დიდი მზადება ალბასეტეში – ხვალ ესპანეთი vs საქართველოა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს ანდრეს ინიესტას მშობლიურ ქალაქში ჩაატარებს. ფეხბურთელი, რომელსაც 100-ზე მეტ მატჩი აქვს ესპანეთის ეროვნულ გუნდში გამართული, ალბასეტეს მთავარ სიმბოლოდ ითვლება. მისი სახელი არამხოლოდ ჯანსაღ ცხოვრებასთან, არამედ მხარის საუკეთესო ღვინოებთანაა დაკავშირებული. სწორედ, 29 წლის ფეხბურთელის სახელობის მოედანზე ვარჯიშობს საქართველო 9 ოქტომბრიდან. გუშინ, გუნდმა ამ სავარჯიშო მოედანზე ბოლოჯერ ივარჯიშა.

თემურ ქეცბაიას შემადგენლობა ბოლო ორი კვირის მანძილზე არაერთხელ შეიცვალა. დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარდა, ნაკრებს ტრავმების გამო კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდა.

ყველაზე ბოლოს, ესპანეთში შოთა გრიგალაშვილი ჩამოვიდა, რომელსაც ალბასეტეში ჩამოსვლის პარალელურად, შვილი შეეძინა. გუნდმა სრული, 22-კაციანი შემადგელობით ვარჯიში მხოლოდ გუშინ მოახერხა. ყველა ფეხბურთელი სრული მონდომებით ემზადება. სასტარტო შემადგელობის რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნის გამო, ყველა საკუთარი შანსის მოლოდინშია. მათ შორის, დებიუტანტებიც და ის ფეხბურთელებიც, რომლებიც ნაკრებში ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაბრუნდნენ. ესპანეთის ნაკრები ხვალინდელი შეხვედრისთვის მადრიდში მოემზადა. ბელორუსთან მატჩის შემდეგ, გუნდი პირდაპირ მადრიდში ჩავიდა. ალბასეტეში კი, „ფურია როხა“ პირველ ვარჯიშს დღეს ჩაატარებს. მოედანი, სადაც ხვალ შეხვედრა უნდა ჩატარდეს, ადგილობრივი დროით 19 საათზე საქართველოს ნაკრებს დაეთმობა. 20.30 წუთიდან კი, მასპინძლები ივარჯიშებენ. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონების ჩამოსვლას დიდი მოლოდინი ახლავს. ამ მატჩიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა ალბასეტეში მცხოვრებ ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდი საჩუქარი მოუმზადეს. ბოლო წლების განმავლობაში ესპანეთის ნაკრების მიერ მოპოვებულ თასები ჩამოიტანეს და სწორედ, იმ სასტუმროს წინ გამოფინეს, სადაც ფეხბურთელები ცხოვრობენ.

15 ოქტომბერს, ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრა სეგუნდადივიზიონის ბე ზონაში მოასპარეზე კლუბის მოედანზე, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

 

სფფ-ის პრესსამსახური

19-წლამდელთა პირველი ტესტ-მატჩი სერბეთთან ფრედ დასრულდა

ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრებმა, სერბ სტუმრებთან პირველი ამხანაგური მატჩი ფრედ – 1:1 დაასრულა. შეხვედრას გორის „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.

სერბეთის ასაკობრივი ნაკრებები, ტრადიციულად, კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ. ამ ფორმაციის 19-წლამდე ნაკრებში კი, რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებიც წლევანდელ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჩემპიონები გახდნენ.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა, ჩვენი ფეხბურთელები ბურთს უფრო მეტხანს აკონტროლებდნენ. მიუხედავად ამისა, პირველი გოლი საკუთარ კარში მივიღეთ. დაცვის ხაზში დაშვებული შეცდომისა და ბურთის დაკარგვის შემდეგ, სტეფან ილიჩი ბექა ქურდაძესთან პირისპირ აღმოჩნდა და გოლის გატანა არ გასჭირვებია.

ქართველებმა წონასწორობის აღდგენა 24-ე წუთზე შეძლეს, როცა გიორგი გოროზიას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად მათე ცინცაძემ შეასრულა – 1:1. ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა, თუმცა, მანამდე ჩვენმა სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს საქართველოს ნაკრების კართან.

მეორე ტაიმიდან, გუნდების მწვრთნელებმა შეცვლების განხორციელება დაიწყეს. სერბები კვლავ სახიფათოდ იჩხვლიტებოდნენ. საქართველოს ნაკრები კი, მისთვის დამახასიათებელ ფეხბურთს ვერ აჩვენებდა. მატჩის ბოლოს, საჯარიმოს შესრულების შემდეგ, სერბებმა მეორე გოლის გატანა შეძლეს, თუმცა, ეს ბურთი არ ჩაითვალა, რადგან ჩვენს საჯარიმოში ერთბაშად 2 თუ 3 სერბი ფეხბურთელი თამაშგარეში იყო. რამდენიმე, მეტნაკლებად სახიფათო მომენტი ჰქონდათ ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებსაც, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო სერბთა თავკაცი – ველჟკო პაუნოვიჩი, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კარგი დახვედრისა და თბილი მასპინძლობითვის.

„ძალიან კარგი, დინამიური და კარგად საყურებელი თამაში გამოვიდა. იმედი მაქვს, სტადიონზე მოსულმა მაყურებელმა ისიამოვნა და მინდა მათაც მადლობა ვუთხრა, რომ მოვიდნენ. ქართულ მხარესთან ჩვენ დიდი მეგობრობა გვაკავშირებს და ასეთი თამაშები ჩვენი შეთანხმების საფუძველზე იგეგმება. ვფიქრობ, მომავალი თამაში უფრო საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან გუნდები უკვე კარგად იცნობენ ერთმანეთს და შესაბამისად, მატჩიც განსხვავებული იქნება. თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მსაჯების მოქმედებით ძალიან უკმაყოფილო ვარ…“ – განაცხადა პაუნოვიჩმა.

ამის შემდეგ კი, კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა.

ვასილ მაისურაძე: „დაცვაში აშკარად ბევრი შეცდომა დავუშვით. სრული შემადგენლობით თავიდანვე ვერ შევიკრიბეთ და ეს მხოლოდ ბოლო 3 დღე მოვახერხეთ, რადგან ბიჭებს თავიანთ კლუბებში ეროვნული ჩემპიონატის თამაშები ჰქონდათ და ესენი, ძირითადად, დაცვის ხაზში მოთამაშე ფეხბურთელები იყვნენ. დაღლილობა აშკარად იგრძნობოდა. თუმცა, ვთვლი, რომ დასაწყისისთვის ნორმალური თამაში გამოვიდა, რადგან ამ ასაკში ევროპის მოქმედ ჩემპიონ გუნდს დავუპირისპირდით და ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი დღეს მოედანზე იყო. ძალიან კარგი გუნდია და შესაბამისად, თამაშიც რთულად წავიდა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართველი ფეხბურთელები და ჩვენ ყველა მოკლებულნი ვართ ასეთ სწრაფ ტემპში თამაშს და ვფიქრობ, რომ მომდევნო თამაშს უკეთ ვითამაშებთ.

პენალტზე ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ ვიდეოჩანაწერი უნდა ვნახო. მსაჯობის ხარისხსა და დონეზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არჩათვლილი გოლი დროს, ყველამ დაინახა თამაშგარე მდგომარეობა. ჩვენ რომ უცხოეთში ტურნირებზე მივდივართ, მსაჯობა ასეთი კი არა, ბევრჯერ ამაზე უარესია. ასე რომ, ძალიანაც ნუ გავიკვირვებთ, რადგან ჩვენ უარესებსაც გვიკეთებენ უცხოურ შეკრებებსა თუ თამაშებზე…“

ასე რომ, 11 ოქტომბერს, ეს გუნდები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და 19-წლამდე ნაკრებისთვის ეს იქნება ბოლო საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ნოემბრის ევროშესარჩევის დაწყებამდე.

9 ოქტომბერი, 2013. გორი, სტადიონი „თენგიზ ბურჯანაძე“

საქართველოU19 – სერბეთიU19 1:1 (ამხ)

საქართველოU19: ქურდაძე, კაკაბაძე (გაბაძე 58), თევზაძე (კუსიანი 86), ნ.ჭანტურია (კაპ), ტაბიძე, ცინცაძე, ზარანდია (კერძევაძე 46), გოროზია (შენგელია 65), ჯიქია (ახვლედიანი 46), აბურჯანია, კიკაბიძე (მზევაშვილი 58)

მთ.მწვრთნელი – ვასილ მაისურაძე

სერბეთიU19: რაიკოვიჩი, ვიკო (იოვანოვიჩი 80), მილოშევიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, მარასი (ცვეტკოვიჩი 80), ბაბიჩი, შიმიჩი (პანტიჩი 58), მაქსიმოვიჩი, ილიჩი (მანდიჩი 80), გაჩინოვიჩი (ზუკანოვიჩი 80), ანტონოვი (რიშტიჩი 67)

მთ.მწვრთნელი – ველჟკო პაუნოვიჩი

გოლები: ილიჩი (18), ცინცაძე (24 პენ)

გაფრთხილება: ტაბიძე, ვიკო, შიმიჩი, ბაბიჩი, მანდიჩი

მსაჯი: ა.კრიჭაშვილი (საქართველო)

ამ ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური შეხვედრა 11 ნოემბერს, კვლავ გორში გაიმართება და დღის 3 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

ეროვნულ ნაკრებში დებიუტანტია – ქეცბაიამ ავთანდილ ებრალიძეს უხმო

ესპანეთში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა. თუმცა, ყველაზე საინტერესო ამბავი ისაა, რომ „ჯვაროსნებში“ დებიუტანტია – პორტუგალიური „ჟილ ვისენტეს“ 22 წლის ქართველი შემტევი – ავთანდილ ებრალიძე.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიაში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მისი პირველი პორტუგალიური გუნდი „ლაგოს დე ესპერანსა“ იყო. შემდეგ, ის „ხეტაფეს“ ახალგაზრდულ გუნდში, „ჟუვენტუდ ევორასა“ და „ოლივეირენსეში“ თამაშობდა. ამჟამად კი, როგორც უკვე ვთქვით, „ჟილ ვისენტეს“ ღირსებას იცავს.

ახლა კი, სხვა ცვლილებების შესახებაც: ტრავმის გამო, ესპანეთში ვერ გაემგზავრება ალექსანდრე ამისულაშვილი. ხოლო მწვრთნელის გადაწყვეტილებით, სიაში აღარაა ირაკლი მაისურაძე. ესპანეთში წამსვლელებს კი, ალექსანდრე კვახაძეც დაემატა.

საქართველოს ნაკრებისა და დელეგაციის ნაწილი ესპანეთში ხვალ გაემგზავრება. ლეგიონერების ძირითადი ბირთვი პირდაპირ ალბასეტეში ჩავა და გუნდი მზადებას დაიწყებს. 11 ოქტომბერს, ქეცბაიას განკარგულებაში უკვე ყველა ფეხბურთელი იქნება.

სფფ-ის პრესსამსახური

ჩივაძე და მისი ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე გადავიდა

დღეს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი 10 და 14 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე ჰოლანდიასა და შოტლანდიას უმასპინძლებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ალექსანდრე ჩივაძემ კი, დაანონსებული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ალექსანდრე ჩივაძე: „ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მატჩები გველის ახლაც და ნოემბერშიც, როცა ჯერ 14-ში შოტლანდიას ვესტუმრებით და მერე 18-ში სახლში მივიღებთ სლოვაკებს.

შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა – ირაკლი ქობალიას ავადმყოფობის გამო, გიორგი ქვილითაია გამოვიძახეთ. რაც შეეხება გიორგი ილურიძეს, ორი დღის წინ, მან თავისი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა. დღეს დავუკავშირდებით და თუ არანაირი პრობლემა არ ექნება, მასაც გამოვიძახებთ.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი, სათამაშო პრაქტიკის უქონლობის მხრივ, რამდენიმე ფეხბურთელს აქვს პრობლემა. თუმცა, ჩვენ გვაქვს მონახაზი და გეგმა, რის მიხედვითაც ვითამაშებთ. მანამდე კი, ყველაფერი ვარჯიშზე გამოჩნდება და ამაზე ბევრს ვიმუშავებთ.

ახლა, მთლიანად ჰოლანდიაზე ვართ კონცენტრირებული. როცა შინ თამაშობ, დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ მოგებაა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ბევრ რამეს თამაშის მიმდინარეობა გვაჩვენებს.

რაც შეეხებათ ოქრიაშვილსა და ანანიძეს, როგორც იცით, შეთანხმება გვაქვს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან, რომ ჰოლანდიასთან თამაშის შემდეგ, ისინი ესპანეთში უნდა წავიდნენ, თუმცა, ვნახოთ… მათი წასვლის შემთხვევაში, გაფართოებული სიიდან ფეხბურთელებს აუცილებლად დავიმატებთ. მოკლედ, დღეს საღამოს, გუნდი უკვე სრული შემადგენლობით მეყოლება.“

აქვე, მეტი სიზუსტისთვის, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე („სპარტაკი“, ცხინვალი), კახა მეშველიანი („ზესტაფონი“), ნიკოლოზ შერმადინი („მეტალურგი“, რუსთავი)

მცველები: არჩილ ტვილდიანი („სიონი“, ბოლნისი), მამუკა კობახიძე („დილა“, გორი), სოლომონ კვირკველია („რუბინი“ ყაზანი, რუსეთი), თედო გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), დავით უბილავა („ტორპედო“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ილიჩევეცი“, უკრაინა), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), ნიკა კვეკვესკირი („სპარტაკი“, ცხინვალი), გიორგი პაპავა („დინამო“ თბილისი), ლაშა პარუნაშვილი („სიონი“, ბოლნისი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), მერაბ გიგაური („ტორპედო“, ქუთაისი), ჯამბულ ჯიღაური („ჩიხურა“, საჩხერე)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ჭანტურია („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ფანცულაია („ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი ქვილითაია („დილა“, გორი)

რაც შეეხება ჩვენს პირველ მეტოქეს, ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრები თბილისში ხვალ ჩამოვა და პირველ ვარჯიშს საღამოს, „დინამოს“ ბაზაზე გამართავს. ვარჯიში დახურული იქნება. 9 ოქტომბერს კი, ჰოლანდიელები მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს დღის 3 საათზე, „მიხეილ მესხზე“ გამართავენ, რომელიც მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის გაიღება საწყისი 15 წუთი. ჩვენი სტუმრები მატჩისწინა პრესკონფერენციას არ გეგმავენ.

სფფ-ის პრესსამსახური

ვასილ მაისურაძემ 19-წლამდელები ტესტ-მატჩებისთვის შეკრიბა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები (1995 წელს დაბადებულები), სერბეთთან გასამართი ორი ამხანაგური მატჩისთვის (9 და 11 ოქტომბერი) უკვე ინტენსიურად ემზადება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – ვასილ მაისურაძემ თავისი რჩეული ფეხბურთელები სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ შეკრიბა. ნაკრები ყოველდღიურ ვარჯიშებს საგურამოს ბაზაზე ატარებს.

გუშინ საღამოს, გუნდი საბოლოოდ შეივსო, როცა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები შეკრებაზე შევიდნენ. ნაკრებში გამოძახებულთა სია კი, ასეთია:

მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ტარიელ ხაინდრავა („დინამო“ თბილისი);

მცველები: გიორგი გაბაძე, ნიკოლოზ ჭანტურია, ოთარ კუსიანი (ყველა „ტორპედო“, ქუთაისი), ოთარ კაკაბაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ორივე „დინამო“ თბილისი), ჯემალ ტაბიძე („საბურთალო“);

ნახევარმცველები: ჭიაბერ ჭეჭელაშვილი („დინამო“ თბილისი), გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, ლუკა კიკაბიძე (ყველა „ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი აბურჯანია („დილა“, გორი), გიორგი თევზაძე („საბურთალო“), ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე (ორივე „დილა 2“, გორი);

თავდამსხმელები: დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი (ორივე „ტორპედო“, ქუთაისი), ლუკა ზარანდია („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია კერძევაძე („დილა 2“, გორი)

19-წლამდელები პირველ შეხვედრას სერბ თანატოლებთან 9 ოქტომბერს გამართავენ. მომდევნოს კი, 11 ოქტომბერს.

ორივე შეხვედრა გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე ჩატარდება და ორივე დღის 3 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელების მსგავსად, 19-წლამდე ნაკრებიც უეფას ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ამ შესარჩევ ტურნირს, ნოემბერში საქართველო უმასპინძლებს.

