მუნდიალი-2014: ინტრიგა, ტენდენცია, მოლოდინი

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღე დარჩა. ტურნირის ფავორიტების შესახებ აქამდეც ბევრი მოსაზრება გამოითქვა და ამის შემდეგაც ბევრი გამოითქმება, თუმცა მუნდიალზე სხვა მრავალი დეტალიც იწვევს ინტერესს. განვიხილოთ რამდენიმე საინტერესო დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ მუნდიალის მსვლელობის დროს.

 

ინტრიგა
მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობის გარკვევის გარდა, ტურნირს სხვა დამატებითი ინტრიგაც ახლავს თან. საინტერესოა, შეძლებს თუ არა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსის დაბევებას. გერმანელ ფეხბურთელს ამ ტურნირზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთი გოლით ნაკლებია ბრაზილიელი რონალდოს მონაგარზე. კლოზემ გუშინწინ გერმანიის ნაკრების ფორმით რიგით 69-ე გოლი გაიტანა, ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიროსლავ კლოზე მუნდიალს კარგი განწყობით ხვდება და რონალდოს რეკორდის გაუმჯობესებასაც შეეცდება.

 

ტენდენცია
ევროპული საკლუბო ფეხბურთის ბოლო ორ სეზონში ნათლად გამოჩნდა, რომ ტიკი-ტაკას ერა, „ბარსას“ სტილი წარსულს ბარდება. საკლუბო დონეზე უკვე ბევრი კლუბი და მწვრთნელი გაუმკლავდა „ბარსელონას“ ჩვეულ და „ბაიერნის“ განახლებულ მეთოდს. ტიკი-ტაკას მოძველების ტენდენცია სანაკრებო დონეზეც შეიმჩნევა. 2013 წლის კონფედერაციის თასზე ბოლომდე ვერ გაამართლა ამ მეთოდმა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელმა ბრაზილიის ნაკრებმა ესპანეთს სამი უპასუხო გოლი აგემა. საინტერესოა, გაგრძელდება მუნდიალზე ეს ტენდენცია?

 

მოლოდინი
განსაკუთრებული ყურადღება იგრძნობა ბელგიის ნაკრების მიმართ. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბელგიელთა გუნდის საშუალო ასაკი 25 წელია. ბელგიის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი სათამაშო ფორმის პიკზეა, თითქმის ყველა მოთამაშე წამყვან ევროპულ კლუბებში ასპარეზობს.

მეორე, შეუძლებელია, არ გავამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ბელგიელთა საშუალო სიმაღლე 1,87 სანტიმეტს უტოლდება(!) თუ რომელიმე მატჩი ბელგიელთა დამრიგებლის, მარკ ვილმოტსის სცენარით არ წარიმართა, ადვილი მისახვედრია, რა იქნება მათი გეგმა B…

მესამე, ბელგიის ნაკრებს შეტევის ხაზში ჰყავს ფანტასტიურად მოთამაშე რომელუ ლუკაკუ. დაახლოებით ერთი თვის წინათ მას 21 წელი შეუსრულდა, უმაღლეს დონეზე კი უკვე 83 (!) გატანილი გოლი აქვს. შედარებისთვის: ამ ასაკში ლეო მესის 61, კრიშტიანუ რონალდუს კი 66 ბურთი ჰქონდა გატანილი.

ბექა დოგრაშვილი

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მეძავებიც აქტიურად ემზადებიან

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ტურნირისთვის ყველა ემზადება, მათ შორის უძველესი პროფესიის წარმომადგენლებიც.

ბრაზილიის ქალაქ ბელუ ორიზონტეში (აქ მსოფლიო ჩემპიონატის ექვსი მატჩი ჩატარდება) მეძავეებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები მოაწყეს. ამ იდეით რეგიონის მეძავთა ასოციაცია გამოვიდა(!)

მეძავები მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობის დროს დიდი რაოდენობით სტუმრებს ელიან და სურთ, რომ ღირსეული მასპინძლობა გასწიონ. მასპინძლები მზად არიან, იმუშაონ არამხოლოდ სამ ცვლაში, არამედ სტუმრებს მაღალი ხარისხის მომსახურებაც შესთავაზონ. ინგლისური ენის შემსწავლელი კურსის გავლის შემდეგ მეძავს უნდა შეეძლოს ინგლისურ ენაზე მისალმება და კლიენტთან საუბარი, სხვა დანარჩენისთვის კი ენის ცოდნა ნაკლებად საჭიროა.

 

მარკო როისი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს?

გერმანიისა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის გამართული მატჩის (6:1) 44-ე წუთზე „ბუნდესთიმის“ ნახევარმცველ მარკო როისს მარცხენა ფეხი გადაუბრუნდა და შესაცვლელი შეიქნა. მეტიც, ფეხბურთელმა მოედნის დატოვება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის დახმარების მეშვეობით შეძლო.

ვიდეო და ფოტომასალიდან გამომდინარე, ტრავმა სერიოზული უნდა იყოს და დიდია იმის ალბათობა, რომ როისმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს.

 

 

ოუენი მუნდიალის ფავორიტად არგენტინის ნაკრებს თვლის

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მაიკლ ოუენი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად არგენტინის ნაკრებს თვლის.

„არგენტინის ნაკრებს მუნდიალის მთავარ ფავორიტად ვთვლი. არგენტინელებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ, რომელსაც სერხიო აგუერო და ლეო მესი უდგანან სათავეში.

მათთან მატჩში ძალიან ძნელი იქნება კარის მშრალად შენახვა. არგენტინის ნაკრები პრაქტიკულად სახლში თამაშობს, ფეხბურთელები მიჩვეულნი არიან ამ სიმაღლესა და ამინდს.

არგენტინელებს დაცვაში აქვთ გარკვეული ხარვეზები, თუმცა მათ იციან, როგორ დაიყვანონ ხიფათი მინიმუმამდე. დარწმუნებული ვარ, რომ არგენტინელები უფრო მაღალ დონეზე დგანან, ვიდრე დანარჩენი გუნდები“, – ოუენის სიტყვებს Sportlobster-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინელებს მეტოქეებად ირანის, ნიგერიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებები ჰყავთ.

ბექა დოგრაშვილი

ბელგიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში ცვლილება მოხდა

ბელგიის ნაკრების 23-კაციან სამუნდიალო განაცხადში ცვლილება მოხდა.

გუნდის მესამე მეკარედ „ჰოფენჰაიმის“ კარის დარაჯი კოენ კასტეელსი იყო შეყვანილი, რომელმაც ტრავმის სრულად მოშუშება ვერ მოასწრო. ამიტომ, მის ნაცვლად მსოფლიოს ჩემპიონატზე „ზლიუტე-ვარეგემის“ 28 წლის მეკარე სემი ბოსუტი გაემგზავრება

ბელგიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში პირველ-მეორე მეკარეებად ტიბო კურტუა და სიმონ მინიოლე არიან შეყვანილნი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბელგიას მეტოქეებად რუსეთის, კორეის რესპუბლიკისა და ალჟირის ნაკრებები ჰყავს. ბელგიელები ტურნირის პირველ შეხვედრას 17 ივნისს ალჟირელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

რომელი ფეხბურთელები გამოსახეს არგენტინის ნაკრების თვითმფრინავზე?

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას ქალაქიდან ქალაქში თვითმფრინავ „ბოინგ“ 737-700-ით გადაადგილდება, რომლის ფიუზელაჟზეც „ალბისელესტეს“ თავდამსხმელები ლიონელ მესი, გონსალო იგუაინი და სერხიო აგუერო იქნებიან გამოსახულნი. ეს ფეხბურთელები გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ. გარდა ამიზა, თვითმფრინავის ბორტს დაამშვენებს ნაკრების დევიზი: „წინ, არგენტინა!“

ფალკაო მუნდიალს გამოტოვებს — კოლუმბიის ნაკრების განაცხადი

კოლუმბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა გუნდის საბოლოო სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა.

„მონაკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო 23 კაცში ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა იანვრის თვეში მძიმე ტრავმა მიიღო, რის მოშუშებასაც არანაკლებ ნახევარი წელიწადი სჭირდებოდა. ფალკაომ რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სასურველ ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო. ამრიგად, მას მუნდიალის გამოტოვება მოუწევს.

კოლუმბიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ოსპინა („ნიცა“), მონდრაგონი („დეპორტივო კალი“), ვარგასი („სანტა-ფე“);
მცველები: იეპესი („ატალანტა“), საპატა („მილანი“), ვალდესი („სან-ლორენსო“), ბალანტა („რივერ პლეიტი“), არიასი (პსვ), სუნიგა („ნაპოლი“), არმერო („ვესტ ჰემი“);
ნახევარმცველები: სანჩესი („ელჩე“), გუარინი („ინტერი“), აგილარი („ტულუზა“), რამირესი („მორელია“), კინტერო („პორტუ“), მეხია („ნასიონალი“), როდრიგესი („მონაკო“), კუარდადო („ფიორენტინა“), იბარბო („კალიარი“);
თავდამსხმელები: გუტიერესი („რივერ პლეიტი“), ბაკა („სევილია“), რამოსი („ჰერტა“), მარტინესი („პორტუ“).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიას მეტოქეებად კოტ დივუარის, საბერძნეთისა და იაპონიის ნაკრებები ჰყავს.

ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის 21-ე ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის 21-ე ნომერი, რომლის უმეტესი ნაწილი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებულ პრობლემებს ეთმობა.

ნომერში წაიკითხავთ:

გვ. 2-7 — პური და სანახაობა ბრაზილიურად;
გვ, 8 — მორიგი ევროსეზონის წინ

   კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

1-ელი ივნისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ევროპელებს ბრაზილიის მუნდიალზე შანსი არ აქვთ?

ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს ამ ტურნირს. საერთოდ კი, ეს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გამართული რიგით მეხუთე მუნდიალი იქნება. მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ფორუმს ამ კონტინენტმა უკანასკნელად 1978 წელს უმასპინძლა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი არგენტინაში ჩატარდა.

რაც ყველაზე მთავარია – სამხრეთ ამერიკაში გამართულ მუნდიალებზე სამხრეთამერიკული ნაკრებების გარდა ჩემპიონობა არავის უზეიმია.

საერთოდაც, დასავლეთ ნახევარსფეროში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამხრეთამერიკული ნაკრებების მძლევი გუნდი ჯერ არ გამოჩენილა. გაგრძელდება ტრადიცია?

 

წელი: მასპინძელი: ფინალი:
1930 ურუგვაი ურუგვაი 4:2 არგენტინა
1950 ბრაზილია ურუგვაი 2:1 ბრაზილია
1962 ჩილე ბრაზილია 3:1 ჩეხოსლოვაკია
1970 მექსიკა ბრაზილია 4:1 იტალია
1978 არგენტინა არგენტინა 3:1 ჰოლანდია (დამატებითი დრო)
1986 მექსიკა არგენტინა 3:2 გერმანია
1994 აშშ ბრაზილია 0:0 იტალია (პენ: 3:2)
2014 ბრაზილია — ?

ბექა დოგრაშვილი

კოლო ტურეს მალარია შეეყარა

ESPN-ის ცნობით, კოტ დივუარის ნაკრების მცველ კოლო ტურეს მალარია შეეყარა. წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი სამშობლოში დაავადდა. გამოჯანმრთელებას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება. ტურეს ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგურ მატჩის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ კოტ დივუარს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად იაპონიის, კოლუმბიისა და საბერძნეთის ნაკრებების ჰყავს. აფრიკელები მსოფლიო პირველობაზე პირველ შეხვედრას 15 ივნისს იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

ჯერარდი: „ისე თამაში შეგვიძლია, რომ იტალიელებს შოკში ჩავაგდებთ“

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ მის გუნდს ბევრის გაოცება შეუძლია. 33 წლის ნახევარმცველის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „სამმა ლომა“ სასტარტო მატჩში, რომელიც იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება, წარმატებით ითამაშოს.

„ნიჭი და უნარი გაგვაჩნია. თუ ცოტა იღბალიც გაგვიმართლებს, ინგლისის ნაკრებს ბევრის გაოცება შეუძლია. ჩვენი პირველი მიზანი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ სასტარტო შეხვედრაში კარგი თამაშია.

იტალიელებს, რა თქმა უნდა, ძალზედ გამოცდილი გუნდი ჰყავთ, ჩვენ მათ პატივს ვცემთ, თუმცა არ გვეშინია. ჩვენ ისე თამაში შეგვიძლია, რომ იტალიელებს შოკში ჩავაგდებთ“, – ჯერარდის სიტყვები Liverpool Echo-მ გამოაქვეყნა.

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 17 დღე დარჩა. მატჩი ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის 15 ივნისს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

ვან დერ სარი: „ჰოლანდიის ნაკრებს რთული დროება უდგას“

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ სარი თვლის, რომ „ნარინჯისფერებს“ ოსტატობა არ ეყოფათ იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზონ.

„ახლა ჩვენს გუნდს რთული დროება უდგას. ჰოლანდიის ნაკრებს მსოფლიო დონის 10-11 მოთამაშეც კი არ ჰყავს. გუნდში ასეთი მხოლოდ სამი თუ ოთხი ფეხბურთელია, თან მათ ასაკიც ემატებათ. ასეთ დროს ძველი თაობა ახალგაზრდა მოთამაშებმა უნდა ჩაანაცვლონ. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები თავს გამოიჩენენ ჯერ კლუბში, შემდეგ კი ნაკრებში. ვიმედოვნებ, ისინი უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე უკანასკნელი სამი-ოთხი წლის მონაგარი. ოთხი წლის წინათ ვითამაშეთ ფინალში“, – ვან დერ სარის სიტყვები ფიფას ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ესპანეთის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებები ჰყავს. ლუი ვან გალის გუნდი პირველ მატჩს 13 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბექა დოგრაშვილი