გურამ კაშია: “ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი უდიდებულესი მომენტია”

ჰოლანდიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე არნემის “ვიტესმა” სტუმრად როტერდამის “სპარტა” ლუის ბეიკერის დუბლის წყალობით ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალურ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ.

“როგორც იქნა, თასის მოგების შანსი გაგვიჩნდა. ამ კლუბს დიდი ისტორია აქვს, მაგრამ – არა ტიტულები. ჰოლანდიაში უკვე შვიდი წელია ვთამაშობ და ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი უდიდებულესი მომენტია. ვაცნობიერებთ, რამდენად ახლოს ვართ თასის მოგებასთან. მადლობას ვუხდი ლუის ბეიკერს. იგი ტექნიკურად შესრულებული დარტყმებით მთელი სეზონის განმავლობაში გვეხმარება”, – კაშიას სიტყვები “ტელეგრააფმა” გამოაქვეყნა.

ტურნირის მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს “ალკმაარი” და “კამბიური” დაუპირისპირდებიან. მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ჰოლანდიის თასის ფინალური შეხვედრა 30 აპრილს არის დაგეგმილი.

კაშიას ავტოგოლის მიუხედავად, “ვიტესი” ჰოლანდიის თასის ფინალშია (ვიდეო)

ჰოლანდიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე არნემის “ვიტესმა” სტუმრად როტერდამის “სპარტა” ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალურ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა. სტუმართაგან დუბლი შეასრულა ინგლისელმა ნახევარმცველმა ლუის ბეიკერმა. არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მასპინძლებს იმედი დაუბრუნდათ, თუმცა შეხვედრის შემოტრიალება ვერ შეძლეს. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაამთავრა.

ტურნირის მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს “ალკმაარი” და “კამბიური” დაუპირისპირდებიან. მატჩი ხუთშაბათს ჩატარდება.

ჰოლანდიის თასის ფინალური შეხვედრა 30 აპრილს არის დაგეგმილი.

კაშია: “რთული მეტოქე გვყავდა, მაგრამ თამაშით ბევრად ვაჯობეთ”

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის დუბლინში გამართული მატჩი (1:0) გურამ კაშიამ შეაფასა.

“მე ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ, მით უფრო – პირველ ტაიმში. საკმარისი რაოდენობის მომენტები შევქმენით იმისთვის, რომ გოლი გაგვეტანა, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია. ამ შეხვედრაში, როგორც მინიმუმ, ქულა დავიმსახურეთ.

ირლანდიის ნაკრები მებრძოლი გუნდია, მეორე სართულზე ძალზედ ძლიერია. ჩვენ ეს ვიცოდით. ეს გოლი უფრო ლელოს ჰგავდა. რთული მეტოქე გვყავდა, მაგრამ თამაშით ბევრად ვაჯობეთ.

მომენტები შევქმენით და უნდა გაგვეტანა. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ქულა ვერ მოვიპოვეთ, რაც ძალიან სამწუხაროა. კარგი გუნდი გვყავს, ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. თუ განვითარებასა და თავჩაუხრელ შრომას გავაგრძელებთ, იღბალიც მოვა. დავმარცხდით, მაგრამ პოზიტიურად უნდა ვიყოთ განწყობილნი, ვინაიდან კარგი თამაშის ჩვენებას ვეცადეთ, მომენტებიც შევქმენით. მჯერა, რომ გამოცდილებასაც შევიძენთ და უფრო ხარისხიანადაც ვიმოქმედებთ.

იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ ეს მარცხი მალე უნდა დავივიწყოთ, ვინაიდან მომდევნო მატჩი გველის. საკუთარი თავის გვჯერა. ქულები გვჭირდება და გამარჯვებები უნდა დავიწყოთ”, – აღნიშნა კაშიამ.

კაშიამ “დენ ჰააგს” გაუტანა (ვიდეო)

ჰოლანდიი ერედიდივიზიის 30-ე ტურში არნემის “ვიტესსა” და “დენ ჰააგს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. მასპინძელთაგან პირველი გოლი ქართველმა მცველმა გურამ კაშიამ შეხვედრის 35-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში სტუმრებმა მაინც მოახერხეს ავტოგოლის წყალობით ხელმეორედ დაწინაურება, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე მოედანზე შესულმა დენის ოლინიკმა 90-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლი გაიტანა და “ვიტესმა” ქულა გადაარჩინა.

გურამ კაშიამაც და ვაკო ყაზაიშვილმაც მატჩი სრულად ჩაატარეს.


Kashia GOAL (1:1) Vitesse vs Den Haag by bekimlorini

ეროვნულ ნაკრებს კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველო – საუდის არაბეთის ამხანაგურ მატჩამდე ეროვნულ ნაკრებს კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. დავით კვირკველია საქართველოს თასის ფინალში მიღებული მსუბუქი ტრავმის მიუხედავად, 23 მაისიდან ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. ბოლო ორ საწვრთნელ პროცესში კი, მონაწილეობა არ მიუღია. მედიკოსთა გადაწყვეტილებით, ფეხბურთელმა ესპანეთი დატოვა და თბილისში გაემგზავრა. გუნდთან ერთად აღარ არის ნიკა გელაშვილი, რომელმაც ვარჯიშზე  მიკროტრავმა მიიღო. ამ ცვლილებების შემდეგ, საუდის არაბეთთან ნაკრები 22-კაციანი შემადგენლობით დარჩა.  მცირე ტრავმა აქვს მურთაზ დაუშვილსაც, რომელმაც ვარჯიში გამოტოვა. უკვე ცნობილია, რომ პოლონური “იაგელონიას” ქართველი მცველი – გიორგი ფოფხაძე ნაკრებს მეორე ამხანაგური შეხვედრისთვის შვეიცარიაში შეუერთდება. ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა – გურამ კაშიამ მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

გურამ კაშია: „ყველა ქვეყანაში ახალი დამთავრებულია საფეხბურთო სეზონი და ფეხურთელები რთული სეზონის შემდეგ გადაღლილები ვართ, თუმცა, ნაკრებთან ერთად ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა. ეს ორკვირიანი პერიოდი მწვრთნელთან, ერთმანეთთან ურთიერთობისა და გამოცდილებისთვის უნდა გამოვიყენოთ. რაც შეეხება ჩვენ მეტოქეებს, მათ წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. ასევეა ჩემი  თანაგუნდელების უმრავლესობაც. ვნახეთ ვიდეოები და ვიცით, რა სტილის გუნდს ვეთამაშებით.

როდესაც ნაკრები თამაშობს, გულშემატკივარი ყოველთვის შედეგს ელოდება, თუმცა ჩვენი მიზანი იქნება, შედეგთან ერთად კარგი თამაშიც ვაჩვენოთ. გუნდში არაერთი ახალგაზრდაა და უნდა აღინიშნოს, რომ  მწვრთნელებს და გამოცდილ მოთამაშეებს სწორედ მათი იმედი გვაქვს. კარგი თაობა მოდის და მათთან შეთამაშების შემდეგ, ვფიქრობ, უკეთესი შედეგი გვექნება. მინდა წარმატება მივულოცო საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს.  მოულოდნელობებით სავსე გუნდია! უკვე ორი წელია წარმატებით და   სტაბილურად თამაშობენ. მე ვიცი, რას წარმოადგენს ამ ასაკში ჰოლანდიის ნაკრები. ჩვენმა გუნდმა კი, ის დაამარცხა და ჯგუფში ჩატოვა. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ საკუთარ ასაკში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. თავდაჯერებულები არიან და იმედი მაქვს, რომ 30 მაისს მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას კიდევ ერთხელ მივულოცავ”.

საქართველო – საუდის არაბეთის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ქალაქ ხერესში 29 მაისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ტელერეპორტაჟს არცერთი ქართული ტელეარხი არ გეგმავს. მის ჩვენებას SAUDI TV უზრუნველყოფს. ონლაინ ყურებისთვის საჭირო ლინკს კი, მოგვიანებით შეგატყობინებთ.

დაბოლოს, დღევანდელი მატჩის წინ, ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი) გიორგი ნადირაძე („სპარტაკი” ცხინვალი);

მცველები: უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლევან კაკუბავა („სპარტაკი“ ცხინვალი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ხიდეშელი („დინამო“ თბილისი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი პაპავა („დინამო” თბილისი), ლევან ხმალაძე („ჩიხურა”,საჩხერე);

თავდამსხმელები: ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე („დინამო“ თბილისი) ვლადიმერ დვალიშვილი (“ლეგია” ვარშავა).

სფფ-ის პრესსამსახური
ესპანეთი

გურამ კაშიამ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები შეაჯამა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ.

„ვფიქრობ, გერმანიის ნაკრები აშკარა ფავორიტია, რომელსაც ჯგუფის თითოეულ წევრთან მაქსიმალური ქულის აღება შეუძლია. რაც შეეხება დანარჩენებს, ირლანდიას, შოტლანდიას, პოლონეთსა და ჩვენს ნაკრებს მეორე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ. გერმანიის მსგავსად, ჩვენც ვეცდებით, რომ გიბრალტართან ექვსი ქულა ავიღოთ. ამ შემთხვევაში, ყველაფერს გადაწყვეტს ის, თუ რამდენ ქულას აიღებენ გუნდები ურთიერთშეხვედრებში. ძალიან საინტერესო სიტუაციაა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეჯგუფი ყველაზე სუსტია, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, იმდენად ძლიერი ჯგუფია, რომ ევრო-2016-ზე გასვლა არ შეგვიძლია-მეთქი“, – კაშიას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო D ქვეჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ჩვენი ქვეჯგუფის კალენდრის სანახავად გადადით ბმულზე: ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – ჩვენი ჯგუფის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

გურამ კაშია: „მოხარული ვარ, რომ „ვიტესს“ ჩემი გოლით დავეხმარე“

როგორც მოგეხსენებათ, ჰოლანდიის ერედივიზიონის 21-ე ტურში როტერდამის „ფეინოორდსა“ და არნემის „ვიტესს“ შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მასპინძლები 39-ე წუთიდან იგებდნენ, თუმცა შეხვედრის 57-ე წუთზე გურამ კაშიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და „ვიტესს“ ქულა მოუტანა.

