ოსკარმა ჩინეთში 114 მილიონი ევრო გამოიმუშავა და სამშობლოში ბრუნდება

2017 წელს სრულიად საფეხბურთო სამყარო მხოლოდ ოსკარზე და მის ჩინეთში ტრანსფერზე წერდა.

2017 წელს ოსკარმა “ჩელსი” დატოვა და კარიერა ჩინურ “შანხაიში” გააგრძელა. მიზეზი ერთადერთი და ნათელი იყო – კვირაში 400 ათასი ევრო.

5 წლისა და 6 თვის განმავლობაში, პრემიებისა და ბონუსების ჩათვლით, Talksport-ის ინფორმაციით, ოსკარმა 114 მილიონი ევრო გამოიმუშავა და ახლა სამშობლოში ბრუნდება.

30 წლის ბრაზილიელი “ფლამენგოში” გადავა, თუმცა თან 114 მილიონსაც ჩაიტანს.

“პრობლემა 2 მილიონი ევროა?” – ზურიკო დავითაშვილი სხვა გუნდში მიდის

სერბული გამოცემა Republika-ს ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილის მიმართ ინტერესს არა “ცრვენა ზვეზდა”, არამედ ბელგრადის “პარტიზანი” იჩენს.

“პარტიზანმა” გასულ სეზონში ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იმყოფება, სადაც კვიპროსულ “აეკს” უპირისპირდება.

აზაროვის შემთხვევაში “ცრვენა ზვეზდასთან” მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია, თუმცა ზურიკოს ტრანსფერს ხელს მისი სატრანსფერო თანხა და კლუბთან 2024 წლამდე კონტრაქტი უშლის. დავითაშვილი 2 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

1 კვირის წინ ფეხბურთელების აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიის სერია A-დან დაინტერესებაზე ამბობდა, თუმცა ბოლოს ყველაზე მეტად სერბული ვარიანტები გამოჩნდა.

“რეალის” თავდამსხმელი “ხეტაფეში” გადავიდა

ესპანელი თავდამსხმელი ბორხა მაიორალი მადრიდის “რეალიდან” “ხეტაფეში” გადავიდა.

25 წლის ფეხბურთელმა ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის ღირებულებამ 10 მილიონი ევრო შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ბორხა მაიორალი “რეალის” აღზრდილია. ის კლუბის სისტემაში 2007 წელს ჩაირიცხა, პირველ გუნდში კი 2015 წელს მოხვდა. მას “რეალთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი.

ბორხა მაიორალი იანვრის თვიდან “ხეტაფეში” იჯარის წესით გამოდიოდა. მან ესპანეთის პრიმერადივიზიონში 18 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

თორნიკე ოქრიაშვილმა კორეულ კლუბში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, თორნიკე ოქრიაშვილმა სამხრეთ კორეულ “ჩონბუკში” სამედიცინო შემოწმება ვერ გაირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კლუბთან კონტრაქტს ვეღარ გააფორმებს.

“ჩონგბუკის” განცხადებაში ვკითხულობთ: “დამატებითი სამედიცინო შემოწმების შედეგად, აღმოჩნდა, რომ მოთამაშის მონაცემები კლუბის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. გადაწყდა, რომ ტრანსფერი აღარ შედგება. ბოდიშს ვუხდით ფანებს, რომლებიც თორნიკეს ელოდნენ. ჩვენ მას მომავალში წარმატებას ვუსურვებთ.”

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილის კორეულ კლუბში გადასვლის შესახებ ინფორმაცია 15 ივლისს გავრცელდა. “ჩონგბუკმა” ამის შესახებ პოსტიც გამოაქვეყნა.

ქართველი შემტევი ბოლოს კვიპროსის აპოელ-ის ღირსებას იცავდა.

ლაპორტა: “ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მესიმ კარიერა “ბარსაში” დაასრულოს”

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გუნდში ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნების თაობაზე ისაუბრა.

“გავაკეთე ის, რაც უნდა გამაკეთებინა – ჩვენი გუნდის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელზე მაღლა კლუბი დავაყენე. მესის ბავშვობიდან ვიცნობ და მიყვარს. ის ჩვენს ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან კარიერა ლამაზად “ბარსას” ფორმით დაასრულოს.

გუნდში მისი დაბრუნება მინდა. ეს მარტივი საქმე არ იქნება, მაგრამ სწორი სტრატეგიით ამის გაკეთება შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ მესი ჩვენი გუნდის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. ხანგრძლივი წარმატებული პერიოდის განმავლობაში ის გუნდის ლიდერი იყო.

“ბარსელონაში” ლეოს პერიოდი კარგად არ დფასრულებულა. რთული დრო იყო. გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო და კლუბი საუკეთესო მოთამაშეზე მაღლა დაგვეყენებინა.

ახლა იმაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ მესიმ კარიერა “ბარსელონას” ფორმით დაასრულოს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მას ის ფინალი მოვუწყოთ, რომელიც დაიმსახურა.

ახლა ამის სალაპარაკოდ საუკეთესო დრო არ არის, ვინაიდან ლეო “პარი სენ-ჟერმენის” მოთამაშეა. მას პარიზულ კლუბთან კონტრაქტით კიდევ ერთი წელი აკავშირებს და ამას პატივი უნდა ვცეთ”, – ლაპორტას კომენტარი cbssports-მა გამოაქვეყნა.

“არსენალს” ედეგორი უკაპიტნებს

ლონდონის “არსენალის” ახალი კაპიტანი მარტინ ედეგორი იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, გასული სეზონის დასაწყისში “მეთოფეებს” პიერ-ემერიკ ობამეიანგი კაპიტნობდა, რომელმაც “ბარსელონას” მიაშურა. ამის შემდეგ კაპიტნის სამკლავური ალექსანდრ ლაკაზეტს ჩააბარეს. ფრანგი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდა და “ლიონში” გადავიდა.

“მარტინს კაპიტნის სამკლავურის ტარების გამოცდილება აქვს, ის ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს გასული წლის მარტის თვიდან კაპიტნობს. მარტინს კაპიტნის როლში წარმატებას ვუსურვებთ”, – ნათქვამია “არსენალის” განცხადებაში.

მარტინ ედეგორი “არსენალში” 2021 წლის იანვარში, იაჯრის წესით გადავიდა, სეზონის ბოლოს ლონდონურმა კლუბმა მისი კონტრაქტი გამოისყიდა.

ნორვეგიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 40 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩავი: “მესი “ბარსელონაში” მეორე შანსს იმსახურებს”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი გუნდში ლიონელ მესის დაბრუნების მომხრეა.

“უკვე ვთქვი, რომ ამ ეტაპზე მესიზე ფოკუსირება უტოპიაა. ვისურვებდი, რომ “ბარსელონაში” ლეოს ეპოქა არ დასრულებულიყო. ვფიქრობ, ის მეორე შანსს იმსახურებს, თუმცა – მომავალ წელს. მას სხვა კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს “მარკა”.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ფეხბურთელსა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს.

ლეო მესიმ გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ბუფონი: “კარგია, რომ დიბალა “ინტერში” არ გადავიდა”

“პარმას” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა პაულო დიბალას ტურინის “იუვენტუსიდან” “რომაში” გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღების შემდეგ პაულოს გადაწყვეტილების მიღების სრული უფლება ჰქონდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მას მილანის “ინტერში”, “რომასა” და “ნაპოლიში” გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდა. იმედი მქონდა, რომ ბოლო ორი კლუბიდან რომელიმეს შეარჩევდა.

პაულოს ემოციური აღმასვლა სჭირდებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამის მიღწევა მხოლოდ “რომასა” და “ნაპოლიში” იყო შესაძლებელი. მივწერე, რომ “რომაში” მისი გადასვლით გახარებული ვარ. ტაქტიკური თვალსაზრისით ის ანხელ დი მარიასთან ერთად სერია A-ში, ალბათ საუკეთესოა”, – ციტირებს ბუფონისა სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა “რომას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის სამწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. არგენტინელი ფეხბურთელი “მგლების” ღირსებას 21-ნომრიანი ფორმით დაიცავს.

პოლ პოგბას მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება

შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ყატარში წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს.

ფრანგ ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებს. მას მენისკი აქვს დაზიანებული და სავარაუდოდ, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში, პოგბას სამიდან ხუთ თვემდე პერიოდი გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

პოლ პოგბას მსოფლიო პირველობაზე თამაში სურს და მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს ეძებს. ფეხბურთელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპერაციის გაკეთება ურჩიეს, პოგბამ რჩევები იტალიელი ექიმებისგანაც მიიღო. ახლა ფეხბურთელი “იუვენტუსის” სამედიცინო შტაბთან ერთად გადაწყვეტილების ძიების პროცესშია. შესაძლოა, მკურნალობის მეთოდის შესახებ ვერდიქტი მომავალი კვირის დასაწყისში მიიღონ.

მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში, 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში გაიმართება.

რონალდუ მედიას: “ასე გააგრძელეთ და ოდესმე სიმართლეს დაწერთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ გუნდიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

“დღე არ გავა, რომ ჩემზე არ ილაპარაკონ. სხვანაირად მედია ფულს ვერ გამოიმუშავებს. როცა ტყუილს არ ამბობ, ხალხის ყურადღებას ვერ იქცევ. ასე გააგრძელეთ და ოდესმე სიმართლეს დაწერთ”, – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Teamtalk-ი.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება და ისეთ კლუბში გადასვლა სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.

პუტინის სახელის სკანდირებისთვის “ფენერბაჰჩეს” უეფასგან სასჯელი ელის

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა თურქული “ფენერბაჰჩეს” წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ფენერბაჰჩესა” და კიევის “დინამოს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას თურქული გუნდის ფანებმა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახელის სკანდირება დაიწყეს, რითაც მეტოქის გაღიზიანება სცადეს. საბოლოო ჯამში, შეხვედრა უკრაინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 (პირველი მატჩი 0:0) დასრულდა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება “დინამომ” მოიპოვა. კიეველთა მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ პროტესტის ნიშნად მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა.

უეფას გადაწყვეტილების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გახდება კრიშტიანუ ხვიჩას თანაგუნდელი?

შესაძლოა, კრიშტიანუ რონალდუ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს.

როგორც ცნობილია, 37 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება და ისეთ კლუბში გადასვლა სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. რონალდუმ “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობას აცნობა, რომ შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა სურს.

პორტუგალიელი ფეხბურთელის დამატებით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული, რომელთა შორის “ნაპოლიც” არის. იტალიური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშთან მეგობრობა აკავშირებს. ესპანური გაზეთი “ასი” წერს, რომ “ნაპოლის” ხელმძღვანელობა პორტუგალიელი ფეხბურთელის წარმომადგენელს დაუკავშირდა და აცნობა, რომ კლუბს რონალდუს დამატების სურვილი აქვს. როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო კერპი სწორედ კრიშტიანუ რონალდუა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.