უეფას ყველა წევრი ასოციაცია შეუერთდა დეკლარაციას, რომელიც გმობს სუპერლიგას

დღეს, უეფას 55-მა წევრმა ასოციაციამ, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ერთხმად დაამტკიცა დეკლარაცია, რომელიც მკაცრად გმობს სუპერლიგას.

უეფას მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ:


“უეფას 55 ასოციაცია და კონგრესის წევრები გმობენ ე.წ. “სუპერლიგას”. უეფას კონგრესი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ დახურული “სუპერლიგა” ეწინააღმდეგება ევროპელობის იდეას – ერთიანობის, გახსნილობის, ურთიერთდახმარებისა და სპორტული ღირებულებების პრინციპებს. უეფასა და მის წევრ ასოციაციებს სჯერათ ევროპული მოდელის ჭეშმარიტების, რომელიც ეფუძნება ღია შეჯიბრებითობას, სოლიდარობასა და გადანაწილებას, რაც უზრუნველყოფს ფეხბურთის მდგრადობასა და განვითარებას ყველას სასარგებლოდ, ასევე ასტიმულირებს ევროპულ ღირებულებებსა და სოციალურ შედეგებს.

შეთქმულების მონაწილე კლუბები გულწრფელად ვერ ხედავენ, რომ მათ დღევანდელ სტატუსს მიაღწიეს არა იზოლაციის პირობებში, არამედ ევროპული სისტემის დინამიურ ფარგლებში, რომელშიც დიდმა, საშუალო და პატარა კლუბებმა საერთო წვლილი შეიტანეს თითოეულის წარმატებასა თუ წარუმატებლობაში. იმის წარმოდგენა, თითქოს მათ აქვთ ცალკე გამოყოფის და ერთად შექმნილი მემკვიდრეობის მოთხოვნის უფლება, მათი მხრიდან ევროპული ღირებულებების შეურაცხყოფაა.

უეფა, მისი ასოციაციები და ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მტკიცედ დგას, მაქსიმალურად შეეწინააღმდეგება და იბრძოლებს ამ კლუბების მფლობელებისა და მათი მხარდამჭერების აღნიშნული ნაბიჯის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა მორალური ღირებულებებია საფრთხეში და ფეხბურთს დავიცავთ ეგოისტური კლანისგან, რომელსაც არ ადარდებს ეს თამაში. ევროპული ფეხბურთი ჩვენ ვართ და არა – ისინი”.


შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში ამ დროისთვის 12 კლუბია გაერთიანებული: “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. დაანონსებულია კიდევ რვა კლუბის დამატება.

თავის მხრივ, ფიფა და უეფა ახალი პროექტის მონაწილე კლუბებს ეროვნული, ევროპული და მსოფლიო ტურნირებიდან მოკვეთით, მათ ფეხბურთელებს კი სანაკრებო დონეზე თამაშის აკრძალვით ემუქრება.

პაულინიო: “დამირეკეს თუ არა “ბაიერნიდან”?”

ბრაზილიელი ნახევარმცველი, პაულინიო 2016 წლიდან გამოდის ჩინური სუპელიგის გუნდ “გუანჯოუში”. ბოლო ხანებში გავრცელდა ხმები, რომ 28 წლის საყრდენით სერიოზულად ინტერესდებოდა მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი, კარლო ანჩელოტი და რომ ბრაზილიელი იტალიელი სპეციალისტის უმთავრესი სამიზნე იყო.

ამის შესახებ თავად მოთამაშემ ისაუბრა.

“ბუნებრივია, რომ საფეხბურთო ინდუსტრიაში ძალიან ბევრი სპეკულაციაა. მინდა, მოკლედ და კონკრეტულად განვაცხადო, რომ “ბაიერნიდან” არავის დაურეკავს და, შესაბამისად, არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა.”

“ახლა მხოლოდ ჩემი გუნდის წარმატებასა და საკუთარ განვითარებაზე ვფიქრობ,” – განაცხადა ბრაზილიელმა.

„ქუთაისი“ საქართველოს ჩემპიონია

ქუთაისის „სპორტის სასახლეში“ საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 76:71 გამარჯვებით დასრულდა.

