“ბარსამ” “დეპორტივო” გაანადგურა, მესიმ ჰეთთრიკი შეასრულა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIX ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “დეპორტივო” ანგარიშით 4:0 გაანადგურა. კატალონიური გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ ჰეთთრიკი შეასრულა, მატჩის მიწურულს მასპინძელთა მცველმა სიდნეიმ ავტოგოლი გაიტანა.

“ბარსელონამ” აქტივში 44 ქულა მოაგროვა და ახლა ლიდერ მადრიდის “რეალთან” მხოლოდ ერთქულიანი ჩამორჩენა აქვს, თუმცა “სამეფო კლუბს” ერთი მატჩი აქვს რეზერვში.”დეპორტივო” 17 ქულით მე-15 პოზიციაზე გახლავთ.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XIX ტური
“დეპორტივო” — “ბარსელონა” 0:4 (0:2)

გოლები: მესი 10′, 33′ 62′, სიდნეი 83′ (ა.გ.).
გაფრთხილებები: რიერა 59′, ტოჩე 64′ — ბარტრა 68′, ალვესი 78′.

 

“ბარსაში” ლუის ენრიკეს კუმანით შეცვლიან?

“საუთჰემპტონის” მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს დაკავებული პოსტის დატოვების უფლება მიეცემა, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე კლუბი ორ მილიონ ფუნტ სტერლინგზე ოდნავ მეტს გაიღებს.

ბრიტანული “დეილი სთარის” ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული პუნქტით “ბარსელონამ” ისარგებლოს და მიმდინარე წლის ზაფხულში ლუის ენრიკე სწორედ ფეხბურთის ჰოლანდიელი სპეციალისტით შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ კუმანი მოთამაშის რანგში კატალონიური გუნდის ღირსებას 1989–1995 წლებში იცავდა და 1992 წელს გამართული ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩში სწორედ მისი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა “ბარსელონამ” იტალიური “სამპდორია”.

 

მესიმ ცეცხლზე ნავთი დაასხა

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, რომელსაც ცოტა ხნის წინათ “ჩელსისთან” აკავშირებდნენ, ცეცხლზე ნავთი დაასხა და სოციალურ ქსელში ლონდონური კლუბის ოფიციალური გვერდის “მიმდევარი” გახდა.

მოგვიანებით არგენტინელმა ფეხბურთელმა ტიბო კურტუა, ფილიპე ლუისი და სესკ ფაბრეგასიც დაიმატა.

გარდა ამისა, “ჩელსის” ოფიციალური გვერდის “მიმდევარი” ლეო მესის გელფრენდიც გახდა.

Messi - instagram

ალბას ავტოგოლით “სოსიედადმა “ბარსელონა” დაამარცხა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XVII ტურში “რეალ სოსედადმა” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და მატჩის მეორე წუთზე ჟორდი ალბას ავტოგოლის წყალობით ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ “ბლაუგრანას” ლიდერები – ლიონელ მესი და ნეიმარი სათადარიგოთა შორის დატოვა, თუმცა შეხვედრის მეორე ტაიმში მოედანზე მათი გამოყვანა მაინც მოუწია.

სათქმელია, რომ პრიმერადივიზიონში “სოსიედადს” საკუთარ მოედანზე “ბარსელონასთან” 2007 წლის შემდეგ არ წაუგია და კატალონიურ გუნდთან გამართული ბოლო ხუთი საშინაო მატჩიდან ოთხი სულაც გამარჯვებით დაასრულა.

ამ გამარჯვებით ბასკებმა აქტივში 18 ქულას მოუყარეს თავი და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციამდე აღზევდნენ. “ბარსელონა” 38 ქულით მეორე ადგილზეა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XVII ტური
“რეალ სოსიედადი” — “ბარსელონა” 1:0 (1:0)

“რეალ სოსიედადი”: რული, დე ლა ბელია, ინიგო მარტინესი, ანსოტეგი, კარლოს მარტინესი, გრანერო, ბერგარა, გ. კასტრო (ფინბოგასონი 65′), ხაბი პრიეტო, კანალესი (ბერშიჩე 90+3′), ველა (რუბენ პარდო 89′).
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

“ბარსელონა”: ბრავო, ალბა, მასკერანო, მატიე (დანი ალვესი 69′), მონტოია, ბუსკეტსი, ინიესტა, ჩავი, პედრო (ნეიმარი 57′), მუნირი (მესი 46′), სუარესი.
მთავარი მწვრთნელი: ლუის გარსია.

გოლი: ალბა 2′ (ა.გ.).
გაფრთხილებები: ველა 39′, ინიგო მარტინესი 43′, გრანერო 51′, ფინბოგასონი 89′, ბერგარა 90+2′ — მატიე 34′, დანი ალვესი 76′, ალბა 89′, ნეიმარი 90+3′.
მთავარი მსაჯი: კარლოს დელ სერო გრანდე (მადრიდი).

ზოგი ჭირი მარგებელია

გეცოდინებათ, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ტრანსფერების აკრძალვასთან დაკავშირებით “ბარსელონას” საჩივარი რომ არ დააკმაყოფილა. ქართველებს გამოთქმა გვაქვს – “ზოგი ჭირი მარგებელია” და კატალონიური გუნდის თავკაცმა ლუის ენრიკემაც იპოვა ამ ცუდ ამბავში სახეირო დეტალი. მისი თქმით, ტრანსფერების აკრძალვა “ბარსელონას” აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელებს სტიმულს მისცემს, რაც “ბლაუგრანას” ახალგაზრდული გუნდიდან კიდევ უფრო კარგი თაობის წამოსვლას შეუწყობს ხელს.

“გვინდოდა, რომ სხვა გადაწყვეტილება გამოტანილიყო, თუმცა რას ვიზამთ, ამას უნდა შევეგუოთ. ჩვენ უმაღლესი დონის ფეხბურთელები გვყავს. ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეებისთვის სტიმულის მიმცემი იქნება. აკადემიიდან რამდენიმე ფეხბურთელს გამოვარჩევდი, რომელთაც ძირითად გუნდში მოხვედრა შეუძლიათ. ტრანსფერების აკრძალვა ჩვენს ახალგაზრდებს მთავარი შემადგენლობის კარს უღებს”, – ლუის ენრიკეს სიტყვები “სმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვა 2016 წლის იანვრამდე არ შეეძლება.

 

პედრო: “რონალდუს კარგი სტატისტიკა აქვს, თუმცა მესი ყველას სჯობს”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა თანაკლუბელ ლიონელ მესიზე ისაუბრა.

“კრიშტიანუ რონალდუს კარგი სტატისტიკა აქვს, თუმცა მესი ყველა ფეხბურთელს სჯობს.

ჯერ არცერთი ჩემპიონატიდან არ გამოვარდნილვართ, ბრძოლას ვაგრძელებთ. ვნახოთ, რამდენად გავაგრძელებთ ამავე სულისკვეთებით თამაშს უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში”, – ციტირებს პედროს სიტყვებს “მარკა”.

 

მარტინ ედეგორმა ბარსელონა დატოვა

ესპანური პრესის ცნობით, “სტრემსგოდსეტის” ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა ბარსელონა დატოვა.

ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ბაზას ეწვია და სამუშაო პირობებს გაეცნო.

შეგახსენებთ, რომ ედეგორი კატალონიაში რამდენიმე დღის წინათ ჩავიდა. “მუნდო დეპორტივოს” თანახმად, “ბარსელონას” სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტას 16 წლის შემტევ ნახევარმცველთან მოლაპარაკება უნდა გაემართა.

როგორც მოგეხსენებათ, ედეგორით წამყვანი ევროპული კლუბები არიან დაინტერესებულნი და ნორვეგიელი ფეხბურთელიც ყურადღებით არჩევს არსებულ ალტერნატივებს შორის ოპტიმალურ ვარიანტს.

 

სუბისარეტა: “ის პედრიტო კი არა, პედროა!”

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XVI ტურში “ბარსელონამ” “კორდობა” 5:0 გაანადგურა. ანგარიში მატჩის მე-2 წუთზე პედრო როდრიგესმა გახსნა, რომელმაც მოგვიანებით ერთი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

შეხვედრის შემდეგ კატალონიური გუნდის სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ პედროს შესახებ ისაუბრა, რომელსაც ადრე “პედრიტოდ” ანუ პატარა პედროდ მოიხსენიებდნენ.

