მხითარიანი: „ბავშვობაში ჩემი კერპი ზიდანი იყო“

დორტმუნდის „ბორუსიას“ 25 წლის სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი გამოტყდა, რომ ბავშვობაში ძალიან მოსწონდა ზინედინ ზიდანის თამაში.

„თავდაპირველად მადრიდის „რეალში“ ჩემი ყურადღება რაულმა მიიქცია, ის საუკეთესო იყო, თუმცა შემდეგ ზიდანი შევამჩნიე… ზინედინი დიდებული ფლეიმეიქერი გახლდათ. ბავშვობაში ჩემი კერპი სწორედ ზიდანი იყო. ძალიან მომწონდა მისი თამაში, აღფრთოვანებული ვიყავი. ამის მიუხედავად, მისი თამაშის კოპირება არასდროს არ მიცდია. საკუთარი თავითაც კმაყოფილი ვარ“, – განუცხადა მხითარიანმა „ასის“ ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ზიდანის „რეალსა“ და მხითარიანის „ბორუსიას“ შორის პირველი მატჩი დღეს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას მარკ კლატენბურგის თავკაცობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერი“ და „ბაიერნი“ წყვილის პირველ მატჩში დაზავდნენ

გაიხსნა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპი. „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო. მატჩის პირველი ნახევარი გერმანელთა დიდი უპირატესობით წარიმართა. პირველი 45 წუთის შემდეგ ბურთის ფლობის პროცენტული შეფარდება სტუმართა სასარგებლოდ 27% – 73% -ზე იყო, ბავარიელებს ჰქონდათ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა, თუმცა შეხვედრის პირველ ნახევარში ყველაზე რეალური მომენტი ინგლისელებს მიეცათ, როდესაც დანი უელბეკი მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა. ინგლისელმა თავდამსხმელმა ეფექტურად თამაში მოინდომა და მანუელ ნოიერს ბურთის თავზე გადაგდება დაუპირა, თუმცა ეს უყაირათოდ გააკეთა და გერმანელმა კიპერმაც ადვილად მოახერხა სიტუაციის განმუხტვა. მანამდე იყო არიენ რობენის სახიფათო დარტყმული, რომელიც დავიდ დე ხეამ ლამაზ ნახტომში მოიგერია. კიდევ ერთი საიტერესო ეპიზოდი „წითელი ეშმაკების“ საჯარიმო მოედანზე შეიქმნა, როდესაც მასპინძელთა ჰოლანდიელ მცველ ალექსანდერ ბიუტნერს ბურთი ხელზე მოხვდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა კარლოს ველასკო კარბალიომ ამ მომენტში პენალტი არ დანიშნა. ასე თუ ისე, ტაიმი უგოლოდ მიიწურა, თუმცა ბავარიელთა უპირატესობა აშკარა იყო და დევიდ მოიესსაც სიტუაციის გამოსასწორებლად რაიმე უნდა შეეცვალა.

მეორე ტაიმის სტარტზე ვეტერანი რაიან გიგზის ნაცვლად მოედანზე გაცილებით ენერგიული სინძი კაგავა შემოვიდა, რომელმაც მასპინძელთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ინგლისელებმა მოედნის შუა ხაზში თამაში გამოასწორეს და ხელთ ინიციატივაც იგდეს. შედეგად, 58-ე წუთზე მათ ერთ-ერთ შეტევას კუთხური, კუთხურს კი გოლი მოჰყვა, რომელიც „ბაიერნის“ საჯარიმო მოედანზე უყურადღებოდ მყოფმა ნემანია ვიდიჩმა თავური დარტყმით გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები კვლავ გააქტიურდნენ და ანგარიშიც მალევე გაათანაბრეს. 66-ე წუთზე შეტევა არიენ რობენმა წამოიწყო, რომელმაც მარჯვენა ფრთაზე რაფინია მოძებნა, ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც შეცვლაზე შემოსულმა მარიო მანჯუკიჩმა თავით ბურთი ბასტიან შვაინშტაიგერს დაუგდო და გერმანელმაც ახლო მანძილიდან დე ხეას აუღებელი დაურტყა — 1:1.

ეს ანგარიში სრულიადაც არ აკმაყოფილებდათ მასპინძლებს. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მოიესმა გარისკა და ბიუტნერის ნაცვლად ეშლი იანგი შეუშვა მოედანზე, მოგვიანებით უელბეკის მაგივრად ხავიერ ერნანდესი გამოვიდა. ამ უკანასკნელმა გუნდისთვის სახეირო ის გააკეთა, რომ ხავი მარტინესს თამაშის წესი დაარღვევინა, რითვისაც ბასკმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო და განმეორებით მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ უკვე შვაინშტაიგერი ეუხეშა უეინ რუნის, რის გამოც გერმანელმა ფეხბურთელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. შესაბამისად, მომდევნო შეხვედრას ისიც გამოტოვებს. ორი ცენტრალური ნახევარმცველის გამოკლებით ხოსეპ გვარდიოლას სერიოზული თავის ტკივილი გაუჩნდა და საინტერესოა, როგორ გაართმევს ამ პრობლემას თავს „ბაიერნი“.

საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ყველაფერი „ალიანს არენაზე“, 9 აპრილს გასამართ შეხვედრაში გადაწყდება.

 

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (პირველი მატჩი)
„მანჩესტერ იუნაიტედი“ — „ბაიერნი“ 1:1 (0:0)

„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ბიუტნერი (იანგი 74′), ჯონსი, კერიკი, ვალენსია, გიგზი (კაგავა 46′), ფელაინი, რუნი, უელბეკი (ერნანდესი 85′).
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
„ბაიერნი“: ნოიერი, ლამი, რაფინია, ბოატენგი, ალბა, რობენი, შვაინშტაიგერი, რიბერი, ხავი მარტინესი, კროოსი (გიოტცე 74′), მიულერი (მანჯუკიჩი 63′).
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლები: ვიდიჩი 58′ — შვაინშტაიგერი 66′.
გაფრთხილებები: ვალენსია 15′ — შვაინშტაიგერი 61′, მანჯუკიჩი 82′, ხავი მარტინესი 89′.
გაძევება:  შვაინშტაიგერი 90′.
მთავარი მსაჯი: კარლოს ველაკო კარბალიო (ესპანეთი).

ბექა დოგრაშვილი

ზლატანი: „პრემიერლიგაში ჩემი გადასვლა გამორიცხულია“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მისი ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგება გამორიცხულია.

მრავლისმნახველი შვედი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მის კარიერაში „პსჟ“ ბოლო ევროპული კლუბი იქნება. ზლატანს პარიზულ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება. 32 წლის თავდამსხმელმა უკვე რამდენჯერმე გამოთქვა ამერიკულ ლიგაში თამაშის სურვილი.

„დღის წესრიგში არ დგას ჩემი ინგლისში გადაბარგების საკითხი. ეს გამორიცხულია. არა მგონია, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ გამიშვას.

როდესაც „მილანში“ გადავედი, რამდენიმე ინგლისური კლუბი იყო ჩემით დაინტერესებული, თუმცა მე არ ვთვლი, რომ ინგლისში უნდა გადავსულიყავი. პრემიერლიგას ვაფასებ, მშვენიერი ჩემპიონატია, ბევრი დიდებული გუნდი ასპარეზობს, ინდივიდუალური ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ მე არ ვარ ამ ყველაფრის ნაწილი. ჩემი ისტორია სხვაგან ვითარდება და ამას სულაც არ ვნანობ“, – ზლატანის სიტყვებს ბრიტანული „დეილი მეილი“ აქვეყნებს.

იბრაჰიმოვიჩი ამბობს, რომ დღეს მის მთავარ მიზანს ჩემპიონთა ლიგის მოგება წარმოადგენს.

„მთავარი მიზანი „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ეს ევროპულ კლუბთან ჩემი ბოლო კონტრაქტია და თუ ამ ტიტულის მოგება მიწერია, პარიზში უნდა მოვიგო. „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვების შემდეგ უფრო დაბალი დონის ჩემპიონატში გადავალ, ან კარიერას დავასრულებ. მოქმედ კონტრაქტს ვადა 2016 წელს გასდის“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

გარდა ამისა, ზლატანმა ლონდონის „ჩელსის“ დამრიგებლის, ჟოზე მოურინიოს შესახებაც ისაუბრა, რომლის თავკაცობითაც შვედი თავდამსხმელი მილანის „ინტერში“ თამაშობდა.

„მწვრთნელის რანგში მან ყველაფერი მოიგო, ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა. ბედნიერი ვარ, რომ მას ვიცნობ, ის დიდებული პიროვნებაა. „ინტერში“ მოურინიოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ის დიდი მწვრთნელია, აქვს გამოცდილება და იცის, როგორ მოიგოს“, – დაასრულა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატანის „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე სწორედ მოურინიოს „ჩელსის“ ხვდება. წყვილის პირველი შეხვედრა 2 აპრილს, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება და ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

დევიდ მოიესი მსაჯებს აფრთხილებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გასამართ მატჩამდე „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი შეხვედრის არბიტრებს აფრთხილებს, რომ გერმანელმა ფეხბურთელებმა მასპინძელთა საჯარიმო მოედანზე შესაძლოა სიმულაციას მიმართონ.

„არბიტრებს ვენდობით. იმედი გვაქვს, ისინი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. მეტოქის საჯარიმო მოედანზე სიმულაცია მსაჯებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია. მხარს დავუჭერდი, რომ ვიდეოგამეორებების ხილვის შემდეგ სიმულანტი ფეხბურთელები დასჯილიყვნენ, თუმცა კონკრეტულ მოთამაშეებზე ყურადღების გამახვილება არ მსურს“, – ციტირებს მოიესის სიტყვებს ბრიტანული Sportsmole-ი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა სიმულაციისთვის ღიად დასდო ბრალი ბავარიელთა
ჰოლანდიელ ნახევარმცველ არიენ რობენს.

რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბაიერნს“ შორის გასამართ მატჩს, ის დღეს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას კარლოს ველასკო კარბალიოს თავკაცობით ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

სულ სხვანაირი „ბორუსია“

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე დორტმუნდის „ბორუსიას“ მეტოქედ მადრიდის „რეალი“ ერგო.

ბევრმა შარშანდელი ტურნირის ნახევარფინალური ეტაპი გაიხსენა, როდესაც გერმანელებმა „სამეფო კლუბი“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:3 დაამარცხეს, თუმცა ტრავმირებული, დისკვალიფიცირებული და გუნდიდან წასული ფეხბურთელების გამო, „ბორუსია“ თითქმის სრულიად სახეცვლილი გუნდია.

სურათზე ხედავთ, შარშანდელი „ბორუსიას“ სასტარტო შემადგენლობას, საიდანაც შვიდი მოთამაშე, ტრავმის, დისკვალიფიკაციისა და გუნდიდან წასვლის გამო, წლევანდელი წყვილის პირველ (და მეორე) მატჩში ვერ ითამაშებს.

ცნობისათვის, „რეალსა“ და „ბორუსიას“ შორის პირველი მატჩი 2 აპრილს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება, განმეორებითი კი – 8 აპრილს, „სიგნალ-იდუნა პარკზე“.

ბექა დოგრაშვილი

„ატლეტიკოს“ დირექტორმა წილისყრის შედეგები შეაფასა

მადრიდის „ატლეტიკოს“ დირექტორმა კლემენტე ვალვერდემ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული კლუბი „ბარსელონას“ დაუპირისპირდება

„მეტოქედ „ბარსა“ შეგვხვდა და ვეცდებით, რომ ეს ბარიერიც დავძლიოთ. ჩვენი გუნდი თავისი თამაშით ერთიანობასა და  შეუპოვრობას აჩვენებს. ჩვენთან თამაში ყველასთვის რთული იქნება“, – ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“ შორის პირველი მატჩი პირველ აპრილს, „ნოუ კამპზე“ შედგება, განმეორებითი კი – 9 აპრილს, „ვისენტე კალდერონზე“.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მდივანმა წილისყრის შედეგები შეაფასა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მდივანმა ჯონ ალექსანდერმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელებს მეტოქედ მიუნხენის „ბაიერნი“ ერგოთ.

„შესანიშნავი წყვილია. „ბაიერნი“ ფანტასტიური გუნდია, თუმცა „ოლიმპიაკოსთან“ გამართულმა უკანასკნელმა მატჩმა თავდაჯერება უნდა შეგვმატოს“, – ციტირებს „წითელი ეშმაკების“ მდივნის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბაიერნს“ შორის პირველი მატჩი პირველ აპრილს, „ოლდ ტრაფორდზე“ შედგება, განმეორებითი კი – 9 აპრილს, „ალიანს არენაზე“.

ბექა დოგრაშვილი

„ჩელსიმ“ „გალათასარაი“ უშანსოდ დატოვა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და სტამბულის „გალათასარაის“ შორის განმეორებითი მატჩი შედგა. „სტემფორდ ბრიჯზე“ გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ლონდონელებმა გოლები პირველი ტაიმის დასაწყისში და დასასრულში გაიტანეს. ანგარიში მე-4 წუთზე სამუელ ეტოომ გახსნა. 42-ე წუთზე გარი კეჰილმა „პენსიონერთა“ უპირატესობა განამტკიცა — 2:0.

ამრიგად, „ჩელსიმ“ „გალათასარაი“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე ტამასის უფლება მოიპოვა.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
„ჩელსი“ — „გალათასარაი“ 2:0 (2:0)

„ჩელსი“: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ლამპარდი, ვილიანი (კალასი 90+2′), რამირესი, აზარი, ოსკარი (შიურლე 81′), ეტოო (ტორესი 85′).
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
„გალათასარაი“: მუსლერა, ებუე (ჰაიროვიჩი 77′), შეჯუ, კაია, ალექს ტელესი, სნეიდერი, ფელიპე მელო, ინანი, კურტულუში (ბალთა 64′), დროგბა, ილმაზი (ბულუთი 54′).
მთავარი მწვრთნელი: რობერტო მანჩინი.
გოლები: ეტოო 4′, კეჰილი 42′.
გაფრთხილებები: ოსკარი 40′, ივანოვიჩი 58′ — ფელიპე მელო 19′, დროგბა 67′, ინანი 90+1′.
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

ბექა დოგრაშვილი

მატიჩი: „გულშემატკივრები დროგბას არასდროს დაივიწყებენ“

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა „გალათასარაისთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ დიდიე დრობას შესახებ ისაუბრა.

„როდესაც „ჩელსიში“ მოვედი, დროგბა ჯერ კიდევ აქ თამაშობდა.

ეს დიდებული მოთამაშე ჩვენი კლუბის ლეგენდაა. როგორც დიდიესთვის, ისე გულშემატკივართათვის, მისი „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნება კარგი იქნება. „ჩელსის“ ქომაგებს იგი არასდროს დაავიწყდებათ, რადგან, ყველაფერთან ერთად, დროგბა ჩინებული პიროვნებაც გახლავთ.

რასაკვირველია, გვჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. „ჩელსი“ ამ ტურნირზე ფავორიტთა შორის ყოველთვისაა“, – განუცხადა სერბმა ნახევარმცველმა Goal.com-ს

შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა და სტამბულელთა პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

 ალექსანდრე მატევოსოვი

დროგბა: „ჩელსისთვის“ დასამტკიცებელი არაფერი მაქვს“

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და „გალათასარაის“ შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. როგორც მოგხსენებათ, პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, რაც უპირატესობას „პენსიონერებს“ აძლევთ.

„გალათასარაის“ თავდამსხმელ დიდიე დროგბას „სტემფორდ ბრიჯზე“ უკვე სტუმრის რანგში მოუწევს თამაში. კოტ დივუარელი ფეხბურთელი ამბობს, რომ მას „ჩელსისთვის“ დასამტკიცებელი არაფერი აქვს.

„ჩელსისთვის“ დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. აქ ჩამოვედი, როგორც ჩემი გუნდის მოთამაშე. მინდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. „ჩელსისთან“ რაიმე პირადი დაპირისპირება არ მაქვს“, – ციტირებს დროგბას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ცნობისთვის, მატჩი „ჩელსისა“ და „გალათასარაის“ შორის დღეს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას გერმანელი არბიტრი ფელიქს ბრიხი მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

კოუსილიასი: „არა მგონია, ორი თავდამსხმელით უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია“

„მანჩესტერ სიტის“ დისკვალიფიცირებული თავკაცის, მანუელ პელეგრინის თანაშემწე რუბენ კოუსილიასმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, „ბარსელონასთან“ განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ აღნიშნა, რომ ფეხბურთელთა მოქმედებებით კმაყოფილია. გარდა ამისა, ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა იმ მიზეზზეც ისაუბრა, თუ რატომ ითამაშა ინგლისურმა კლუბმა ერთი თავდამსხმელით.

„მეორე ტაიმში სამი-ოთხი რეალური შანსი გვქონდა, თუმც ერთი ფორვარდით ვთამაშობდით. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ორი თავდამსხმელითაც ამდენ მომენტს შევქმნიდით. როგორც წესი, ორი ფორვარდით ვთამაშობთ, მაგრამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ მატჩში კარგი ნახევარდაცვით ცენტრალური ხაზი უნდა გაგვეძლიერებინა. არა მგონია, ორი თავდამსხმელით უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია. ვცდილობდით, ვქმნიდით მომენტებს, მაგრამ ხდება, როცა შესაძლებლობებს ვერ იყენებ. მუშაობას გავაგრძელებთ, თუმც გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელები რობოტები არ არიან და ვერც წარუმატებლობას გადაურჩები, როცა ასეთი გადატვირთული კალენდარი გაქვს. მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩავატარეთ“, – კოუსილიასის სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენსა“ და ლევერკუზენის „ბაიერს“ შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. პირველი მატჩი პარიზელებს ანგარიშით 4:0 ჰქონდათ მოგებული და ფაქტობრივად წყვილის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა მეორე შეხვედრა ოდნავ მოულოდნელად დაიწყო — გერმანელებმა მე-6 წუთზე გახსნეს ანგარიში. თავი სიდნეი სემმა გამოიჩინა. მე-13 წუთზე მარკინოსმა წონასწორობა აღადგინა. აღსანიშნავია, რომ 28-ე წუთზე  სიმონ როლფესს გერმანელთა კვლავ დაწინაურების შანსი მიეცა, თუმცა „ბაიერის“ კაპიტანმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა. 53-ე წუთზე კი ესეკიელ ლავესიმ ლევერკუზენელთა კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 2:1. სათქმელია, რომ 68-ე წუთზე მოედნიდან სტუმართა ნახევარმცველი ემრე ჯანი გააძევეს.

ასე რომ, „პარი სენ-ჟერმენმა“ მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, „ბაიერს“ კი შეუძლია, მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატზე გადაერთოს.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
პარი სენ-ჟერმენი“ — „ბაიერი“ 2:1 (1:1)

პარი სენ-ჟერმენი“: სირიგუ, ჟალე, ტიაგო სილვა, დინი, მარკინოსი, კაბაი, პასტორე, რაბიო, იბრაჰიმოვიჩი (მენესი 72′), კავანი (კამარა 85′), ლავესი (ლუკასი 62′).
მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი.
„ბაიერი“: „ლენო, გუარდადო, ტოპრაკი, ვოლშაიდი, დონატი, როლფესი, სემი (ბრანდტი 67′), რაინარტცი (ვაგენერი 78′), კასტრო (სონ ჰინ-მინი 67′), ჯანი, დერდიოკი.
მთავარი მწვრთნელი: სამი ჰიიპია.
გოლები: მარკინოსი 13′, ლავესი 53′ — სემი 6′.
გამოუყენებელი პენალტი: როლფესი 28′ (მეკარე).
გაფრთხილებები: ჟალე 28′, რაბიო 79′ — დერდიოკი 49′, ჯანი 52′, ვაგენერი 90+3′.
გაძევება: ჯანი 68′.
მთავარი მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია).

ბექა დოგრაშვილი