“ოქროს ბურთი” ძველებურად აღარ ბრწყინავს

“ოქროს ბურთი” ძველ ფორმატს დაუბრუნდა. საუბრები მანამდეც იყო, მაგრამ მაინც მოულოდნელობა გახლდათ, როცა გამოაცხადეს, რომ ფრანგული გამოცემა “ფრანს ფუტბოლი” კვლავ დამოუკიდებლად გააგრძელებდა ჯილდოს გადაცემას, ფიფა კი წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზს აღადგენდა.

“ფრანს ფუტბოლის” “ოქროს ბურთი” ნამდვილად ვერ შეედრება ფიფას “ოქროს ბურთს”. პირველ რიგში, აღსანიშნავია განსხვავება მასშტაბურობას შორის. როდესაც “ოქროს ბურთი” ფიფას განკარგულებაში იყო, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდებოდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჟურნალისტები, ასევე ყველა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი. დღეს კი, როდესაც ჯილდო “ფრანს ფუტბოლს” დაუბრუნდა, გამოკითხვა მხოლოდ ამ ფრანგული გამოცემის პარტნიორ მედიასაშუალებებში დასაქმებულ ჟურნალისტებს შორის ტარდება. გამოკითხვის შედეგზე არავინ დაობს, თუმცა “ოქროს ბურთს” ძველებურ მასშტაბურობაზე პრეტენზია ვერ ექნება და მართლაც, თუ ადრე ამ ჯილდოს მფლობელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მატარებელი ხდებოდა, დღეს პრიზის მიმღები მხოლოდ ევროპის საუკეთესო მოთამაშედ ცხადდება. ბუნებრივია, მასშტაბის შემცირებით, ჯილდო უწინდელივით პრესტიჟული ვერ იქნება.

“ფრანს ფუტბოლის” “ოქროს ბურთს” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს: ახალი ფორმატი აღარ ითვალისწინებს დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიის ჩატარებას. საუკეთესო შემთხვევაში, ჯილდო ფეხბურთელს მოკრძალებულ სტუდიაში გადაეცემა. წლევანდელ დაჯილდოებაზე კი ამაზე უარესი რამ ვიხილეთ. კრიშტიანუ რონალდუს ჯილდო გამარჯვებულად გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, მადრიდის “რეალის” მუზეუმში გადასცეს. იქვე გადაუღეს ვიდეო და ფოტოსურათები, რომლებსაც საიდუმლოდ ინახავდნენ და მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც პორტუგალიელი ფეხბურთელი გამარჯვებულად გამოაცხადეს. ჩვენ ვერ ვიხილეთ “ოქროს ბურთის” გამარჯვებულის ემოცია პირდაპირ ეთერში, ჩვენ ვერ გავხდით პროცესის უშუალო თვითმხილველები, ჩვენ მხოლოდ გამოგვიცხადეს გამარჯვებული, გამოგვიქვეყნეს მისი სამადლობელი, დამუშავებული ტექსტი და გვიჩვენეს ორწუთიანი ვიდეო, რომელიც რამდენიმე დღით ადრე იყო ჩაწერილი.

“ფრანს ფუტბოლმა” “ოქროს ბურთის” გადაცემის ექსკლუზიური უფლება დაიბრუნა, მაგრამ თავად “ოქროს ბურთმა” ის ბრწყინვალება დაკარგა, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ფიფას განკარგულების პერიოდში ჰქონდა. ჯილდომ დაკარგა პრესტიჟულობა, ხოლო თავად გამარჯვებულის გამოცხადების პროცესი გადაიქცა უღიმღამო, უაზროდ გაწელილ და მომაბეზრებელ სტუდიურ ჩვენებად. საბედნიეროდ, ტკბილი ლუკმა წინაა: 2017 წლის 9 იანვარს ფიფა საკუთარ დაჯილდოების ცერემონიას ჩაატარებს. ჯილდოებიც უფრო პრესტიჟული იქნება და გაცილებით გრანდიოზულ და მასშტაბურ ღონისძიებასაც ვიხილავთ.

ფიფას “ოქროს ბურთი” შესაძლოა, კვლავ გაიყოს

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და გამოცემა “ფრანს ფუტბოლის” ხელმძღვანელები “ოქროს ბურთის” მომავალზე უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

შესაძლოა, ჯილდო კვლავ გაიყოს. კერძოდ, “ფრანს ფუტბოლმა” კვლავ დამოუკიდებლად გააგრძელოს “ოქროს ბურთის” გადაცემა, ფიფამ კი FIFA World Player-ის ჯილდო აღადგინოს.

შეგახსენებთ, რომ “ფრანს ფუტბოლმა” “ოქროს ბურთი” 1956 წელს დააწესა, FIFA World Player კი 1998 წლიდან არსებობდა. 2010 წელს გამოცემებმა “ფრანს ფუტბოლმა” და “ეკიპმა” წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის უფლება ფიფას გადასცეს. შესაბამისად, 2010 წლიდან მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს ჯილდოს სახით ფიფას “ოქროს ბურთი” გადაეცემათ.

მესიმ “ბარსას” ფანებს მეხუთე “ოქროს ბურთი” წარუდგინა (ვიდეო)

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კარიერაში მოგებული მეხუთე “ოქროს ბურთი” კატალონიური გუნდის ფანებს “კამპ ნოუზე” წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა ჯილდოსთვის ბრძოლაში თანაკლუბელ ნეიმარსა და მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს აჯობა.

დღეს “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია შედგება

დღეს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში “ოქროს ბურთის” 2015 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

გამოკითხვაში ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“ოქროს ბურთისთვის” “ბარსელონას” თავდამსხმელები ლიონელ მესი და ნეიმარი და მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ მესის ეს ჯილდო ოთხჯერ აქვს მოგებული, რონალდუს კი – სამჯერ.

გარდა ამისა, გამოვლინდება წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა, წლის სიმბოლური გუნდი, 2015 წლის საუკეთესო გოლი და წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი.

სპორტულ პორტალ Goal.com-ისთვის ცნობილი გახდა, რომ წლის სიმბოლურ გუნდში პოლ პოგბა იქნება.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

“ოქროს ბურთის” ცერემონიის წამყვანთა ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ პირების ვინაობა, რომლებიც ფიფას “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას გაუძღვებიან. ღონისძიების ერთ-ერთი წამყვანი ჩრდილოირლანდიელი მსახიობი ჯეიმს ნესბიტი იქნება, რომელმაც ტრილოგია “ჰობიტში” გნომ ბოფურის როლი შეასრულა.

Bofur

 

მას მეწყვილეობას ინგლისელი ჟურნალისტი კეიტ აბდო გაუწევს, რომელიც “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიას შარშანაც უძღვებოდა.

Kate Abdo

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილნი არიან “ბარსელონას” თავდამსხმელები ლიონელ მესი და ნეიმარი, აგრეთვე მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ. დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

რონალდუ: “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს”

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა შანსებზე ისუაბრა. მისი თქმით, წლევანდელ “ოქროს ბურთს” ლიონელ მესი მოიგებს.

“ამ ტიტულის მფლობელის ვინაობა გამოკითხვის შედეგად ვლინდება და გამარჯვებული მესი იქნება. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი.

ინდივიდუალური თვალსაზრისით, ალბათ, კარიერის საუკეთესო სეზონი მქონდა. ევროპაში ყველაზე მეტი გოლი გავიტანე.

მე და მესი ამ ტიტულს უკვე მერვე წელია ვინაწილებთ. ასეთი რამ მანამდე არ მომხდარა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ძველი მეგობრები ვართ, მაგრამ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს და ერთმანეთს პატივს ვცემთ.

მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ვფიქრობ, კიდევ მოვიგებ “ოქროს ბურთს”. მინდა, რომ კიდევ ვითამაშო ექვსი-შვიდი წელი და ვფიქრობ, გუნდური ტიტულების მოგება კვლავ შემიძლია. გუნდური ტიტულების გარეშე ინდივიდუალურ ჯილდოებს ვერ მოიგებ”, – რონალდუს კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.

 

ნოიერი: „ოქროს ბურთი“ ერთმა მეკარემ მოიგო, თუმცა მისი სახელი არ მახსოვს“

„ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთ კანდიდატს მანუელ ნოიერს ლევ იაშინის სახელი დაავიწყდა.

„ისტორიაში „ოქროს ბურთი“ მხოლოდ ერთმა მეკარემ მიიღო. ეს რუსი გოლკიპერი იყო, თუმცა მისი სახელი არ მახსოვს.

მეკარისთვის ამ სამეულში მოხვედრა ადვილი არ არის. ჩემთვის ეს დიდი პატივია. „ბაიერნისა“ და ნაკრების თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი. თუმცა, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, თუ სამეულში კიდევ ერთი გერმანელი ფეხბურთელი მოხვდებოდა. იგი, შესაძლოა, „ბაიერნის“ ან „ბორუსიას“ მოთამაშე ყოფილიყო“, – განუცხადა ნოიერმა „Daily Mail“-ს.

„ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა 12 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარემ ლევ იაშინმა „ოქროს ბურთი“ 1963 წელს მიიღო.

ბუფონმა “ოქროს ბურთის” ნომინანტებს შორის საკუთარი ფავორიტი დაასახელა

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ პრეტენდენტთა შორის ფავორიტი ამოარჩია.

“სავარაუდოდ, კრიშტიანუ რონალდუ გაიმარჯვებს. მას ჩემპიონთა ლიგა რომც არ მოეგო, ამ დროისთვის საუკეთესოა და სწორედ იგი უნდა დაჯილდოვდეს. გარდა იმისა, რომ მან შესანიშნავი კარიერა გაიკეთა, დიდი ხანია, უმაღლეს დონეზე თამაშობს. ბოლო ორი წელიწადია, ის საოცრებებს ახდენს და საყოველთაო აღიარებასაც იმსახურებს.

ამის მიუხედავად, მგონია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია. მასსა და რონალდუს შორის დიდი განსხვავება არ არის: ორივე მათგანი უმაღლეს დონეზე თამაშობს და შესაძლოა, ერთმა მეორეს ნებისმიერ დროს აჯობოს”, – ბუფონის სიტყვები ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუსა და მესის გარდა “ოქროს ბურთზე” წარდგენილია გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერი.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

რონალდო: “რონალდუმ მესის წელსაც აჯობა”

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რონალდომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის გაჩაღებული მეტოქეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“რონალდუს აქვს სისწრაფე, ძალა, თან ბევრ გოლს იტანს. ჩემი აზრით, შარშანდელის მსგავსად, მან წელსაც აჯობა ლეო მესის. როგორც იჩანს, რონალდუ კიდევ ერთხელ მოიგებს “ოქროს ბურთს”, – ციტირებს რონალდოს სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.

ბრაზილიელს იმის შესახებაც ჰკითხეს, აჯობა თუ არა კრიშტიანუ რონალდუმ მას მიღწევებით, რაზეც რონალდომ ასე უპასუხა:

“რთულია, სხვადასხვა პერიოდებში მოთამაშე ფეხბურთელების ერთმანეთთან შედარება. მე ჩემი საქმე დიდი ხნის წინათ გავაკეთე”.

 

პეპე: “ეს ნამდვილი სკანდალი იქნება”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველი პეპე გადაჭრით ამბობს, რომ “ოქროს ბურთი” მისმა თანაგუნდელმა კრიშტიანუ რონალდუმ უნდა მიიღოს. მისი თქმით, სხვა ფეხბურთელის დაჯილდოება სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება იქნება.

“თუ “ოქროს ბურთს” რონალდუს არ მისცემენ, ეს ნამდვილი სკანდალი იქნება. ვერავინ ვერ იტყვის, რომ 2014 წლის მიხედვით, ის ამ ჯილდოს არ იმსახურებს. ნამდვილად სამარცხვინო ამბავი იქნება, თუ “ოქროს ბურთს” სხვა მოთამაშეს მისცემენ და არა კრიშტიანუს, რომელმაც საოცარ შედეგებს მიაღწია: ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში 17 გოლი, ბოლო სამ თვეში კი 23 ბურთი გაიტანა.კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ “ოქროს ბურთი” მისცენ?” – პეპეს სიტყვებს bundesligapremier-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

პოგბამ “ოქროს ბურთის” ნომინანტებს შორის ფავორიტი დაასახელა

ტურინის “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ საკუთარი ვარაუდი გამოთქვა, თუ ვის გადასცემენ “ოქროს ბურთს”. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, წელს საუკეთესო მოთამაშის წოდებას მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს.

“მგონია, რომ “ოქროს ბურთს” რონალდუს მისცემენ. ჩემი აზრით, ეს ყველაზე ლოგიკური არჩევანი იქნება. ასე ვთვლი მე და ასე თვლის ბევრი სხვა”, – ციტირებს პოგბას სიტყვებს L’ Equipe-ი.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთზე” წარდგენილ 23 ფეხბურთელს შორის პოლ პოგბაც მოხვდა.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

ტატა მარტინო: “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში ხმას ყოველთვის მესის მივცემ”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში პირველ ადგილს ყოველთვის ლიონელ მესის მიაკუთვნებს.

“ხმას ყოველთვის მესის მივცემ. ლიონელი რეკორდების დამხობას აგრძელებს. სასიამოვნოა, რომ ლეო, არგენტნელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიას სათავეში უდგას”, – ციტირებს ტატა მარტინოს სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.