როდის ჩამოვლენ “ბარსელონასა” და “სევილიას” ფეხბურთელები თბილისში

ცნობილი გახდა თარიღი, თუ როდის ჩამოვლენ უეფას სუპერთასის მონაწილე გუნდები თბილისში. “სევილია” საქართველოს დედაქალაქში 9 აგვისტოს ჩამოფრინდება, “ბარსელონა” კი – ერთი დღით გვიან, 10 აგვისტოს.

ანდალუსიელები 9 და 10 აგვისტოს ივარჯიშებენ, კატალონიელები კი 10 აგვისტოს და 11 აგვისტოს დილას. პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი სუპერთასის მატჩში არ ითამაშებს, სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ ადასტურებს.

“სევილია” სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, “ბარსელონა” კი “თბილისი მარიოტში” დაბინავდება.

მატჩი “დინამო არენაზე”, 11 აგვისტოს, 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის მთავარი არბიტრი 36 წლის შოტლანდიელი რეფერი უილიამ კოლამი იქნება.

 

უეფას სუპერთასი: მსაჯების ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ მსაჯთა ვინაობა, რომლებიც თბილისში გასამართ უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩს განსჯიან. შეხვედრის მთავარი არბიტრი 36 წლის შოტლანდიელი რეფერი უილიამ კოლამი იქნება. მან ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში ექვსი მატჩი განსაჯა, მათ შორის “მონაკოსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე გამართული შეხვედრა. კოლამს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამ მატჩში აქვს ნამსაჯი. გარდა ამისა, 29 წლის ასაკში მან 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში იმსაჯა, რომელიც იტალიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის ჩატარდა.

კოლამი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი 2006 წელს გახდა. მას უეფას ტურნირებზე 67 მატჩი აქვს განსჯილი.

ხაზის მსაჯი: დამიენ მაკგრეითი (ირლანდია);
ხაზის მსაჯი: ფრენსის კონორი (შოტლანდია);
მეოთხე მსაჯი: გრემ ჩემბერსი (შოტლანდია);
მსაჯის დამატებითი თანაშემწე: ბობი მედენი (შოტლანდია);
მსაჯის დამატებითი თანაშემწე: კევინ კლენსი (შოტლანდია).

უეფას სუპერთასის მატჩი “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის 11 აგვისტოს, “დინამო არენაზე” ჩატარდება. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.

 

სუპერთასის ბილეთების გადაყიდვა კანონით აკრძალულია (ვიდეო)

საქპატენტი საზოგადოებისთვის განმარტებას აკეთებს, თუ რა ქმედებებია კანონით აკრძალული უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით.

კანონით აკრძალულია უეფას ლოგოს უნებართვო გამოყენება, პროდუქციაზე დატანა და გაყიდვა, მატჩის უნებართვოდ საჯარო ჩვენება. “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე, ვერის პარკის და მეიდნის მიმდებარე ქუჩებზე, სადაც გულშემატკივართა შეკრების ადგილებია, უეფას ოფიციალური სპონსორების გარდა ყველა სხვა კომპანიის ნებისმიერი სარეკლამო აქტივობა, ნებისმიერი ტიპის გარე ვაჭრობა და კაფე-ბარებისა და მაღაზიების მიერ უეფას მატჩის სარეკლამო მიზნით გამოყენება ასევე კანონით აკრძალულია.

იმ პირების მიმართ, რომლებიც უეფას ლოგოს უნებართვოდ გამოიყენებენ, სანქციები გატარდება – კერძოდ, აღკვეთა, 3 ათას ლარამდე ჯარიმა და საქონლის კონფისკაცია.

უეფას ნებართვის გარეშე კანონით აკრძალულია 2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასაწრები ბილეთების გასაყიდად შეთავაზება ან ნებისმიერ კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება, რასთან დაკავშირებითაც, უეფას მოთხოვნის შესაბამისად, შექმნილი ჯგუფები, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის თანამშრომლებით. ისინი ახორცილებენ სუპერთასის მატჩის ბილეთების ნებართვის გარეშე გასაყიდად შეთავაზების ფაქტების გამოვლენას და აღკვეთას, მათ შორის ინტერნეტსივრცეშიც. კანონდამრღვევს სანქციის სახით გაყიდული ბილეთის ღირებულების ოთხმაგი ოდენობა დაეკისრება, ბილეთი კი გაუქმდება.

საინფორმაციო ფლაერი

 

რა ხდება ვაკის პარკში ბილეთების გაყიდვამდე 3 დღით ადრე? [ფოტო]

როგორც იცით, უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა კვირას, 12 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება.

ცოცხალი რიგი ვაკის პარკიდან დაიწყება, სადაც სპეციალური რიგის მმართველი 50-50 კაცს მიიყვანს სალაროებამდე და შეაძენინებს ბილეთებს.

აქვე ავღნიშნავთ იმ ფაქტსაც, რომ ცოცხალ რიგში ჩადგომა სიაში ჩაწერით მოხდება, რომელსაც საქმის ორგანიზატორი მეთაურობს.

უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვამდე 3 დღით ადრე, ვაკის პარკში შემდეგნაირი სიტუაციაა:

QI

უეფას სუპერთასი: კანონით აკრძალული ქმედებები და სანქციები

უეფას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიზნით საქპატენტი საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია საზოგადოებას განემარტოს ის ქმედებები, რომელიც კანონით აკრძალულია. დღეს უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით საქპატენტში პრესკონფერენცია გაიმართა.

იმ პირების მიმართ, რომლებიც უეფას ლოგოს უნებართვოდ გამოიყენებენ, სანქციები გატარდება – კერძოდ, აღკვეთა, 3 ათას ლარამდე ჯარიმა და საქონლის კონფისკაცია. ასევე აკრძალულია მატჩის ბილეთების უკანონოდ
გაყიდვა და ნებართვის გარეშე მატჩის საჯარო ჩვენება.

“კანონით აკრძალულია უეფა-ს ლოგოს უნებართვო გამოყენება, პროდუქციაზე დატანა და გაყიდვა, უნებართვოდ მატჩის საჯარო ჩვენება, მატჩის ბილეთების გაყიდვა ან გათამაშება. “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე, ვერის პარკის და მეიდნის მიმდებარე ქუჩებზე, სადაც გულშემატკივართა შეკრების ადგილებია, უეფა-ს ოფიციალური სპონსორების გარდა ყველა სხვა კომპანიის ნებისმიერი სარეკლამო აქტივობა, ნებისმიერი ტიპის გარე ვაჭრობა და კაფე-ბარებისა და მაღაზიების მიერ უეფა-ს მატჩის სარეკლამო მიზნით გამოყენება ასევე კანონით აკრძალულია”, – ვკითხულობთ საქპატენტის განცხადებაში.

 

კახი კალაძე: “ეს არის უპასუხისმგებლობა”

უეფას სუპერთასის ბილეთების გარშემო განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ქვეყნის ვიცე-პრემიერი კახი კალაძე გამოეხმაურა. იგი მომხდარს უპასუხისმგებლობად აფასებს.

“ფეხბურთის ფედერაციაც და biletebi.ge-ც მომზადებულნი უნდა შეხვედროდნენ გადაწყვეტილებას, როდესაც მათ ბილეთების გაყიდვის უფლება მისცეს. თუ უეფას მხრიდან იყო დავალება, ფეხბურთის ფედერაციას biletebi.ge-სთან ყველა დეტალი უნდა გაევლო, რომ ისინი მზად შეხვედროდნენ ასეთ აჟიოტაჟს. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, თუ რამდენად დიდი ინტერესი იქნებოდა ამ თამაშის მიმართ. ამიტომ, ჩემი შეხედულებით, რაც მოხდა, ეს არის უპასუხისმგებლობა”.

 

სფფ სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბილეთების გაყიდვა არც მიმდინარე კვირაში და არც მომავალი კვირის დასაწყისში არ დაიწყება.

უცვლელად გთავაზობთ სფფ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას:

“მეგობრებო, მოკლედ გაგაცნობთ ამჟამინდელ სიტუაციას:

გრძელდება სამუშაო შეხვედრები სფფ-ში და სხვადასხვა უწყებებთან. ჩვენს მიერ უეფაში გაგზავნილი კონცეფცია მოწონებული და დადასტურებულია. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბილეთების სალაროებში გაყიდვის მიმართულებით. მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ გულშემატკივრებს მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში მივაწოდოთ ბილეთები.

ამასთან, სფფ-ის წარმომადგენლები შეხვდებიან biletebi.ge-ს წარმომადგენლებს და გადმოიბარებენ გაყიდული ბილეთების მონაცემებს (მყიდველების შესახებ ინფორმაციას და ა.შ.).

არც მიმდინარე კვირაში და არც მომავალი კვირის საწყის დღეებში, ბილეთების გაყიდვა არ დაიწყება.

მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გულშემატკივარს უკვე ექნება სრული, ამომწურავი ინფორმაცია ყველა დეტალზე. გულშემატკივრებს ვთხოვთ, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ სალაროში გაიყიდება ქართველი გულშემატკივრისთვის განკუთვნილი 22 ათასი ბილეთი.

გისურვებთ წარმატებებს”.

 

 

ჩემპიონთა ლიგის ახალი ბურთი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ბურთი წარმოადგინა, რომლითაც ამ ტურნირის პლეიოფში და ფინალში ითამაშებენ.

ბურთის დიზაინი ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი. გარდა ამისა, ბურთზე აღბეჭდილია ბერლინის ხედები და დათვის გამოსახულება. შეგახსენებთ, რომ დათვი გერმანიის დედაქალაქის სიმბოლოდ ითვლება. სწორედ ბერლინში გაიმართება ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალური მატჩი, რომელიც 6 ივნისს ჩატარდება. პლეიოფის სტადია ხვალიდან აიღებს სტარტს.

UCL Ball

რევაზ არველაძე თბილისში გასამართი უეფას სუპერთასის მზადების შესახებ

გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩის თბილისში ჩატარებას გარკვეული საფრთხე შეექმნა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არსებობს.

“თბილისში გასამართ უეფას სუპერთასთან დაკავშირებით არავითარი შეფერხება არ არის. იყო რამდენიმე საკითხი, რამაც დრო მოითხოვა. ეს სიტყვიერად დათქმული დედლაინი იყო. მადლობას ვუხდი თბილისის მერ ბატონ დავით ნარმანიას და მის მოადგლეებს, რადგან ძალიან ოპერატიულად ვთანამშრომლობთ, ერთმანეთისთვის კონკრეტული დავალებები გვაქვს მიცემული. ჩემი აზრთ, ორ-სამ დღეში ეს თემა საბოლოოდ დაიხურება, ხელშეკრულება გაფორმდება. არანაირი პრობლემა არ არსებობს”, – აღნიშნა რევაზ არველაძემ.

უეფას სუპერთასი “დინამო არენაზე” 2015 წლის 11 აგვისტოს შედგება.

 

2016 წელს უეფას ტურნირების ფინალური მატჩების მასპინძელი სტადიონები

ცნობილი გახდა იმ სტადიონების სია, სადაც ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის 2015/16 წლების გათამაშების ფინალური შეხვედრა, აგრეთვე უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართება. ამ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

როგორც გუშინ გაცნობეთ, ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის ფინალური შეხვედრა მილანის “ჯუზეპე მეაცაზე” შედგება.

ევროპის ლიგის გადამწყვეტ შეხვედრას შვეიცარიაში მდებარე სტადიონი “სენტ-იაკობ პარკი” მიიღებს.

უეფას სუპერთასი 2016 წელს ნორვეგიაში, კერძოდ “ლერკენდალზე” გაიმართება.

 

უეფას სუპერთასი — ანჩელოტის წინასამატჩო სიტყვა

დღეს უეფას სუპერთასის მატჩში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის “რეალი” ევროპის ლიგის ჩემპიონ “სევილიას” უელსის დედაქალაქ კარდიფში დაუპირისპირდება. “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი პოზიტიურად არის განწყობილი და ამბობს, რომ გუნდს ახალ სეზონში შარშანდელი წარმატების გამეორება შეუძლია.

“არსებული შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და პირდაპირ გეტყვით, რომ ამ გუნდს ყველაფერი აქვს გამარჯვებისთვის. “რეალის” დონის კლუბისთვის ეს ლოგიკურიც გახლავთ. გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გასულ სეზონში. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ შარშანდელი სეზონის წარმატების გამეორება შეგვიძლია. “სევილია” ისე ითამაშებს, როგორც წინა სეზონში თამაშობდა. მეტოქე ოდნავ შეიცვალა, შუა ხაზში ახალი ფეხბურთელები მივიდნენ, თუმც საერთო სურათი უცვლელია.

კრიშტიანუ რონალდუ მზად არის, არანაირი პრობლემა არ აქვს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამდეგ მატჩში მაქსიმუმი გაიღოს, პრობლემები წარსულს ჩაბარდა. ტონი კროოსი დაახლოებით ხუთი დღეა, ვარჯიშობს, კარგ ფორმაშია. ვფიქრობ, რომ მას და ხამეს როდრიგესს “სევილიასთან” დებიუტი ექნებათ. მოედანზე იკერ კასილასიც იქნება. ის მუყაითად მუშაობს და ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაშიც.

გარეტ ბეილს საოცარი სეზონი ჰქონდა. მან ჩემპიონატი წინასასეზონო მზადების გარეშე დაიწყო. გარკვეული დრო დასჭირდა ფორმის დასაბრუნებლად. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ის უკვე იცნობს გუნდის ატმოსფეროს და თანაგუნდელებს. დარწმუნებული ვარ, ბეილი ამ სეზონშიც შესანიშნავად ითამაშებს. წინასასეზონო მომზადება ძალიან კარგად გაიარა. ის სასურველ კონდიციებშია როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. გასულ სეზონთან შედარებით, მან უფრო დიდ წარმატებას უნდა მიაღწიოს”, – ანჩელოტის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “რეალსა” და “სევილიას” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარკ კლატენბურგის ხელმძღვანელობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის.

 

უეფას სუპერთასი — უნაი ემერის წინასამატჩო სიტყვა

დღეს უეფას სუპერთასის მატჩში მადრიდის “რეალი” და “სევილია” შეერკინებიან ერთმანეთს. “სევილიას” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი აღიარებს, რომ “რეალი” ფავორიტია, თუმცა მისი თქმით, ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებული საკუთარი შანსების გამოყენებას ეცდება.

“ჩვენი საუკეთესო თამაშის ჩვენებით ერთხელ უკვე მოვახერხეთ “რეალის” დამარცხება (მარტი, 2014 წ. 2:1). ასე რომ, პრეცედენტი არსებობს. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, თუმცა “სევილიამ” ევროპის ლიგაზე ნაჩვენები შესანიშნავი სერიით დაამტკიცა, რომ გუნდური შრომისმოყვარეობით ფავორიტის დამარცხება შესაძლებელია, როგორც ეს “ბენფიკასთან” შევძელით. ახალწვეულებს მხედველობაში თუ არ მივიღებთ, “რეალს” ძალიან კარგად ვიცნობთ, თუმცა თავად ჩვენზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გუნდურად, გონივრულად უნდა ვითამაშოთ, შემტევი პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა, დაცვაშიც მარჯვედ თამაში გვმართებს. სწორედ ამის წყალობით დავამარცხეთ “რეალი” გასულ სეზონში.

“რეალი” უეჭველად ფავორიტია. გვინდა, რომ ინიციატივა ჩვენ ავიღოთ, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად მოგვცემს “რეალი” ამის საშუალებას. მადრიდელებს შეუძლიათ, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში თამაში გვაიძულონ. კრიშტიანუ, ბენზემა და ბეილი სწრაფები არიან და დაცვის ხაზში მეტოქეს სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ. ნახევარდაცვაში ხამეს როდრიგესს თავისუფლება არ უნდა მივცეთ. ასევე დასაშვებია, რომ თამაში საკუთარ თავზე მოდრიჩმა და კროოსმა აიღონ. ბურთი როგორც კი ჩაგვივარდება, მაშინვე სწრაფ კონტრშეტევებზე უნდა გადავიდეთ.

ბეილის შეჩერება ვერ მოვახერხეთ, როცა მან ჩვენს წინააღმდეგ პირველად ითამაშა. მაშინ ჩვენ ანგარიშით 3:7 დავმარცხდით (ოქტომბერი, 2013 წ.), ბეილი კი იმ დღეს გამორჩეული იყო. როდესაც გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს, შეგიძლია, მშვიდად იყო, მაგრამ როცა ის შენს წინააღმდეგ თამაშობს, მის გასანეიტრალებლად ორმაგი ან სამმაგი მუშაობა გიწევს. ვეცდებით, რომ ეს მოვახერხოთ, თუმც არც სხვა მოთამაშეების დავიწყებას ვაპირებთ”, – უნაი ემერის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “რეალსა” და “სევილიას” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარკ კლატენბურგის ხელმძღვანელობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის.