პოლონეთთან დღევანდელი მატჩის შემდეგ, სავარაუდოდ, თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებს დატოვებს. თავად ბატონი თემურის ბოლო კომენტარები, გულშემატკივრების უკმაყოფილება, გუნდის შედეგები – ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ამის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.
თუმცა, გუნდის შედეგი უკეთესობისკენ მხოლოდ მწვრთნელის წასვლით რომ იცვლებოდეს, თავის პოსტს, ალბათ, თავად თემურ ქეცბაია აქამდეც დატოვებდა. მსგავსი ცვლილება წარმატების გარანტი არასდროს არის, თუმცა, რასაკვირველია, მცირედით მაინც იმედის მომცემია. რამდენად იმედის მომცემია თემურ ქეცბაიას წასვლა, თუ შესაძლო კანდიდატებს შორის რეალურად არავინ დასახელებულა? ან საერთოდ, ვინ მოახერხებს ნაკრებში არსებული ამჟამინდელი სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას? გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ არსებითად სიტუაცია უცხოელი სპეციალისტის მუშაობის დროსაც არ იცვლებოდა. ალენ ჟირესი, კლაუს ტოპმელერი და ექტორ რაულ კუპერი – ეს სამი სპეციალისტი „ჯვაროსნებს“ ხუთწლიან პერიოდში თავკაცობდა. ნაკრებისთვის ხუთ წელიწადში სამი სხვადასხვა მწვრთნელის თავკაცობით მუშაობა კი ნამეტანია. არადა, ერთი შეხედვით, სამივე ამ სპეციალისტს გუნდის პროგრესირებაში თავისი დიდი წვლილის შეტანა შეეძლო. სამივე მათგანს არც გამოცდილება აკლია, არც წარსულში მიღწეული კარგი შედეგები (განსაკუთრებით კუპერს, რომელიც „ვალენსიასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გასულა). რა თქმა უნდა, სამივე მწვრთნელის მუშაობის პერიოდში იყო ერთი მატჩი, რომელშიც გუნდი კარგად გამოიყურება და ძლიერ მეტოქესთან შედეგს აღწევდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს „ერთი წარმატებული მატჩი“ „ერთ წარმატებულ მატჩად დარჩა“ და სხვა მსგავსი შეხვედრები ნაკრებს კონკრეტულად ერთი მწვრთნელის პერიოდში არ ჩაუტარებია.
2009 წელს თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ გულშემატკივარს მცირე იმედი გაუჩნდა. როგორც აღვნიშნე, პრაქტიკამ აჩვენა, რომ სახელოვანი მწვრთნელის დანიშვნა ნაკრებისთვის საკმარისი არ იყო, შესაბამისად, საპასუხისმგებლო მისიის დაკისრება ადგილობრივი სპეციალისტვისთვის უფრო პრიორიტეტული გახდა, რომელიც როგორც ქვეყანას, ასევე მის მოთამაშეებს კარგად იცნობდა. ასეთ მწვრთნელად, პირველ რიგში, სწორედ თემურ ქეცბაია მოიაზრებოდა. გასაკვირი ამაში არაფერია – ქართველმა სპეციალისტმა საკლუბო დონეზე „ანორთოსისთან“ მართლაც შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია და კვიპროსული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ქეცბაიას მოსვლისთანავე გუნდის თამაშში პროგრესი შეინიშნა და რამდენიმემატჩიანი წაუგებელი სერიაც გვქონდა. შესაძლოა, საბედნიეროდ, შეიძლება, პირიქითაც, მაგრამ ხორვატიასთან თბილისური მატჩი გულშემატკივრებს ახლაც ახსოვთ. საბედნიეროდ, იმიტომ, რომ ქეცბაიას გუნდმა 2011 წლის 26 მარტს ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები დაამარცხა, რითაც ქომაგებს კიდევ ერთი იმედის ნაპერწკალი აჩუქა. სამწუხაროდ კი, იმიტომ, რომ იმ მატჩის შემდეგ სიტუაცია რეგრესისკენ შეიცვალა. რამდენიმე დღეში ქართველები ისრაელში ჩავიდნენ, სადაც ანგარიშით 1:0 დამარცხდნენ. ციკლის ბოლოს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. საქართველო თბილისში ლატვიასთან, მოგვიანებით კი, საბერძნეთთან დამარცხდა. საბოლოოდ, ევროპის 2012 წლის შესარჩევი ეტაპი ქეცბაიას გუნდმა ათი ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა…
