“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა აღნიშნა, რომ კლუბთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებით მოხარული იქნება. ცნობისთვის, მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ კონტრაქტს ვადა 2022 წლის ივნისის ჩათვლით აქვს. თავის მხრივ, “ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია და მას ნდობა გამოუცხადა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” კუმანთან შრომით ხელშეკრულებას გააგრძელებს.
“ახალი კონტრაქტის შემოთავაზებისთვის ღია ვარ. ძალიან მინდა, რომ “ბარსას” თავკაცის პოსტზე მაქსიმალურად დიდხანს ვიმუშაო. კლუბში არსებული მძიმე პერიოდის მიუხედავად, მწვრთნელებისა და ტექნიკური პერსონალის მუშაობის შედეგად “ბარსელონას” დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს. ვიმედოვნებ, რომ სამი, ოთხი ან ხუთი წლის შემდეგ ისევ მათი მწვრთნელი ვიქნები.
საკუთარ თავს საკლუბო ადამიანად მივიჩნევ. თავს ვალდებულად ვთვლი, კლუბს დავეხმარო და ჩვენი ერთიანი კეთილდღეობისთვის ვიპოვო შესაძლებლობები, რომლებიც გუნდს გააუმჯობესებს, თუმცა კლუბში ბოლო დროს მართლაც განსაკუთრებული მოვლენები ხდება. ბევრი რამ განვიცადე”, – ციტირებს კუმანის სიტყვებს Sport.es.