პირველი მეოთედი „ქუთაისმა“ 1 ქულით (22:21) მოიგო, დიდი შესვენების წინ კი 4 ქულითაც დაწინაურდა (42:38). მესამე ათწუთიანი პერიოდი ქუთაისელებმა წარმატებით დაიწყეს და უპირატესობა 9 ქულამდეც გაზარდეს (47:38). ამის შემდეგ „დინამოს“ ჯერი დადგა – სტუმრებმა არამხოლოდ ანგარიშის შემცირება, არამედ 4 ქულით დაწინაურებაც შეძლეს, მაგრამ მეოთხედის ბოლო წამზე ზაურ ფაშაევმა მეტოქის ფარში სამქულიანი სროლა ჩააგდო და ბოლო მეოთხედის წინ „დინამო“ 1 ქულით იგებდა (61:60). ბოლო მეოთხედი თანაბრად მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთითა და 15 წამით ადრე გიორგი შარაბიძემ 2 სროლიდან 1 ჩააგდო, რის შემდეგაც 56 წამით ადრე „ქუთაისი“ 2 ქულით ფაშაევმა დააწინაურა (71:69). დარჩენილ დროში „ქუთაისმა“ კიდევ 5 ქულა მიითვალა, „დინამომ“ კი – მხოლოდ 2.

საქართველოს ახალი ჩემპიონის მხრიდან 25 ქულით, 15 მოხსნითა და 2 პასით საუეკთესო ბექა ბექაური იყო. 18 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი კი ზაურ ფაშაევმა დააგროვა.  „დინამოდან“ 20 ქულით, 4 მოხსნითა და 4 პასით მაქსიმ კოვაჩევიჩი გამოირჩა. 16 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი თავის ანგარიშზე ოდრი მაკალპინმა ჩაწერა.

ამრიგად, თავის ისტორიაში პირველად, „ქუთაისი“ სუპერლიგის გამარჯვებული გახდა.

„ქუთაისი“ – „დინამო“ (22:21, 20:17, 15:23, 16:10)

მატჩის სრული სტატისტიკა

მილერი: „საქართველოს ნაკრებში თამაში დიდი პატივი იქნებოდა“

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2015/16 წლების სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე „სოხუმის“ უკანახაზელი, ამერიკელი ფილიპ მილერი იყო. 24 წლის კალათბურთელისთვის პროფესიონალურ დონეზე ეს პირველი სეზონი გამოდგა, რომელშიც საშუალოდ მან 19,9 ქულა, 2,9 პასი, 3,5 მოხსნა და ასევე 3,5 ჩაჭრა მიითვალა.

მილერმა Fanebi.com-ს თავისი კარიერის შესახებ უამბო და რამდენიმე კითხვაზეც გვიპასუხა:

„ჰოვარდის კოლეჯში სწავლის შემდეგ ტეხასში მდებარე „უილის“ კოლეჯში გადავედი. კანზას სიტიში ჩასატარებელი „ოლ სტარისთვის“ ამირჩეს, რომელშიც 20 საუკეთესო მოთამაშე შედიოდა. ჩემმა აგენტმა იქ მიპოვა. მითხრა, რომ შემდეგ დონეზე უნდა გადავსულიყავი. დავილაპარაკეთ და კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ და ვეგასის „ევრო კამპზე“ მოვხვდი, რომელსაც უამრავი სკაუტი დაესწრო. ნახევარ თვეში აგენტმა მითხრა, რომ საქართველოში პროფესიონალურ დონეზე სათამაშოდ მივდიოდი. ამ სიახლემ მეტად გამახარა, რადგან აშშ-ის გარეთ ყოფნა პირველად მომიწევდა.

სუპერლიგა თავის გამოსაჩენად კარგი დასაწყისია. აქ ბევრი რამ გამომივიდა, რის გამოც ხალხი გაკვირვებული დარჩა. ჩემთვის სიურპრიზი არ იყო, რომ ქულებისა და მოხსნების მხვრივ საუკეთესო ვიყავი. მხოლოდ ის გავაკეთე, რაც მომეთხოვებოდა, აქ ყოფნით დიდი გამოცდილება მივიღე. იმედია, ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში დავბრუნდები, რადგან კარიერა აქ დავიწყე. ეს კარგი გასეირნება იყო. ახლა სპორტულ დარბაზში ვარჯიში და შემდეგი სეზონისთვის მომზადება მიწევს“.

– საქართველოში ბევრი ამერიკელი კალათბურთელი თამაშობს. როგორ ფიქრობ, ისინი სუპერლიგაში თამაშს რატომ ირჩევენ?
– არ ვიცი, მათ ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, სათქმელია, რომ ბევრი მათგანი ახალწვეულია. მათ მუშაობის სადმე დაწყება სჭირდებათ. საქართველო? რატომაც არა? ეს ჩინებული ქვეყანაა

– „სოხუმისთვის“ განვლილი სეზონი მძიმე იყო. როგორ ფიქრობ, ჩემპიონატი მხოლოდ მეოთხე ადგილზე რატომ დაასრულეთ?

– რამდენიმე ისეთი მატჩი წავაგეთ, რომელიც უნდა მოგვეგო. მეოთხე ადგილით, რა თქმა უნდა, ვერ დავკმაყოფილდებით

– „სოხუმში“ თანაგუნდელების შესახებ რას იტყოდი?

– ჩემთვის ეს გუნდი განსხვავებული იყო. მათთან ერთად აქ ის მომენტებიც განვიცადე, რომელიც აქამდე კალათბურთის თამაშისას არ მქონია

– ამერიკელ ჯონ კოფინოს სამწვრთნელო შტაბში და თანაგუნდელ ანდრე სმიტის ფაქტორი საქართველოში თამაშში რამდენად დაგეხმარა?

– მათი დახმარებით აქ თამაში გამიადვილდა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ისინიც ამერიკელები არიან და ერთმანეთის გვესმოდა. მწვრთნელი კოფინო ბევრი მიმართულებით დამეხმარა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სათამაშო ტემპს ვკარგავდი. ის ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და საჭირო რჩევა-დარიგეგებს მაძლევდა. აქ დადებით შედეგს ამიტომ მივაღწიე. კოფინომ დამაჯერებლობა მომიმატა და ასევე დამაჯერა, რომ ლიგის საუკეთესო ჩამგდები ვიყავი.

ანდრე ჩინებული თანაგუნდელი იყო. ვფიქრობ, მას ჩემზე უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებლის მიღწევა შეეძლო. ერთად უფრო მეტი მატჩი უნდა მოგვეგო.

სოხუმი-ქუთაისი_79436
– შენთვის საქართველოში ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი მატჩი იყო?

– ქუთაისში პლეიოფის მეორე მატჩი მძიმე იყო, ამ შეხვედრის შესვენებამდე მხოლოდ 2 ქულა დავაგროვე. მაშინ კარგ სათამაშო რითმში ვერ ვიყავი, რის შემდეგაც თანაგუნდელები დამეხმარნენ და, საბოლოოდ, 24 ქულა დავაგროვე. შეხვედრა მოვიგეთ (83:74 – ავტ.) და სერიაში ანგარიში 1:1 გავხადეთ.

სოხუმი-ქუთაისი_794347
– ფინალში „დინამო“ და „ქუთაისი“ გავიდნენ. როგორ ფიქრობ, ამ ორ გუნდს შორის მოგების მეტი შანსი რომელს აქვს?

– ფავორიტად „დინამოს“ დავასახელებდი

– „დინამომ“ რეგულარულ ჩემპიონატში ქუთაისელებთან ყველა მატჩი წააგო. ასე რატომ ფიქრობ?

– „ქუთაისი“ მართლად ძნელად დასამარცხებელი გუნდია, მაგრამ ეს პლეიოფია და ყველაფერია მოსალოდნელი

– როგორი იყო შენთვის თბილისი და აქ ახალი რა აღმოაჩინე?

– ადგილობრივი მცხოვრებლები ძალიან მეგობრულები არიან. აქ დიდი ყურადღება მეთმობოდა. აქაურობა ძალიან ლამაზია, როგორც ვთქვი, საქართველოში სიამოვნებით დავბრუნდებოდი. ასევე საჭმლის აღნიშვნაც შემიძლია, ხინკალი ჩინებული კერძია

– ამჟამად შენი მომავალი გუნდის სახელი თუ ცნობილია?

– ჯერჯერობით, არა. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ აგენტთან ამ საკითხზე დაწვრილებით ვისაუბრებ

– „სოხუმში“ დარჩენის ვარიანტი არ გქონია?

– არა, კარიერის სხვაგან გაგრძელებას ვაპირებ

– თემას გადავუხვიოთ. NBA-ში რომელ გუნდს გულშემატკივრობ?

– ოკლაჰომიდან ვარ, ამიტომ „ოკლაჰომა-სიტი თანდერს“ ვგულშემატკივრობ

– მატჩების წინ სხვადასხვა გუნდის მაისურით ჩნდებოდი…

– NBA-ს გულშემატკივარი ვარ, სხვადასხვა მაისურის ჩაცმა მიყვარს

– სანაკრებო დონეზე გუნდებს ერთი ლეგიონერის დამატების უფლება აქვთ. საქართველოს ნაკრებში თამაში რომ შემოგთავაზონ, დათანხმდები?

– ჩემთვის საქართველოს ეროვნული გუნდისთვის თამაში დიდი პატივი იქნებოდა. ამ ქვეყანაში ბევრი გულშემატკივარი გამიჩნდა, ამიტომ ეს მართლა კარგი იქნებოდა. ამ საკითხს ჩემს აგენტთან განვიხილავ, ვნახოთ, რა მოხდება

„დინამო“ სუპერლიგის პირველი ფინალისტია

„დინამოსა“ და „ბათუმს“ შორის სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩი „დინამოელთა“ გამარჯვებით 78:75 დასრულდა. „დინამომ“ სერიაში მესამედ გაიმარჯვა, შესაბამისად, ხოშტარიას გუნდი საქართველოს ჩემპოიონატის მიმდინარე სეზონის გათამაშების პირველი ფინალისტია. „დინამოელები“ „ქუთაისი“ – „სოხუმის“ გადამწყვეტი მატჩის გამარჯვებულს დაელოდებიან.

„დინამოს“ მხრიდან ამ მატჩში 13 ქულით, 2 პასითა და 2 მოხსნით მაქსიმ კოვაჩევიჩი გამოირჩა. „ბათუმიდან“ და ზოგადად მატჩში 24 ქულით, 6 მოხსნითა და 2 პასით საუკეთესო ლეონიდ შტეფანიშინი იყო. 19 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მისმა თანაგუნდელმა იგორ კრივცოვმა დააგროვა.

„დინამო“ – „ბათუმი“ 78:75 (18:16, 20:18, 21:17, 19:24)

მატჩის სრული სტატისტიკა

„სოხუმმა“ ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში მეორედ გაათანაბრა

თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ „სოხუმსა“ და „ქუთაისს“ შორის სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩი შედგა, რომელიც სოხუმელთა გამარჯვებით, 82:77 დასრულდა.

პირველი მეოთხედი „სოხუმმა“ 22:19 მოიგო. მეორე მეოთხედში ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა უპირატესობა 12 ქულით გაზარდა და დიდი შესვენების წინ კომფორტული 15-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობდა (51:36). ამ პერიოდში „სოხუმის“ მხრიდან 15 ქულით, 2 მოხსნითა და 2 პასით ანდრე სმიტი იყო. „ქუთაისიდან“ 9 ქულითა და 1 მოხსნით გოგა ცეკვავა გამოირჩა.

შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და მეტოქის ფარში 21 ქულა ჩააგდეს, მაშინ, როდესაც 15 მიიღეს. ტუღუშის გუნდმა აქტიურად თამაში ბოლო ათ წუთშიც გააგრძელა, მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე კი „სოხუმის“ ჰანდიკაპი მხოლოდ სამ ქულას შეადგენდა (80:77), თუმცა იმერლებმა შანსი ვერ გამოიყენეს, რის შემდეგაც ჯარიმის აღება მოუწიათ. მატჩის დასრულებამდე 6 წამით ადრე გივი ბაქრაძემ ორივე საჯარიმო სროლა გამოიყენა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 82:77 დააფიქსირა.

ისევე, როგორც შესვენების წინ, „სოხუმის“ რიგებიდან სტატისტიკურად საუკეთესი ანდრე სმიტი იყო. მატჩის ბოლოს მისმა მონაგარმა 24 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი შეადგინა. 17 ქულით, 7 მოხსნითა და 1 პასით მისი თანაგუნდელი სერგო ათუაშვილი გამოირჩა. „ქუთაისს“ 22 ქულით 2 მოხსნითა და 1 პასით გოგა ცეკვავამ ულიდერა, 9-9 ქულა ზაურ ფაშაევმა და ბექა ბექაურმა მიითვალეს, ამ უკანასკვნელმა მატჩში ორივე გუნდის მხრიდან თავის ანგარიშზე ყველაზე მეტი მოხსნა (12) ჩაიწერა.

ამრიგადსერიის გამარჯვებულის ბედი ქუთაისში ჩასატარებელ მატჩში გაირკვევა.

„სოხუმი“ – „ქუთაისი“ 82:77 (22:19, 29:17, 15:21, 16:20)
ანგარიში სერიაში: 2:2
მატჩის სრული სტატისტიკა

სუპერლიგის პლეიოფის სერიაში „დინამო“ და „ქუთაისი“ დაწინაურდნენ

თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ საკალათბურთო სუპერლიგის 1/2-ფინალური ეტპაის სერიის მესამე მატჩები შედგა.

„სოხუმისა“ და „ქუთაისის“ შეხვედრა იმერელთა გამარჯვებით, 69:66 დასრულდა. პირველი მეოთხედი „სოხუმმა“ 2 ქულით (19:17) მოიგო, დიდი შესვენების წინ კი 3-ქულიანი ჰანდიკაპიც ჰქონდა (34:31). შესვენების შემდეგ სტუმრები უფრო გააქტიურდნენ – ტუღუშის გუნდმა მესამე ათწუთიანი პერიოდი 16 ქულით მოიგო (22:6). ბოლო მეოთხდში სოხუმლებმა სხვაობა მხოლოდ სამ ქულამდე შეამცირეს.

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო 18 ქულითა და 7 მოხსნით დავით ბარბაქაძე იყო, „სოხუმიდან“ კი ფილიპ მილერი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

„სოხუმი“ – „ქუთაისი“ 66:69 (19:17, 15:14, 6:22, 26:16)

ანგარიში სერიაში: 2:1 „სოხუმის“ სასარგებლოდ

მატჩის სრული სტატისტიკა

აქამდე „დინამოსა“ და „ბათუმს“ შორის სერიაში ანგარიში ასევე 1:1 იყო. ამჯერად „დინამოელებმა“ ანგარიშით 80:70 გაიმარჯვეს.

სათქმელია, რომ ბოლო მეოთხედის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მეოდანზე უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა, როდესაც „დინამოს“ ლეგიონერმა მაქსიმ კოვაჩევიჩმა ნიკა რამიშვიზე თამაშის წესი დაარღვია, რის შემდეგაც ბათუმელთა კაპიტანმა ივანე მაისურაძემ ჯუვონ მაილსზე იუხსეშა. ეპიზოდი მოთამაშეთა მხრიდან შელაპარაკებით დასრულდა. საბოლოოდ, მსაჯებმა მაისურაძე დისკვალიფიკაციით დასაჯეს, კოვაჩევიჩსა და რამიშვილს კი ტექნიკური უჩვენეს.

„დინამოს“ მხრიდან 15-15 ქულით ნოდარ გოგოძე და მიხეილ ბერიშვილი გამოირჩნენ, თუმცა პირველმა 7 მოხსნა მიითვალა, მეორემ კი, ერთ მოხსნასთან ერად თავის ანგარიშზე 4 პასიც ჩაიწერა.

„დინამო“ – „ბათუმი“ 80:70 (22:21, 13:11, 24:17, 21:21)

მატჩის სრული სტატისტიკა

სერიის მეოთხე მატჩები 11 მაისს შედგება:

16:00 – „სოხუმი“ – „ქუთაისი“
18:00 – „დინამო“ – „ბათუმი“

ტუღუში: „მთავარი ბრძოლა სწორედ ახლა იწყება“

„ქუთაისის“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა „დინამოსთან“ რეგულარული ჩემპიონატის ანგარიშით 86:69 მოგებული მატჩი შეაფასა.

„ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, ვულოცავ რეგულარული ჩემპიონატის მოგებას. პირველ ადგილზე დავასრულეთ. ძალიან საინტერესო და დაძაბული რეგულარული ჩემპიონატი იყო მთლიანობაში და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დაძაბული ნახევარფინალები გველის წინ. წარმატებას ვუსურვებ დინამოს და ყველა გუნდს. მთავარი ბრძოლა სწორედ ახლა იწყება“, – ციტირებს ტუღუშს სუპერლიგის ოფიციალური ვებსაიტი.

სუპერლიგის ნახევარფინალში „ქუთაისის“ მეტოქე „სოხუმი“ იქნება.

„ქუთაისმა“ რეგულარული ჩემპიონატი მოიგო

საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის ბოლო მატჩში „ქუთაისმა“ „დინამოს“ 17 ქულით – 68:79 მოუგო.

„დინამომ ამ მატჩში ილია ლონდარიძე, ებრიუ მაკალპი და მიხეილ ბერიშვილი დაასვენა, „ქუთაისის“ რიგებიდან კი გოგა ცეკვავას არ უთამაშია.

პირველი მეოთხედი სტუმრებმა 2 ქულით – 24:22 მოიგეს. მეორე მეოთხედის დასრულებამდე 4 წამით ადრე „დინამოელები“ 3 ქულით აგებდნენ (38:41), როდესაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ წუთშესვენება აიღო, რომელიც მისმა გუნდმა კარგად გამოიყენა – ბოლო შეტევა მაქსიმ კოვაჩევიჩმა ზუსტი სამქულიანით დაასრულა (41:41). სამაგიეროდ, მესამე მეოთხედში თბილისელებს ვერაფერი გამოუვიდათ – ტუღუშის გუნდი ბოლო ათწუთიანი პერიოდის წინ 13 ქულით დაწინაურდა (52:65). ბოლო მეოთხედში „დინამომ“ თავის სასიკეთდ ვერაფერი შეცვალა და „ქუთაისთან“ მიმდინარე სეზონში ოთხიდან ოთხი შეხვედრა წააგო.

გამარჯვებულთა მხრიდან 15 ქულით, 5 მოხსნითა და 4 პასით გიორგი ბარბაქაძე გამოირჩა, „დინამოდან“ კი 17 ქულით, 1 მოხსნითა და 2 პასით საუკეთესო ნოდარ გოგოძე იყო.

ამ გამარჯვებით ქუთაისმა“ რეგულარული ჩემპიონატი 47 ქულით პირველა დგილზე დაასრულა. იმერლები 1/2 ფინალში „სოხუმს“ შეხვდებიან, 45 ქულთ მესამეზე გასული „დინამოს“ მეტოქე კი „ბათუმი“ იქნება.

„დინამო“ – „ქუთაისი“ 69:86 (22:24, 19:17, 11:24, 17:21)

მატჩის სრული სტატისტიკა

რეგულარულის ბოლო ტური „რუსთავის“ 29-ქულიანი მოგებით დაიწყო

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 28-ე ტური, რუსთავში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „ოლიმპს“ უმასპინძლა და 29 ქულით, 115:86 დაამარცხა, რითიც სეზონში დაგროვილი ქულების რაოდენობით რეკორდი დაამყარა – აქამდე ყველაზე მეტი ქულით „ბათუმი“ გამოირჩა, რომელმაც „აკადემიასთან“ მატჩში 110 ქულა დააგროვა.

რუსთაველებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, დიდი შესვენების წინ გოგობერიშვილის გუნდი 18 ქულით იგებდა (58:40). „ოლიმპს“ ჩვეული სამქულიანების სროლა ვერ გამოსდიოდა, რაც გუნდმა მესამე და მეოთხე პერიოდში გამოსწორა. ბოლო ათწუთიან მონაკვეთში ივატინის კალათბურთელებმა სხვაობის 9 ქულამდე შემცირება შეძლეს, თუმცა მასპინძლებმა უპირატესობა მალევე დაიბრუნეს და ერთ ბურთს მეორის მიყოლებით აგდებდნენ. შეხვედრის ბოლოს „რუსთავის“ მხრიდან აღსანიშნავია ორი ახალაგზრდა კალათბურთელის გიორგი დვალისა და მალხაზ აბაიშვილის გამოჩენა – დვალმა 3 ქულისა და 2 ასისტის დაგროვება მოასწრო, აბაიშვილმა 3 ქულასთან ერთად 1 მოხსნა და 4 პასიც მიითვალა. გამარჯვებულთა მხრიდან სტატისტიკურად საუკეთესო კაელ ტერპინი იყო – ამერიკელმა 24 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. ამდენივე ქულა რევაზ ჩაჩანიძემ დააგროვა, მაგრამ აქტივში მხოლოდ 1 მოხსნა ჩაიწერა. „ოლიმპს“ 27 ქულით, 10 მოხსნითა და 2 ასისტით ლესლი სმიტმა ულიდერა.

ამ გამარჯვების „რუსთავმა“ 42 ქულა დააგროვა და მინიმუმ ხვალამდე აქამდე მეხუთე ადგილზე მყოფ „მგზავრებს“ გადაუსწრო, რომელიც ხვალ ბოლოადგილოსან „აკადემიას“ შეხვდება. ზედა ოთხეულში შესვლისა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი ცხრილის მეორე ნაწილში მყოფ არც ერთ გუნდს აღარ აქვს.

„რუსთავი“ – „ოლიმპი“ 110:86 (27:15, 31:25, 25:33, 32:13)

მატჩის სრული სტატისტიკა

ბოლო ტური ხვალ, თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“, შემდეგი მატჩებით გაგრძელდება:

11:45 – „სოხუმი“ – „ბათუმი“
14:00 – „აკადემია“ – „მგზავრები“
16:00 – „დინამო“ – „ქუთაისი“

ბერიშვილი: „დინამომ“ საჩუქარი გაგვიკეთა“

„მგზავრების“ მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა „რუსთავთან“ ანგარიშით 79:76 მოგებული მატჩი შეაფასა.

„აკადემიასთან“ მატჩზე არ ვფიქრობთ, მანამდე „სოხუმთან“ გვაქვს მთავარი ბრძოლა, რომლის გამარჯვებულიც პლეი ოფში გავა. ესე ვთქვათ, ეს საჩუქარი გუშინ „დინამომ“ გაგვიკეთა, რომელმაც „სოხუმს“ მოუგო და ჩვენ ბოლო 3 ტურის მოგების შემთხვევაში პლეი ოფში გასვლის შანსი მოგვცა. „რუსთავთან“ მატჩს მომზადებულები შევხვდით და ტაქტიკურად ვერას გავხდებოდით, ბიჭებს ბოლომდე რომ არ ებრძოლათ“, – ციტირებს ბერიშვილს სუპერლიგის ოფიციალური საიტი.

გამყრელიძემ სეზონის რეკორდი გააუმჯობესა

„რუსთავის“ გამთამაშებელმა ლაშა გამყრელიძემ „მგზავრებთან“ ანგარიშით 76:79 წაგებულ მატჩში 2 ქულა, 6 მოხსნა და 18 პასი მიითვალა. ამით, პასების მხვრივ, რუსთაველთა მოთამაშემ სეზონის ახალი რეკორდი დაამყარა. აქამდე რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, მატჩში 15 პასს შეადგენდა.

ამჟამად „რუსთავი“ 26 ტურის შემდეგ 38 ქულით მე-6 ადგილს იკავებს და რეგულარული ჩემპიონატის სდასრულებამდე 2 ტურით ადრე პირველ ოთხეულს 2 ქულით ჩამორჩება.