უფრო უარესი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის შედეგი აღმოჩნდა. ხუთგუნდიან ჯგუფში ქართველებმა კვლავ ბოლოსწინა ადგილი დაიკავეს (ამჯერად თავის აქტივში ხუთი ქულა ჩაიწერეს). არადა, ის ეტაპი ასევე კარგად დავიწყეთ. თორნიკე ოქრიაშვილის ბელორუსის ნაკრების კარში გატანილი ჩინებული გოლის წყალობით, „ჯვაროსნებმა“ აქტივში სამი ქულა ჩაიწერეს. სამწუხაროდ, პირველ ტურში გამარჯვება ჩვენთვის ხსენებულ ციკლში ერთადერთი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია საფრანგეთის ნაკრებთან საშინაო უგოლო ფრე, თუმცა იმ მატჩის შემდეგ რამდენიმე დღეში ჩვენი ნაკრები ფინეთთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მანამდე ერთი წლით ადრე, ჰელსინკიში ჩატარებული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ის შეხვედრა ფინელებმა ათი კაცით დაასრულეს, თანაც, როდესაც მათ ერთი მოთამაშე გამოაკლდათ, საქართველო იგებდა და, შესაბამისად, გოლი კაცნაკლული გუნდისგან გაუშვა. ყველაზე დიდი მარცხი ქეცბაიას მუშაობის პერიოდში 2013 წლის ორ ივნისს დაფიქსირდა, როცა გასვლაზე ირლანდიასთან ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 0:4 დავმარცხდით. ამავდროულად ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ შეხვედრაში, მეოცე წუთიდან, გიორგი ლორიას გაძევების შემდეგ, საქართველო ათკაციანი შემადგენლობით თამაშობდა.
ასე რომ, თავისი პატარა პლიუსები ქეცბაიას მუშაობის პერიოდსაც ჰქონდა, თუმცა ამ პლიუსებზე გაცილებით მეტი მინუსიც შეინიშნება. დავით მინაშვილთან ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში ქეცბაიამ აღიარა, რომ იყო მატჩი, რომელიც გუნდმა უშუალოდ მისი გადაწყვეტილებების გამო წააგო.
ანალოგიური სიტუაცია, როგორც უკვე ვახსენეთ, ბატონი თემურის წინამორბედების პერიოდშიც იყო. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, თუ როგორი სპეციალისტი მოუხდება საქართველოს ნაკრებს. ასეთ სიტუაციაში, ალბათ, პრიორიტეტული უფრო ადგილობრივი მწვრთნელის დანიშვნა იქნება, რომელიც ნაკრების შიდა სამზარეულოში, ასე თუ ისე, ჩახედული იქნება. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მსგავსი სპეციალისტების ნაკლებობას განვიცდით, თანაც, ყველა მათგანი ამ ეტაპზე დასაქმებულია და რთულია იმის თქმა, დათანხმდება თუ არა ამჟამინდელი სამუშაო ადგილის დატოვებას ძნელად შესასწორებელი სიტუაციის სანაცვლოდ…
ამავდროულად, მომგებიანი არც უცხოელი სპეციალისტის დანიშვნა უნდა იყოს, რომელსაც ადაპტაციისთვის, ნაკრების შიდა სამზარეულოს გაცნობისა და შემადგენლობის როტაციისთვის საკმაო პერიოდი დასჭირდება.
საქმე ხომ არამხოლოდ მწვრთნელშია… ნაკრებს მცოდნე სპეციალისტის გარდა, კარგი პირობები, ინფრასტრუქტურა და შეთამაშება სჭირდება…
თემურ ქეცბაიას შესაძლო წასვლით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მართლაც ბევრი საფიქრალი ექნება. ვინ უთავკაცებს ნაკრებს მომავალში და როგორი იქნება მისი პერსპექტივა? ამ კითხვაზე პასუხი, შესაძლოა, დღევანდელი მატჩის შემდეგაც კი გავიგოთ…