ვალერი ჩალი: “რუბინი” “ჩელსიზე” უკეთესი გუნდია”

ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ვალერი ჩალიმ “ლივერპულთან” წაგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მას “ჩელსიზე” ძლიერი გუნდი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” ჟოზე მოურინიოს გუნდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

“ახალგაზრდა ფეხბურთელებს თამაშის საშუალება მივეცით, ამიტომ თავდაჯერებულობა ცოტათი გვაკლდა, მაგრამ ეს პრობლემა მეორე ნახევარში გამოვასწორეთ. მათთვის ეს კარგი გამოცდილება იყო.

“ლივერპული” კარგი გუნდია, რაც “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაშიც დაამტკიცა. ლივერპულელებმა ლონდონელები დაამარცხეს – ამრიგად, “რუბინი” “ჩელსიზე” ძლიერი გუნდია”, – ციტირებს ჩალის სიტყვებს The Guardian-ი.

ვილიანმა კიევის “დინამოს” საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ჩელსისა” და კიევის “დინამოს” შორის გამართულ მატჩში 83-ე წუთზე ვილიანმა მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

შევჩენკო მოურინიოს გამოექომაგა

ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. შევჩენკო ამბობს, რომ გუნდმა მოურინიოს მიღწევები არ უნდა დაივიწყოს.

“ჟოზე დიდებული მწვრთნელია. თითოეულ სპეციალისტს, ვისთან ერთადაც კარიერის განმავლობაში მომიწია მუშაობა, საკუთარი სტრატეგია ჰქონდა, მაგრამ ყველას მიზანი სასურველი შედეგის მიღწევა იყო. ამ მხრივ მოურინიო გამარჯვებული მწვრთნელია. მას უზარმაზარი გამოცდილება აქვს, იცის, სად სჭირდება მის გუნდს გაძლიერება. ზოგჯერ სიტუაციის გამოსწორება დიდ დროს მოითხოვს, ზოგჯერ კი ეს პროცესი სწრაფად მიმდიანრეობს. რაც არ უნდა იყოს, წარსულის დავიწყება არ შეიძლება”, – შევჩენკოს კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

ობი მიკელი: „ჩელსიში“ არსებული მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ მოურინიოს შეუძლია“

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცვველმა ჯონ ობი მიკელმა განაცხადა, რომ გუნდის მოთამაშეები მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ინგლისის ჩემპიონატის 11 ტურის შემდეგ „ჩელსი“ პრემიერლიგის მე-15 ადგილს იკავებს.

„მთელი გუნდი მოურინიოს მხარდაჭერას უცხადებს. ვარჯიშზე ყოველი ფეხბურთელი იხარჯება, რათა გუნდის მდგომარეობა გამოასწოროს. თუ ვინმეს ამ სიტუაციის გამოსწორება შეუძლია, ეს მოურინიოა.

გასულ სეზონში მასთან ერთად ორი ტიტული მოვიგეთ. ის „ჩელსის“ ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მწვრთნელია. გუნდის გარეთ ბევრს სურს, რომ ის წავიდეს, თუმცა არამგონია, მოურინიოს ასე უბრალოდ წასვლა შეეძლოს. შედეგი კი მალე მოვა, ეს დროის ამბავია“, – ციტირებს ობი მიკელს ESPN FC.

“ჩელსი” შინ “ლივერპულთან” დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “ჩელსიმ” “ლივერპული” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-4 წუთზე რამირესის თავური დარტყმის წყალობით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ლონდონელებმა აქცენტი თავდაცვით თამაშზე გააკეთეს, თუმცა ტაიმის ბოლოს ფილიპე კოუტინიომ წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრის მეორე ნახევარში “ენფილდროუდელები” გაცილებით ეფექტიანად მოქმედებდნენ და ამან შესაბამისი შედეგიც გამოიღო: 74-ე წუთზე კოუტინიომ დუბლი შეასრულა, 83-ე წუთზე კი თავისი გოლი შეცვლაზე შემოსულმა კრისტიან ბენტეკემაც გაიტანა.

ამრიგად, ჟოზე მოურინიოს “ჩელსიმ” მორიგი მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში ამ წუთისთვის მე-15 პოზიცია უკავია. “ლივერპულმა” აქტივში 17 ქულა მოაგროვა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

 

ინგლისის პრემიერლიგა
XI ტური
“ჩელსი” — “ლივერპული” 1:3 (1:1)

გოლები: რამირესი 4′ — კოუტინიო 45+3′, 74′, ბენტეკე 83′.
გაფრთხილებები: ობი მიკელი 66′ — ლალანა 24′, ლუკას ლეივა 58′, ჯანი 65′, ბენტეკე 86′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.

