ფალკაოს “ჩელსიში” გადასვლა უნდა

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იუწყება, რომ “მონაკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით “მანჩესტერ იუნაიტედში” გაატარა, ინგლისის პრემიერლიგაში დარჩენას აპირებს.

წყაროს თანახმად, 29 წლის კოლუმბიელ ფეხბურთელს ლონდონის “ჩელსიში” სურს კარიერის გაგრძელება. ფალკაო “სტემფორდ ბრიჯზე” გადასასვლელად მზად არის, ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებასაც დათანხმდეს.

ინგლისის პრემიერლიგის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში რადამელ ფალკაომ 26 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“ჩელსიმ” ლონდონში საჩემპიონო მსვლელობა მოაწყო (ვიდეო, ფოტოები)

ლონდონის “ჩელსიმ” ინგლისის პრემიერლიგის მოგების აღსანიშნავად საჩემპიონო მსვლელობა მოაწყო.

კლუბის ავტობუსს “სტემფორდ ბრიჯიდან” ქალაქის ქუჩებში უამრავი ქომაგი მიეგება.

გთავაზობთ “ჩელსის” საჩემპიონო მსვლელობის ამსახველ ვიდეო და ფოტომასალას.

 

ჯერარდი: “ლივერპული” ასე რომ არ მიყვარდეს, მოურინიოს გუნდში გადავიდოდი”

ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “ლივერპულს” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

“წითლების” მხრიდან გოლი სტივენ ჯერარდმა გაიტანა, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს. ის მოედნიდან ლონდონური გუნდის ქომაგებმა აპლოდისმენტით გააცილეს, ტაშს უკრავდა “პენსიონერთა” თავკაცი ჟოზე მოურინიოც. მატჩის შემდეგ მერსისაიდული გუნდის კაპიტანმა განაცხადა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად თვლის.

Mourinho - Gerrard

“ჩელსის” ფანებმა ორიოდე წამით პატივი მცეს, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში მიწასთან მასწორებდნენ. “ლივერპულის” ფანების ოვაცია უფრო გამიხარდა, ისინი პირველი დღიდან მხარს მიჭერენ. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.

ჟოზე მოურინიოს დიდ პატივს ვცემ და მას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ვთვლი. “ლივერპულის” დიდი ქომაგი რომ არ ვიყო, მის გუნდში გადავიდოდი. სამჯერ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. მოურინიოს გუნდში გადასვლაზე არაერთხელ მიფიქრია, თუმცა მან კარგად იცის, რომ ამას ვერ გავაკეთებდი. მე მიყვარს “ლივერპული” და არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, როდესაც შენი ხალხისთვის იგებ”, – ჯერარდის კომენტარი BBC-მ გამოაქვეყნა.

 

ლონდონური გრანდები 11 წლის ფეხბურთელს იწვევენ

ინგლისის პრემიერლიგის ერთბაშად რამდენიმე კლუბია დაინტერესებული “ლუთონ თაუნის” 11 წლის ფეხბურთელ ჩარლი პატინოთი. “დეილი მეილის” თანახმად, ლონდონის “არსენალს”, “ჩელსისა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურს” განუზრახავთ პატინოს თავიანთ აკადემიაში მიწვევა.

ჩარლი პატინოს უკვე ადარებენ ჯეკ უილშირს. ორივე ნახევარმცველია, უილშირიც “ლუთონის” აკადემიაში თამაშობდა, “არსენალს” კი ცხრა წლის ასაკში შეუერთდა.

“ჩარლისთვის ყოველივე საუკეთესო გვინდა, – საუბრობს ფეხბურთელის მამა ხულიო. – თუ მას პროფესიონალი ფეხბურთელობა სურს, შანსი უნდა მივცეთ. ის მოწადინებული ბიჭია, ბევრს შრომობს სკოლაში, კარგი შეფასებაც აქვს და ფეხბურთიც ძალიან უყვარს.

ჩარლი ფეხბურთით ადრეულ ასაკში დაინტერესდა. ბურთი მისთვის უფრო ახლობელია, ვიდრე მისი თანატოლი ბიჭებისთვის”.

ჩარლი პატინო

ჩარლი პატინოს ესპანური ფესვები აქვს. მას ბებია-ბაბუა ესპანელები ჰყავს, თუმცა თავად ჩარლი ინგლისში დაიბადა. როგორც აღმოჩნდა, ის ესპანეთის ჩემპიონატის აქტიური მაყურებელია და კატალონიის “ბარსელონასაც” ქომაგობს. მამამისი ხულიო კი “დეპორტივოს” გულშემატკივარია.

“ჩარლი ესპანურ ფეხბურთს უბრალოდ კი არ უყურებს, ის ანალიზს უკეთებს. ფეხბურთელების მოქმედებებს აკვირდება და მეკითხება, თუ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება მოთამაშემ. ჭკვიანი ბიჭია. მითხრა, რომ მისი საყვარელი გუნდი “ბარსელონაა”. მასზე აშკარად მოახდინა ესპანური ფეხბურთის სტილმა გავლენა.

ჩარლიმ იცის, რომ დიდ კლუბში ვარჯიშის შესაძლებლობა უჩნდება, თუმცა იმის გარანტიას ვერავინ მისცემს, რომ დაიტოვებენ”, – ხულიოს სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

 

დროგბას ბედს აბრამოვიჩი გადაწყვეტს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელ დიდიე დროგბას მომავალს კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი გადაწყვეტს.

37 წლის კოტ დივუარელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ სათამაშო კარიერას კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივებს, თუმცა ფეხბურთელს “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ აპირებს ამ სიტუაციაში ჩარევას და იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხს პირადად აბრამოვიჩი მოაგვარებს.

დროგბას სამი ვარიანტი აქვს: “ჩელსისთან” კონტრაქტის გახანგრძლივება, კლუბის სამწვრთნელო შტაბში დასაქმება ან სხვა გუნდში გადასვლა. გადაწყვეტილებას ფეხბურთელთან ერთად აბრამოვიჩიც მიიღებს.

“აბრამოვიჩთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. ვფიქრობ, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.

ეს კლუბის საშინაო საქმეა, რომელიც მისტერ აბრამოვიჩმა უნდა გადაწყვიტოს. მას სურს, რომ დიდიე საკუთარი სურვილის მიხედვით მოიქცეს, თუმცა აბრამოვიჩმა მას ეს უნდა უთხრას.

ცხადია, რომ დროგბა უკვე შევიდა კლუბის ისტორიაში. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია”, – მოურინიოს კომენტარი ბრიტანულმა გამოცემა “მირორმა” გამოაქვეყნა.

ტერიმ თანამედროვეობის საუკეთესო ინგლისელი მცველი დაასახელა

ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა ჯონ ტერიმ თანამედროვეობის საუკეთესო ინგლისელი მცველი დაასახელა. ტერიმ ასეთად მისივე თანაკლუბელი გარი კეჰილი მოიხსენია.

“გარი განსაკუთრებული ხასიათის მქონე ფეხბურთელია. იგი აშკარად იმედგაცრუებული იყო რამდენიმე თვის წინათ, როდესაც შემადგენლობიდან ამოვარდა, თუმცა შემდეგ კვლავ დაბრუნდა.

ის განსხვავებული დონის მოთამაშე და ინგლისის საუკეთესო ცენტრალური მცველია. ჩემი აზრით, კეჰილი მთელი სეზონის განმავლობაში ბრწყინვალე იყო.

მწვრთნელმა რამდენჯერმე ამოაგდო კეჰილი შემადგენლობიდან, თუმცა მე ვთვლი, რომ ის საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს. მას დიდ მატჩებში თამაშის კარგი გამოცდილებაც აქვს”, – ტერის კომენტარი Evening Standard-მა გამოაქვეყნა.

 

“ჩელსი” “პსჟ”-ს, “ბარსელონას” და “ფიორენტინას” შეხვდება

ლონდონის “ჩელსი” ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის, სადაც ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე მიიღებს მონაწილეობას.

ამ კომერციული ტურნირის ეგიდით ჟოზე მოურინიოს გუნდი 22 ივლისს “ნიუ იორკ რედ ბულსს” შეხვდება, 25 ივლისს “პარი სენ-ჟერმენთან” ითამაშებს, სამი დღის შემდეგ კი მისი მეტოქე “ბარსელონა” იქნება.

ჩემპიონთა საერთაშორისო თასის შემდეგ “ჩელსი” ლონდონში დაბრუნდება, სადაც 5 აგვისტოს “ფიორენტინას” მიიღებს.

 

ლამპარდი: “ჩელსიში” გადასვლა ჩემი კარიერის მთავარი მოვლენაა”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა, რომელიც ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს, განაცხადა, რომ 2001 წელს “ვესტ ჰემ იუნაიტედიდან” ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა მისი კარიერის მთავარი მოვლენაა.

“ახალგაზრდობაში ბევრს ვშრომობდი, გამიმართლა და “ვესტ ჰემში” მოვხვდი, სადაც ჰარი რედნაპთან, ტონი კართან, მამაჩემთან და სხვებთან ერთად ვმუშაობდი.

Lampard

შემდეგ ბედმა გამიღიმა და “ჩელსიში” აღმოვჩნდი. ამან ჩემი ცხოვრება და კარიერა მთლიანად შეცვალა. ეს დიდებულ გუნდში გატარებული საოცარი პერიოდი იყო.

მოხარული ვარ, რომ გამოჩენილი ფეხბურთელების გვერდით ორი დიდი გუნდის რიგებში მომიწია თამაში — “ჩელსიში” და “მანჩესტერ სიტიში”, – ლამპარდის სიტყვები “დეილი ექსპრესმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდი “ჩელსის” შემადგენლობაში სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (2004–05, 2005–06, 2009–10), ოთხჯერ მოიგო ფეხბურთის ასოციაციის თასი (2006–07, 2008–09, 2009–10, 2011–12), დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგისა (2011–12) და ევროპის ლიგის (2012–13) თასები.

 

“არსენალი” და “ჩელსი” ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ემირეითსზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “არსენალმა” თანაქალაქელი “ჩელსი” მიიღო. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, თუმცა მოსაწყენი არ ყოფილა, გამარჯვებისთვის ორივე გუნდმა გაიბრძოლა.

პირველ ტაიმში გუნდები თანაბრად მოქმედებდნენ: “არსენალი” მოკლე გადაცემებით ცდილობდა ფონს გასვლას, “ჩელსი” კი კონტრშეტევებზე გადადიოდა. მეორე ნახევარში მოედნის სხვადასხვა მონაკვეთში მრვალად ვიხილეთ ორთაბრძოლა, თუმცა გოლის ხილვის შესაძლებლობა არ მოგვეცა.

“ჩელსი” 77 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერბს. “არსენალს” 67 ქულით მესამე ადგილი უკავია და ერთი მატჩით ნაკრები აქვს ჩატარებული.

ინგლისის პრემიერლიგა
34-ე ტური
“არსენალი” — “ჩელსი” 0:0 (0:0)

გაფრთხილებები: კოკლენი 34′, რემსი 89′, კასორლა 90+3′, ნაჩო მონრეალი 90+5′ — ფაბრეგასი 23′, ვილიანი 68′, ივანოვიჩი 72′.

მოურინიო კლუბის პრესატაშეს გაეხუმრა (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო წინასამატჩო პრესკონფერენციაზე თავის პრესატაშე სტივ ატკინსზე ადრე მივიდა და მასთან გახუმრება სცადა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს შესთავაზა: “როდესაც სტივი შემოვა, ვუთხრათ, რომ პრესკონფერენცია უკვე დასრულებულია და მივდივართ”.

ცოტა ხანში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მოურინიოს შესთავზა, რომ თავად დაესვა მედიის წარმომადგენლებისთვის კითხვები.

საბოლოოდ, საპრესკონფერენციო დარბაზში პრესატაშე გამოჩნდა, მოურინიო უმალ წამოხტა სავარძლიდან, ჟურნალისტებს დაემშვიდობა და გასასვლელისკენ გაეშურა, თუმცა მალევე გაჩერდა და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა.

 

“ჩელსი” კოკეს სანაცვლოდ 61 მილიონს იხდის

ბრიტანული “მეტროს” ცნობით, ლონდონის “ჩელსი” მზადაა, მადრიდის “ატლეტიკოს” კოკეს სანაცვლოდ 61 მილიონი ევრო შესთავაზოს. 23 წლის ესპანელი ნახევარმცველი შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგდეს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოკეს მიმართ ინტერესს “ბარსელონაც” იჩენდა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში კოკემ 24 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში ესპანელ ფეხბურთელს ორი გოლი და ოთხი საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

 

მოურინიოს შვილი: “ჩელსის” ფანები სამარცხვინოდ მოიქცნენ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს შვილმა კლუბის ფანების ნაწილი გააკრიტიკა, რომლებმაც ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:1) შემდეგ სესკ ფაბრეგასს უსტვინეს.

“ყველამ რატომ გამოხატა სიძულვილი ფაბრეგასის მიმართ? რატომ დაადანაშაულეს ის? დამნაშავე მთელი გუნდია. შესაძლოა, სესკმა ისე ვერ ითამაშა, როგორც მისგან ელოდნენ, თუმცა მან ბოლომდე იბრძოლა. მან ხასიათი გამოავლინა.

“ჩელსის” ცუდი ფანები მინახავს, თუმცა კვირას უარესი რამ ვნახე. ფანებმა ფაბრეგასს დაუსტვინეს. ქომაგები სამარცხვინოდ მოიქცნენ”, – დაწერა მოურინიოს შვილმა სოციალურ ქსელში.