მოურინიო: „ანგარიშით 5:0 გამარჯვება მინდოდა“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გამართული პირველი მატჩი საყაიმო ანგარიშით 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ უგოლო ფრე მისი გუნდისთვის საუკეთესო ანგარიში არ ყოფილა.

„მე, რა თქმა უნდა, ანგარიშით 5:0 გამარჯვება და ფინალში გასვლა მინდოდა, მაგრამ მესმის, რომ „ატლეტიკოს“ სტადიონზე არწაგებაც რთული საქმეა. ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენთვის უგოლო ფრე დიდებული შედეგია, თუმცა განმეორებითი შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართება.

გარი კეჰილმა დიდი სამუშაო გასწია. დავიდ ლუისმა თამაში ნახევარდაცვაში დაიწყო და მისთვის ადვილი არ ყოფილა ცენტრალურ დაცვაში გადანაცვლება. ეშლი კოულმა რამდენიმე კვირიანი უქმობის შემდეგ საოცრად ითამაშა. ნანდო ტორესიც შესანიშნავი იყო. თითოეულმა ფეხბურთელმა ძალ-ღონე არ დაზოგა. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ.

გოლი გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. წყვილის ბედს „სტემფორდ ბრიჯზე“ გასამართი მატჩი გადაწყვეტს“, – მოურინიოს სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“, 30 აპრილს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

სიმეონე: „ჩელსიმ“ უპირატესობა მიიღო“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ საყაიმო შედეგით ინგლისელებმა უპირატესობა მიიღეს.

„რთული მატჩი იყო, გამარჯვების გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. თამაში მჭიდრო ბრძოლაში წარიმართა, ორივე გუნდი ფინალში გასასვლელად იბრძვის. საყაიმო შედეგით მეტოქემ უპირატესობა მიიღო, თუმცა ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც მატჩს მოიგებს“, – სიმეონეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

განმეორებითი მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“, 30 აპრილს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

პაულუ ფერეირა: „წილისყრამ „ჩელსის“ მეტად ძლიერი მეტოქე არგუნა“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება. ინგლისური კლუბის წარმომადგენელი პაულუ ფერეირა თვლის, რომ

„წილისყრამ მეტოქედ მეტად ძლიერი გუნდი გვარგუნა. „ატლეტიკო“ ძალიან კარგად გამოიყურებოდა მეოთხედფინალურ ეტაპზე და ნახევარფინალში თამაში დაიმსახურა.

ვიცით, რომ გარკვეულ პრობლემებს წავაწყდებით. შესაძლოა, სულ მცირე დეტალებმა ბევრი რამ გადაწყვიტოს. ამიტომ, „ატლეტიკოსთან“ გასამართი მატჩისთვის ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ. რა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიოს გამოცდილება დაგვეხმარება. მან იცის, როგორ მიაღწიოს გამარჯვებას ასეთ საპასუხისმგებლო მატჩში“, – განუცხადა პაულუ ფერეირამ „ევროსპორტის“ კორესპონდენტს.

წყვილის პირველი მატჩი 22 აპრილს, მადრიდში შედგება, განმეორებითი კი – 30 აპრილს, ლონდონში.

ბექა დოგრაშვილი

ვილიავერდე: „ჩელსის“ ბარიერის ძლევის და ფინალში გასვლის იმედი გვაქვს“

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოს“ მეტოქედ ლონდონის „ჩელსი“ ერგო. ესპანურმა გუნდმა ბოლო 40 წელიწადში პირველად გააღწია ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ამ სტადიამდე. „ატლეტიკოს“ შანსები კლუბის დირექტორმა კლემენტე ვილიავერდემ შეაფასა.

„ჩელსი“ ძალიან ძლიერი გუნდია. ლონდონელები კარგად თამაშობენ. მძიმე ბრძოლა მოგვიწევს. ფინალში გაღწევა ძალიან რთული იქნება, თუმცა მოხარულნი ვართ იმით, რომ ასეთი ცნობილი კლუბის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა მოგვეცა“, განუცხადა ვილიავერდემ „ევროსპორტს“.

„ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა „ატლეტიკოს“ „ჩელსისთვის“ მოუგია. ფინალში გასვლის იმედი გვაქვს. ისევე უნდა ვიმუშაოთ, როგორც წინა მატჩებში. გულშემატკივრებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – დაამატა მადრიდული კლუბის დირექტორმა.

წყვილის პირველი მატჩი 22 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი – 30 აპრილს.

ბექა დოგრაშვილი

„ატლეტიკო“ — ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად 40 წლის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად დასახელებული „ბარსელონა“, რომელმაც მადრიდის „ატლეტიკოს“ ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა.

ამრიგად, „ბარსელონა“ 2007 წლის შემდეგ პირველად ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე. სათქმელია ისიც, რომ ამ შვიდი წლის განმავლობაში კატალონიელებმა ორჯერ მოიგეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი (2008–09, 2010-11), ხოლო როცა „ბარსელონა“ უტიტულოდ რჩებოდა, თასს ის გუნდი იგებდა, რომელიც ნახევარფინალურ ეტაპზე სწორედ კატალონიელთა ბარიერს სძლევდა. ასე მოხდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ (2007-08), მილანის „ინტერის“ (2009-10), ლონდონის „ჩელსისა“ (2011-12) და მიუნხენის „ბაიერნის“ (2012-13) გაჩემპიონების შემთხვევაში.

რაც შეეხება „ატლეტიკოს“, მადრიდელები უკანასკნელი 40 წლის მანძილზე პირველად გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის (თასის) ნახევარფინალურ ეტაპზე. უკანასკნელად ეს მათ 1973-74 წლების სეზონში მოახერხეს.

ცნობისათვის, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 11 აპრილს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

კურტუა: „გეტყვით, რომელ კლუბში ვითამაშებ მომავალ სეზონში“

მადრიდის „ატლეტიკოს“ კიპერმა ტიბო კურტუამ აღნიშნა, რომ მომავალ კვირას საბოლოოდ გადაწყვეტს, თუ რომელ კლუბში ითამაშებს დამდეგ სეზონში.

„მომავალ კვირას ნათელი გახდება, რომელ კლუბში ვითამაშებ დამდეგ სეზონში. ზუსტად გეტყვით, რომ ეს ან „ჩელსი“ იქნება, ან „ატლეტიკო“ და არა სხვა რომელიმე კლუბი.

მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. ოფიციალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება“, – კურტუას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ბრაზილიელების გოლები და ფრე „ნოუ კამპზე“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე „ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკო“ მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა გოლეადორის, დიეგო კოსტას თამაში საეჭვო იყო, თუმცა გაესპანელებული ბრაზილიელი თავდამსხმელი სასტარტო განაცხადში მაინც მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, დიეგო სიმეონემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან კოსტამ პირველი ტაიმის შუაწელს ტკივილი იგრძნო და ტრავმის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. მის ნაცვლად თამაშში ბრაზილიელი დიეგო ჩაერთო. მანამდე ტრავმის გამო კატალონიელებს ხერარ პიკე გამოაკლდათ. შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ გაილია. სამაგიეროდ, გულშემატკივრებმა მეორე ტაიმში იხილეს გოლები: 56-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დიეგომ შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით მეკარე პინტოს ახლო ზედა კუთხეში გაუტანა. ბრაზილიელ ფეხბურთელს გოლი მართლაც რომ თვალსასეირო გამოუვიდა.„ბარსელონა“, ტრადიციულად, ბურთს ფლობდა და მათ ტერიტორიულ უპრატესობას გოლიც მოჰყვა: 71-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ მახვილგონივრული გადაცემით ხელსაყრელ გაიყვანა ნეიმარი, ამ უკანასკნელმაც არ დაახანა და ანგარიში გაათანაბრა — 1:1. მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლის გატანის შესაძლებლობა ლიონელ მესის მიეცა, თუმცა მის მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმულს კურტუა გაუმკლავდა.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ყველაფერი კი საპასუხო მატჩში გაირკვევა, რომელიც 9 აპრილს, „ვისენტე კალდერონზე“ შედგება.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (პირველი მატჩი)
„ბარსელონა“ — „ატლეტიკო“ 1:1 (0:0)

„ბარსელონა“: პინტო, დანი ალვესი, პიკე (ბარტრა 12′), ალბა, მასკერანო, ფაბრეგასი (ალექსის სანჩესი 68′), ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, მესი, ნეიმარი.
მთავარი მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.
„ატლეტიკო“: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ფილიპე ლუისი, გოდინი, ტიაგო, გაბი, თურანი (როდრიგესი 77′), კოკე, ვილია (სოსა 70′), დიეგო კოსტა (დიეგო 30′)
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
გოლები: ნეიმარი 71′ — დიეგო 56′.
გაფრთხილებები: ინიესტა 56′, ალბა 58′ —კოკე 19′, გაბი 38′, თურანი 44′, ხუანფრანი 52′, დიეგო 79′, სოსა 90+2′.
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).



ბექა დოგრაშვილი

„ჩელსიმ“ დიეგო კოსტას შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო

Goal.com-ის ცნობით, ლონდონის „ჩელსიმ“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დიეგო კოსტას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო.

დასავლეთლონდონური კლუბი მზად არის, ესპანეთის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადოს. „პენსიონერებს“ სურთ, რომ ტრანსფერი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გაჩარხონ.

მიმდინარე სეზონში დიეგო კოსტას ანგარიშზე ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 41 მატჩში 31 გატანილი გოლია. ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში 23 გოლით მას მეორე ადგილი უკავია და სულ 3 გოლით ჩამორჩება ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს.

 

„ატლეტიკოს“ დირექტორმა წილისყრის შედეგები შეაფასა

მადრიდის „ატლეტიკოს“ დირექტორმა კლემენტე ვალვერდემ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული კლუბი „ბარსელონას“ დაუპირისპირდება

„მეტოქედ „ბარსა“ შეგვხვდა და ვეცდებით, რომ ეს ბარიერიც დავძლიოთ. ჩვენი გუნდი თავისი თამაშით ერთიანობასა და  შეუპოვრობას აჩვენებს. ჩვენთან თამაში ყველასთვის რთული იქნება“, – ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“ შორის პირველი მატჩი პირველ აპრილს, „ნოუ კამპზე“ შედგება, განმეორებითი კი – 9 აპრილს, „ვისენტე კალდერონზე“.

ბექა დოგრაშვილი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრის შედეგები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა. მატჩები 1-2 და 8-9 აპრილს შედგება.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ.

„ბარსელონა“ — „ატლეტიკო“
„რეალი“ — „ბორუსია“
„პარი სენ-ჟერმენი“ — „ჩელსი“
„მანჩესტერ იუნაიტედი“ — „ბაიერნი“

„ატლეტიკოს“ კიდევ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი „გაესპანელდება“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი მირანდა უახლოეს პერიოდში ესპანეთის მოქალაქე გახდება.

„ასის“ ცნობით, 29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის „გაესპანელების“ პროცესი უკვე დაიწყო. ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივი ის გახლავთ, რომ „ატლეტიკოს“ მირანდას „გაესპანელებით“ ერთი დამატებითი თავისუფალი ადგილი გაუჩნდება იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე არ გახლავთ. თუმცა, მირანდა ესპანეთის ნაკრებში ვერ ითამაშებს, რადგან მას ბრაზილიის ნაკრებში ოთხი მატჩი უკვე აქვს ჩატარებული.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში მირანდამ 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა.

ბექა დოგრაშვილი

„ჩელსიმ“ კურტუა 30 მილიონად შეაფასა

ლონდონის „ჩელსი“ მზად არის, ტიბო კურტუა, რომელიც იჯარის წესით მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობს, გაყიდოს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა „ასი“ ავრცელებს.

„პენსიონერები“ 21 წლის ბელგიელი კიპერის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ. თუ რომელიმე კლუბი ამ თანხას გაიღებს, არ არის გამორიცხული, ტრანსფერი დამდეგ ზაფხულს განხორციელდეს.

როგორც ცნობილია, „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პეტრ ჩეხს ენდობა და კურტუას ძირითად მეკარედ გამოცხადებას არ აპირებს.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ბელგიელმა კიპერმა 19 გოლი გაუშვა, 13 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

ბექა დოგრაშვილი