 

ბრენდან როჯერსი, შესაძლოა, „ჩელსის“ თავკაცი გახდეს

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვს, მის ადგილს „ლივერპულის“ ყოფილი თავკაცი ბრენდან როჯერსი დაიკავებს.

მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ჩრდილოირლანდიელ სპეციალისტთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდება.

ცნობისთვის, პორტუგალიელი სპეციალისტის შესაძლო შემცვლელთა შორის ასევე გუს ჰიდინკი და პეპ გვარდიოლა სახელდებიან.

პრემიერლიგის ათი ტურის შემდეგ „ჩელსი“ 11 ქულით მეთხუთმეტე პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ როჯერსს „ჩელსიში“ აქამდეც უმუშავია. 2004 წლიდან 2008 წლამდე ის ლონდონური კლუბის აკადემიაში მუშაობდა.

მოურინიო: “ჩემთვის ფანტასტიური იქნებოდა, “ჩელსის” ფეხბურთელები” ჩემ წინააღმდეგ რომ ყოფილიყვნენ”

წუხელ, ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდზე ლონდონის “ჩელსი” “სტოკ სიტისთან” პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. გუნდს პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-15 პოზიცია უკავია. აშკარაა, ინგლისის მოქმედი ჩემპიონი ღრმა კრიზისშია. ავი ხმები იმასაც ამბობენ, რომ “ჩელსის” ფეხბურთელები მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს აუმხედრდნენ და გუნდის ცუდი შედეგებიც მათი შეთქმულების შედეგია. წუხელ ამის შესახებ მოურინიოსაც ჰკითხეს, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი ლაპარაკი ფეხბურთელების უპატივცემულობაა.

“თქვენ ფიქრობთ, რომ ფეხბურთელები ჩემ გვერდით არ არიან? თქვენ ფიქრობთ, რომ ფეხბურთელები მოსაგებად ყველაფერს არ აკეთებენ? ცუდია. ჩემთვის კი არ არის ცუდი, ცუდია ფეხბურთელებისთვის, ეს მათი უპატივცემულობაა და არა ჩემი. ჩემთვის ფანტასტიური სიტუაცია იქნებოდა, “ჩელსის” მოთამაშეები ჩემ წინააღმდეგ რომ ყოფილიყვნენ. ვიტყოდი, რომ შედეგი არ გვაქვს, რადგან ფეხბურთელები ჩემ წინააღმდეგ არიან.

რასაც ზოგიერთი წერს და ლაპარაკობს, ძალიან ცუდია მოთამაშეებისთვის. იმ ადამიანებს შორის, ვინც ამას ამბობს, ზოგიერთი ყოფილი ფეხბურთელია. ალბათ, ჰგონიათ, რომ ჩემი ფეხბურთელები მათ ჰგვანან, რადგან შესაძლოა, მათ ასეთი რამის გაკეთება უწევდათ, მაგრამ ჩემი მოთამაშეები ამას არ იზამენ, ჩემი ფეხბურთელები მოსაგებად ყველაფერს აკეთებენ”, – განაცხადა მოურინიომ წუხელ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

“ჩელსი” ინგლისის ლიგის თასს გამოეთიშა (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსი” ინგლსისი ლიგის თასის გათამაშებიდან გამოვარდა. ჟოზე მოურინიოს გუნდი ტურნირის მეოთხე რაუნდზე “სტოკ სიტის” ესტუმრა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მასპინძლებმა იმარჯვეს.

“სტოკ სიტი” შეხვედრის 52-ე წუთზე ჯონათან უოლტერსმა დააწინაურა. 91-ე წუთზე წონასწორობა ლოიკ რემიმ აღადგინა. მალე “სტოკის” მცველმა ფილიპ ბარდსლიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუხდა.

პენალტების სერიაში “სტოკმა” 5:4 იმარჯვა. აღსანიშნავია ის, რომ პენალტი მხოლოდ ედენ აზარმა გააფუჭა.

ინგლისის ლიგის თასი
მეოთხე რაუნდი
“სტოკ სიტი” — “ჩელსი” 1:1 (პენ. 5:4)

გოლები: უოლტერსი 52′ — რემი 90+1′.
გაძევება: ბარდსლი 90+3′.

