“ჩელსი” კარაგერის მისამართით: “ეს მათ, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვთ” (ფოტო)

ლონდონის “ჩელსის” “ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც მსაჯებთან მოკამათე ჯეიმი კარაგერი და გრემ სუნესი არიან გამოსახულნი.

“ეს მათ, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვთ…”, – ასეთი წარწერა აქვს გაკეთებული ფოტოს.

შეგახსენებთ, რომ კარაგერმა და სუნესმა, რომელიც “სქაი სპორტსში” ექსპერტებად მუშაობენ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ჩელსისა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში (2:2) ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაძევებისას ინგლისური გუნდის ფეხბურთელთა ქმედება გააკრიტიკეს. სწორედ ამ კრიტიკის პასუხია აღნიშნული ფოტოც.

Critice

ელერდაისი: “დიეგო კოსტა პროვოკაციების შემდეგ უკეთ თამაშს იწყებს”

დღეს ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის უმრავლესი შეხვედრები გაიმართება. დიდ ინტერესს იწვევს “აპტონ პარკზე” გასამართი შეხვედრა — “ვესტ ჰემ იუნაიტედი” თანაქალაქელ “ჩელსის” მასპინძლობს, აღმოსავლეთ ლონდონი დასავლეთ ლონდონის წინააღმდეგ.

მატჩამდე “ჩაქუჩების” მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა დიეგო კოსტას შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

Diego Costa

“ჩვენ არ ვაპირებთ, რაიმე სახის დაპირისპირება მოვაწყოთ დიეგო კოსტასთან. ჩვენი ცენტრალური მცველები ამის გაკეთებას არ გეგმავენ, რადგან ამან შეიძლება ისევ ჩვენ გვავნოს.

ხალხი ამბობს, რომ ის ძველი სტილის ცენტრფორვარდია, რადგან ფიზიკური და აგრესიული პროვოკაციებით მოტივაციას იზრდის. ასე რომ, ჩვენ პროვოკაციებს უნდა მოვერიდოთ.

მისი პროვოცირება სულელური ნაბიჯი იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში, ის უკეთ ათამაშდება. დიეგო კოსტა თავადვე იწვევს მცველებს. სწორედ ეს უნარები წარმოაჩენს მას ასეთ კარგ ფეხბურთელად”, – ელერდაისის სიტყვები espn-მა გამოაქვეყნა.

“ვესტ ჰემსა” და “ჩელსის” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

 

სქოულზი: “მოურინიო მსაჯებზე ზეგავლენას ისე ვერ ახდენს, როგორც ამას ფერგიუსონი აკეთებდა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა განაცხადა, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მსაჯებზე ზეგავლენას ისე ვერ ახდენს, როგორც ამას “წითელი ეშმაკების” ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი აკეთებდა.

“გასაკვირი არ არის ის, რომ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ჟოზე მოურინიო, რომელიც პრემიერლიგის ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს – მსაჯებით დაწყებული ინგლისის ფეხბურთის ასოციაციით დამთავრებული. პრობლემა ის არის, რომ მას ეს არ გამოსდის.

ყველა უმაღლესი დონის მწვრთნელი ცდილობს ზეგავლენის მოხდენას. ამას მოურინიო საკუთარი გუნდისთვის აკეთებს და ეს არ არის გასაკვირი, თუმცა არბიტრები მისი გავლენის ქვეშ არ ექცევიან. მათ არ მოსწონთ, როდესაც ვინმე მსაჯებს რაიმეს გაკეთებაზე უთითებენ.

Mourinho - Referee

ვფიქრობ, რომ არბიტრებს არ სურთ, მოურინიოს ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ, თუმცა არც იმას ვამბობ, რომ ვინც შეცდომას უშვებს, ის გავლენის ქვეშაა და მისი ქმედება წინასწარ განზრახულია.

ჩემი ყოფილი თავკაცი სერ ალექსი ნამდვილად ახდენდა არბიტრებზე ზეგავლენას. ჩემი აზრით, ზოგიერთ მსაჯს სურდა, რომ მისთვის თავი მოეწონა. იმას არ ვგულისხმობ, რომ ისინი ჩვენ გვეხმარებოდნენ. მათ სურდათ, შეცდომების დაშვების გარეშე ემუშავათ. არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობს მოურინიო. თუ მას ჰგონია, რომ არბიტრების კრიტიკით საკამათო ეპიზოდებში მსაჯები “ჩელსის” სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ძალიან ცდება”, – დაწერა სქოულმა “ინდეპენდენტის” საიტზე გამოყოფილ საკუთარ სვეტზე.

 

დავიდ ლუისი: “რომ არა კურტუა, “პსჟ” გაიმარჯვებდა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ პარიზელთა მცველმა დავიდ ლუისმა “პენსიონერთა” მეკარე ტიბო კურტუა შეაქო.

“რომ არა კურტუა, “პარი სენ-ჟერმენი” გაიმარჯვებდა. ბელგიელმა კიპერმა დიდებულად ითამაშა. “ჩელსიმ” ერთადერთი შანსი გამოიყენა. ვფიქრობ, ჩვენ მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია”, – დავიდ ლუისის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ წყვილის განმეორებით მატჩს “სტემფორდ ბრიჯი” 11 მარტს უპასუხებს.

 

მოურინიო: “ჩელსის” შესაძლოა წაეგო კიდეც”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. “პენსიონერთა” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ძლიერ მეტოქესთან ფრე კარგი შედეგია.

“ჩელსის” შესაძლოა წაეგო კიდეც. ამიტომ, ფრე კარგი შედეგია. ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაფერს საპასუხო შეხვედრა გადაწყვეტს. ფრედ ვითამაშეთ ძალიან კარგ გუნდთან, რომელიც მეტად ტექნიკური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული”, – მოურინიოს სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

წყვილის განმეორებით მატჩს “სტემფორდ ბრიჯი” 11 მარტს უპასუხებს.

 

“ჩელსის” ავტობუსს “პარკ დე პრენსზე” ავარია მოუვიდა (ფოტო)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის გამართული მატჩის (1:1) დაწყებამდე ინგლისელთა ავტობუსს სტადიონზე ავარია მოუვიდა.

მძღოლი სტადიონის ავტოსადგომზე ავტობუსის დაყენებას ცდილობდა, თუმცა ვიწრო მოსახვევში ხეირიანად ვერ მოუხვია და კედელს შეეჯახა.

ავტობუსს ძირითადად ფანჯრის მინა დაუზიანდა.

Chelsea bus

ვერატი: “ჩელსი” “პსჟ”-ს ანგარიშით 4:0 დაამარცხებს”

“პარი სენ-ჟერმენის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ დღეს გასამართ მატჩზე ერთი შეხედვით მოულოდნელი პროგნოზი გააკეთა.

“ჩვენ, იტალიელები ძალიან ცრუმორწმუნე ხალხი ვართ. ამიტომ, უმჯობესი იქნება, რომ მატჩამდე მეტოქის გამარჯვებაზე ვისაუბროთ. “ჩელსი” ანგარიშით 4:0 გაიმარჯვებს”, – ღიმილით განუცხადა ვერატიმ ჟურნალისტებს.

“პარი სენ-ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას თურქი არბიტრი ჯიუნეთ ჩაქირი მოემსახურება. წყვილის განმეორებით მატჩს “სტემფორდ ბრიჯი” 11 მარტს უმასპინძლებს.

 

დროგბა: “იბრაჰიმოვიჩი ძალიან შეიცვალა”

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე პარიზელთა ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.

“იბრაჰიმოვიჩი ძალიან შეიცვალა. მან გააცნობიერა, რომ გუნდისთვის უნდა ითამაშოს. მე მომწონს მისი სათამაშო სტილი, მომწონს მისი აგრესიულობაც. ბევრ რამეში ერთმანეთს ვგავართ კიდეც.

არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ “პარი სენ-ჟერმენი” შესუსტებულია. სულაც არა. ისინი დამდეგი მატჩისთვის ემზადებიან და ჩვენთან საბრძოლველად მზად იქნებიან”, – ციტირებს დროგბას სიტყვებს ინტერნეტგამოცემა Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის პირველი მატჩი დღეს, პარიზში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს. წყვილის განმეორებით შეხვედრას “სტემფორდ ბრიჯი” 11 მარტს უმასპინძლებს.

 

ოფიციალურად: აზარმა „ჩელსისთან“ გაახანგრძლივა

ლონდონის „ჩელსიმ“ ნახევარმცველ ედენ აზართან კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც ცნობილია, ახალი შეთანხმება მხარეებს მომავალი ხუთი სეზონის განმავლობაში დააკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ლონდონურ კლუბში 2012 წლიდან თამაშობს.

hazard-signs-new-deal_img

მოურინიო 25 ათასი ფუნტით დააჯარიმეს

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურნიო გადაცდომისთვის 25 ათასი ფუნტ სტერლინგით დააჯარიმეს.

კერძოდ, საუბარია 28 დეკემბერს, პრემიერლიგის XIX ტურში “საუთჰემპტონსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის (1:1) შემდეგ მოურინიოს მიერ თქმულ ფრაზაზე. აღნიშნულ შეხვედრაში “პენსიონერთა” ესპანელმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, პორტუგალიელმა თავკაცმა კი თქვა, რომ მისი გუნდის წინააღმდეგ კამპანიაა გაჩაღებული.

მოურინიომ მაშინ ეს განცხადება გააკეთა:

“ჩელსის” წინააღმდეგ კამპანიაა აგორებული. არ ვიცი, რატომ ხორციელდება ეს ყველაფერი.

ყველამ იცის, რომ იმ მომენტში პენალტი იყო”.

ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” წინააღმდეგ წუხელ გამართული განმეორებითი მატჩის (1:0 დ.დ.) შემდეგ, მოურინიომ იმ მიზეზით, რომ მას კვლავ დასჯიან, მსაჯებზე კომენტარი არ გააკეთა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა წუხელ მთელ რიგ ეპიზოდებში გამოხატა არბიტრების მიმართ უკმაყოფილება.

 

მოურინიო: “იმედია, “სტემფორდ ბრიჯზე” იმ ემოციის 25 პროცენტი მაინც იქნება, რაც “ენფილდზე” იყო”

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. “პენსიონერთა” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმედოვნებს, რომ განმეორებით შეხვედრაში მის გუნდს ქომაგები მხარს აქტიურად დაუჭერენ.

“თუ “სტემფორდ ბრიჯზე” იმ ემოციის 25 პროცენტი მაინც იქნება, რაც “ენფილდზე” იყო, შანსი გვექნება. განმეორებით მატჩს “ლივერპულის” ხუთი-ათი ათასი ქომაგი დაესწრება და არა – 40 ათასი”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “მეტრო”.

“ჩელსისა” და “ლივერპულს” შორის განმეორებითი შეხვედრა 27 იანვარს გაიმართება.

 

ტერიმ “ჩელსის” რიგებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა

ლონდონის “ჩელსის” კაპიტან ჯონ ტერისთვის ინგლისის პრემიერლიგის XXII ტურში “სუონსი სიტის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა კლუბის რიგებში ჩატარებული 649-ე მატჩი გახლდათ. ამ მაჩვენებლით ინგლისელმა მცველმა “ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ჩამოიტოვა და მესამე ადგილი დაიკავა.

“ჩელსის” რიგებში ყველაზე მეტი მატჩი რონ ჰარისს აქვს ჩატარებული. მას კლუბის ფორმით 795 შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა. მეორე ადგილზეა პიტერ ბონეტი, 729 მატჩით.