ჩვენი 19-წლამდელები მე-11 ჯგუფში იასპარეზებენ და მეტოქეებად ჰოლანდიის, უელსისა და მოლდოვას 19-წლამდე ნაკრებები ეყოლებათ.

სფფ-ის პრესსამსახური

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგანგებო განცხადება

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სოფელ დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენ, როგორც საქართველოში ფეხბურთის მმართველმა უპირველესმა ორგანომ, საჭიროდ მივიჩნიეთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია დაგვეფიქსირებინა იმ განუზომელი ბოროტების წინააღმდეგ, რაც ამ ქართულ სოფლებში რუსი ოკუპანტების მიერ ხორციელდება.

ფეხბურთი ყოველთვის იყო ერებისა და ხალხების გამაერთიანებელი სპორტის სახეობა, რომელშიც ადგილი არ ჰქონდა ეროვნებისა და პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით ხალხის დაყოფასა და ჩაგვრას. ქართული ფეხბურთის უდიდესი თარიღი – 1981 წლის 13 მაისი, სწორედ, ორმა დიდმა ქართველმა – ეროვნებით აფხაზმა ვიტალი დარასელიამ და ეროვნებით ოსმა ვლადიმერ გუცაევმა შექმნეს. დღეს, დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენები კი, ჩვენი, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეების აღშფოთებასა და წუხილს იწვევს.

ქართულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მხარდასაჭერად და სოლიდარობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩები, რომლებიც 6 ოქტომბერს, საქართველოს ექვს ქალაქში – რუსთავში, ქუთაისში, ქობულეთში, განმუხურში, მარტვილსა და მცხეთაში ჩატარდება, ლოზუნგით „დიცი და დვანი – საქართველოა“ – გაიმართება.

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თორმეტივე გუნდის ფეხბურთელები მატჩებს სწორედ, ამ წარწერის მქონე მაისურებით დაიწყებენ და ეს იქნება ქართული საფეხბურთო ოჯახის ხმამაღალი პოზიცია და სოლიდარობა დიცისა და დვანის მოსახლეობის მიმართ.

სფფ-ის პრესსამსახური

ჯონ ჯერემია მკაცრად დასაჯეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 21 სექტემბერს, “გაგრა”-“მერცხალის” მატჩისას მომხდარი ინციდენტი განიხილა. როგორც “გაგრას” ოფიციალური საიტი იტყობინება, გუნდის ნიგერიელი თავდამსხმელი, ჯონ ჯერემია ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 750 ლარით დააჯარიმეს.

შესაბამისად, 20 წლის ფეხბურთელი “ჩხერიმელას”, “სქურის”, “საპოვნელას”, “იმერეთისა” და “ალგეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.

როგორც გაგრელთა პრეს-სამსახური იუწყება, ჯერემია მინდორს 5 ნოემბერს დაუბრუნდება, როცა “გაგრას” “ადელის” წინააღმდეგ მოუწევს დაპირისპირება.

ზვიად სიჭინავა: „ასეთი დონის ტუნრირის ჩასატარებლად ჯერ მზად არ ვართ“

გასული კვირის განმავლობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი – რევაზ არველაძე დუბროვნიკში, უეფას წევრი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნების სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ და თბილისში დღეს, გამთენიას დაბრუნდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა არაერთ საინტერესო საკითხზე იმსჯელეს. ერთ-ერთი მთავარი კი, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის რეგიონალური პრინციპით ჩატარება და მასპინძელი ქვეყნების ქალაქების განაცხადებისა და წინადადებების მიღება იყო. აქვე გეტყვით, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველოს განაცხადი არ შეუტანია და განმარტებისთვის,

ხორვატიიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა.

ზვიად სიჭინავა: „ჩვენ ბევრი რამე გავითვალისწინეთ და შესაბამისად, განაცხადის შეტანაზე თავი შევიკავეთ. უპირველესად, ჩვენ ანგარიში გავუწიეთ რეგიონალურ პრინციპს. ის მდგომარეობა კი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ნამდვილად არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ. აქ საუბარი მხოლოდ ერთ თამაშზე კი არა, ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე იყო. ჯგუფი კი, ეს უკვე 4 გუნდია და 6 თამაში, რასაც მინიმუმ ორი სტადიონი, 4 სავარჯიშო მოედანი და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ ადამიანური რესურსი სჭირდება. ჩვენ მხარი დავუჭირეთ რეგიონალურ პრინციპს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები მიიღებენ ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას, რადგან ბაქოში მართლა ყველაფერი მზადაა და ეს ქალაქი უმაღლეს დონეზეა განვითარებული – სტადიონები, სასტუმროები, აეროპორტი და სხვა…

თუმცა, ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან სხვა თემებზე იყო სერიოზული საუბარი და ალბათ, იანვარში, როცა ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, არ არის გამორიცხული, ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო და სასიხარულო სიურპრიზით დავბრუნდეთ. საუბარია, საკმაოდ მაღალი დონის ერთ-ერთ ტურნირზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უეფა ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტს.

ევრო 2020-ს რომ დავუბრუნდეთ, ამ თემაზე, ცხადია, ყველაზე დიდხანს ვმსჯელობდით. ჩემი ვარაუდი შემიძლია გითხრათ, რომ ჩემპიონატს აუცილებლად წაიღებენ გერმანიის, თურქეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ინგლისის, ჰოლანდიის, სკანდინავიის ქვეყნებიდან ერთ-ერთისა და აზერბაიჯანის ქალაქები. ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც თავად თქვეს უარი. ჩვენს მსგავსად, ისინიც არ არიან მზად, ასეთი დონისა და მასშტაბის ტურნირის ჩასატარებლად.“

სფფ-ის პრესსამსახური

ევრო-2020-ის მატჩების მასპინძლობის კანდიდატები

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის მატჩების მასპინძლობაზე უეფას 32-მა ეროვნულმა ასოციაციამ გამოთქვა სურვილი. განაცხადების წარდგენის ვადა ხუთშაბათს ამოიწურა.

ევრო-2020-ის მატჩების მასპინძელ ქალაქთა წინასწარი სია ასე გამოიყურება:

ინგლისი (ლონდონი), აზერბაიჯანი (ბაქო), სომხეთი (ერევანი), ბელორუსი (მინსკი), ბელგია (ბრიუსელი), ბულგარეთში (სოფია), მაკედონია (სკოპიე), უნგრეთი (ბუდაპეშტი), გერმანია (მიუნხენი), საბერძნეთი (ათენი), დანია (კოპენჰაგენი), ისრაელი (იერუსალიმი), ირლანდია (დუბლინი), ესპანეთი (მადრიდი, ბარსელონა, ბილბაო, ვალენსია), იტალია (რომი, მილანი), ყაზახეთი (ასტანა), ჰოლანდია (ამსტერდამი), პოლონეთი (ვარშავა, ხოჟუვი), პორტუგალია (ლისაბონი, პორტუ), რუსეთი (სანკტ-პეტერბურგი), რუმინეთი (ბუქარესტი), სერბეთი (ბელგრადი), თურქეთი (სტამბული), უკრაინა (კიევი, დონეცკი), უელსი (კარდიფი), ფინეთი (ჰელსინკი), საფრანგეთი (ლიონი ), ხორვატია (ზაგრები), ჩეხეთი (პრაღა), შვეიცარია (ბაზელი), შვედეთი (სოლნა) და შოტლანდია (გლაზგო).

მოგეხსენებათ, 2020 წელს ევროპის ჩემპიონატის 60 წლის იუბილეა, რის აღნიშვნასაც უეფა გრანდიოზულად აპირებს. ამასთან დაკავშირებით, 2013 წლის იანვარში უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ევრო-2020-ის ფინალური სტადიის მატჩები ევროპის 13 ქალაქში გაიმართება.

თითოეულ კანდიდატს უფლება აქვს, თავდაპირველი ქალაქი შეცვალოს, თუმცა უეფას საბოლოო განაცხადი არაუგვიანეს 2014 წლის 25 აპრილს უნდა წარედგინოს.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტი ტურნირის მასპინძელ ქალაქთა საბოლოო სიას 2014 წლის 25 სექტემბერს დაამტკიცებს.

მოგეხსენებათ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობის სურვილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაც გამოთქვამდა, თუმცა, როგორც ჩანს, კონტინენტის პირველობის შეხვედრები საქართველოს სტადიონებზე არ შედგება.

ბექა დოგრაშვილი