ჩეზარე პრანდელი “ფიორენტინაში” დაბრუნდა

“ფიორენტინას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდის თავკაცის პოსტზე ჯუზეპე იაკინი ჩეზარე პრანდელიმ შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ პრანდელის “ფიორენტინას” ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება აქვს. ის “იისფრებს” 2005-დან 2010 წლამდე თავკაცობდა.

ბოლოს ჩეზარე პრანდელი “ჯენოაში” მუშაობდა. 63 წლის სპეციალისტი ამ გუნდს 2018-2019 წლების სეზონში ხელმძღვანელობდა.

“ფიორენტინას” იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიცია უკავია. გუნდს შვიდი ტურის შემდეგ მხოლოდ ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

“ჯენოას” თავკაცის პოსტზე ჩეზარე პრანდელი დაინიშნა

იტალიური “ჯენოას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩეზარე პრანდელი დაინიშნა.

აღნიშნულ თანამდებობაზე 61 წლის სპეციალისტმა ივან იურიჩი შეცვალა, რომელიც კლუბიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ ჩეზარე პრანდელი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ტურნირის ფინალამდე გააღწია, სადაც ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.

იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურის თავზე “ჯენოას” სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-14 პოზიცია უკავია.

ოფიციალურად: “ვალენსიას” ჩეზარე პრანდელი უთავკაცებს

ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი ჩეზარე პრანდელი “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.

59 წლის მწვრთნელსა და “ღამურებს” შორის გაფორმებული კონტრაქტი ძალაში 2018 წლის 30 ივნისამდე იქნება.

ჩეზარე პრანდელის “ვალენსიაში” ოფიციალურად ორშაბათს წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი უკანასკნელად “გალათასარაის” ხელმძღვანელობდა. პრანდელი თურქული კლუბის თავკაცის პოსტზე 2014 წლის ივნისიდან 2014 წლის ნოემბრამდე მუშაობდა.

პრანდელი ჩინეთში მიდის

იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ჩეზარე პრანდელი, რომელიც ბოლოს თურქულ “გალათასარაიში” მუშაობდა, სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას შორეულ ჩინეთში აპირებს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ გუნდში იმუშავებს ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი.

“გადავწყვიტე, სამუშაოდ ჩინეთში წავიდე. ჩემი შვილიც (მწვრთნელის აგენტია – ავტ.) ეთანხმება ჩემს გადაწყვეტილებას”, – ციტირებს პრანდელის სიტყვებს calciomercato.com-ი.

 

ოფიციალურად: “გალათასარაის” თავკაცის პოსტიდან პრანდელი გაათავისუფლეს

ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი ჩეზარე პრანდელი ხუთშაბათ საღამოს თურქული “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

კლუბის ხელმძღვანელთა მოთმინების ფიალა ჩემპიონთა ლიგაზე ბელგიურ “ანდერლეხტთან” განცდილი მარცხის შემდეგ აივსო. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა “გალათასარაიმ” ანგარიშით 0:2 დათმო, რის შემდეგაც კლუბმა ევროპის ლიგაზე გადანაცვლების თეორიული შანსიც მოისპო.

ჩეზარე პრანდელიმ “გალათასარაიში” ოთხ თვეზე ცოტა მეტი იმუშავა. შეგახსენებთ, რომ ის მანამდე იტალიის ეროვნული ნაკრებს ედგა სათავეში.

 

პრანდელი: „ბალოტელი კარგი ბიჭია, თუმცა რეალობას არის მოწყვეტილი“

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ „მილანისა“ და „სკუადრა აძურას“ ფორვარდის მიმართ კრიტიკა საგრძნობლად გაძლიერდა.

„საერთო ჯამში, მარიო კარგი ბიჭია, ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ის რეალობას მოწყვეტილ სამყაროში ცხოვრობს. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს. ის უკვე 24 წლის გახლავთ და საკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ენდო“, – აღნიშნა პრანდელიმ.

 

ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა

მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

„პასუხიმსგებლობა მე მეკისრება. როდესაც სამწვრთნელო პროექტი წარუმატებლობას იწვნევს, გუნდის თავკაცმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. მე გარკვეული ტექნიკური გეგმა მქონდა, რამაც არ გაამართლა. სწორედ ამიტომ ვტოვებ პოსტს“, – განაცხადა პრანდელიმ.

ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი „სკუადრა აძურას“ 2010 წლიდან თავკაცობდა.

თანამდებობა დატოვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანკარლო აბეტემაც.

„დაკავებული პოსტი დავტოვე. იმედი მაქვს, ფედერაციის წევრები მომავალ სხდომაზე პრანდელის გადაწყვეტილებას შეაცვლევინებენ“, – განაცხადა აბეტემ.

 

პრანდელიმ ესპანეთის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის შესახებ ისაუბრა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის შესახებ ისაუბრა.

„არ მინდა, ეს თემა ფართოდ მიმოვიხილო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ორ თვეში ესპანეთის ნაკრები კვლავ გახდება მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი. შესაძლოა, ესპანელებმა განვლილ სტრესულ სეზონსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალს დიდი ძალები მიახარჯეს“, – განაცხადა პრანდელიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლა როხამ“ ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩიც დათმო, რითაც პლეი-ოფში თამაშის თეორიული შანსიც დაკარგა.

 

სკოლარი: „ტოტი რომ ბრაზილიელი იყოს, ჩემს ნაკრებში თამაშის დიდი შანსი ექნებოდა“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი გამოტყდა, რომ მის გუნდში ისეთი ფეხბურთელების ხილვას ისურვებდა, როგორებიც არიან ანდრეა პირლო და ფრანჩესკო ტოტი. ფეხბურთის ბრაზილიელი სპეციალისტის თქმით, იტალიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია.

„ტოტი ძალიან მომწონს. ის კარგად თამაშობს, ფლობს განსაკუთრებულ უნარებს და არის საკუთარი გუნდის ერთგული. ის რომ ბრაზილიელი იყოს, ჩვენს ამჟამინდელ ნაკრებში მოხვედრის დიდი შანსი ექნებოდა, თუმცა მას უკვე გაუმართლა, რადგან ეკუთვნის შესანიშნავ საფეხბურთო ერს. ის, ვინც იტალიის ნაკრებში ხვდება, ბრაზილიის ნაკრებში თამაშსაც უპრობლემოდ შეძლებს.

პირლოც უნდა აღვნიშნო. ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაიმეთი სხვებზე მაღლა დგანან. პირლო ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც საკუთარი თავი მთელი ეპოქის სახით წარმოგვიდგინა. ის თამაშის მაღალი კულტურით გამოირჩევა, კარგად ფლობს ბურთს და შეუძლია მოედანზე სწორი პოზიციის შერჩევა. ის ნებისმიერი ლიგის ნებისმიერ გუნდში თამაშს შეძლებდა.

ვთვლი, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მომწონს, როგორ მუშაობს ჩეზარე პრანდელი იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე. მან საოცარი მუშაობა გასწია და განაახლა გუნდი როგორც ტაქტიკურად, ასევე – ფსიქოლოგიურად“, – სკოლარის სიტყვები „კორიერე დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

მაროტა: „კონტე „იუვენტუსში“ რჩება“

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც, „ბიანკონერის“ მთავარი მწვრთვნელის პოსტზე ანტონიო კონტეს უახლოეს დროში იტალიის ნაკრების თავკაცი ჩეზარე პრანდელი შეცვლის.

„კონტეს კონტრაქტი 2015 წლამდე მოქმედებს. ერთმანეთთან ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაკავშირებს. შესაბამისად, ყველაფერი გვაწყობს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ „იუვენტუსი“ ახალ მწვრთვნელს არ ეძებს“, – აცხადებს მაროტა.

ალექსანდრე მატევოსოვი

პრანდელი ბუფონის შეცვლას არ აპირებს

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელი ჩეზარე პრანდელი „სკუადრა აძურას“ ძირითადი მეკარის შეცვლას არ გეგმავს.
„ჩემთვის ბუფონი იტალიის პირველი მეკარეა. შესაბამისად, ბრაზილიის მუნდიალზე იგი, რა თქმა უნდა, ითამაშებს. ჯიჯის ბოლომდე ვენდობი, ამიტომაც, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, – განაცხადა პრანდელიმ.
ალექსანდრე მატევოსოვი

პრანდელი: „ბალოტელი რომ არ გამოვიძახო, ეს მისთვის ახალი სასჯელი იქნება“

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის გუნდში გამოიძახებს, მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ფეხბურთელმა სერია А-ში დისკვალიფიკაცია მიიღო. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფორვარდი „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:2) მსაჯთან კამათისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

„ბალოტელიმ თავისი ქმედების გამო უკვე გადაიხადა. მარიო ნაკრებში რომ არ გამომეძახა, ეს მისთვის ახალი სასჯელი იქნებოდა. ფაქტია, რომ „მილანმა“ ბალოტელის დისკვალიფიკაცია არ გაასაჩივრა. ვარ თუ არა გაბრაზებული მარიოზე? დიახ, ვარ, როგორც ყველა, ვინც მასზე ზრუნავს“, – განაცხადა პრანდელიმ.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიის ნაკრებს ორი მატჩი დარჩა გასამართი: „სკუადრა აძურა“ 11 ოქტომბერს დანიაში ითამაშებს, 15 ოქტომბერს კი, ნაპოლიში სომხეთის ნაკრებს დაუხვდება.

ბექა დოგრაშვილი