ჩაბი ალონსოს გადაბირება “ინტერსაც” სურს

“გაძეტა დი პარმა” იუწყება, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ჩაბი ალონსოთი მილანის “ინტერი” დაინტერესდა. 33 წლის ბასკი ფეხბურთელი “ნერიაძურიში” შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადაბარგდეს. ალონსოს მიმართ ინტერესს “ლივერპულიც” იჩენს, რომლის ღირსებასაც ბასკი ფეხბურთელი 2004-დან 2009 წლამდე იცავდა.

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩაბი ალონსომ ათი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ალონსო პირლოს შემცვლელად, პირლო ჯერარდის შემცვლელად

“დეილი ექსპრესის” ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ შესაძლოა, კარიერა ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელოს.

წყაროს თანახმად, 33 წლის ბასკი ფეხბურთელი ტურინში შეიძლება იმ შემთხვევაში გადავიდეს, თუ ანდრეა პირლო “ბებერ სინიორას” დატოვებს. როგორც მოგეხსენებათ, იტალიელი ფეხბურთელით რამდენიმე ინგლისური გუნდია დაინტერესებული. კერძოდ, საუბარია პირლოს მიმართ “ლივერპულისა” და ლონდონის “ჩელსის” ინტერესზე.

“მეტრო” წერს, რომ მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი პირლოს უკვე მოელაპარაკა და მას საკმაოდ სარფიანი წინადადებაც შესთავაზა. “წითლები” იტალიელ ნახევარმცველს სტივენ ჯერარდის შემცვლელად მოიაზრებენ. ეს უკანასკნელი მომავალი სეზონიდან “ლოს ანჯელეს გალაქსიში” ითამაშებს.

 

ჩაბი ალონსო: “რაულმა ბუნდესლიგის კარი ბევრს გაუხსნა”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ ბოლო პერიოდში ბუნდესლიგაში ესპანელი ფეხბურთელების მომრავლებაზე ისაუბრა.

“ბოლო ოთხ-ხუთ წელიწადში ბუნდესლიგა გაცილებით მიმზიდველი გახდა.

მანამდე ესპანელი ფეხბურთელები, როგორც წესი, მხოლოდ პრიმერადივიზიონსა და ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობდნენ.

ახლა ბუნდესლიგაში ტრანსფერების პოპულარობა იზრდება. რაულმა, რომელიც “შალკეში” 2010 წელს გადავიდა, კარი ბევრს გაუხსნა”, – ჩაბი ალონსოს სიტყვები “მარკამ” გამოაქვეყნა.

 

ჩაბი ალონსომ ბუნდესლიგა ესპანეთის პრიმერას შეადარა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ, რომელიც ბუნდესლიგაში მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა, გერმანიის პირველობა ესპანეთის პრიმერა დივიზიონს შეადარა.

„ბუნდესლიგის გუნდები პრიმერას გუნდებზე უფრო სწრაფად თამაშობენ. თუმცა ესპანურ ლიგაში უფრო ტექნიკური ფეხბურთელები გამოდიან. ვიტყოდი, რომ ბუნდესლიგა ინგლისის პრემიერლიგასთანაც კი ახლოსაა“, – განაცხადა ალონსომ.

„გერმანიაში გულშემატკივარებსაც აღვნიშნავდი. სტადიონებზე ისინი დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნიან“, – დაასრულა ესპანელმა შუახაზელმა.

ჩაბი ალონსოს ზეედორფის შედეგის გამეორება სურს

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ჩაბი ალონსოს კლარენს ზეედორფის შედეგის გამეორების იმედი აქვს. კერძოდ, საუბარია სამი სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე.

შეგახსენებთ, რომ ბასკმა ფეხბურთელმა ევროპის საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის თასი “ლივერპულისა” და მადრიდის “რეალის” რიგებში მოიპოვა.

“ჩემპიონთა ლიგის მოგება “ბაიერნის” ერთ-ერთი მიზანია. ამ ტურნირზე გამარჯვება ჩემთვის განსაკუთრეებული მოვლენა იქნებოდა. ვერც ვიოცნებებდი, რომ ამ შედეგთან ასე ახლოს ვიქნებოდი. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს ყველა ფრონტზე ბრძოლა შეუძლია. რთული იქნება, რადგან “რეალთან”, “ბარსელონასთან”, “ჩელსისთან”, “პარი სენ-ჟერმენთან”, “იუვენტუსთან” და ევროპის სხვა წამყვან კლუბებთან ბრძოლა მოგვიწევს. ვნახოთ, რამდენად გავუმკლავდებით ამ ამოცანას”, – ციტირებს ალონსოს სიტყვებს Sportsmole-ი.

 

რონალდუ ჩაბი ალონსოზე განაწყენდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ჩაბი ალონსოს განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, “ოქროს ბურთი” ბავარიელთა მეკარე მანუელ ნოიერს უნდა გადაეცეს, მადრიდის “რეალის” ბანაკში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

პირველ რიგში, საუბარია კრიშტიანუ რონალდუზე, რომელიც “ოქროს ბურთის” მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

რადიოსადგურ Cadena Cope-ს ცნობით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ახლო წრეში საუბრისას განაცხადა, რომ ჩაბი ალონსოს სიტყვებმა გაანაწყენა. რონალდუს წყენის მიზეზი ის გახლავთ, რომ ბასკი ნახევარმცველი გასული წლების განმავლობაში “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში რონალდუს გულმხურვალედ ქომაგობდა, ახლა კი მან პოზიცია შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

გვარდიოლა: “თუ ალონსო ასე თამაშს გააგრძელებს, ერთ თვეში მოკვდება”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თვლის, რომ კლუბის ახალწვეული ჩაბი ალონსო თითოეულ მატჩში ბოლომდე ცლის ენერგიას.

32 წლის ბასკმა ნახევარმცველმა ბავარიულ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან გერმანიის ბუნდესლიგის უკვე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა — “შალკესა” (1:1) და “შტუტგარტის” (2:0) წინააღმდეგ. ალონსო, სავარაუდოდ, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ხვალ გასამართ საჩემპიონთალიგო შეხვედრაშიც ითამაშებს.

“დანარჩენი ფეხბურთელები ჩაბი ალონსოს უნდა დაეხმარონ. თუ ის ასევე გააგრძელებს მთელი მატჩის განმავლობაში თავდადებას, ერთ თვეში მოკვდება. არ შეიძლება თამაშის დროს ამდენი ენერგიის დახარჯვა”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს insidespanishfootball.com-ი.

 

ჩაბი ალონსო: “მძიმე გამარჯვება იყო”

გერმანიის ბუნდესლიგის III ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” შინ “შტუტგარტი” ანაგრიშით 2:0 დაამარცხა. გოლები მარიო გიოტცემ (27′) და ფრანკ რიბერიმ (85′) გაიტანეს.

მატჩის შემდეგ ბავარიელთა ესპანელმა ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ აღნიშნა, რომ გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ჯერ კიდევ არ არის.

“რთული გამარჯვება იყო. მატჩის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით, მაგრამ პირველ გოლამდე არცთუ ისე კარგად ვმოქმედებდით. არც მეორე ტაიმში გაიოლებულა საქმე. როდესაც ანგარიში 2:0 გახდა, ოდნავ დავწყნარდით. მძიმე გამარჯვება იყო. გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ოპტიმალური ფორმა დავიბრუნოთ. უკეთესობისკენ მივისწრაფვით. მთავარი სამი ქულაა”, – ალონსოს სიტყვები “ბაიერნის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს 7-7 ქულით “ბაიერნი” და ლევერკუზენის “ბაიერი” ლიდერობენ. ცხრილის სრულად სანახავად გადადით ბმულზე: http://fanebi.com/cxrilebi/

 

ესპანეთის ნაკრების წევრები ჩაბი ალონსოს განცხადებით უკმაყოფილონი არიან

„მარკას“ ცნობით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის (0:2) შემდეგ ჩაბი ალონსოს მიერ გაკეთებულ კომენტარს „ლა როხას“ წევრების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაგირება მოჰყვა.

ბასკმა ნახევარმცველმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ესპანელი ფეხბურთელები გამარჯვებისკენ სწრაფვით დაიღალნენ და გუნდი მუნდიალს ფსიქოლოგიურად მზად ვერ შეხვდა.

ესპანეთის ნაკრების დანარჩენი წევრები თვლიან, რომ ალონსოს მხოლოდ საკუთარი შეხედულება უნდა გამოეხატა და მთელი გუნდის სახელით არ უნდა ესაუბრა. ანდრეს ინიესტამ და დიეგო კოსტამ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს თავიანთი პრეტენზიები წაუყენეს. გარდა ამისა, კომენტარები გააკეთეს იმ მოთამაშეებმაც, რომლებსაც შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევის თეორიული შანსიც დაკარგა.

 

ჩაბი ალონსომ საერთაშორისო კარიერის დასრულება გადაწყვიტა

„მარკას“ ცნობით, მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ გადაწყვიტა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საერთაშორისო კარიერა დაასრულოს. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების საბოლოო სამუნდიალო განაცხადში მოხვდა.

ჩაბი ალონსოს „ფურია როხას“ რიგებში 109 მატჩი აქვს ჩატარებული. ბასკი ნახევარმცველი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2003 წლიდან გამოდის.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ალონსომ „რეალთან“ ორწლიანი კონტრაქტი გაფორმა. ასე რომ, წლევანდელი მუნდიალის შემდეგ ბასკი ფეხბურთელი მთლიანად საკლუბო ფეხბურთეზე გააკეთებს აქცენტს.

ბექა დოგრაშვილი

მორიენტესი: „ალონსოს არყოფნა „რეალისთვის“ სერიოზული დანაკლისია“

მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელი ფერნანდო მორიენტესი თვლის, რომ „სამეფო კლუბისთვის“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ჩაბი ალონსოს არყოფნა სერიოზული დანაკლისი იქნება. შეგახსენებთ, რომ ბასკი ნახევარმცველი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

„ალონსო გუნდის თამაშს აბალანსებს და „რეალის“ მამოძრავებელ ძალად ითვლება. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მისი არყოფნა კლუბისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება“, – მორიენტესის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრა ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

ანჩელოტი:”ბენზემა და რონალდო ფინალში ითამაშებენ”

„კრიშტიანუმ დისკომფორტი იგრძნო და რასაკვირველია, მისი მოედანზე გამოყვანა არ გავრისკეთ.ვფიქრობ, საგანგაშო არაფერია, რამეთუ პორტუგალიელი მზადყოფნაში შეხვდება ჩემპიონთა ლიგის ფინალს.რაც შეეხება ბენზემას, ფრანგი კუნთმა შეაწუხა და მყისვე გავიყვანეთ.ისიც მოახერხებს 24-ში ასპარეზობას.“

„ესპანიოლის წინააღმდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა მშვენივრად ითამაშეს,ახლა ყველა ფინალზე ვფიქრობთ.“

„პეპეს მდგომარეობა უმჯობესდება.აქამდე სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა, ხოლო ხვალიდან სრული დატვირტთვით მოედანზე ივარჯიშებს.გვჯერა, რომ არც მას შეექმნება პრობლემა ფინალში ასპარეზობასთან დაკავშირებით.“

„ალონსოს ყველაზე რეალურ შემცვლელად ილიარა მოიაზრება.კიდევ ერთი კვირა მაქვს, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო.ასიერის თამაშებით კმაყოფილი ვარ.“

„გუნდი კონდიციები მოსაწონია. ახლა მთავარია, ალონსოსა და ხესეს გარდა, ყველა მოთამაშე 100 პროცენტით მზად იყოს ფინალისათვის.“

„ხედირა რთული ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგა.ადვილი როდია, ამდენხნიანი უქმობის შემდეგ დაბრუნება.ილიარას უფრო დიდი შანსი აქვს ფინალურ დაპირისპირებაში მოედანზე გამოსვლისა.“

„მარსელომ მოახერხა კონდიციების აკრეფა.მარცხენა ფრთაზე დიდი კონკურენციაა და ჯერჯერობით არვიცი, რომელ ფეხბურთელს ავირჩევ სასტარტო თერთმეტეულისათვის.“

„როდესაც წინ ფინალი გაქვს, რისკზე წასვლა არ შეიძლება.კრიშტიანუ თავს მშვიდად გრძნობს და მოუთმენლად ელოდება მოედანზე დაბრუნებას.“