გორის „დილამ“ თურქული შეკრება დაასრულა და 10 თებერვალს საღამოს გეზი საქართველოსკენ აიღო. როგორც მოგეხსენებათ, კლუბმა ოთხი ამხანაგური შეხვედრა გამართა: პოლონეთის „იაგელონიასთან“ (1:1), გერმანულ „აურბახთან“ (1:1), შვეიცარიულ „იანგ ბოიზთან“ (1:0) და რუმინული ბუქარესტის „რაპიდთან“ (1:0). გამომგზავრების წინ ინტერვიუ ჩამოვართვით „დილას“ მთავარ მწვრთნელს უჩა სოსიაშვილს.
„დილამ“ დაასრულა თურქული შეკრება, როგორ მოემზადა გუნდი და რა პირობებში უხდებოდათ მზადება?
„შესანიშნავი შეკრება გამოგვივიდა, თორმეტი დღის განმავლობაში ვიმყოფებოდით სასტუმროში, სადაც სამ საუკეთესო საფეხბურთო მოედანზე ვემაზდებოდით. გუნდის გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე თურქეთში ვიმყოფებოდი, რათა ჩემი თვალით მენახა არსებული პირობები. შევარჩიე სასტუმრო და მოედნები, სადაც გუნდი სათანადოდ მოემზადებოდა. იყო იდეალური კვება, იდეალური მომსახურება, ძალიან კარგი აღდგენითი საშუალებები და საერთო ჯამში გუნდი მეორე წრისთვის ძალიან კარგ პირობებში მოემზადა.”
შეკრებაზე ოთხი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეთ და ორი ფრის შემდეგ ორი გამარჯვება მოიპოვეთ. როგორ შეაფასებთ გამართულ მატჩებს?
„პირველ რიგში ვიტყვი რომ ოთხივე მატჩი ურთულესი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთელები მძიმე დატვირთვის ქვეშ იყვნენ. მინდა გამოვყო პირველი და ბოლო შეხვედრები.
პოლონეთის „იაგელონიასთან“, რომელიც გამართულ და კარგ ფეხბურთს თამაშობს, მატჩიდან გამომდინარე ვფიქრობ ლოგიკურ შედეგს მივაღწიეთ. მეორე და მესამე შეხვედრები დიდი დატვირთვების ფონზე ჩავატარეთ და ეს თამაშის ხარისხზეც აისახა.
რაც შეეხება დასკვნით სპარინგ-მატჩს, ამ შეხვედრისთვის ეროვნულ ჩემპიონატში ჩასატარებელი მატჩების დარად მოვემზადეთ, რა დროსაც დატვირთვები შედარებით ნაკლები იყო, თამაშის ხარისხი კი გაცილებით მაღალი. ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა რუმინულ კლუბზე. მათ ჰყავთ ძალიან კარგი ფეხბურთელები, გააჩნიათ კარგი პირობები და ბიუჯეტი, ამ ფონზე ჩვენი გამარჯვება ორმაგად სასიხარულო გახლდათ.“
გუნდს შეუერთდა ალან ბაგაევი და სლავკო მარიჩი. რას იტყვით მათზე?
„მოგახსენებთ ალან ბაგაევზე, რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგაში ასპარეზობდა. ის ასაკით ახალგაზრდაა, მაგრამ გარკვეული გამოცდილება უკვე მიღებული აქვს. ფიზიკურად ძლიერია და ტექნიკურადაც კარგად გამოიყურება.
ამ ეტაპზე სათამაშო პრაქტიკა არ აქვს ისეთი როგორსაც ვისურვებდით, მაგრამ ამხანაგურმა შეხვედრებმა დაგვანახა, რომ ამ ფეხბურთელმა თავი მშვენივრად წარმოაჩინა. კმაყოფილი ვარ როგორც მე, ასევე კლუბის ხელმძღვანელობა და ჩემი გადაწყვეტილებით ეს ფეხბურთელი გორის „დილაში“ გააგრძელებს ასპარეზობას. ვთვლი, რომ ძალიან კარგი შენაძენია ჩვენი გუნდისთვის.
რაც შეეხება სლავკო მარიჩს, იგი სერბი გახლავთ. მას სერბეთის ჩემპიონატში მატჩების საკმაო რაოდენობა აქვს ნათამაშები, ასევე თამაშობდა საბერძნეთის ჩემპიონატში. უდიდესი გამოცდილების მქონე და ტექნიკური ფეხბურთელია. ძალიან კარგად შეუძლია სტანდარტების შესრულება და ფიზიკურად კარგად გამოიყურება. ვთვლი რომ ბაგაევის და მარიჩის სახით გორის „დილამ“ ძალიან კარგი შევსება მიიღო.“
გუნდს თურქულ შეკრებაზე ირაკლი ძარია ახლდა, როდის შეძლებს იგი მოედანზე დაბრუნებას?
„მოხარული ვარ ისეთი ფეხბურთელის დამატებით როგორიც ირაკლი ძარიაა, იქიდან გამომდინარე რომ მას დიდი გამოცდილება გააჩნია. უნიჭიერესი ფეხბურთელი გახლავთ და ამიტომაცაა იგი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი. ირაკლი წლების განმავლობაში წამყვან კლუბებში ,,ზესტაფონსა“ და თბილისის „დინამოში“ასპარეზობდა. ამ კლუბებში იგი ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ „ზესტაფონის“ და ორჯერ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენი გორის „დილასთვის“ და ვფიქრობ, რომ იგი მალე დაიწყებს სრული დატვირთვით ვარჯიშს და სწრაფად შეუერთდება გუნდს.“
გუნდის დაკომპლექტება დასრულებულია, თუ სეზონის განახლებამდე კიდევ უნდა ველოდოთ ვინმეს გამოჩენას?
„ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ის პოზიციით თავდამსხმელი გახლავთ. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერ დავასახელებ მის ვინაობას, იქიდან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ძალიან რეალურია ამ ფეხბურთელის დამატება. 90% შემიძლია ვთქვა, რომ მისი შეძენის საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილია. კონკრეტულად ფეხბურთელის შესახებ ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც ის საბოლოოდ მოირგებს „დილას“ მაისურს. მჯერა მისი პოტენციალის. იგი ახალგაზრდა და საკმაოდ ნიჭიერი თავდამსხმელი გახლავთ.“
მოგეხსენებათ „დილას“ გულშემატკივრის მოლოდინი მეორე წრისთვის. რას ეტყვით მათ?
„კარგი კითხვაა და მინდა რომ ჩვენმა გულშემატკივარმა იცოდეს, ჩვენი მოლოდინიც ძალიან დიდია. ჩვენ მათთვის ვთამაშობთ და სწორედ ის არის ჩვენი მიზანი რომ თითოეული ფეხბურთელი მინდორზე მაქსიმალურად დაიხარჯოს და გულშემატკივარს ლამაზი თამაშით გადაუხადოს მადლობა.
მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის თითოეულ წევრს, კლუბის ხელმძღვანელობას ამ ნაყოფიერი შეკრებისთვის და ერთიანობისთვის რომელიც მათ ამ ხნის განმავლობაში გამოიჩინეს.
თითოეული ჩვენთაგანი სრული პასუხისმგებლობით მივუდგებით საქმეს და მჯერა, რომ წარმატებაც არ დააყოვნებს. გვსურს, რომ ქალაქ გორს და ჩვენს გულშემატკივრებს სიხარული მოვუტანოთ.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გორის მერს ბატონ ზურაბ ჯირკველიშვილს და მხარის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს, მათ შეძლეს დაეფინანსებინათ კლუბი, რათა „დილას“ მეორე წრის წინ არანაირი პრობლემა არ შექმნოდა და სრულფასოვნად მომზადებულიყო.“
„დილას“ პრესსამსახური