მესიმ რონალდუს უპასუხა: “ახალი გამოწვევებისთვის ლიგის შეცვლა არ მჭირდება”

რამდენიმე კვირის წინ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სერია A-ში ლიონელ მესის გადმოსვლა ისურვა:

“კარგი იქნებოდა, თუ მესი ჩემ მსგავსად მოიქცეოდა და ახალ გამოწვევას მიიღებდა, თუმცა თუ ის “ბარსელონაში” ბედნიერია, მის არჩევანს პატივს ვცემ”.

ლეო მესიმ რონალდუს ამ მოწვევაზე კომენტარი “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:

“არანაირი ცვლილება არ მჭიდება. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, სადაც ახალი გამოწვევები ყოველწლიურად ჩნდება. ახალი მიზნებისთვის გუნდის ან ლიგის გამოცვლა არ მჭიდება. სახლში ვარ, საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და რაიმეს შეცვლის სურვილი არ მაქვს.

რონალდუსთან პრიმერადივიზიონში პაექრობა სასიამოვნო იყო. კრიშტიანუს დარი ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. ჩვენი ორთაბრძოლა საინტერესო იყო, მაგრამ მე მოედანზეც და მოედნის მიღმაც ჩემს გუნდზე ვარ ფოკუსირებული”.

რუმენიგე: “ალონსოსგან კარგი მწვრთნელი დადგება და იმედია, ის “ბაიერნში” დაბრუნდება”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ ჩაბი ალონსო გუნდში მწვრთნელის რანგში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა 2017 წელს პროფესიული კარიერა დაასრულა და ბავარიული გუნდი დატოვა. დღესდღეობით ის მადრიდის “რეალის” ბავშვთა გუნდს წვრთნის.

“მინდა, რომ ოდესღაც ჩაბი ალონსო “ბაიერნში” დაბრუნდეს. დღეს ის მწვრთნელის რანგში ვითარდება. ვფიქრობ, რომ მისგან კარგი სპეციალისტი დადგება. ალონსო ბუნებრივი ავტორიტეტით გამოირჩევა და კარიერის განმავლობაში საუკეთესო მწვრთნელებთან მოუწია მუშაობა”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს “კიკერი”.

ჩაბი ალონსო მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას 2014-დან 2017 წლამდე იცავდა.

აზერბაიჯანის ნაკრების თავკაცის პოსტზე ფერნანდო იეროს კანდიდატურას განიხილავდნენ

აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გურბალ გურბანოვის გათავისუფლების შემდეგ ქევყნის ფეხბურთის ფედერაცია ახალი სპეციალისტის ძიებაშია.

კანდიდატთა შორის დასახელებული იყო მადრიდის “რეალის” ყოფილი კაპიტანი ფერნანდო იერო, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო აზერბაიჯანელებმა მასზე უარი თქვეს.

შეგახსენებთ, რომ 50 წლის ფერნანდო იერო 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს თავკაცობდა, რომელიც ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებთან დაპირისპირებისას (1:1, პენ. 3:4) გამოეთიშა.

“მილანის” ხელმძღვანელობამ გატუზოს ულტიმატუმი წაუყენა

“მილანის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს ულტიმატუმი წაუყენა. “კორიერე დელო სპორტის” თანახმად, იტალიელი სპეციალისტის ბედი “როსონერის” უახლოეს ორ მატჩზე იქნება დამოკიდებული. ცნობისთვის, “მილანი” დამდეგ შეხვედრებს “ფროზინონესა” და სპალ-ის წინააღმდეგ გამართავს.

იტალიურ პრესაში ჯენარო გატუზოს შესაძლო შემცვლელების ვინაობასაც ასახელებენ: ფრანჩესკო გვიდოლინი და არსენ ვენგერი.

“მილანს” იტალიის სერია А-ს მე-17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი უკავია.

“შანხაი შენჰუა” კიკე სანჩეს ფლორესმა ჩაიბარა

ცნობილი ესპანელი სპეციალისტი კიკე სანჩეს ფლორესი ჩინური “შახაი შენჰუას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალებზე ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. ჩინეთში 53 წლის ესპანელმა მწვრთნელმა ხუთი თანაშემწე გაიყოლა.

კიკე სანჩეს ფლორესი მეტწილად “ვალენსიაში”, “ბენფიკაში”, მადრიდის “ატლეტიკოსა” და “უოტფორდში” მუშაობით არის ცნობილი. ბოლოს ის “ესპანიოლს” თავკაცობდა, საიდანაც აპრილის თვეში გაათავისუფლეს.

“შანხაი შენჰუამ” ჩინეთის სუპერლიგის ბოლო გათამაშება მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა. გუნდში ყველაზე ცნობილ ფეხბურთელებად ფრედი გუარინი და დემბა ბა ითვლებიან.

როგორ დაემშვიდობა ესპანეთის ნაკრები ინიესტას (ვიდეო)

ანდრეს ინიესტამ სანაკრებო კარიერა დაასრულა, “ფურია როხა” კი მას ემოციური ვიდეოთი დაემშვიდობა.

“ამბობენ, რომ სურათი ათას სიტყვად ღირს. ჩვენ ანდრეს ინიესტას კარიერის ასაღწერად 35 ფოტო გამოვიყენეთ. ეს იყო 35 ათასი სიტყვა, მაგრამ იცით თუ არა, რომ ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან ანდრესი უნიკალურია, განუმეორებელია”, – ნათქვამია ესპანეთის ნაკრების ოფიციალურ მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ანდრეს ინიესტა საკლუბო დონეზე ასპარეზობას განაგრძობს და ის იაპონური “ვისელ კობეს” ღირსებას დაიცავს.

სინიშა მიხაილოვიჩი “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელია

ფეხბურთის სერბი სპეციალისტი სინიშა მიხაილოვიჩი ლისაბონისის “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის სამწლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი.

სინიშა მიხაილოვიჩმა “სპორტინგის” თავკაცის პოსტზე ჟორჟე ჟეზუში შეცვალა, რომელმაც გუნდი სეზონის ბოლოს დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის სერბ სპეციალისტს საკლუბო დონეზე მთელი სამწვრთნელი კარიერა იტალიაში აქვს გატარებული, სადაც სხვადასხვა დროის განმავლობაში “ბოლონიას”, “კატანიას”, “ფიორენტინას”, “სამპდორიას”, “მილანსა” და “ტორინოს” ედგა სათავეში.

 

“ლივერპულისა” და “რეალის” ლეგენდები ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ

“ლივერპულისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელები მომავალი წლის გაზაფხულზე საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებენ.

მერსისაიდული გუნდის მხრიდან შეხვედრაში მონაწილე ყველა მოთამაშის ვინაობა ცნობილია: იან რაში, ჯონ არნე რიისე, გარი მაკალისტერი, მაიკლ ოეუნი, იერჟი დუდეკი, ჯეიმი კარაგერი, ლუის გარსია, პატრიკ ბერგერი, სალიფ დიაო, ჯეისონ მაკეტირი, ვლადიმირ შმიცერი, დევიდ ტომპსონი, სანდერ ვესტერველდი, დიტმარ ჰამანი, ჯონ ოლდრიჯი, ფილ ბები, სტეფან ანშო, დანიელ აგერი, რობი ფაულერი.

“რეალის” მხრიდან მატჩში მონაწილე ფეხბურთელთა მხოლოდ მცირე ნაწილის ვინაობაა ცნობილი: რობერტო კარლოსი, ლუიშ ფიგუ, ემილიო ბუტრაგენიო და სტივენ მაკმანამანი.

შეხვედრა 2017 წლის 25 მარტს, “ენფილდზე” ჩატარდება.

რონალდუს შვილს გრიზმანი უყვარს (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს დედამ – დოლორეს ავეირომ სოციალურ ქსელში შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა.

ფოტოზე პატარა კრიშტიანუ საფრანგეთის ნაკრების 7-ნომრიანი მაისურით არის აღბეჭდილი. როგორც ცნობილია, “მამალთა” რიგებში მე-7 ნომრით მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი თამაშობს, რომელიც ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე რონალდუს კონკურენტია.

little Ronaldo

“ელ კლასიკოში” რონალდუსა და მესის შორის მცირე დიალოგი შედგა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-14 ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ ერთმანეთთან ორიოდ სიტყვა გაცვალეს.

Canal Futbolista-ს ცნობით, ერთ-ერთ ეპიზოდში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სკაუთარ საჯარიმოში მესი პერსონალურად აიყვანა და მათ შორის მეგობრული დიალოგიც შედგა.

რონალდუ: “რა ხდება?”
მესი: “მშვიდობაა”.