ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი გუნდში რობენის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ევრო-2020-ისთვის გუნდში “გრონინგენის” ნახევარმცველ არიენ რობენის შესაძლო გამოძახებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ნიდერლანდებიოს ნაკრებში 37 წლის ფეხბურთელის დაბრუნების შესახებ ხმები განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ გახშირდა. გუშინ რობენმა ნიდერლანდების ჩემპიონატის 32-ე ტურში “ემენის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (4:0) ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, მატჩის შემდეგ კი ნაკრებში დაბრუნება და ევროპის ჩემპიონატზე თამაში არ გამორიცხა. სამაგიეროდ, ამას ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი გამორიცხავს.

“ძალიან მიხარია, რომ რობენი ისევ თამაშობს. ნაკრებში იმ ფეხბურთელების გამოძახება, რომლებსაც კლუბში თამაში იშვიათად უწევთ, კრიტიკას იწვევს. რობენმა 90 წუთი უკანასკნელად ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ ითამაშა.

არასდროს თქვა “არასდროს”, მაგრამ ამ მომენტში ნაკრებში რობენის გამოძახებას გამოვრიცხავ. შესაძლოა, ის მზად ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იყოს”, – ციტირებს დე ბურის სიტყვებს Voetbal International-ი.

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენმა სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა. მან ნიდერლანდების ეროვნული გუნდის ფორმით ჩატარებულ 96 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა.

არიან რობენმა ნაკრებში გატანილი გოლებით ბერგკამპს გადაასწრო

ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” შემტევმა, არიენ რობენმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ორი გოლის გატანა შეძლო.

გატანილი გოლების წყალობით, 33 წლის რობენმა ჰოლანდიის ნაკრებში გატანილი გოლების რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, გადაასწრო რა დენის ბერგკაპს.

“ნარინჯისფერთა” მაისურით ყველაზე მეტი გოლი რობინ ვან პერსის აქვს გატანილი (50), მას კლას-იან ჰუნტელაარი (42) და პატრიკ კლიუვერტი მოსდევენ (40). რობენის ანგარიშზე კი 37 გოლია.

გეტყვით იმასაც, რომ არიენი ძალიან ახლოსაა სანაკრებო კარიერის დასრულებასთან.

რობენი მსოფლიო ჩემპიონატზე: “ჩვენთვის ყველაფერი დასრულებულია”

ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი, არიენ რობენი უარს ამბობს უსაფუძვლო ოცნებებზე და აღიარებს, რომ ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდება.

“ძალიან მტკივნეულია, ეს ამ სპორტის ყველაზე ნეგატიური მხარეა. შვედეთის შედეგის შემდეგ, ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლის ყველანაირი შანსი დავკარგეთ. ბელარუსს 8-0-ს ვერ მოვუგებდით და ვერც შვედეთს მოვუგებთ მსგავსი ანგარიშით.

როდესაც გავიგეთ, რომ შვედეთმა ასეთი ანგარიშით (8-0) მოიგო, დიდი დარტყმა მივიღეთ. ვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, ახლა კი ყველაფერი დასრულებულია,”- აცხადებს რობენი.

საქმე ისაა, რომ შვედეთმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურის მატჩში რვა გოლი გაუტანა ლუქსემბურგის ნაკრებს, რითიც თითქმის გაინაღდა ჯგუფში მეორე ადგილი. ბოლო ტურში შვედეთი ჰოლანდიელებს გასვლაზე უნდა დაუპირისპირდეს. “ნარინჯისფრები” რუსეთის საგზურს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებენ, თუ შვედებს 7-1 ან უფრო დიდი ანგარიშით მოუგებენ.

“ბაიერნის” ფეხბურთელები ანჩელოტის ზურგს უკან ვარჯიშობდნენ

კარლო ანჩელოტისა და მიუნხენის გზები უკვე ოფიციალურად გაიყარა და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო დეტალი ვლინდება იტალიელ სპეციალისტსა და ფეხბურთელებს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბაიერნის” ფეხბურთელები უკმაყოფილონი იყვნენ კარლო ანჩელოტის მეთოდებით. “პაპა კარლოს” განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა შემდეგ “ბავარიელებთან” ჰქონდა: ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი და ტომას მიულერი).

როგორც სჩანს, ამ ფეხბურთელთაგან ანჩელოტისთან ყველაზე რთული ურთიერთობა არიენ რობენს ჰქონდა, რომელიც მუდმივად აკრიტიკებდა მას. ჰოლანდიელი ფეხბურთელის თქმით, ანჩელოტის ფეხბურთელებისგან დაახლოებით იმდენს ითხოვდა, რამდენსაც თავის შვილს სკოლაში სთხოვენ.

ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, ფეხბურთელები კარს უკან, კარლო ანჩელოტის დახმარების გარეშე ცდილობდნენ ვარჯიშს. ამ ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი, Bild-იც ადასტურებს.

რობენი პარიზელებს აფრთხილებს: “ფულით გოლებს ვერ გაიტან”

მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელმა გარემარბმა, არიენ რობენმა “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩამდე პრესასთან ისაუბრა და პარიზული გრანდის მიერ ტრანსფერებში გადახდილი თანხის დიდ ოდენობას გაუსვა ხაზი.

“ფაქტია, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარი ანგარიშიდან უფრო მეტი ევრო გასცა, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ფულით გოლებს ვერ გაიტან. მოედანზე მთავარი თამაშის ხარისხია, გოლები კარგ გუნდებს გააქვთ.

აუცილებელი არ არის, კონკრეტულ ფეხბურთელებზე კონცენტრირება. მთავარია, გუნდმა კარგი თამაში აჩვენოს და მწვრთნელის დარიგებები ზედმიწევნით შეასრულოს,” – აცხადებს ჰოლანდიელი ფეხბურთელი.

რობენი “რეალთან” გასამართ მატჩზე: “პირველივე შანსი უნდა გამოვიყენოთ”

მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელმა შემტევმა, არიენ რობენმა პრესასთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩზე ისაუბრა, რომელშიც ბავარიელებს საკმაოდ რთული დავალება აქვთ შესასრულებელი.

“პირველივე შანსი უნდა გამოვიყენოთ, აუცილებლად უნდა გავიტანოთ! იმაზე ნაკლები არ უნდა ვაჩვენოთ, რაც მიუნხენში იყო. მადრიდში ჩვენს თამაშს ვითამაშებთ!

მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ფეხბურთელები არიან მოედანზე, ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ერთმანეთის გვჯერა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,” – აცხადებს არიენ რობენი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ბაიერნმა” ზინედინ ზიდანის გუნდთან გამართული ბოლო სამი დაპირისპირებიდან სამივე დათმო.

რობენი “ბაიერნის” ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ ჩქარობს

მიუნხენის “ბაიერნის” 32 წლის ჰოლანდიელი ვინგერის, არიენ რობენის თქმით ის სულაც არ ჩქარობს ბავარიულ კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელიც ამ სეზონის ბოლოს იწურება.

“რუმენიგეს მამაჩემის ტელეფონის ნომერი აქვს, ასე რომ, მას ნებისმიერ დროს შეუძლია მისი დაპატიჟება ერთ ფინჯან ყავაზე. მაგრამ ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის.

ჩემი მთავარი მიზანი ჯანმრთელობის შენარჩუნება და კარგად თამაშია. ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანნი ვართ ჩვენ (მე და “ბაიერნი”) ერთმაენეთისათვის.

გულწრფელად გითხრათ, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სულაც არ ვფიქრობ, უბრალოდ ვცდილობ ყურადღება მომავალ მატჩებზე გავამახვილო.”

რობენი: “მიეცით დრო მემფისს, რათა წარმატებას მიაღწიოს”

ბავარიელთა შემტევი ფეხბურთელი, არიენ რობენი დარწმუნებულია მემფის დეპაის შესაძლებლობებში და თვლის, რომ მას მხოლოდ მცირე დრო ესაჭიროება, რათა “მანჩესტერში” ბოლომდე გაიხსნას.

“მემფისი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა პრემიერ ლიგაში გადასვლა ძალიან დიდი და რთული სვლაა, განსაკუთრებით კი ისეთ კლუბში გადასვლა, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედია.

ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა – მას უბრალოდ მცირე დრო უნდა მისცეთ. მას ტალანტი აქვს – ყველაფერი, რაც ინგლისში წარმატების მისაღწევად არის საჭირო.”

რობენი: „სამწუხაროა, რომ გვარდიოლა მიდის“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არიენ რობენი წუხს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ხოსეპ გვარდიოლა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

„სამწუხაროა, რომ გვარდიოლა გუნდს ტოვებს. მისი მომავალი წასვლით გულდაწყვეტილი ვარ. ვნახოთ, ანჩელოტის თავკაცობით საქმეები როგორ გვექნება. ახალ მწვრთნელთან ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება მოგვიწევს.

პეპის გადაწყვეტილების მიუხედავად, წინ კიდევ ნახევარი სეზონი გვაქვს და მისი ხელმძღვანელობით ბევრი ტიტულის მოგება შეგვიძლია“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

რობენს ლევანდოვსკისთან კონფლიქტი აქვს და შესაძლოა, “ბაიერნი” დატოვოს

ბრიტანული გამოცემა “მირორი” წერს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბმა არიენ რობენმა ამავე კლუბის თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისთან არსებული კონფლიქტის გამო შესაძლოა, გუნდი დატოვოს. წყაროს ცნობით, პოლონელ ფორვარდს ჰოლანდიელ ფეხბურთელთან ერთად თამაში არ სურს, მიზეზად კი რობენის ზედმეტ ინდივიდუალიზმს ასახელებს. თავის მხრივ, ჰოლანდიელი გარემარბი ლევანდოვსკის გამო სათამაშო სტილის შეცვლას არ აპირებს.

შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება “მანჩესტერ იუნაიტედი” და მზად არის, 31 წლის ჰოლანდიელ ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზოს. “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი პირადად არის დაინტერესებული რობენით, რომელსაც “ბაიერნში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

 

რობენი: „კიოლნი“ ათი კაცით იცავდა თავს“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა „კიოლნთან“ ანგარიშით 4:0 მოგებული მატიჩ შეაჯამა.

„კიოლნი“ თავს ათი კაცით იცავდა. ისინი კარგად თამაშობდნენ, ჩვენთვის პირველი გოლის გატანა ადვილი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც შესვენების წინ 2:0 იგებ“, – ციტირებს ჰოლანდიელს „ბაიერნის“ ოფიციალური საიტი.

რობენი “არსენალთან” ვერ ითამაშებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ლონდონის “არსენალის” წინააღმდეგ გასამართ მატჩს მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბი არიენ რობენი გამოტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ ვარჯიში დაიწყო, მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას.

მატჩი “არსენალსა” და “ბაიერნს” შორის სამშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.