გაბრიელ პაულისტა “არსენალში” გადავიდა

“ვილიარეალის” მცველი გაბრიელ პაულისტა ლონდონის “არსენალში” გადავიდა. მხარეებს შორის გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

24 წლის ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ოცივე მატჩი მიიღო მონაწილეობა.

ხელშეკრულების თანახმად, “ვილიარეალში” იჯარის წესით ითამაშებს “მეთოფეთა” თავდამსხმელი იოელ კემპბელი.

 

“არსენალმა” 17 წლის პოლონელი ნახევარმცველი დაიმატა

ლონდონის “არსენალმა” ვარშავის “ლეგიადან” 17 წლის ნახევარმცველი კრისტიან ბელიკი დაიმატა.

ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება.

ბელიკმა პოლონური გუნდის რიგებში პირველი ოფიციალური მატჩი გასული წლის აგვისტოში ჩაატარა, როდესაც 16 წლისა გახლდათ. მას პოლონეთის ჩემპიონატის ხუთ და ევროპის ლიგის ერთ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ახალგაზრდა პოლონელ ფეხბურთელს “ახალ ვიეირად” მოიხსენიებენ.

კრისტიან ბელიკს თამაში შეუძლია როგორც ნახევარმცველად, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე.

 

დებიუში სამ თვეს გამოტოვებს

ლონდონის “არსენალის” მარჯვენაფლანგელი მცველი მატიე დებიუში დაახლოებით სამ თვეს გამოტოვებს.

“მეთოფეთა” ფრანგმა ფეხბურთელმა “სტოკ სიტის” წინაარმდეგ გამართულ მატჩში მხარი დაიზიანა და ოპერაციის გადატანა მოუწევს.

დებიუშის ტრავმის შესახებ “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ისაუბრა.

“მატიეს არ უმართლებს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია – ამ სეზონში მას მეორედ მოუწევს ოპერაციის გაკეთება. ახალი დაბრუნებული იყო, მხოლოდ შვიდი მატჩი ჰქონდა ჩატარებული და ისევ დაიმტვრა. ვფიქრობ, ის სამი თვის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება, რადგან როდესაც მხარი ასეთ მდგომარეობაში გაქვს, მეტოქესთან ორთაბრძოლაში ვერ შეხვალ”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Offthepost-ი.

 

პოდოლსკი “არსენალის” ფანებს დაემშვიდობა

ლუკას პოდოლსკი, რომელმაც გუშინ მილანის “ინტერში” სამედიცინო შემოწმება გაიარა, ლონდონის “არსენალის” ფანებს დაემშვიდობა.

“სიტყვებით ვერ აღვწერ, რამდენად ვაფასებ “არსენალის” ქომაგებს იმისთვის, რაც მათ ჩემთვის გააკეთეს. მინდა, იცოდეთ: ჩემს გულში ყოველთვის მოინახება თქვენთვის ადგილი.

“არსენალში” გატარებული ყოველი წუთით ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, კლუბში და გულშემატკივრების გონებაში ჩემი კვალი დავტოვე. იმედია, ჩვენ ისევ შევხვდებით”, – დაწერა სოციალურ ქსელში პოდოლსკიმ.

 

ფრიმპონგმა ჯერარდს დასცინა

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ ფრიმპონგმა, რომელიც დღესდღეობით რუსული “უფას” ღირსებას იცავს, “ლივერპულის” კაპიტან სტივენ ჯერარდს დასცინა.

22 წლის განელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ჯერარდისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, ანდერსონის ფოტოები გამოაქვეყნა. სურათზე ბრაზილიელს კისერზე ინგლისის პრემიერლიგის სამი მედალი ჰკიდია, ხოლო ინგლისელს – ფოტოშოპის დახმარებით დამზადებული სამკერდე ნიშანი წარწერით: “2014 წლის სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედზე” ზემოთ დავასრულეთ”.

გამოსახულებას ფრიმპონგმა წააწერა: “ისეთმა კაცმა, როგორიც ანდერსონია, ერთზე მეტჯერ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც სტივის სურდა”.

ამ საქციელის გამო ფრიმპონგს “ლივერპულის” ფანების რისხვა დაატყდა თავს და მანაც ეს სკანდალური ფოტო წაშალა.

Frimpong mocks

“ინტერის” ფანებმა პოდოლსკის გულთბილი დახვედრა მოუწყვეს

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი მილანში ჩაფრინდა.

“ნერიაძურის” ხელმძღვანელობას გერმანელი ფეხბურთელის ვიზიტი არც დაუმალავს. აეროპორტში პოდოლსკის ასობით გულშემატკივარი და ჟურნალისტი დახვდა.

“მილანის აეროპორტში სრული საგიჟეთია”, – დაწერა სოციალურ ქსელში ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ.

ლუკას პოდოლსკი, სავარაუდოდ, უკვე დღეს “ინტერში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც მილანურ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს.

 

სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჟირუს

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის XVIII ტურში “არსენალსა” და “ქუინს პარკ რეინჯერსს” შორის გამართული მატჩის (2:1) მიმდინარეობისას ფრანგმა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის მცველ ნედუმ ონუოჰას სახეში თავი ჩაარტყა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა “მეთოფეთა” ფორვარდს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

ამრიგად, ოლივიე ჟირუ პრემიერლიგის ეგიდით “ვესტ ჰემისა” და “საუთჰემპტონის”, ასევე ინგლისის თასზე “ჰალ სიტის” წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

ვენგერის საიუბილეო გამარჯვება

ინგლისის პრემიერლიგის XVIII ტურში ლონდონის “არსენალმა” თანაქალაქელი “ქუინს პარკ რეინჯერსი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ეს გამარჯვება არსენ ვენგერისთვის საიუბილეოა: მისთვის “მეთოფეთა” თავკაცის პოსტზე ეს პრემიერლიგაში მე-400 და ყველა ჩემპიონატზე ერთად მოგებული მე-600 შეხვედრა გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1996 წლიდან მუშაობს.

XVIII ტურის შემდეგ ვენგერის გუნდს სატურნირო ცხრილში 30 ქულით მეექვსე ადგილი აქვს დაკავებული.

2003 წლის შემდეგ “არსენალს” ბურთის ფლობის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა

ინგლისის პრემიერლიგის XVII ტურში “ლივერპულსა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ბურთის ფლობის მხრივ პროცენტული შეფარდებით მერსისაიდულმა გუნდმა მეტოქე თვალნათლივ დაჯაბნა. “მეთოფეებს” ამ მაჩვენებელში მხოლოდ 36,5 პროცენტი ჰქონდათ.

ეს არსენ ვენგერის გუნდისთვის 2003 წლის აგვისტოს შემდეგ პრემიერლიგაში ნაჩვენები ყველაზე ცუდი შედეგია.

ამის მიუხედავად, “არსენალს” გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და “ენფილდიდან” მხოლოდ ერთი ქულა წაიღო.

 

„არსენალი“ სანოგოს იჯარით გასაშვებად მზადაა

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი იაია სანოგო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, დროებით სხვა კლუბში გადავიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „მეთოფეთა“ ხელმძღვანელობა 21 წლის ფრანგის იჯარით ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში გაშვებას აპირებს.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ლონდონელების შემადგენლობაში ყველა ტურნირზე მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს თავი ერთი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით დაამახსოვრა.

როგორ ეწეოდა არსენ ვენგერი მატჩის მიმდინარეობის დროს სიგარეტს

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრამ ლონდონის “არსენალს” მეტოქედ არსენ ვენგერის ყოფილი კლუბი “მონაკო” არგუნა. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა რამდენიმე წლის წინათ გადაღებული ვიდეო, რომელიც გვიჩვენებს, რომ “მონაკოს” იმდროინდელი თავკაცი არსენ ვენგერი მატჩის მიმდინარეობის დროს სიგარეტს ეწეოდა.

როსიცკიმ ვან პერსის დასცინა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ტომაშ როსიცკიმ ყოფილ თანაგუნდელ რობინ ვან პერსის დასცინა. ჩეხმა ფეხბურთელმა დღეს დილით სოციალურ ქსელში ქვემოთ მოცემული სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც ზედ წააწერა:

“LOL Robin van Persie”.

ალბათ, მიხვდით, რომ როსიცკიმ ვან პერსის “მანჩესტერ იუნაიტედის” ჩემპიონთა ლიგის მიღმა ყოფნა შეახსენა.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა, რომელმაც “არსენალს” მეტოქედ არსენ ვენგერის ყოფილი კლუბი “მონაკო” არგუნა.

NOT MAN UTD