დღეს უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში ჯგუფის პირველ- და მეორეადგილოსანი “სამტრედია” და “კოლხეთი” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მატჩი “ჩელე არენაზე” ჩატარდა.
პირველივე წუთიდან “სამტრედია” დომინირებდა, თუმცა ფოთელებმაც შექმნეს რამდენიმე მომენტი. ანგარიშის გახსნა 25-ე წუთზე იმერელთა თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ მოახერხა. ზუსტად16 წუთში იმავე ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და “სამტრედიას” უპირატესობა ორამდე გაზარდა. “კოლხეთს” მეორე ჭრილობა ვერ მოეშუშებინა, როცა ზივზივაძის გოლიდან 2 წუთში რაჟამაშვილმა თებიძის კარის ბადე შეარხია და იმერულ კლუბს ძალიან დიდი უპირატესობა მოუპოვა.
მეორე ნახევარში “კოლხეთმა” ერთი გოლის გაქვითვა შეძლო – 53-ე წუთზე ლუკავამ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.
მეტი საინტერესო აღარაფერი მომხდარა და მატჩიც, ანაგრიშით, 1-3 დასრულდა.
საგულისხმოა, რომ ამ გამარჯვებით “სამტრედიამ” ფოთურ გუნდს 6 ქულით გაუსწრო და საჩემპიონო პლეი-ოფში თამაში გაინაღდა.
შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონობისთვის ერთმანეთს “ჩიხურა” და “სამტრედია” დაუპირისპირდებიან.