“შინ მოპოვებული გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია. დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ეს მეტწილად პედროს მიერ გატანილი გოლის წყალობით მოხდა. ის უნიკალური მოთამაშეა, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს და კიდევ განვითარდება. პედრო შესანიშნავად ასრულებს შეტევებს. ის პედრიტო კი არა, პედროა!” – ციტირებს Football Espana სუბისარეტას სიტყვებს.

 

მარტინ ედეგორი ბარსელონაში ჩავიდა

ახალგაზრდა ნიჭიერი ნორვეგიელი ფეხბურთელი მარტინ ედეგორი, რომლის მიმართაც წამყვანი ევროპული კლუბები არიან დაინტერესებულნი, დღეს კატალონიის აეროპორტში შენიშნეს.

კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” წერს, რომ “ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა 16 წლის შემტევ ნახევარმცველთან მოლაპარაკებას გამართავს.

სუბისარეტა შეეცდება, ედეგორი დაარწმუნოს იმაში, რომ მისი კარიერისთვის “ბარსელონაში” გადასვლა საუკეთესო ვარიანტი იქნება.

 

IFFHS-მა “ბარსელონას” ფეხბურთელებს კუთვნილი ჯილდოები გადასცა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვიცეპრეზიდენტი რობერტ ლეი კატალონიას ეწვია და “ბარსელონას” ფეხბურთელებს 2013 წლის ჯილდოები გადასცა.

ანდრეს ინიესტა 2013 წლის საუკეთესო ფლეიმეიქერად დასახელდა, ლიონელ მესი კი — წამყვანი ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირად (46 გოლი 32 მატჩში).


ჩავი: “ყოველთვის იმას ვფიქრობ, რა იქნება კატალონიელი ხალხისთვის უკეთესი”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა კატალონიაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ ისაუბრა.

“ყოველთვის იმას ვფიქრობ, რა იქნება კატალონიელი ხალხისთვის უკეთესი. აქ ვცხოვრობ, ჩემი ფესვები აქედან არის. ნათელია, რომ მადრიდში ჩვენ არავინ მოგვისმენს. არანაირი დიალოგი არ არის და ვფიქრობ, არც იქნება. ეს იგივეა, ჩემი მეგობარი იყოთ, ტელეფონით გირეკავდეთ და ყურმილს არ იღებდეთ”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივო”.

შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესი “ბარსელონაში” 1991 წლიდან გამოდის. 1997 წელს მან კატალონიური გრანდის მეორე გუნდში პირველი შეხვედრა ჩაატარა. იმავე სეზონში ის მთავარ გუნდში გადაიყვანეს. ჩავის “ბარსელონას” რიგებში ჩატარებულ 486 მატჩში 57 გოლი აქვს გატანილი.

ჩავი ერნანდესი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2000-დან 2014 წლამდე გამოდიოდა. მას “ფურია როხას” რიგებში ჩატარებულ 133 შეხვედრაში 12 გოლი გაუტანია.

 

მესის მორიგი რეკორდი

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი მორიგი რეკორდის მფლობელი გახდა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანური გუნდის რიგებში 400 გოლი გაიტანა, მოგვიანებით კი ეს მაჩვენებელი გააუმჯობესა კიდეც.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIV ტურში “ბარსელონამ” თანაქალაქელი “ესპანიოლი” ანგარიშით 5:1 გაანადგურა. მესიმ ჰეთთრიკი შეასრულა და “ბარსელონას” რიგებში გატანილ გოლთა საერთო რაოდენობა 402 ბურთამდე გაზარდა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა 374 გოლი ოფიციალურ მატჩებში გაიტანა, დანარჩენი 28 ბურთის გატანა კი ამხანაგურ შეხვედრებში მოახერხა.

გარდა ამისა, მესი კატალონიური დერბის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. მის ანგარიშზე “ესპანიოლის” წინააღმდეგ ჩატარებულ 16 შეხვედრაში 12 გატანილი გოლია.