რაული: „შესაძლოა, დელ ბოსკე 4-6-0 სქემას მიუბრუნდეს“

ესპანური ფეხბურთის ლეგენდარული ფიგურა რაული თვლის, რომ თავდამსხმელებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნომინალური ფორვარდის გარეშე ითამაშოს.

„დავიდ ვილიამ და ფერნანდო ტორესმა თავიანთ კლუბებში მთლად კარგად თავი ვერ წარმოაჩინეს. შესაძლოა, დელ ბოსკემ კვლავ მიმართოს 4-6-0 სქემას. თუ ეს გოლების გატანაში დაგვეხმარება, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არა – მწვრთნელი საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცევა. ასეთია საფეხბურთო მწვრთნელისა და მოთამაშეების ბედი.

ტიტულის დაცვა გაცილებით რთულია, ვიდრე მისი მოპოვება. ყველა ესპანელი გულშემატკივარი სვამს კითხვას, შეძლებს ესპანეთის ნაკრები ამ ამოცანის დაძლევას? დელ ბოსკე იცნობს თავის გუნდს და იცის, რომელი სათამაშო სქემა გამოადგება. პუიოლის არყოფნაში დაცვა უფრო სუსტი იქნება. დიეგო კოსტას მდგომარეობაც დიდ შეშფოთებას იწვევს. იგი ტრავმის მიღებამდე საუცხოო ფორმაში იყო.

ესპანეთის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. არის ჩემპიონობის სხვა კანდიდატებიც, თუმცა ესპანეთი პირველ რიგში სახელდება. ბრაზილიის ნაკრები საკუთარ კედლებში ითამაშებს, რაც მათ თავდაჯერებას შემატებს. ბრაზილიელებს ამჯერად უფრო ძლიერი მცველები ჰყავს, ვიდრე შემტევები“, – განაცხადა რაულმა.

 

ნიკო კოვაჩი: „ვიცით, როგორ შევაჩეროთ ნეიმარი და ბრაზილია“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩით გაიხსნება. ბალკანელთა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა განაცხადა, რომ მის გუნდს ნეიმარისა და „სელესაოს“ გაჩერება შეუძლია.

„ვიცით, როგორ შევაჩეროთ ნეიმარი და ბრაზილიის ნაკრები. ბრაზილია მხოლოდ ნეიმარი არ გახლავთ: მეტოქეს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ხორვატიის ნაკრებიც შესანიშნავი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მათ გაცნობიერებული აქვთ, რაოდენ დიდი პატივია ხორვატიის სახელით თამაში, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ერი. მოედანზე გულს დავდებთ.

ბერლინში ბრაზილიელები ვერ გავაოცეთ (2006 წელს, როდესაც ბრაზილიამ ხორვატია ანგარიშით 1:0 დაამარცხა), თუმცა ვაჩვენეთ, რა შეგვიძლია. დანებებას არ ვაპირებთ, პირიქით – ჩვენ შევუტევთ! ვითამაშებთ ისე, როგორც სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში. ძალზედ მნიშვნელოვანია ბურთის კონტროლი, რადგან ბრაზილიელებს ართმევაზე თამაში არ უყვართ“, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნიკო კოვაჩმა.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

სამუნდიალე კონკურსი (ბრაზილია — ხორვატია)

იხსნება მსოფლიოს ჩემპიონატი და იხსნება ჩვენი სამუნდიალე კონკურსიც. პირველ ჯერზე გთავაზობთ ტურნირის გახსნით მატჩთან დაკავშირებულ 4 საკონკურსო კითხვას.

ჩვენს მიერ მოცემულია ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებული 4 კითხვა, რომელსაც სწორად უნდა უპასუხოთ. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 10 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. გამარჯვებულებს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი დაერიცხებათ.

კომენტარები ამავე პუბლიკაციის გვერდზე უნდა მიუთითოთ. გასათვალისწინებელია, რომ კონკურსში მონაწილეობს მხოლოდ ჩვენი საიტის სისტემით დამატებული კომენტარები. თითოეული მომხმარებლისგან მიიღება ერთი (პირველი) კომენტარი.

„ევროპა ბეთის“ ანგარიშის პინ-კოდი მიუთითეთ ან „ჩემს პროფილში“ არსებულ ველში „ჩემს შესახებ“ (http://fanebi.com/user_profile/), ანდაც დაურთიეთ საკონკურსო კომენტარს.

საკონკურსო კითხვებია:

1) რამდენი გოლი გავა (3 და მეტი თუ ნაკლები)?
2) რომელი გუნდი გააკეთებს პირველ ცვლილებას?
3) რომელი გუნდის ფეხბურთელი მიიღებს პირველ გაფრთხილებას?
4) გაიტანს თუ არა ნეიმარი?

P.S. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით Fanebi.com-ის ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით.

Fanebi.Com-ის მსოფლიოს ჩემპიონატის გვერდი

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს იღებს. იხსნება მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ფორუმი და ამისთვის ყველა ემზადება – გუნდები, გულშემატკივრები, მსაჯები, ჟურნალისტები, ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, მსუქანი თუ ტანწვრილი.

მსოფლიოს ჩემპიონატის საგანგებო რეჟიმში გასაშუქებლად ემზადება სპორტული ინტერნეტ-პორტალი Fanebi.com-იც, რომელიც ბრაზილიის მუნდიალს სპეციალური პროექტით ხვდება. მომზადდა მსოფლიოს ჩემპიონატის გვერდი, რომლის დახმარებითაც ჩვენი პორტალის სტუმრები ტურნირის სიახლეებს, ანგარიშებს, სატურნირო ცხრილებს, ბომბარდირთა დავას და სხვა დეტალებს უფრო მოსახერხებელ რეჟიმში გაეცნობიან. ახალი გვერდი მსოფლიოს ჩემპიონატზეა კონცენტრირებული, რომლის დახმარებითაც მკითხველს სასურველი ინფორმაციის მოპოვება უფრო სწრაფად, იოლად და მოხერხებულად შეეძლება, თუმცა ამავე გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ სატრანსფერო სიახლეების გაცნობაც — fanebi.com/worldcup.

აქვე გაცნობებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით Fanebi.com-ზე განახლებული საკონკურსო პროექტები დაბრუნდება, რის მოთხოვნილებასაც მომხმარებლისგან ყოველდღიურად ვგრძნობთ.

Fanebi.com-ის გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ტრადიციულად ყველაზე ოპერატიულ რეჟიმში მოგაწოდოთ ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მოედანზე თუ მის მიღმა ხდება.

წინ ცხელი ზაფხული გველის, თქვენ კი უკვე იცით, რომ არჩევანი Fanebi.com-ზე უნდა გააკეთოთ, რადგან ჩვენთან უკეთესია!

 

მარადონა: „ფინალში არგენტინელების მიერ ბრაზილიელების დამარცხება ორგაზმის ტოლფასი იქნება“

არგენტინის ნაკრებთან ერთად 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დიეგო არმანდო მარადონა იმედს გამოთქვამს, რომ მისი თანამემამულეები მუნდიალის ფინალში გასვლას შეძლებენ. მარადონას სურვილია, რომ ფინალურ მატჩში არგენტინელებს ბრაზილიელები დაუპირისპირდნენ.

„იმედი მაქვს, არგენტინის ნაკრები ფინალში გასვლას შეძლებს და მთავარ მიზანსაც მიაღწევს. ფინალურ შეხვედრაში ბრაზილიელების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ბრაზილიის ნაკრები ფინალში უეჭველად გავა. ფინალურ მატჩში არგენტინელების მიერ ბრაზილიელების დამარცხება ორგაზმის მსგავსი რამ იქნება“, – მარადონას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი 13 ივლისს გაიმართება.

 

 

ნესტას, მილიტოს, ჰამანის, მენდიეტას და ჰესკის საოცნებო გუნდები

წარსულისა და თანამედროვეობის ცნობილმა ფეხბურთელებმა ემილ ჰესკიმ, გაისკა მენდიეტამ, დიეგო მილიტომ, დიტმარ ჰამანმა და ალესანდრო ნესტამ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საოცნებო გუნდი დაასახელეს.

თითოეულმა მოთამაშემ საკუთარი ნაკრები შეადგინა. არგენტინელი ლიონელ მესი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ და ესპანელი სერხიო რამოსი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ყველას საოცნებო გუნდში მოხვდნენ.

ჰესკის გუნდი: ჯო ჰარტი, დანი ალვესი, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი, იაია ტურე, ანდრეს ინიესტა, კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი, არიენ რობენი.

მენდიეტას გუნდი: იკერ კასილასი, პაბლო ზაბალეტა, ხერარ პიკე, სერხიო რამოსი, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, არტურო ვიდალი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ნეიმარი, ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ.

მილიტოს გუნდი: ჟულიო სეზარი, დუგლას მაიკონი, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, პატრის ევრა, ტიაგო მოტა, ანდრეს ინიესტა, პოლ პოგბა, სერხიო აგუერო, ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ.

ჰამანის გუნდი: მანუელ ნოიერი, დანი ალვესი, სერხიო რამოსი, ვენსან კომპანი, ფილიპ ლამი, დავიდ სილვა, პოლ პოგბა, დავიდ ლუისი, კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი, სერხიო აგუერო.

ნესტას გუნდი: ჯანლუიჯი ბუფონი, დანი ალვესი, სერხიო რამოსი, ტიაგო სილვა, მარსელო, კრიშტიანუ რონალდუ, ანდრეა პირლო, ლუკა მოდრიჩი, ანხელ დი მარია, ლეო მესი, ლუის სუარესი.

სკოლარი: „ამჟამინდელი და 2002 წლის გუნდები ერთი და იგივეა“

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი თვლის, რომ „სელესაოს“ ამჟამინდელი შემადგენლობა არაფრით არ ჩამოუვარდება 2002 წლის გუნდს, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

„მე ვიტყოდი, რომ ახლანდელი შემადგენლობა და 2002 წლის გუნდი საერთო ჯამში ერთი და იგივეა. ჩემი ფეხბურთელების შესაძლებლობები საშუალებას მაძლევს, რომ თამაშის ტაქტიკური სურათი შევცვალო. ამ გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებსაც გუნდის სასარგებლოდ შეუძლიათ, რომ სათამაშო სტილი შეიცვალონ. მაგალითად, თუ საჭირო გახდება, ნეიმარი მეტოქე გუნდის მოთამაშეებს დაფარავს“, – სკოლარის სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებთა შორის გასამართი მატჩით გაიხსნება.

ბექა დოგრაშვილი

მინდორი, სადაც ინგლისი-იტალიის მატჩი უნდა შედგეს, საშინელ მდგომარეობაშია

ქალაქ მანაუსში მდებარე სტადიონის მინდორი, სადაც სამ დღეში ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის სამუნდიალე მატჩი უნდა გაიმართოს, საშინელ მდგომარეობაშია. ESPN-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ მინდვრის საფარი იდეალური მდგომარეობისგან შორსაა, განსაკუთრებით კი ეს მეკარის საჯარიმო მოედანზე ითქმის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრიტანელებმა ამ სტადიონზე დაგეგმილი ვარჯიში გააუქმეს.

ცნობისთვის, მატჩი ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის 15 ივნისს, თბილისის დროით შუაღამის 02:00 საათზე დაიწყება.

სოლომონ კვერკველია: „მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებს ვუქომაგებ“

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სოლომონ კვერკველიამ მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ კომენტარი გააკეთა. 22 წლის ქართველი ფეხბურთელი მუნდიალზე „სკუადრა აძურას“ დაუჭერს მხარს.

„მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებს ვუქომაგებ. ეს გუნდი ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი მცველებით. ნესტა, კანავარო, მალდინი – სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. საინტერესოა, ვინ გაიბრწყინებს ამჯერად“, – აღნიშნა კვერკველიამ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ იხსნება.

ბექა დოგრაშვილი

რამირესი გვპირდება

ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი რამირესი აცხადებს, რომ დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყვითელი ბარათების მიღებას მაქსიმალურად მოერიდება.

ოთხი წლის წინათ, სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის მერვედფინალურ ეტაპზე ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში რამირესმა მეორე გაფრთხილება მიიღო და ტურნირის მეოთედფინალში ჰოლანდიელებთან გამართული მატჩი გამოტოვა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 1:2 წააგო.

„წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარი შემთხვევებიდან სათანადო დასკვნა გავაკეთე. მოედნის ცენტრში თამაშის წესის დარღვევამ მომდევნო ეტაპის მატჩი გამომატოვებინა. ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ. არ მინდა, რომელიმე შეხვედრა გამოვტოვო.

ვამაყობ „ჩელსიში“ ჩემი თამაშითა და მონაცემებით. სასიამოვნოა, რომ ბურთის ართმევების რაოდენობით მეორე პოზიციაზე ვარ, თუმცა ნაკრებში ოდნავ განსხვავებული საქმით დავკავდები. ვეცდები, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე სტატისტიკა კიდევ უფრო გავიუმჯობესო“, – რამირესის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

კრესპო: „ღმერთმა ქნას, ეს მესის მუნდიალი აღმოჩნდეს“

არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ერნან კრესპომ თანამემამულეების სამუნდიალე შანსები შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატს სწორედ „ალბისელესტე“ მოიგებს. ამასთან, კრესპო არგენტინელ ფეხბურთელებს ხუმრობით ურჩევს, თუ მუნდიალს მოიგებთ, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეთო.

„თუ ბრაზილიაში არგენტინის ნაკრები გახდება ჩემპიონი, თანამემამულეებს ვურჩევდი, რომ ვერტმფრენი ახლოს ჰყავდეთ. ეს ყოველი შემთხვევისთვის, არგენტინელები ვინმემ რომ არ დახოცოს (იცინის).

რა თქმა უნდა, მოგება შესანიშნავი იქნებოდა. არგენტინას მშვენიერი გუნდი ჰყავს. ყოველთვის გვაქვს ჩემპიონობის კარგი შანსები, თუმცა მხოლოდ ორჯერ მოვიგეთ მსოფლიოს ჩემპიონატი.

ღმერთმა ქნას, ეს მესის მუნდიალი აღმოჩნდეს“, – კრესპოს სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინას მეტოქეებად ბოსნია-ჰერცეგოვინის, ირანისა და ნიგერიის ნაკრებები ჰყავს. არგენტინელები პირველ შეხვედრას 16 ივნისს ბოსნიელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ბექა დოგრაშვილი

მოდრიჩი: „ჩვენი პირველი მიზანი მუნდიალის პლეი-ოფში თამაშია“

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს იდეალურ ფორმაში ხვდება.

„თავს კარგად ვგრძნობ. სრულიად ჯანმრთელი ვარ და რაც მთავარია, ტურნირისთვის სათანადოდ ვემზადები. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დასასვენებლად რამდენიმე დღე მქონდა, რამაც საშუალება მომცა, კონცენტრაცია მთლიანად ნაკრებზე გამეკეთებინა. მზად ვარ და მოუთმენლად ველი მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტს.

ევრო-2012-ზე კარგად გამოვედით, თუმცა მაშინ არ გაგვიმართლა. ამის შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე გარკვეული პრობლემები გვქონდა. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე შორს გასვლა შეგვიძლია. ჩვენი პირველი მიზანი პლეი-ოფში თამაშია“, – მოდრიჩის სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

ხორვატიის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად მასპინძელი ბრაზილიის, კამერუნისა და მექსიკის ნაკრებები ჰყავს. ტურნირის გახსნითი შეხვედრა ბრაზილიელებსა და ხორვატებს შორის გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი