრულდება.

აქედან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციამ და ნაკრების მწვრთნელებმა იხელმძღვანელეს წმინდა სპორტული პრინციპით, ვინაიდან, გუნდის შეკრება ვერ ხერხდება და ტურნირის მასპინძელ მხარეს ამის შესახებ უკვე ეცნობა.

სფფ-ის პრესსამსახური

XVI ტურის ორი შეხვედრა გაიდაიდო

დიდთოვლობის გამო ეროვნული ჩემპიონატის XVI ტურის ორი შეხვედრა, „ჩიხურა“ – „მერანი“ და „გურია“ – „ტორპედო“ გადაიდო.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, „ჩიხურა“ – „მერანი“ ოთხშაბათს, 11 დეკემბერს, 14:00 საათზე მცხეთაში ჩატარდება. რაც შეეხება, „გურია“ – „ტორპედოს“ ამ მატჩის ჩატარების თარიღსა და ადგილს მოგვიანებით მოგახსენებთ.

GFF.GE

სფფ-ის აღმასკომის გამაფრთხილებელი წერილი ლანჩხუთის „გურიას“

3 დეკემბერს, სფფ-ის ოფისში ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის დაგეგმილი სხდომა გაიმართა.

აღმასკომის წევრებმა სხდომა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ საკითხის განხილვით დაიწყეს. მოცემულ ეტაპზე, კლუბში მძიმე იურიდიული და ფინანსური პრობლემებია. ფეხბურთელებს არ აუღიათ 5 თვის ხელფასი და აქედან გამომდინარე, ისინი გაფიცვას აპირებენ. ამასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციას, „გურიას“ ფეხბურთელების სახელით, საგანგებო წერილით მიმართა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ბესო აბაშიძემ, სადაც ასოციაცია და ფეხბურთელები ფედერაციას მათი უფლებების დაცვას სთხოვენ.

აღმასკომი დიდხანს განიხილავდა ამ საკითხს და საბოლოოდ, კომიტეტმა შეიმუშავა წერილი, რომელიც გაეგზავნა ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორს – კობა მირზაშვილს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს – ამირან გიგინეიშვილსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს – ზაზა ურუშაძეს. წერილში  ნათქვამია:

„მოგახსენებთ, რომ 2013 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა განიხილა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარის წერილი საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ფეხბურთელების მიმართ კლუბის მხრიდან კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო, რომელიც გამოიხატა 5 თვის ხელფასის გადაუხდელობაში, რაც შემდეგში შესაძლოა აისახოს ფეხბურთელების გაფიცვაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კატეგორიულად მოითხოვს, უმოკლეს ვადაში კლუბის უფლებამოსილი პირებისგან წინამდებარე წერილში აღნიშნულთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას და ფეხბურთელთა კანონის შესაბამისი უფლებების დაცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმოქმედებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩემპიონატის დებულების შესაბამისად.“

„ფიფა და უეფა ჩვენ პირდაპირ გვავალდებულებს, რომ დავიცვათ ფეხბურთელთა უფლებები. ჩვენ არ გვინდა, რომ ლანჩხუთის „გურიასთან“ მიმართებაში სიტყვა „თუ“ არსებობდეს, რადგან ეს გუნდი ჩემპიონატის ლიდერებს შორისაა და ასპარეზობა აუცილებლად უნდა გააგრძელოს. სწორედ, ამიტომ მივეცით კლუბს ამ პრობლემების მოსაგვარებლად ათდღიანი ვადა“ – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა – ზვიად სიჭინავამ.

ამის შემდეგ, აღმასკომმა დაამტკიცა სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების კომიტეტისა და ლიცენზირების სააპელაციო ორგანოს შემადგენლობები.

სხდომის ბოლო საკითხად კი, ფედერაციის პრეზიდენტმა აღმასკომს გააცნო იდეა 20-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ჩატარების შესახებ, რომელიც უპირველესად, ასაკობრივი ნაკრებებისთვის მომზადებული ფეხბურთელების მიწოდებას მოემსახურება. აღმასკომმა იდეა მოიწონა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემპიონატის პროექტი მოამზადონ სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ და გენერალურმა სამდივნომ. ამის შემდეგ, პროექტი განსახილველად კვლავ აღმასკომს წარედგინება. ჩემპიონატის ჩატარების ყველა ხარჯს სფფ გაიღებს. კლუბებს კი, დაევალებათ ჩემპიონატში გუნდების გამოყვანა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მხოლოდ 17-20 წლის ფეხბურთელებით.

ეს ჩემპიონატი ჯერ კიდევ გასულ სეზონში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მოხდა ისე, რომ გათვალისწინებული თანხა უმაღლეს ლიგას მოხმარდა და შესაბამისად, ეს იდეა აქამდე ვერ განხორციელდა.

სფფ-ის პრესსამსახური

ქეცბაიას კონტრაქტთან დაკავშირებით სფფ-მ განცხადება გაავრცელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის – თემურ ქეცბაიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული ხელშეკრულების პირობები, უკანასკნელი დღეების განმავლობაში საზოგადოებისა და მედიის განსჯის საგნად იქცა.

ვინაიდან, ხელშეკრულების ვადებმა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, საჭიროდ მივიჩნიეთ გავაკეთოთ განმარტება და ყველა დაინტერესებული პირისათვის გასაგები გავხადოთ კონტრაქტის სადაო პუნქტები.

თემურ ქეცბაიას და სფფ-ის მოქმედი ხელშეკრულება 2011 წლის 12 სექტემბრიდან 2015 წლის 12 სექტემბრამდე აკავშირებს. რაც გულისხმობს მწვრთნელის მუშაობის 4 წელს.

რაც შეეხება აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას – ხელშეკრულების 2+2 წლიანი ვარიანტის შესახებ, ის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან განმარტებული იყო არა როგორც ხელშეკრულების პირობა, არამედ, როგორც ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სამუშაო გეგმა.

აქვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული სამსახური ოფიციალურად განმარტავს: „კონტრაქტის გაფორმების დღიდან  – დღემდე, მასში აღნიშნული ვადები  უცვლელია და არანაირი ახალი კონტრაქტი ან რაიმე სახის შეთანხმება თემურ ქეცბაიასთან არ გაფორმებულა. კონტრაქტი 4 წლიანია და გრძელდება 2015 წლის 12 სექტემბრამდე“.

სფფ-ის პრესსამსახური

19-წლამდელები: პირველ კალათაში, მეოთხე რეიტინგში – წილისყრის მოლოდინში

ხვალ, 28 ნოემბერს, ნიონში, უეფას 2013/14 წლების სეზონის 17 და 19-წლამდე ნაკრებების ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართება. წილისყრაზე დასასწრებად შვეიცარიაში უკვე გაემგზავრნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი.

„ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 19-წლამდელთა ელიტრაუნდი თბილისში წამოვიღოთ. ეს მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთშეთანხმებასა და მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალას არ დავიშურებთ, რომ ჩვენმა ბიჭებმა სახლში ითამაშონ და კვლავ გაახარონ ქართველი გულშემატკივარი“ – განაცხადა გამგზავრების წინ სფფ-ის პრეზიდენტმა  – ზვიად სიჭინავამ.

19-წლამდე ასაკში საქმე მართლაც საამაყოდ გვაქვს. ვასილ მაისურაძის ნაკრები პირველ კალათაშია განთესილი და საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, ამ ასაკში, ნაჩვენები შედეგებით ევროპულ რეიტინგში მეოთხეა.

19-წლამდე ასაკში, ყველაზე შედეგიანი და წარმატებული ქვეყანა ესპანეთია, რომელიც 6-გზის ევროპის ჩემპიონია. მოქმედი ჩემპიონი კი, სერბეთი გახლავთ, რომელმაც ივლისში, ლიტვაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა.

რაც შეეხება წილისყრას, საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასული 28 გუნდი 4 კალათაშია გადანაწილებული, საიდანაც, ელიტრაუნდისთვის შეიქმნება 7 ჯგუფი და საკვალიფიკაციო ეტაპის მეტოქეები გუნდებს აღარ შეხვდებიან. ანუ, ჩვენს შემთხვევაში, უელსის ნაკრები  მეტოქედ ვეღარ გვეყოლება. თითოეული ჯგუფის მასპინძელი ქვეყანა წილისყრის შემდეგ გაირკვევა, როცა ჯგუფის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრაზე დასხდებიან.

19-წლამდელთა მომავალი ევროპის ჩემპიონატი კი, 2014 წლის 19-31 ივლისს, უნგრეთში გაიმართება. შესაბამისად, უნგრეთის ნაკრები იქნება მერვე გუნდი, რომელიც ელიტრაუნდიდან გასულ შვიდ გუნდს შეუერთდება.

28 ნოემბრის წილისყრას საქართველოში ყველა მოუთმენლად ელოდება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებს.

ოთარ კაკაბაძე: „უპირველესად, ძალიან გახარებული და ამაყი ვარ, პირველ კალათაში რომ მოვხვდით და ყველას ვულოცავ ამ წარმატებას. რეიტინგშიც ძალიან ღირსეული ადგილი გვიკავია. თუმცა, ამ უპირატესობას გამოყენება სჭირდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ და ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ. პირადად მე, ჯგუფში არ ვისურვებდი გერმანიის ნაკრებს, მაგრამ ბიჭებს უკვე იმხელა გამოცდილება დაგვიგროვდა, რომ გერმანიასაც არ შევუშინდებით და მათთანაც შევეცდებით ჩვენი ძალის დამტკიცებას.“

ნიკა ჭანტურია: „დავიწყებ იმით, რომ ძალიან სასიამოვნოა საქართველო პირველ კალათაში რომ არის. ყველას ერთი სული გვაქვს გავიგოთ, ვინ იქნებიან ჩვენი მეტოქეები ელიტრაუნდში და წილისყრას მოუთმენლად ველოდებით. ერთადერთი, მეორე კალათიდან მეტოქედ გერმანიას არ ვისურვებდი, მაგრამ თუ მოხდა და ჯგუფში მათთან ერთად აღმოვჩნდით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ჩვენ გავიდეთ და არა ისინი. მიმაჩნია, რომ საქართველოს ამ ნაკრებს შანსები ყველა გუნდთან აქვს და ეს შანსები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.“

საქართველოში არ იმყოფება 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ვასილ მაისურაძე, რომელიც სფფ-ის ეგიდით ჰოლანდიაში, მწვრთნელთა სემინარზე იმყოფება. წილისყრის შემდეგ, ვასილ მაისურაძის პირველ კომენტარსა და შეფასებებს სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით გაეცნობით.

ხვალინდელი წილისყრა თბილისის დროით 14:30 წუთიდან დაიწყება და თავდაპირველად, 17-წლამდე ნაკრების მეტოქეთა ვინაობას შევიტყობთ, რაზეც გუშინ უკვე ვწერდით. 15:15 წუთიდან კი, უკვე 19-წლამდელთა წილისყრა დაიწყება.

სფფ-ში დამკვიდრებული ერთგვარი ტრადიციის მიხედვით, ნაკრებების მწვრთნელები და ფეხბურთელები წილისყრას ფედერაციის ოფისში ერთად უყურებენ.

სფფ-ის პრესსამსახური

17-წლამდელები: ვის გვარგუნებს ელიტრაუნდის წილისყრა?

28 ნოემბერს, ნიონში 2013/14 წლების სეზონის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართება. სწორედ, ამ დღეს გვეცოდინება, როგორი მეტოქეები შეხვდებათ საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებებს. ამასთან, იქვე გაირკვევა, მომავალი წლის შემოდგომის ევროშესარჩევზე გიორგი დევდარიანისა და გოჩა ტყებუჩავას ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეებიც.

უეფაში გასამართ წილისყრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი პირადად დაესწრებიან. წილისყრა თბილისის დროით 14:30 წუთზე დაიწყება და პირდაპირი ეთერი უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მესამე კალათაშია განთესილი.

I კალათა: გერმანია, ინგლისი, ჰოლანდია, პოლონეთი, ესპანეთი, პორტუგალია, რუმინეთი

II კალათა: სერბეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ისლანდია, შოტლანდია, თურქეთი

III კალათა: საბერძნეთი, ბელგია, საქართველო, ჩეხეთი, ლატვია, რუსეთი, ავსტრია

IV კალათა: ირლანდია, უელსი, ნორვეგია, შვედეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ალბანეთი, უკრაინა

შეგახსენებთ, რომ ამ ასაკში ევროპის მოქმედი ჩემპიონი რუსეთია, რომელმაც გასულ ევროპის ჩემპიონატზე, ფინალში იტალიის ნაკრები დაამარცხა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ელიტრაუნდის 7 ჯგუფიდან, ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის გამარჯვებულები გავლენ და მათ დაემატება მერვე – ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა. 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი კი, მალტაში ჩატარდება, 2014 წლის 9-21 მაისს.

სფფ-ის პრესსამსახური