ზლატანი: „ზოგიერთი მცველი „ბოშას“ ძახილით ცდილობდა ჩემს გაღიზიანებას“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მასსა და მეტოქე გუნდების მცველებს შორის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ისაუბრა. როგორც შვედი ფეხბურთელი ამბობს, განვლილი კარიერის განმავლობაში ზოგიერთი დამცველი მატჩის მიმდინარეობისას მის გაღიზიანებას ცდილობდა.

„ზოგიერთი მცველი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, ზოგიერთი „ბოშას“ მეძახდა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ დედა ხორვატი მყავს, მამა – ბოსნიელი, მე შვედეთში დავიბადე და საკუთარ თავს ასი პროცენტით შვედად ვთვლი. ჩემი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ყურადღებას არ ვაქცევ, თუ რას მეუბნებიან მატჩის მიმდინარეობისას, მთლიანად თამაშზე ვარ კონცენტრირებული.

გარდა ამისა, ზოგიერთი მცველი ჩემს წინააღმდეგ ბინძურ ხრკებს იყენებდა. ხელს მკრავდნენ, უსინდისოდ მირტყამდნენ, თუმცა ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებდნენ, რომ ისინი სუსტი ფეხბურთელები იყვნენ. უმაღლესი დონის მცველი ასეთ რამეს არასდროს არ აკეთებს, სუფთად თამაშობს. ამიტომ, დიდად ვაფასებ პაოლო მალდინისა და ალესანდრო ნესტას, რომლებიც წესებს სრულად იცავდნენ და ძლიერ მეტოქეებადაც ითვლებოდნენ“, – იბრაჰიმოვიჩის სიტყვები Four Four Two-მ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

იბრაჰიმოვიჩი მოედანს ერთი თვით დაემშვიდობა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი “ჩელსისთან” მიღებული ტრავმის გამო მოედანზე ერთი თვე ვერ გავა.

დამატებითი გამოკვლევების შემდეგ პარიზელმა ექიმებმა არც თუ ისე სასიამოვნო სურათი მიიღეს. ფაქტია, რომ ზლატანი ლონდონელებთან განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს. გარდა ამისა, თუ პარიზელები ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებენ, იბრაჰიმოვიჩი პირველი შეხვედრის გამოტოვებასაც რისკავს.

 

ზლატანი „ჩელსისთან“ გასამართ განმეორებით მატჩს გამოტოვებს

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ გასამართ განმეორებით მატჩს გამოტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Equipe აქვეყნებს.

წუხელ გამართული შეხვედრის (3:1) მეორე ტაიმის შუაწელს შვედმა ფორვარდმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა. მატჩის შემდეგ პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ელ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ იბრაჰიმოვიჩს რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს. შვედი ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს, რომელიც დაადგენს, რამდენად მძიმეა ტრავმა.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში და ჩემპიონთა ლიგაზე ერთად იბრაჰიმოვიჩმა 38 მატჩი ჩაატარა, 35 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი

ზლატანი: „პრემიერლიგაში ჩემი გადასვლა გამორიცხულია“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მისი ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგება გამორიცხულია.

მრავლისმნახველი შვედი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მის კარიერაში „პსჟ“ ბოლო ევროპული კლუბი იქნება. ზლატანს პარიზულ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება. 32 წლის თავდამსხმელმა უკვე რამდენჯერმე გამოთქვა ამერიკულ ლიგაში თამაშის სურვილი.

„დღის წესრიგში არ დგას ჩემი ინგლისში გადაბარგების საკითხი. ეს გამორიცხულია. არა მგონია, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ გამიშვას.

როდესაც „მილანში“ გადავედი, რამდენიმე ინგლისური კლუბი იყო ჩემით დაინტერესებული, თუმცა მე არ ვთვლი, რომ ინგლისში უნდა გადავსულიყავი. პრემიერლიგას ვაფასებ, მშვენიერი ჩემპიონატია, ბევრი დიდებული გუნდი ასპარეზობს, ინდივიდუალური ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ მე არ ვარ ამ ყველაფრის ნაწილი. ჩემი ისტორია სხვაგან ვითარდება და ამას სულაც არ ვნანობ“, – ზლატანის სიტყვებს ბრიტანული „დეილი მეილი“ აქვეყნებს.

იბრაჰიმოვიჩი ამბობს, რომ დღეს მის მთავარ მიზანს ჩემპიონთა ლიგის მოგება წარმოადგენს.

„მთავარი მიზანი „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ეს ევროპულ კლუბთან ჩემი ბოლო კონტრაქტია და თუ ამ ტიტულის მოგება მიწერია, პარიზში უნდა მოვიგო. „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვების შემდეგ უფრო დაბალი დონის ჩემპიონატში გადავალ, ან კარიერას დავასრულებ. მოქმედ კონტრაქტს ვადა 2016 წელს გასდის“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

გარდა ამისა, ზლატანმა ლონდონის „ჩელსის“ დამრიგებლის, ჟოზე მოურინიოს შესახებაც ისაუბრა, რომლის თავკაცობითაც შვედი თავდამსხმელი მილანის „ინტერში“ თამაშობდა.

„მწვრთნელის რანგში მან ყველაფერი მოიგო, ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა. ბედნიერი ვარ, რომ მას ვიცნობ, ის დიდებული პიროვნებაა. „ინტერში“ მოურინიოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ის დიდი მწვრთნელია, აქვს გამოცდილება და იცის, როგორ მოიგოს“, – დაასრულა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატანის „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე სწორედ მოურინიოს „ჩელსის“ ხვდება. წყვილის პირველი შეხვედრა 2 აპრილს, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება და ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ზლატანი: „კარიერის დასრულების შემდეგ ჩემი გოლების ინტერნეტში ხილვით დავტკბები“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ახერხებს გულშემატკივართა გახარებას მუდმივად ლამაზი გოლების გატანით.

„ბევრი განსაცვიფრებელი გოლი მაქვს გატანილი. როდესაც კარიერას დავასრულებ, ჩემს მიერ გატანილი ლამაზი გოლების ინტერნეტში ხილვით დავტკბები. ასეთი გოლების გატანაში სპეციალურად არ ვვარჯიშობ, მატჩის მიმდინარეობისას ინსტიქტურად ვიტან. როდესაც მეტოქესთან ორთაბრძოლაში შედიხარ, რაღაც უნდა მოიფიქრო.

ეს არის პატარა და დიდ გუნდებს შორის განსხვავება. დიდ გუნდებს შეუძლიათ, არაფრისგან საოცარი რამ შექმნან. ამიტომ არის ფეხბურთი ასეთი მიმზიდველი და არაპროგნოზირებადი.

ბევრი მეკითხება, ტაეკვანდოს ცოდნა მეხმარება თუ არა. შეიძლება მეხმარებოდეს კიდეც, თუმც ამაში დარწმუნებული არ ვარ“, – აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალური ტელეარხის ეთერში.

აქვე გთავაზობთ ზლატანის მიერ გატანილი საუკეთესო 50 გოლის ამსახველ ვიდეომასალას.

ბექა დოგრაშვილი

იბრაჰიმოვიჩმა მოედანზე შეჭრილ გულშემატკივარს მაისური აჩუქა

საფრანგეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში „ლორიენსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის გამართული მატჩის (0:1) შემდეგ მოედანზე ახალგაზრდა გულშემატკივარი შეიჭრა, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან მიირბინა და შვედ ფორვარდს მაისური სთხოვა. იბრაჰიმოვიჩმა ქომაგს თხოვნა დაუფიქრებლად შეუსრულა, გახარებული გულშემატკივარი ფეხბურთელს გადაეხვია და ემთხვია კიდეც.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეოს.

ზლატანის უკმაყოფილებას „პარი სენ-ჟერმენის“ ორი მზარეული შეეწირა

ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ფეხბურთელთა კვებაზე თანხა მას შემდეგ გაზარდა, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამ მხრივ კლუბი გააკრიტიკა.

შვედი ფეხბურთელი კლუბის ბაზაზე საკვების ხარისხით უკმაყოფილო დარჩა, რის შემდეგაც „პარი სენ-ჟერმენმა“ ორი მზარეული გაათავისუფლა და მათ ნაცვლად სრულიად ახალი სპეციალისტები მოიწვია.

