ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის გამართული მატჩი დრამატულად წარიმართა და საბოლოოდ, ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. 87-ე წუთზე დემბა ბას მიერ გატანილი გოლის შემდეგ, ჟოზე მოურინიო ტექნიკური ზონიდან სირბილით მოზეიმე ლონდონელი ფეხბურთელებისკენ გაეშურა და ფერნანდო ტორესსა და გოლის ავტორს რაღაც ჩასჩურჩულა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა პორტუგალიელ სპეციალისტს ეს ეპიზოდი გაახსენა და მიუთითა, რომ მწვრთნელმა ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა გატანილი გოლი, რასაც მოურინიო კატეგორიულად არ დაეთანხმა.
„არა, ჩემს ფეხბურთელებთან გოლის აღსანიშნავად არ მივსულვარ. ფერნანდოსა და დემბას იმ ცვლილებების შესახებ მივუთითე, რაც უნდა გაგვეკეთებინა, რადგან წინ კიდევ სამი წუთი, პლუს მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო იყო. მე მათ ვუთხარი, რომ მცველების წინ ეთამაშათ. დასვენებულ მოთამაშეებს მათთვის ოდნავ განსხვავებული საქმე დავავალე.
ჩემი აზრით, საკმარისი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი გაგვეტანა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. მეტოქე კონტრშეტევებზე თამაშობდა, ზონებსაც კეტავდა.
ვარჯიშებზე სხვადასხვა ფორმაციები გამოვიყენეთ. ფეხბურთელებმა იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ ამა თუ იმ სიტუაციაში. დემბა ბამ გადამწყვეტი ფუნქცია იტვირთა. გუნდი, რომელიც დაცვით თამაშს უჩვენებდა, დაისაჯა. ჩვენ ნახევარფინალში თამაში დავიმსახურეთ“, – მოურინიოს სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი