ტიბო კურტუა ჰოსპიტალიზირებულია

ლონდონის “ჩელსის” მეკარე ტიბო კურტუა ჰოსპიტალიზირებულია.

ინგლისის პრემიერლიგის VII ტურში “ჩელსისა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ბელგიელ კიპერს “მეთოფეთა” თავდამსხმელი ალექსის სანჩესი შეეჯახა. კურტუამ წამიერად გონება დაკარგა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბელგიელი მეკარის ნაცვლად მოედანზე პეტრ ჩეხი გამოვიდა, რომელიც ანალოგიური შეჯახების გამო უკვე დიდი ხანია, სპეციალურ თავსაბურავს ატარებს.

“ჩელსიმ” ედენ აზარისა (პენალტი) და დიეგო კოსტას გოლების წყალობით “არსენალი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

 

მოურინიო აბრამოვიჩს მესის ყიდვას სთხოვდა

მთელი გასული სეზონის განმავლობაში ხშირად ისმოდა სპეკულაციები ლიონელ მესისა და “ბარსელონას” ხელმძღვანელობას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ. როგორც ირკვევა, ლონდონის “ჩელსი” ამ სიტუაცით სარგებლობას ცდილობდა.

კერძოდ, პარასკევს კატალონიურ ტელეკომპანია TV3-ზე გამოაცხადეს, რომ ინგლსური გუნდის მთავარ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩს მესის ყიდვას სთხოვდა. წყაროს ცნობით, “ჩელსი” მზად იყო, არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გაეღო, თუმცა არც მესი და არც “ბარსელონა” ამ წინადადებით არ დაინტერესებულან. პირიქით, კატალონიური გუნდის ლიდერმა კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 250 მილიონ ევროს შეადგენს.

 

საბალეტა: “მიკვირს, დიეგო კოსტა რომ არ გააძევეს მოედნიდან” (ფოტო)

ინგლისის პრემიერლიგის V ტურის ცენტრალურ შეხვედრაში (1:1), რომელიც “მანჩესტერ სიტისა” და ლონდონის “ჩელსის” შორის გაიმართა, უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. მატჩის მიმდინარეობისას “ქალაქელთა” მცველი პაბლო საბალეტა და “პენსიონერთა” თავდამსხმელი დიეგო კოსტა წაკინკლავდნენ და ერთმანეთს ფიზიკურადაც შეეხნენ. ინციდენტის შემდეგ მთავარმა არბიტრმა საბალეტას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, რამაც ავტომატურად არგენტინელი ფეხბურთელის მოედნიდან გაძევება გამოიწვია. დიეგო კოსტა კი მხოლოდ ყვითელი ბარათით დაისაჯა. საბალეტას აზრით, გაძევებას გაესაპანელებული ბრაზილიელი ფორვარდიც იმსახურებდა.

“მინდა, მომხდარის გამო ყველას ბოდიში მოვუხადო, თუმცა ამ სურათის ნახვის შემდეგ მიკვირს, დიეგო კოსტა მოედნიდან რომ არ გააძევეს”, – დაწერა სოციალურ ქსელში საბალეტამ.

პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესონი

ინგლისის პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის “ჩელსის” ახალწვეული დიეგო კოსტა დასახელდა. თვის საუკეთესო მწვრთნელი “სუონსი სიტის” თავკაცი გარი მონკი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის “ატლეტიკოდან” “ჩელსიში” გადასულმა დიეგო კოსტამ პრემიერლიგის საწყის სამ ტურში ოთხი გოლის გატანა შეძლო.

რაც შეეხება მონკს, ის უელსურ კლუბს მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით “სუონსიმ” აგვისტოს თვეში სამიდან სამი შეხვედრა დაასრულა გამარჯვებით, აქედან ერთი მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” მოიგო (2:1).

 

პეტრ ჩეხს “ოქროს ხელთათმანი” გადაეცა

ინგლისის პრემიერლიგის გასული გათამაშების “ოქროს ხელთათმანი” ლონდონის “ჩელსის” მეკარე პეტრ ჩეხს გადაეცა.

ჩეხმა კიპერმა ეს ჯილდო “არსენალის” მეკარე ვოიცეხ შჩესნისთან გაიყო.

ორივე მათგანს პრემიერლიგის 2013/14 წლების გათამაშებაში 16 მშრალი მატჩი აქვს ჩატარებული.

“მოხარული ვარ, რომ “ოქროს ხელთათმანი” გადმომცეს. ყოველთვის სასიამოვნოა ინდივიდუალური ჯილდოს მიღება, თუმცა თანაგუნდელების გარეშე არაფერი გამომივიდოდა. ისინი ცდილობდნენ, რომ გოლი არ გაგვეშვა”, – ციტირებს ჩეხის სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი.

პეტრ ჩეხმა ეს ჯილდო 2004/05 და 2009/10 წლების სეზონებშიც მიიღო.

 

მოურინიო: “გვარდიოლა ფეხბურთით ვერ ტკბება”

რამდენიმე დღის წინათ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა:

“ფეხბურთის სილამაზე მწვრთნელის მიერ შერჩეულ ტაქტიკაზე არის დამოკიდებული. მგონია, რომ მოურინიო საბოლოო შედეგისთვის სანახაობას სწირავს. მისთვის მხოლოდ ტაბლოზე დაფიქსირებული ციფრებია მნიშვნელოვანი. ის ფეხბურთისგან სიამოვნებას ვერ იღებს”.

მოურინიო რისი მოურინიო იქნებოდა, ეს სიტყვები უპასუხოდ რომ დაეტოვებინა.

“როდესაც შენი მუშაობა სიამოვნებას განიჭებს, თმაც არ გცვივა. გვარდიოლა მელოტია. ის ვერ ტკბება ფეხბურთით”, – ციტირებს პორტუგალიელი მწვრთნელის სიტყვებს El Confidencial-ი.

 

კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა

გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გუნდები დაასახელა.

“ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად მიუნხენის “ბაიერნსა” და ლონდონის “ჩელსის” ვთვლი. ეს გუნდები სხვებს აღემატებიან. გარდა ამისა, ესპანური კლუბებიც ძალზედ საშიშ კონკურენტებად რჩებიან.
იტალიული გუნდები ზემოთ დასახელებული ქვეყნის კლუბებს ჩამორჩებიან. თუმცა, “ატლეტიკოს” მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა როლს თამაშობს მოტივაცია გამარჯვებისთვის ბრძოლაში”, – განუცხადა კაპელომ Sky Sport Italia-ს.

რუსეთის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა იქვე ისიც აღნიშნა, რომ “ბარსელონა” ამ ზაფხულს მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

“ამ სატრანსფერო პერიოდში “ბარსელონა” მართლაც გაძლიერდა. ლუის სუარესის დამატებით კატალონიური გუნდი მეტოქეებისთვის კიდევ უფრო სახიფათო გახდა. მესი-ნეიმარი-სუარესი ფანტასტიური ტრიო გამოვა.
მთლად სრულყოფილი იქნება გუნდი, თუ ეს ფეხბურთელები თავდაცვით სამუშაოსაც გასწევენ. სუარესი დაცვით ფუნქცებსაც ასრულებს, დანარჩენი შემტევები – ნაკლებად.
ესპანეთის პრიმერადივიზიონში ასეთივე საშიში იქნება მადრიდის “რეალი”. დანარჩენი გუნდები შედარებით დაბალ დონეზე არიან”, – აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

კაპელომ პოლ პოგბა ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა:

“პოგბა დიდებული ფეხბურთელია, გარკვეულწილად უნიკალურიც კია. მე მას “იუვენტუსში” ახალმისულ იბრაჰიმოვიჩს შევადარებდი. ორივეს სრულყოფა სჭირდებოდა”.

ფაბიო კაპელომ “მილანზეც” ჩამოაგდო სიტყვა:

“იმედი მაქვს, “მილანი” ევროპაში დაბრუნდება. ფილიპო ინძაგი ყველაფერს კარგად ასრულებს, მან გუნდს სულისკევეთება დაუბრუნა, თუმცა მწვრთნელი მეტს ვერაფერს გააკეთებს დიდი ფეხბურთელების გარეშე”.

 

ლამპარდი: “რომ შემოეთავაზებინათ, “ჩელსიში” დავრჩებოდი”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ლონდონის “ჩელსიში” დარჩენის წინააღმდეგ თავად არ ყოფილა.

“ჩემთვის თუნდაც ერთწლიანი კონტრაქტი რომ შემოეთავაზებინათ, “ჩელსიში” დავრჩებოდი. ამ შემთხვევაში, კლუბის დატოვების არავითარი მიზეზი არ მექნებოდა. გიჟი ვიქნებოდი, “ჩელსის” შემოთავაზებას რომ არ დავთანხმებულიყავი. რა თქმა უნდა, მსურდა, რომ რეგულარულად მეთამაშა, თუმცა სულელი არ ვარ და თავადაც ვხვდები ყველაფერს.
ჟოზე მოურინიოსთან საუბარი მქონდა. მასთანაც და “ჩელსისთანაც” კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია. არ ვიცი, ვინ გადაწყვიტა ასე”, – ციტირებს ლამპარდის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა “სანი”.

ფრენკ ლამპარდი “ჩელსის” ღირსებას 2001-დან 2014 წლამდე იცავდა. იგი კლუბის საუკეთესო ბომბარდირია: 648 მატჩში 211 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიგო ქვეყნის თასი, თითო-თითოჯერ დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ტიტულები.

 

მარკო მარინი “ფიორენტინაში” ითამაშებს

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი მარკო მარინი დამდეგ სეზონს ფლორენციის “ფიორენტინაში” გაატარებს.

25 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს, “ვიოლას” მარინის სრულად გამოსყიდვის უფლებაც ექნება. არაოფიციალური ინფორმაციით, ამისთვის “ფიორენტინამ” 5 მილიონი ევრო უნდა გაიღოს.

გასული სეზონი მარინმა იჯარის წესით “სევილიაში” გაატარა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგაც მოიგო. ყველა ტურნირზე ერთად “სევილიას” ფორმით გერმანელმა ფეხბურთელმა 30 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ვინ მოირგებს “ჩელსიში” ლამპარადის ნომერს?

სეზონის დაწყებამდე ლონდონის “ჩელსის” ზოგიერთ ფეხბურთელს სათამაშო ნომერი შეეცვალა. მას შემდეგ, რაც ფრენკ ლამპარდმა გუნდი დატოვა, 8 ნომერი ვაკანტური გახდა. გადაწყდა, რომ ამ ნომრით ბრაზილიელი ნახევარმცველი ოსკარი ითამაშებს, რომელსაც აქამდე 11-ნომრიანი ფორმა ემოსა.

ოსკარის მიერ გათავისუფლებულ 11-ნომრიან მაისურს “ჩელსიში” დაბრუნებული დიდიე დროგბა მოირგებს.

მადრიდის “ატლეტიკოდან” “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნებული მეკარე ტიბო კურტუა 13 ნომერი იქნება, ვიქტორ მოზესი – 18. მანამდე 18-ნომრიანი მაისური რომელუ ლუკაკუს ეკუთვნოდა, რომელიც ლივერპულის “ევერტონში” გაიყიდა.

ახალგაზრდა ჰოლანდიელი მცველი ნათან აკე 6-ნომრიანი ფორმით ითამაშებს.

 

“ევერტონმა” “ჩელსის” ნახევარმცველი ინათხოვრა

ლივერპულის “ევერტონმა” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი კრისტიან ატსუ ინათხოვრა. 22 წლის განელი ფეხბურთელი “კანფეტების” რიგებში მთელი სეზონის განმავლობაში იჯარით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ატსუმ გასული სეზონი არენდის წესით არნემის “ვიტესში” გაატარა.

განელი ნახევარმცველი გარეტ ბერის, მუჰამედ ბეშიჩისა და რომელუ ლუკაკუს შემდეგ “ევერტონის” მეოთხე ახალწვეულია.

ცნობისთვის, ატსუ “ჩელსიში” 2013 წლის ზაფხულში “პორტუდან” გადავიდა. როგორც მოგახსენეთ, გასული სეზონი ჰოლანდიურ “ვიტესში” გაატარა, რომლის რიგებშიც 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კრისტიან ატსუმ განის ნაკრების მონაწილეობით ჩატარებულ 3 მატჩში ითამაშა.

 

“ჩელსიმ” დროგბა დაკარგა

“ფერენცვაროშის” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ სერიოზული ტრავმა მიიღო და 29-ე წუთზე მისი შეცვლა გახდა საჭირო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა ტერფი დაიშავა და შესაძლოა, ლაზარეთში 4-6 თვე დაჰყოს.

თუ ეს პროგნოზი გამართლდება, “ჩელსის” ახალი თავდამსხმელის მოსაძებნად, სავარაუდოდ, სატრანსფერო ბაზარზე გასვლა მოუწევს.

ინგლისის პრემიერლიგის სტარტი კი უკვე კარზეა მომდგარი. “ჩელსი” პირველ შეხვედრას 18 აგვისტოს, “ბარნლის” წინააღმდეგ გამართავს.