როგორც გითხარით, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელთა გამოკვებაზე ბიუჯეტი გაიზარდა. გარდა ამისა, შეიცვალა პროდუქტთა შესყიდვის მექანიზმი.

ბექა დოგრაშვილი

უკმაყოფილო იბრაჰიმოვიჩის გამო პსჟ-მ მზარეულები გაათავისუფლა

რამდენიმე დღის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კლუბის ბაზაზე კვების მიმართ უკმაყოფილო დარჩა, რის შემდეგად კლუბის ხელმძღვანელებმა საკვებზე მეტი თანხის გამოყოფა გადაწყვიტეს.

გარდა ამისა, პარიზულმა კლუბმა ორი მზარეული გაათავისუფლა და ახალი სპეციალისტები დაიქირავა.

ყველაფერთან ერთად, პარიზელებმა პროდუქტების სიაც განაახლეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

იბრაჰიმოვიჩი: “შემდეგი ორი თვე ძალიან მნიშნველოვანი იქნება”

“ბასტიასთან” მოპოვებული გამაჯრვების შემდეგ პსჟ კვლავ ინარჩუნებს პირველობას საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში და უახლოეს მდევარს რვა ქულით უსწრებენ.

მიუხედავად ამისა, ზლატან იბრაგიმოვიჩი თვლის, რომ მოდუნების საშუალება მას და მის პარტნიორებს ჯერ არ აქვთ.

“უკვე 102 გოლის გატანა მოვახერხთ, რაც ძალიან კარგი შედეგია და ჩვენი გუნდის სიძიერეზე მეტყველებს.

კარგად გამოვიყურებით და ვიცით, რომ ამაზე გაჩერება არ შეიძლება. წინ ბევრი რთლი მატჩი გვაქვს და შემდეგი ორი თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება” – განაცხადა ზლატანმა.

იბრაჰიმოვიჩი: „ბლეზ, როგორც ჩანს, ვარჯიშებზე მაკვირდებოდი“

„პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩვეული იუმორით შეაფასა თანაკლუბელ ბლეზ მატუიდის მიერ ჰოლანდიის ნაკრების კარში გატანილი ეფექტური გოლი.

„შენს მიერ გუშინდელ მატჩში გატანილი გოლი ვნახე. დიდებულია. როგორც ჩანს, ვარჯიშებზე მაკვირდებოდი“, – დაწერა სოციალურ ქსელში იბრაჰიმოვიჩმა.

თავად მატუიდიმ ამ კომენტას ასე უპასუხა: „ზლატან, ეს მოძრაობა შენ მასწავლე“.

იბრაჰიმოვიჩი: “პარი სენ-ჟერმენის” გაჩერება არავის შეუძლია”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში პარიზული კლუბის შეჩერება არავის შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში, “პარი სენ-ჟერმენი” უახლოეს მდევარ “მონაკოს” რვა ქულით უსწრებს.

“ჩემი აზრით, ყველაფერი ჩვენს ხელთაა და ვფიქრობ, ჩემპიონები უნდა გავხდეთ. არა მგონია, საფრანგეთის ჩემპიონატში ხელი რომელიმე გუნდმა შეგვიშალოს. მთავარია, კონცენტრაცია არ დავკარგოთ”, – ამბობს იბრაჰიმოვიჩი.

იბრაჰიმოვიჩი: „გამოცემა „მირორში“ ნამდვილი კლოუნები მუშაობენ“

გუშინ ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ „მირორმა“ „პარი სენ-ჯერმენის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც შვედი „არსენალში“ ჩაშლილ ტრანსფერსა და ინგლისის პრემიერლიგის პერსპექტივებზე ისაუბრა.

აღნიშნულ ინტერვიუს იბრა სწრაფად გამოეხმაურა. პსჟ-ს ლიდერის თქმით, „მირორისთვის“ მას მსგავსი ინტერვიუ არ მიუცია. მეტიც,  ბოლო დროს მას არც ერთ ბრიტანელ ჟურნალისტთან არ უსაბრია.

„მირორის“ წარმომადგენლებთან და სხვა ინგლისელ ჟურნალისტებთან არ მისაუბრია. მსგავსი რამ პირველად არ ხდება.

„მირორი“ კლოუნების გამოცემაა“, – განაცხადა ზლატანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი