ლევან კობიაშივილი და სფფ-ს სხვა წარმომადგენლები სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდნენ (ვიდეო)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები სპორტული მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. რიგით მესამე შეხვედრა, რომელიც წინა შეხვედრების მსგავსად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, 2 საათს გაგრძელდა და მისი მთავარი თემა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე პროცესები, უკვე განხორციელებული, ახალი პროექტები და სამომავლო გეგმები იყო.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და მედიის წარმომადგენლებმა ფეხბურთის მასობრიობის მიმართულებით უკვე ჩატარებულ და მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის მოყვარულთა თასის, 13-წლამდელთა რეგიონთა თასისა და კოკა-კოლას მხარდაჭერით განხორციელებული ბავშვთა საფეხბურთო ტურნირის „კოკა-კოლას თასის“ შესახებ ისაუბრეს, რომლის ახალი სეზონი მაისის თვეში აიღებს სტარტს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე – დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უკვე განახლებულ მინდვრის საფარსა და ახალ სადრენაჟე სისტემაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, ამავე სტადიონსა და გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე განათების ახალი სისტემის დამონტაჟების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე ეროვნული ლიგის გაშუქების საკითხებზეც იმსჯელეს. მედიის წარმომადგენლებს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა რეგიონულ და ლიგის გაშუქებით დაინტერესებულ ცენტრალურ ტელევიზიებთან შეხვედრის შედეგები გააცნო.

მედიასთან შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა შეაჯამა: „უპირველესად, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს ინტერესისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მოკლე ანალიზი გავაკეთეთ იმ პროექტების, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში განვახორციელეთ. მედიის წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ მიმდინარე საკითხებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. იყო ბევრი კითხვა, რაც ძალიან კარგია და მიხარია, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ამ კითხვებს პასუხი გავცეთ. ძალიან კარგი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას,“-აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

Gff.Ge

სოციალური დიალოგი დაინტერესებულ მხარეებს შორის

6 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაინტერესებულ მხარეებს შორის სოციალური დიალოგი გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში თბილისს ევროპული პროფესიული ფეხბურთის სოციალური დიალოგის საგანგებო კომიტეტის წევრები ესტუმრნენ,  რომელთა შორის უეფას, ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA), ევროპული პროფესიული ლიგების გაერთიანების (EPFL) და პროფესიონალ ფეხბურთელთა უფლებადამცველი ორგანიზაციის ევროპის ქვედანაყოფის (FIFPro Europe) წარმომადგენლები იყვნენ.  

შეხვედრა 6 მარტს, სასტუმრო „ჰუალინგში“ ჩატარდა და მასში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი, სფფ-ის ლიცენზირების მენეჯერი ბაქარ ჟორდანია, იურუდიული განყოფილების წარმომადგენლები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციისა და უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საფეხბურთო ფორუმის მთავარი თემა პროფესიონალი ფეხბურთელების კონტრაქტის მინიმალური მოთხოვნების პრაქტიკაში დანერვასთან დაკავშირებული საკითხები იყო. შეხვედრაზე არსებული ვითარება განიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

უეფას წარმომადგენელმა ანჯელო რიგოპოლუსმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და  გათვალისწინებული საკითხების პრაქტიკაში დანერგვის საჭიროება აღნიშნა. მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ უკვე დაწყებული პროექტების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. ანჯელო რიგოპოლუსმა სფფ-ის პროგრამის :“სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ როლი აღნიშნა და ფეხბურთის ფედერაციას UEFA GROW სამიტის წარმატებული მასპინძლობა მიულოცა. 

წყარო: Gff.Ge

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს გიორგი ნემსაძე გაწვრთნის (ვიდეო)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” 17-წლამდე ნაკრების შეკრება დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ფეხბურთელებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა – ამიერიდან 17-წლამდე ნაკრებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე უხელმძღვანელებს. მისი თანაშემწე კი გიორგი ხიზანიშვილი იქნება. ცვლილებაა სფფ-ის სტრუქტურაშიც – ეროვნული ნაკრების გარდა, ალექსანდრე იაშვილი ამიერიდან ასაკობრივ ნაკრებებსაც უხელმძღვანელებს.

“ჩემთვის დიდი პატივია, წარმოგიდგინოთ ახალი მთავარი მწვრთნელი – გიორგი ნემსაძე. მას ქართულ ფეხბურთში დიდი წარდგენა არ სჭირდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთად წარმატებული წელი გველოდება. ყოველთვის იცოდეთ და გჯეროდეთ ერთი: რა კარიერაც არ უნდა გქონდეთ, სადაც არ უნდა ითამაშოთ, რასაც არ უნდა მიაღწიოთ ცხოვრებაში, ვერასდროს ვერაფერი გადასწონის იმას, რასაც ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმა ჰქვია. ნაკრებში ღირსეული თამაში და ქვეყნისა და გულშემატკივრებისთვის ბრძოლა არის ყველაზე დიდი ჯილდო სპორტსმენისთვის”, – ამ სიტყვებით მიმართა ალექსანდრე იაშვილმა 17-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებს.

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა იქვე მადლობა გადაუხადა ნაკრების ყოფილ მწვრთნელ გურამ ასპინძელაშვილს და წარმატებები უსურვა მას კარიერაში. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები დღეიდან 10 დღის განმავლობაში შეკრებას “ბასაზე” გაივლის, 14 იანვარს კი მინსკში გაემგზავრება, სადაც “განვითარების თასზე” მიიღებს მონაწილეობას.

ამჟამად გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით 30 ფეხბურთელი ვარჯიშობს.

მეკარეები: აკაკი თვალოძე (დინამო თბ), ლუკა ხარშილაძე (ლოკომოტივი), მამუკა ბახტაძე (საბურთალო);

მცველები: სანდრო მელიქიშვილი (საბურთალო), ირაკლი წაქაძე (ტორპედო), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), აკაკი წაქაძე (დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე (სფფ აკადემია), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო);

ნახევარმცველები: ლუკა ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ცოტნე ჩოთალიშვილი (სფფ აკადემია), შალვა მაღალდაძე (დინამო თბ), ბექა აშორდია (სფფ აკადემია), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), დავით ლორთქიფანიძე (ატალანტა, იტალია), ზურა დავითაშვილი (დინამო თბ), გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), საბა ჯინჭარაძე (შუქურა), ოთარ ფარულავა (ავაზა), ჯინო თუდები (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), ედიშერ უგრეხელიძე (ესენი, გერმანია);

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი იაკობიძე (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ნიკა ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი).

ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა

ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს შორის 12 ნოემბერს გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას დაფიქსირებული დარღვევების გამო მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სფფ-ს ფულადი ჯარიმა დაუწესა.

კერძოდ, ტრიბუნაზე ცეცხლგამჩენი მოწყობილობების აღმოჩენისა და მოედანზე უცხო ნივთების სროლის გამო სფფ-ს ჯარიმის სახით 3 ათასი შვეიცარული ფრანკის გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ ფიფასგან გაფრთხილებაც მიიღო.

დარღვევები საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებებს შორის 5 სექტემბერს გამართულ შეხვედრაშიც დაფიქსირდა, მაგრამ მაშინ ფიფა მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

კობიაშვილი: „არამგონია, კმაყოფილები ვიყოთ“

ყაზახეთთან ფრედ 1:1 დასრულებული შეხვედრა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შეაჯამა.

„არამგონია, კმაყოფილები ვიყოთ, იქიდან გმაოდმიანრე, რომ ვერ მოვიგეთ. ბუნებრივია, იყო ეპიზოდები, რომლებითაც პირველ და მეორე ტაიმში ვისიამოვნეთ. მომენტები გვქონდა, თუმცა ისინი ვერ გამოვიყენეთ. გუნდი უკეთესის მოლოდინს ტოვებს. ფეხბურთელები თავის კლუბებში უკეთ უნდა თამაშობდნენ, რათა ნაკრებს მათი კარგი თამაში დაეტყოს“, – განაცხადა კობიაშვილმა.

კობიაშვილი: “მჯერა, ყაზახეთის ნაკრებთან მატჩი მომავალ გამარჯვებებს დაუდებს სათავეს”

29 მარტს საქართველოს ნაკრები კალენდარული წლის პირველ მატჩს გამართავს. “ჯვაროსნები” “დინამო არენაზე” ყაზახებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან. დამდეგი შეხვედრის შესახებ სპეციალურ განცხხადებას აქვეყნებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

“ეროვნული ნაკრები ჩვენი ქვეყნის სახეა. ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც წლის სადებიუტო მატჩი. მჯერა, ეს შეხვედრა გარდამტეხი იქნება ჩვენი გუნდისთვის და მომავალ გამარჯვებებს დაუდებს სათავეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქომაგს იმ თანადგომისა და ინტერესისთვის, რასაც იჩენენ.
29 მარტს, საღამოს 9 საათზე, “დინამო არენაზე” ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს”, – განცხადება ლევან კობიაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 29 მარტს, “დინამო არენაზე” გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია ორშაბათიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა “დინამო არენას” სალაროებში 28 მარტიდან იქნება შესაძლებელი. 28 მარტს სალაროები 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს, 29 მარტს კი, თამაშის დაწყებამდე. ბილეთის ფასი 5 ლარია.

 

კობიაშვილი საქართველოს ნაკრების თავკაცს ხვალ წარადგენს

როგორც სფფ-ს პრესსამსახური იუწყება, საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ხვალ გაირკვევა.

ორშაბათს, 10:30 საათზე სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა იგეგმება. მოგვიანებით, 13:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში აღმასკომის შემაჯემებელი პრესკონფერენცია გაიმართება. ამ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ახალ თავკაცს წარადგენს.

სფფ-ს სპეციალური კომისია „ზესტაფონის“ სტადიონსა და ბაზას ეწვია

შაბათს, ზესტაფონში, სფფ-ს სტადიონების ინსპექტირების კომისია ჩავიდა, რომელამაც ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის ბაზა და მისი საშინაო არენა მოინახულა. ამის შესახებ „ზესტაფონის“ ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება.

სტუმართა შორის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროსი და ინფრასტრუქტურის ექსპერტი მამუკა კვარაცხელია, სტადიონების ინსპექტირების კოორდინატორი და ინფრასტრუქტურის ექსპერტი თამარ ასათიანი, უსაფრთხოების და განმკარგულებლებლების სპეციალისტი ლევან თოფურია და უსაფრთხოების ოფიცერი გია ისიანი იყვნენ. სტადიონისა და ბაზის მონახულების შემდეგ, ხსენებულმა პირებმა სპეციალური საბუთი შეადგინეს, რომლის მიხედვით, კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობას შეაფასებენ.

„ზესტაფონის“ პრესსამსახურის ფოტოები:

4
1

2

3

სფფ ინფანტინოს მხარს უჭერს

ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში უეფა-ს ამჟამინდელ გენერალურ მდივან ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა არაერთმა ევროპულმა ფეხბურთის ფედერაციამ და სპეციალისტმა განუცხადა. მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერფაციაც აღმოჩნდა, რომლის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ინფანტინოს სპეციალური წერილი გაუგზავნა. აღნიშნული წერილის შინაარსი სფფ-ს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა, რომელსაც აქვე უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კიდევ ერთხელ სურს თქვენს მიმართ ღრმა პატივისცემის გამოხატვა და მადლობის გადახდა თბილი მიღებისთვის ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარს უჭერს თქვენს კანდიდატურას ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 26 თებერვალს, ფიფა-ს საგანგებო კონგრესის ფარგლებში გაიმართება.

გვჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ფიფა ის ორგანიზაცია გახდება, რომელიც წევრ ფედერაციებს პატივს სცემს, მხარს დაუჭერს და მიზანმიმართულად იმუშავებს ჩვენი სპორტის განვითარებაზე. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ დიდი ენერგიითა და ენთუზიაზმით მოემსახურებით სპორტს, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს და გვაერთიანებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

download (1)

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა (ვიდეო)

საქართველოს მთავრობამ ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარდგენილი ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები მოიცავს კლუბების ფინანსურ სტიმულირებას, ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებას, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას, საფეხბურთო განათლების ხელშეწყობას და ა.შ. უახლოეს მომავალში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთის განვითარების გეგმას ფართო საზოგადოებას წარუდგენს.

 სფფ-ის პრესსამსახური

სფფ-ის 2015 წლის რჩეულები

თბილისის საკრებულოში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 2015 წლის შემაჯამებელი ღონისძიება დასრულდა. საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ტრაგიკულად გარდაცვლილი დავით პეტრიაშვილის ხსოვნას.

სფფ-მ გამარჯვებულები ორ ახალ ნომინაციაში გამოავლინა – საუკეთესო ქალი ფეხბურთელი და საუკეთესო მსაჯი. გამარჯვებულები კიდევ ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი.

გამოკითხვაში უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და 13 რეგიონალური ფედერაცია იღებდნენ მონაწილეობას.

საუკეთესო მსაჯი – გიორგი ვადაჭკორია (ფიფას კატეგორიის მსაჯი), ლაშა სილაგავა (ფიფას კატეგორიის მსაჯი), გოგა კიკაჩეიშვილი (ეროვნული კატეგორიის მსაჯი) ; საუკეთესო მწვრთნელი – გია გეგუჩაძე (თბილისის „დინამო“ / საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები), უჩა სოსიაშვილი (გორის „დილა“), ვარლამ კილასონია (ბოლნისის „სიონი“) ; საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – გულნარა გაბელია („ბიიკ კაზიგურტი“, ყაზახეთი), თამარ ნადირაშვილი, ლელა ჭიჭინაძე („ადანა“, თურქეთი) ; საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ოთარ კიტეიშვილი (თბილისის „დინამო“), მათე ცინცაძე (თბილისის „დინამო“), ნიკა კაჭარავა („ცხინვალი“ / „როსტოვი“) ; ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – ალექსანდრე იაშვილი (თბილისის „დინამო“), გიორგი ქვილითაია (თბილისის „დინამო“), ოთარ მარცვალაძე (გორის „დილა“) ; საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი – ვაკო ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ჯაბა კანაკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი).

ხმათა უმრავლესობით საქართველოს საუკეთესო მსაჯად ფიფას კატეგორიის მსაჯი, გიორგი ვადაჭკორია, დასახელდა. საუკეთესო მწვრთნელის პრიზი თბილისის „დინამოს“ ყოფილ მწვრთნელს და ამჟამად უკვე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცს, გია გეგუჩაძეს ერგო. საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ნომინაციაში გამარჯვებული, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გულნარა გაბელია გახდა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად საფეხბურთო სამყარომ თბილისის „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი, აირჩია. მისივე თანაგუნდელი და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, ალექსანდრე იაშვილი კი, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რაც შეეხება წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციას, სპეციალური ჯილდო ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ მიიღო.

სფფ-ს პრესსამსახური

დღეს სფფ-ის ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება – GFF AWARDS 2015, 29 იანვარს ჩატარდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წლის რჩეულებს ექვს ნომინაციაში გამოავლენს: საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო მსაჯი და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი. ღონისძიება თბილისის საკრებულოს შენობის, ისტორიულ ჰოლში, 19 საათზე დაიწყება.

სპეციალური ანკეტების მეშვეობით ფედერაციამ გამოკითხვა ჩაატარა. საუკეთესოები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა. ასევე საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელებმა დაასახელეს.

სფფ-ს პრესსამსახური