ჰოლანდიური კლუბის ქართველმა კაპიტანმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„იმედგაცრუებული არ ვარ, თუმცა არც კმაყოფილი არ გახლავართ. აქ ქულის მოპოვება ყველა გუნდს უჭირს. ჩვენი საუკეთესო თვისებები გამომავლინეთ, განსაკუთრებით ეს მეორე ტაიმში მოვახერხეთ. დიდი მუშაობა გავწიეთ და ვფიქრობ, რომ არც ერთი ქულაა ურიგო შედეგი.

მშვენიერი გოლი გავიტანე. ვცდილობდი, რომ გამეტანა და მოხარული ვარ, რომ გუნდს ჩემი გოლით დავეხმარე.

ვამაყობ, რომ ჩემს გუნდს ჩემპიონატის ბოლო 12 მატჩში არცერთი მარცხი არ აქვს. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ვამაყობ ჩემი გუნდით, ეს ჩვენი მუშაობის შედეგია“, – აღნიშნა გურამ კაშიამ.

21 ტურის შემდეგ მეორეადგილოსან „ვიტესს“ აქტივში 42 ქულა აქვს და და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ ამსტერდამის „აიაქსს“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ბექა დოგრაშვილი

წლის ტრიუმფატორი – გურამ კაშია!

26 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განვლილი წელი ტრადიციულად, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე – „GFF Awards 2013“ – ზე შეაჯამა.

საზეიმო საღამოს ნაკრებების სამწვრთნელო შტაბის წევრები, საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, სპორტული მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

სფფ-ის ტრადიციულ, შემაჯამებელ ღონისძიებაზე, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო ფეხბურთელები; ისინი, ვინც 2013 წელს განსაკუთრებულად გამორჩეულები იყვნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, საუკეთესოების გამოსავლენად აზრი პროფესიონალებს ჰკითხა. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის მწვრთნელებმა და კაპიტნებმა.

ნომინანტები შემდეგი ოთხი ნომინაციიდან გამოვლინდნენ:

წლის საუკეთესო ახალგაზრდა (21-წლამდე) ფეხბურთელი
ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელი
წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი
2013 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

გამარჯვებულების გამოვლენამდე, განვლილი წელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა შეაჯამეს.

2013 წელი განსაკუთრებულად დატვირთული იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. სფფ-მ არაერთ მაღალი დონის ტურნირს უმასპინძლა. ამ წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, სხვადასხვა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები გუნდების მოსამზადებლად მოეწყო 60 შეკრება. ჩვენმა ნაკრებმა გუნდებმა 91 ამხანაგური და 36 ოფიციალური მატჩი ჩაატარეს.

რაც შეეხება უშუალოდ დაჯილდოვებას, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი გახდა. ნომინანტები კი,  გიორგი პაპავა და გიორგი ჭანტურია იყვნენ, რომლებმაც, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო სამეული ასეთია: გამარჯვებული – გიორგი ლორია, II ადგილი – ელგუჯა გრიგალაშვილი, III ადგილი – ჩისკო.

წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი, ისევე, როგორც შარშან, არნემის „ვიტესის“ კაპიტანი – გურამ კაშია გახდა. მეორე-მესამე ადგილებზე კი, ჯაბა კანკავა და ვაკო ყაზაიშვილი გავიდნენ.

სფფ-ის სპეციალური პრიზი – წლის საუკეთესო გუნდი, გია ცეცაძის 19-წლამდე (ახლა უკვე 20-წლამდე) ნაკრები გუნდი გახდა, რომელმაც გასული წლის ივლისში უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

საღამოს კულმინაცია კი, 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა იყო. ნომინანტების სამეული ასეთი გახლდათ: გურამ კაშია, გიორგი ლორია და ჯაბა კანკავა.

გამარჯვებული და წლის ნამდვილი ტრიუმფატორი გურამ კაშია გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, ამ ტიტულის მოქმედი მფლობელი იყო და 2013 წელსაც დამსახურებულად შეინარჩუნა.

„ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ. წელს ნამდვილად არ ველოდი ასეთ შედეგებს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას და იმ პროფესიონალებს – მწვრთნელებსა და კაპიტნებს, ვინც მიიჩნია, რომ მე ამ ჯილდოს ვიმსახურებ. ცოტა მეუხერხულება კიდეც, რადგან ვთვლი, რომ ჩემი ამპლუის ფეხბურთელის ასეთი აღიარება ძალიან ძნელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, – განაცხადა 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა.

სფფ-ის პრესსამსახური
ფოტო: სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი