საქართველოს ერონულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში მიმდინარე ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. თემურ ქეცბაიას გუნდმა გიბრალტარის ნაკრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
შეხვედრა, რომელიც პორტუგალიაში შედგა, ნომინალური სტუმრების უპირატესობით დაიწყო, რაც მალევე ტაბლოზეც აისახა. მე-9 წუთზე გიორგი ჭანტურიას კარგი პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გელაშვილმა ანგარიში გახსნა და ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო გოლიც გაიტანა.
გაშვებული გოლის შემდეგ გიბრალტარელები გამოფხიზლდნენ და ორი მომენტიც შეგვიქმნეს… თუმცა, ჯერ ლობჟანიძის და შემდეგ ლორიას კარგი თამაშის წყალობით ევროპის უსუსტმა გუნდმა ისტორიული გოლის გატანა ვერ შესძლო.
მალევე ქეცბაიას შეგირდებმა მეორედ დალაშქრეს მოწინააღმდეგის კარი და ეს საკმაოდ ლამაზადაც გააკეთეს. გელაშვილი-ანანიძის კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე თორნიკე ოქრიაშვილი აღმოჩნდა და ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა.
მალევე გოლის გატანა ჭანტურიას შეეძლო. “კლუჟის” შემტევის მცდელობა ძელმა მოიგერია. რამდენიმე წუთში კი დუბლის გაფორმების შანსი გელაშვილს მიეცა, რომელიც ხელსაყრელ პოზიციაში ძარიას პასის შემდეგ აღმოჩნდა, თუმცა ფორვარდის დარტყმა მეკარემ მოიგერია.
მეორე ტაიმი ხუბუტიას უხეში შეცდომით დაიწყო, რის შემდეგაც შანსი კასკიაროს მიეცა, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა ლორიმა დამაჯერებლად მოიგერია. ამ ეპიზოდის შემდეგ თამაშის ტემპი დაეცა. საქართველოს ნაკრები არ ან ვერ უტევდა. ხიფათი მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში შეიქმნა და ისიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე.
საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ დააფიქსირა. გოლი ნომინალურმა მასპინძლებმაც გაიტანეს, თუმცა თამაშის წესების დარღვევის გამო (რაც კადრში არ ჩანდა), არბიტრმა გოლი არ ჩათვალა.
გიბრალტარი 0-3 საქართველო
გოლები: გელაშვილი 9′ ; ოქრიაშვილი 20′ ; კანკავა 69′
გიბრალტარი: რობა, ვაისმენი, ჩიპოლინა, რ.კასკიარო, სანტოსი (რ.ჩიპოლინა), გარსია, უოლკერი, გილინგი (გოსლინგი 75′); კ.კასკიარო (პრიესტლი 46′); პერესი, კ.კასკიარო.
საქართველო: ლორია, გრიგალავა, ხუბუტია, ლობჟანიძე, კვერკველია, კანკავა, ძარია, ანანიძე (ებრალიძე 80′), ოქრიაშვილი, გელაშილი (დვალიშვილი 76′), ჭანტურია (პაპუნაშვილი 67′)