ქეცბაია: “შალკე” ფავორიტია, მაგრამ შინ ვთამაშობთ”

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი აიღებს სტარტს. K ჯგუფშია მოხვედრილი თემურ ქეცბაიას აპოელი, რომელიც დღეს, ნიქოზიაში გელზენკირხენის “შალკეს” უმასპინძლებს. ჯგუფში ტრიპოლისის “ასტერასი” და პრაღის “სპარტაც” არიან.

ქეცბაია დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტად “შალკეს” მიიჩნევს და იქვე აღნიშნავს, რომ ამ მატჩის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.

“თუ ფავორიტებთან კარგ შედეგებს ვაჩვებთ, დიდ ნაბიჯს გადავდგამთ საუკეთესო 32 გუნდს შორის მოსახვედრად. მომდევნო ეტაპზე თამაში გვსურს. ეს არ იქნება იოლი, მაგრამ გუნდმა უკვე აჩვენა, რომ აქვს პოტენციალი. თუ თავს კარგად წარმოვაჩენთ, დადებითი შედეგის ჩვენება შეგვიძლია. წინ მივიწევთ, მომენტებს ვქმნით, მაგრამ გარკვეული პრობლემები გვაქვს დაცვაში და იმედია, ამასაც გამოვასწორებთ.

“შალკე” ფავორიტია, მაგრამ ჩვენ შინ ვთამაშობთ. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ დაცვაში. ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელიც განსაკუთრებით კარგად იყენებს სტანდარტულებს. ასე რომ, სიფრთხილე გვმართებს. ამ შეხვედრის შედეგზე არ არის დამოკიდებული ყველაფერი, რადგან წინ კიდევ ხუთი მატჩი გვექნება”, – ქეცბაიას კომენტარს cyprusscore.com-ი აქვეყნებს.

აპოელსა და “შალკეს” შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება და მას ტონი შაპრონის თავკაცობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

ევროპაში მესამე საკლუბო ტურნირის შექმნაზე ფიქრობენ

ევროპული კლუბების ასოციაციაში მესამე საკლუბო ევროპული ტურნირის შექმნაზე ფიქრობენ. ჩანაფიქრის მიხედვით, ტურნირზე იმ გუნდებმა უნდა იასპარეზონ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გათამაშებებს ადრეული სტადიიდან გამოეთიშებიან.

ამ საკითხის შესახებ ბელგიურ გაზეთ Het Laatste Nieuws-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ასოციაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მიხაელ ვერსჰუერენმა ისაუბრა.

“ბევრი კლუბი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ვარდება, როდესაც საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ ლახავს, ამიტომ ერთგვარი უსაფრთხოების ზონის შექმნაზე ვფიქრობთ. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზეა. ამ საკითხზე დამდეგი ორი წლის განმავლობაში უნდა ვიმსჯელოთ, თავად ტურნირი 2019 წლამდე არ ჩატარდება”, – აღნიშნა ვერსჰუერენმა.

 

უეფამ “დინამო თბილისი” დააჯარიმა (ფოტო)

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალას” წინააღმდეგ შინ გამართულ მატჩში (2:1) მომხდარი ინციდენტების გამო “დინამო თბილისი” დასაჯა.

უეფას გადაწყვეტილებაში ქართულ გუნდს შემდეგი ბრალდებები აქვს წაყენებული: რასისტული ქცევა, მოედანზე გულშემატკივრების შეჭრა, არალეგიტიმური ბანერი.

აღსანიშნავია ის, რომ ფანები მოედანზე არ შეჭრილან. თბილისელთა მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ ტრიბუნის მოაჯირმა ქომაგების დაწოლას ვერ გაუძლო და რამდენიმე მათგანი სარბენ ბილიკზე გადავარდა. ერთ-ერთი გულშემატკივარი მსუბუქადაც დაშავდა.

“დინამოს” შემდეგი სახის სანქციები დაეკისრა: ევროთასების მომდევნო შეხვედრაზე “დინამო არენას” ჩრდილოეთ ნაწილის მეორე იარუსზე არსებული მე-16 სექტორი დახურული იქნება. გარდა ამისა კლუბი 20 ათასი ევროს ოდენობით დაჯარიმდა.

Banner

თემურ ქეცბაია: “პენალტი და ფეხბურთელის გაძევება გადაჭარბებული იყო”

უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრაში ნიქოზიის “ომონიამ” “დინამო ბათუმი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩს ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში აღნიშნული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“მიუხედავად იმისა, რომ “დინამო ბათუმმა” პირველი ტაიმი ღირსეულად ჩაატარა, მეორე ნახევარში ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა და ფეხბურთელი გააძევეს მინდვრიდან. ამ ორი მატჩიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ “დინამო ბათუმი” ღირსეულად გამოვიდა. გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გასულიყო მომდევნო ეტაპზე, მაგრამ… ეტყობა, რომ “დინამოში” სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, გუნდი მომდევნო სეზონში უფრო მზად იქნება.
ვფიქრობ, რომ გაძევებამ დიდი როლი ითამაშა ამ შეხვედრაში. ასეთ პირობებში ათი კაცით თამაში ძალიან ძნელია. რომ არა გაძევება, არავინ არ იცოდა, როგორი თამაში წავიდოდა. მსაჯს შეეძლო, პენალტი დაენიშნა და ფეხბურთელი არ გაეძევებინა. შეიძლება ითქვას, რომ თერთმეტმეტრიანი და გაძევება გადაჭარბებული იყო ამ მომენტში”, – აღნიშნა ქეცბაიამ.

 

ევროპის ლიგას “დინამო ბათუმიც” გამოეთიშა (ვიდეო)

დასრულდა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის “ომონიასა” და “დინამო ბათუმს” შორის მატჩი. შეხვედრა ანგარიშით 2:0 დამთავრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო ეტაპზე კვიპროსელები ითამაშებენ. პირველი შეხვედრა, რომელიც ზესტაფონში მდებარე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, ბათუმელებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს და განმეორებით მატჩამდე მცირე უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მისი შენარჩუნება ვერ შეძლეს.

კვიპროსელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ორივე ბურთი მატჩის მეორე ტაიმში გავიდა: 56-ე წუთზე ბათუმელთა მცველმა ბადრი ტეტუნაშვილმა მასპინძელთა ფეხბურთელის ანდრე შემბრის წინააღმდეგ საკუთარ საჯარიმო მოედანზე თამაშის წესი დაარღვია, რის გამოც მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა “დინამოს” მოთამაშეს კი პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. პენალტი ეროლ გულონმა დაარტა, ბურთი ბათუმელთა კიპერმა მიხეილ ალავიძემ ფეხებით მოიგერია, თუმცა დამატებაზე იმავე გულონმა ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა.

მეორე გოლი ანდრე შემბრიმ 61-ე წუთზე ახლო მანძილიდან დარტყმით გაიტანა და ამით ორი მატჩის ჯამში უპირატესობა “ომონიას” მხარეს გადავიდა.

ამის შემდეგ “ომონიას” კიდევ რამდენჯერმე მიეცა გოლის გატანის შანსი, თუმცა ხან მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე, ხან შემტევები სცოდავდნენ ბოლო ფაზაში, ერთხელ ბურთი ძელსაც მოხვდა.

ამრიგად, დანარჩენი ქართული გუნდების მსგავსად, ევროპის ლიგას “დინამო ბათუმიც” გამოეთიშა.

“ომონია” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ “იაგელონიასა” და ლიტვურ “კრუოიას” შორის გამარჯვებულ გუნდს შეხვდება, შეგახსენებთ, რომ “იაგელონიას” ღირსებას ქართველი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე იცავს.

ევროპის ლიგა
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
“ომონია” (ნიქოზია) — “დინამო ბათუმი” 2:0 (0:0) (ორი მატჩის ჯამში 2:1)

“ომონია”: პანაი, ლობჟანიძე, რუნიე, გულონი, კრიშტოვაუ, ნუნუ ასიში (პერესი 88′), ეკონომიდესი, მარგასა, კირმი (ფოფანა 46′), შერიდანი, შემბრი (ვინსენტი 79′).
მთავარი მწვრთნელი: კოსტას კაიაფასი.

“დინამო ბათუმი”: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი, ქავთარაძე (ჩირიკაშვილი 80′), გოგიტიძე, შონია, ფონიავა (ვარშანიძე 54′), ბერიაშვილი, გაბედავა, ტატანაშვილი (ქორიძე 59′).
მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი.

გოლები: გულონი 56′ (1:0), შემბრი 61′ (2:0).
გაფრთხილებები: ბერიაშვილი 27′, გაბედავა 29′, გოგიტიძე 53′.
გაძევება: ტეტუნაშვილი 55′.
მთავარი მსაჯი: ფაბიუ ვერიშიმუ (პორტუგალია).

“ომონიას” თავკაცი: “სრულ მზადყოფნაში არ ვართ”

ხვალ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი აიღებს სტარტს. ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე “დინამო ბათუმი” კვიპროსის “ომონიას” მიიღებს. სტუმრებმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარეს, პრესკონფერენციაზე კი “ომონიას” მთავარმა მწვრთნელმა კოსტას კაიაფასმა განაცხადა, რომ მისი გუნდის სასურველ ფორმაში არ არის.

“მადლობას ვუხდით “დინამო ბათუმს” დახვედრისთვის და დახმარებისთვის. ეს ამ სეზონის პირველი მატჩია. ვიცით, რა ძალას ფლობს ჩვენი მეტოქე. ჩვენ მათ შესახებ ინფორმაცია მოვიპოვეთ, ვნახეთ გასული სეზონში მათ მიერ ნაჩვენები თამაშის ამსახველი ვიდეო. სეზონის დასაწყისია და არ ვართ სრულ მზადყოფნაში. ორივე გუნდს აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. ვეცდებით, რომ ორი მატჩის ჯამში არ დავმარცხდეთ”, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კაიაფასმა.

შეხვედრა “დინამო ბათუმსა” და “ომონიას” შორის ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 4 და 5 ლარია. შეხვედრას სლოვენიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი 32 წლის მიტია ზგანეცია.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

 

“დინამო” — “გაბალა”: ბუკმეიკერთა პროგნოზი

ხვალ უეფას ევროპის ლიგის 2015/16 წლების გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპი აიღებს სტარტს. თბილისში ადგილობრივი “დინამო” აზერბაიჯანულ “გაბალას” მიიღებს. ეს გუნდები ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს და ბუკმეიკერები მცირე უპირატესობას “დინამოს” ანიჭებენ.

Adjarabet-იც და Europe-bet-იც უფრო დაბალ კოეფიციენტს “დინამო თბილისს” აძლევენ. კოეფიციენტები ასე ნაწილდება:

Adjarabet: “დინამო” — “გაბალა” (2.30 – 3.40 – 2.85)
Europe-bet: “დინამო” — “გაბალა” (2.30 – 3.40 – 2.90)

წამყვანი ბრიტანული საბუკმეიკერო კანტორა Bet365 ნაკლებ კოეფიციენტს ასევე მასპინძელ გუნდს უწერს:

Bet365: “დინამო” — “გაბალა” (2.25 – 3.40 – 2.80)

“დინამომ” საქართველოს ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა, მოაგროვა იმდენივე ქულა, რამდენიც “დინამო ბათუმმა”, თუმცა ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული უარესი შედეგის გამო უკეთესი პოზიცია ბათუმურ კლუბს ერგო. თბილისურმა გუნდმა უმაღლეს ლიგაში 56 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია, გაუშვა 28 ბურთი. აღსანიშნავია ისიც, რომ “დინამომ” სეზონის ბოლოს ქვეყნის თასის ფინალურ შეხვედრაში “სამტრედია” ანგარიშით 5:0 გაანადგურა. ივნისში გია გეგუჩაძის გუნდმა სლოვენიაში სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა: მაკედონიურ “შკენდიასთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდა; სლოვენიური “დომჟალე” ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ასევე სლოვენიურ “ზავრჩს” 2:0 მოუგო.

“გაბალამ” აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა. გუნდმა 32 მატჩში 54 ქულა მოაგროვა. “გაბალამ” არცთუ ისე შედეგიანი ფეხბურთი აჩვენა — გაიტანა 46 გოლი და გაუშვა 35 ბურთი, რაც ლიდერებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებლებია. პრემიერლიგის გათამაშების დასრულების შემდეგ გუნდს მატჩი არ ჩაუტარებია ანუ 28 მაისის შემდეგ “გაბალა” უთამაშებელია.

“დინამოსა” და “გაბალას” შორის შეხვედრა ხუთშაბათს, “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია და მისი გაყიდვა დღეს, დილის 11:00 საათიდან, “დინამო არენას” სალაროებში დაიწყება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

“ომონიას” “დინამო ბათუმთან” საქომაგოდ ასზე მეტი ფანი ჩამოჰყვება

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ვიცე-ჩემპიონი “დინამო ბათუმი” 17-წლიანი პაუზის შემდეგ ევროთასებს უბრუნდება. გუნდი უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის “ომონიას” დაუპირისპირდება, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე იცავს.

“დინამო ბათუმს” ისტორიის მანძილზე ევროთასებზე 12 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან ხუთი მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა, ამდენივე შეხვედრაში დამარცხდნენ, დანარჩენ ორ დაპირისპირებაში კი ფრედ ითამაშეს.

რაც შეეხება “ომონიას”, გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ევროსარბიელზე თამაშის უფლებას არ იძლევა, თუმცა ქვეყნის თასის ფინალში ნიქოზიის “აპოელმა”, რომელიც ამავდროულად ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ლიმასოლის “აელი” დაამარცხა (4:2) და ევროპის ლიგის საგზური ავტომატურად მეოთხეადგილოსან “ომონიას” ერგო.

“დინამო ბათუმსა” და “ომონიას” შორის პირველი შეხვედრა ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 4 და 5 ლარი იქნება. ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 29 ივნისს დაიწყება.

“ომონია” ჩარტერული რეისით ქუთაისში, 30 ივნისს ჩამოფრინდება. მატჩისწინა ვარჯიში მათივე მოთხოვნით დახურული იქნება. წინასწარი ინფორმაციით, სტუმართა გუნდს საქომაგოდ მინიმუმ ასი ფანი ჩამოჰყვება.

“დინამო ბათუმსა” და “ომონიას” შორის პირველი შეხვედრა 2 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აჭარის ტელევიზიასა და კვიპროსულ მხარეს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები საპასუხო შეხვედრის პირდაპირი ტელეტრანსლაციის განხორციელების თაობაზეც. წყვილის განმეორებითი მატჩი 9 ივლისს, ნიქოზიაში შედგება.

 

“სამპდორიას” საქმეს იძიებენ, “ინტერს” ევროპის ლიგაზე თამაშის შანსი გაუჩნდა

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ “სამპდორიას” გარიგებულ მატჩში მონაწილეობის გამო დასჯიან.

ეჭვი სერია A-ს ეგიდით 2011 წლის 23 აპრილს “ბარის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზეა (1:0). შესაძლოა, კლუბს იტალიის ჩემპიონატის 2014/15 წლების გათამაშების სატურინირო ცხრილში ქულები ჩამოაკლონ.

თუ ასე მოხდება, ევროპის ლიგაზე გენუელთა ნაცვლად მილანის “ინტერი” ითამაშებს, რომელმაც მერვე პოზიცია დაიკავა.

ჯერ საბოლოო ვერდიქტი არ გამოუტანიათ, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ უეფაში უკვე შეიტანა განაცხადი ევროთასებზე მონაწილე კლუბთა შემადგენლობის ცვლილების თაობაზე. “სამპდორიას” ერთთვიანი ვადა ეძლევა სპორტულ სასამართლოში განაჩენის გასაჩივრებისთვის.

“სამპდორია” (ან “ინტერი”) ტურნირს მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა შეუერთდეს, რომელიც 30 ივლისს იწყება.

 

უეფამ შესაძლოა, “დნიპრო” დასაჯოს (ფოტოები)

უეფამ დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” შესაძლოა, გარკვეული სანქციები დაუწესოს.

ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “დნიპროსა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (1:0) მიმდინარეობისას უკრაინული გუნდის ქომაგებმა პიროტექნიკა გამოიყენეს, შეხვედრის შემდეგ კი, გამარჯვების აღსანიშნავად მოედანზე გავიდნენ. მატჩის დელეგატმა ტრიბუნაზე რასისტული ბანერიც დააფიქსირა.

აღნიშნულ საკითხზე 21 მაისს იმსჯელებენ.

 

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ხუთი საუკეთესო გოლი (ვიდეო)

გთავაზობთ ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშების ჯგუფური ეტაპის ხუთ საუკეთესო გოლს.

ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში დასრულდა უეფას ევროპის ლიგის 2014/2015 წლების გათამაშების მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წილისყრა.

ტრადიციულად, წილისყრას უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯორჯო მარკეტი უძღვებოდნენ. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ვარშავაში გასამართი ფინალის ელჩმა იეჟი დუდეკმა.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

“იანგ ბოისი” — “ევერტონი”
“ტორინო” — “ატლეტიკი”
“სევილია” — “მიუნხენგლადბახი”
“ვოლფსბურგი” — “სპორტინგი”
“აიაქსი” — “ლეგია”
“ოლბორგი” — “ბრიუგე”
“ანდერლეხტი” — “დინამო” (მოსკოვი)
“დნიპრო” — “ოლიმპიაკოსი”
“ტრაბზონსპორი” — “ნაპოლი”
“გენგამი” — “დინამო” (კიევი)
“ვილიარეალი” — “ზალცბურგი”
“რომა” — “ფეინოორდი”
“პსვ” — “ზენიტი”
“ლივერპული” — “ბეშიქთაში”
“ტოტენჰემი” — “ფიორენტინა”
“სელტიკი” — “ინტერი”

პირველი მატჩები 19 თებერვალს, განმეორებითი კი 26 თებერვალს გაიმართება.