ჟერარ პიკე ესპანური კლუბის მფლობელი გახდა

“ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე საფეხბურთო კლუბ “ანდორას” მფლობელი გახდა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

პიკეს კომპანია Kosmos-მა “ანდორას” 200 ათასი ევროს ღირებულების ვალდებულება დაფარა. დღეს გამართულ ასამბლეაზე კლუბის წევრებმა ჟერარ პიკე ხმათა 99,9 პროცენტით “ანდორას” ხელმძღვანელად დაამტკიცეს.

თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

უნაი ემერის “არსენალში” ბანეგას ხილვა სურს

ლონდონის “არსენლმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “სევილიადან” ევერ ბანეგა გადმოიბაროს.

“თოქსპორტის” ცნობით, “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ძალიან სურს საკუთარ გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის ხილვა, რომელსაც “ვალენსიასა” და “სევილიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

ლონდონელები ევერ ბანეგას ტრანსფერის გაჩარხვას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგება ჩაიშალა. 30 წლის ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

ევერ ბანეგამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინაში დაბრუნდეს

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნდეს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით ჩერნიგოვის “დესნა” გახლავთ დაინტერესებული, რომელიც ზამთარში გუნდის გაძლიერებას აპირებს.

გიორგი არაბიძემ პროფესიული კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 33 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და რამდენიმე უცხოური კლუბის ყურადღება მიიპყრო. არაბიძემ 2015 წელს კარიერა დონეცკის “შახტარში” გააგრძელა, თუმცა უკრაინული კლუბის მთავარ გუნდში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. 2017 წელს არაბიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მას “ჯვაროსანთა” რიგებში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში სამი ბურთი აქვს გატანილი.

2018 წლის ზაფხულში გიორგი არაბიძე “შახტარიდან” პორტუგალიურ “ნასიონალში” გადაბარგდა”, თუმცა პირინეის ნახევარკუნზულზე ქართველმა ფეხბურთელმა ფეხი ვერ მოიკიდა. მას მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

“დესნას” უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია უკავია.

მესიმ რონალდუს უპასუხა: “ახალი გამოწვევებისთვის ლიგის შეცვლა არ მჭირდება”

რამდენიმე კვირის წინ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სერია A-ში ლიონელ მესის გადმოსვლა ისურვა:

“კარგი იქნებოდა, თუ მესი ჩემ მსგავსად მოიქცეოდა და ახალ გამოწვევას მიიღებდა, თუმცა თუ ის “ბარსელონაში” ბედნიერია, მის არჩევანს პატივს ვცემ”.

ლეო მესიმ რონალდუს ამ მოწვევაზე კომენტარი “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:

“არანაირი ცვლილება არ მჭიდება. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, სადაც ახალი გამოწვევები ყოველწლიურად ჩნდება. ახალი მიზნებისთვის გუნდის ან ლიგის გამოცვლა არ მჭიდება. სახლში ვარ, საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და რაიმეს შეცვლის სურვილი არ მაქვს.

რონალდუსთან პრიმერადივიზიონში პაექრობა სასიამოვნო იყო. კრიშტიანუს დარი ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. ჩვენი ორთაბრძოლა საინტერესო იყო, მაგრამ მე მოედანზეც და მოედნის მიღმაც ჩემს გუნდზე ვარ ფოკუსირებული”.

რუმენიგე: “ალონსოსგან კარგი მწვრთნელი დადგება და იმედია, ის “ბაიერნში” დაბრუნდება”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ ჩაბი ალონსო გუნდში მწვრთნელის რანგში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა 2017 წელს პროფესიული კარიერა დაასრულა და ბავარიული გუნდი დატოვა. დღესდღეობით ის მადრიდის “რეალის” ბავშვთა გუნდს წვრთნის.

“მინდა, რომ ოდესღაც ჩაბი ალონსო “ბაიერნში” დაბრუნდეს. დღეს ის მწვრთნელის რანგში ვითარდება. ვფიქრობ, რომ მისგან კარგი სპეციალისტი დადგება. ალონსო ბუნებრივი ავტორიტეტით გამოირჩევა და კარიერის განმავლობაში საუკეთესო მწვრთნელებთან მოუწია მუშაობა”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს “კიკერი”.

ჩაბი ალონსო მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას 2014-დან 2017 წლამდე იცავდა.

ჯერარდი ალონსოს: “იმ დღიდან მენატრები, რაც “ლივერპული” დატოვე”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს პროფესიულ კარიერას დაასრულებს. ბასკი ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილებას მისი ყოფილი თანაგუნდელი, “ლივერპულის” ექსკაპიტანი სტივენ ჯერარდი გამოეხმაურა.

“ჩაბი, შენ სრულყოფილი ფეხბურთელი ხარ, უმაღლესი დონის მოთამაშე მოედანზე და ჯენტლმენი მოედანს მიღმა. ჩემთვის პატივი იყო შენ გვერდით თამაში და იმ დღიდან მენატრები, რაც “ლივერპული” დატოვე. გილოცავ დიდებულ კარიერას და სამომავლოდ შენ და შენს ოჯახს წარმატებას ვუსურვებ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჯერარდმა.

ხვალ “ბაიერნი” გადამუშავებული ნარჩენებისგან დამზადებული ფორმით ითამაშებს

გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში “ჰოფენჰაიმის” წინააღმდეგ შინ გასამართ მატჩში მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელები გადამუშავებული ნარჩენებისგან დამზადებული მაისურებით ითამაშებენ.

დღეს ბავარიული კლუბის ტექნიკურმა სპონსორმა adidas-მა წარადგინა ფორმა, რომელიც მალდივის კუნძულების სანაპიროებზე შეგროვებული პლასტიკური ნარჩენებისგან დამზადდა.

ფორმა იმითაც გამოირჩევა, რომ ის წითელი ფერის ორ ტონშია გადაწყვეტილი, რაც სიმბოლურად სისუფთავის გამოხატულებაა. საყელოზე გაკეთებულია წარწერა “For the oceans” (“ოკეანეებისთვის”).

დღევანდელ პრეზენტაციაზე გუნდის ნახევარმცველი ჩაბი ალონსო წარსდგა.

“მე ესპანეთის სანაპიროებზე გავიზარდე, ამიტომ გახარებული ვარ, რომ ოკეანიდან ამოღებული ნარჩენებისგან დამზადებულ ფორმას ჩავიცვამ. ეს კარგი შესაძლებლობაა იმის წარმოსაჩენად, რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიო ოკეანის დაცვა”, – აღნიშნა ჩაბი ალონსომ პრეზენტაციაზე.

adidas-ის ონლაინმაღაზიაში ფორმის შეძენა უკვე შესაძლებელია და მისი ფასი 90 ევროს შეადგენს.

აღნიშნული აქცია არამხოლოდ ცნობიერების ამაღლებას, არამედ ოკეანეების ნარჩენებისგან გაწმენდის კონკრეტულ სტრატეგიას ემსახურება. კომპანია ოკეანიდან ამოღებული ნარჩენებისგან მილიონი წყვილი ფეხსაცმლის დამზადებასაც აპირებს.

აქციას მადრიდის “რეალიც” შეუერთდა. “სამეფო კლუბის” ფეხბურთელები რეციკლირებული ნარჩენებისგან დამზადებულ ფორმას 26 ნოემბერს, “ხიხონის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მოირგებენ.

 

ჩაბი ალონსო: “კიმიხი მასკერანოს ჰგავს”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ ახალგაზრდა თანაგუნდელის, ჯოშუა კიმიხის შესახებ ისაუბრა და იგი ხავიერ მასკერანოს შეადარა. ბასკმა ფეხბურთელმა იმაზეც გააკეთა კომენტარი, თუ რომელ პოზიციაზე ისურვებდა თამაშს.

“კიმიხი ყველაზე მეტად მასკერანოს მაგონებს. ისინი ერთ სტილში თამაშობენ, უმეტესად დაცვით ფუნქციებს ასრულებენ.

შემიძლია თუ არა დაცვაში თამაში? მე მხოლოდ მოედნის ცენტრში სათამაშოდ ვვარჯიშობ”, – ციტირებს ალონსოს სიტყვებს Goal.com-ი.

 

ალონსომ გვარდიოლა და მოურინიო ერთმანეთს შეადარა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ჟოზე მოურინიოს შეადარა, რომლის თავკაცობითაც მადრიდის “რეალში” თამაშობდა.

“ორივე მათგანი ნამდვილი ლიდერია. ორივენი ქარიზმატული პიროვნებები არიან, რომლებსაც ადამიანების დარწმუნება შეუძლიათ.

მათ განსხვავებული თვისებები ახასიათებთ, თუმც საერთოც ბევრი აქვთ. ორივე მათგანი საკმაოდ ემოციურია.

ძალზედ რთულია, თუმცა აუცილებელია, რომ გუნდი შენთვის აბრძოლო. მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებ ვარჯიშებზე, თუ ფეხბურთელები გვერდით არ გიდგანან”, – ალონსოს კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

რუმენიგე: “ალონსო “ბაიერნში” დარჩება”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ჩაბი ალონსო სეზონის ბოლოს გუნდს არ დატოვებს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბასკი ფეხბურთელის დაბრუნება “ლივერპულსა” და მადრიდის “რეალს” სურთ.

“ჩვენ მალე გავარკვევთ ამ საკითხს და ჩაბისა და მის აგენტს დაველაპარაკებით. ინფორმაცია გუნდიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. ალონსო და მისი ოჯახი აქ თავს კომფორტულად გრძნობს. ჩაბი აქ დარჩენით არის დაინტერესებული. იგი ფასეული მოთამაშეა, რომელსაც გუნდში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია”, – ციტირეებს რუმენიგეს სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.

 

ჩაბი ალონსოს დაბრუნებაში “ლივერპულს” “რეალი” შეეცილება

ბრიტანული გამოცემა “დეილი სთარი” წერს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ჩაბი ალონსოს დაბრუნებაში ბასკი ფეხბურთელის ყოფილი კლუბები — “ლივერპული” და მადრიდის “რეალი” შეეცილებიან ერთმანეთს.

როგორც მოგეხსენებათ, 34 წლის ნახევარმცველს ბავარიულ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ფეხბურთელი შრომითი ხელშეკრულების სამი წლის ვადით გახანგრძლივებას მოითხოვს, თუმცა მიუნხენელები მას მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რაზეც ალონსო უარს აცხადებს.

ჩაბი ალონსოს დაბრუნება სურს “ლივერპულს”, რომლის ღირსებასაც ბასკი ფეხბურთელი 2004-დან 2009 წლამდე იცავდა, თუმცა მერსისაიდელებს “რეალის” სახით ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდათ. ალონსოს დამატებით პირადად რაფაელ ბენიტესია დაინტერესებული, რომელიც ჩაბის სწორედ “ენფილდროუდელთა” რიგებში თავკაცობდა.