სხვა მატჩები ასეთი შედეგებით დასრულდა:

“ევერტონი” — “ნორვიჩ სიტი” 1:1 (პენ. 4:3)
“შეფილდ უენსდეი” — “არსენალი” 3:0
“ჰალ სიტი” — “ლესტერ სიტი” 1:1 (პენ. 5:4)

ეტოო: “არა მგონია, მოურინიომ “ჩელსი” დატოვოს და “პსჟ”-ს მიაშუროს”

კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო, რომელსაც ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის გამოცდილება აქვს, თვლის, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ლონდონის “ჩელსის” არ დატოვებს და “პარი სენ-ჟერმენში” არ გადაბარგდება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიომ დაუკმაყოფილებელი შედეგბის გამო შესაძლოა, ლონდონი დატოვოს და პარიზს მიაშუროს.

“არა მგონია, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს. მოურინიოს “პარი სენ-ჟერმენში” ვერ ვხედავ. მას წარმატების მიღწევა ნებისმიერ კლუბთან ერთად შეუძლია, ეს მოახერხა ყველა გუნდში, სადაც უმუშავია. არა მგონია, მან “ჩელსი” დატოვოს. მე ვფიქრობ, მოურინიო “ჩელსის” ამ რთული ვითარებიდან დაიხსნის და დადებით შედეგებს დააბრუნებს”, – ეტოოს კომენტარს RMC ციტირებს.

 

ანრი: “ჩელსის” ფეხბურთელებმა მოურინიოსადმი ნდობა დაკარგეს”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი ტიერი ანრი თვლის, რომ “ჩელსის” ფეხბურთელებმა კლუბის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიმართ ნდობა დაკარგეს და ეს გუნდის შედეგებზეც უარყოფითად აისახება.

“ვხედავ, რომ გუნდი მოურინიოს აღარ ენდობა. ნემანია მატიჩმა ბოლო მატჩი არასტაბილურად ჩაატარა. ფეხბურთელები განზე არიან. ედენ აზარს ეტყობა, რომ ასეთ სტილში თამაში არ სურს. მოურინიომ უნდა აღიაროს, რომ მისი მანერა ფეხბურთელებს არ მოსწონთ. ძალიან ბევრს მოითხოვენ აზარისგან. იგი ჯერ დაცვაში უნდა დაეხმაროს გუნდს, შემდეგ კი სწრაფად უნდა გადავიდეს კონტრშეტევაზე.

მოურინიო წარმატებული მწვრთნელი იყო, ბევრი ტიტული მოიგო, მაგრამ როდესაც ჩემპიონი ხდები, მომდევნო სეზონში უფრო მეტი უნდა გააკეთო. ფეხბურთელების სხეულის ენით ვხვდები, რომ მათ უკვე მობეზრდათ ამ სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა, თუმცა გუნდთან იმდენად დაახლოებული არ ვარ, რომ შიგნიდან ვიცოდე, რა ხდება სინამდვილეში”, – ციტირებს ანრის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

 

მოურინიო შესაძლოა, ამ კვირაში გაათავისუფლონ

ლონდონის “ჩელსიში” ჟოზე მოურინიოს წყალი რომ შეუდგა, ამაზე ბრიტანული და არაბრიტანული პრესა უკვე დიდი ხანია, წერს. დასავლეთლონდონელებს პრემიერლიგის ათი ტურის შემდეგ აქტივში მხოლოდ 11 ქულა აქვს, რაც გუნდის ანტირეკორდია. კონსპირაციული თეორიის მომხრეები იმასაც ამბობენ, რომ ფეხბურთელებს მოურინიოსთან დაპირისპირება აქვთ და ცუდად განზრახ თამაშობენ, რათა რომან აბრამოვიჩმა პორტუგალიელი სპეციალისტი “სტემფორდ ბრიჯიდან” მიაბრძანოს. ამასობაში “ჩელსი” სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციამდე დაქვეითდა და აშკარაა, რაღაც ზომებია მისაღები.

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” წერს, რომ მოურინიოს გუნდი დამდეგ შაბათს შინ “ლივერპულს” დაუხვდება და თუ ისევ დამარცხდება, შესაძლოა, პორტუგალიელი მწვრთნელი მატჩის შემდეგვე გაათავისუფლონ.

იმავე წყაროს ცნობით, “ჩელსიში” დაბრუნება კარლო ანჩელოტის სურს. სახელდება ხოსეპ გვარდიოლას კანდიდატურაც, რომლის მოთაფვლასაც აბრამოვიჩი 2012 წელს ცდილობდა, თუმცა მაშინ კატალონიელმა სპეციალისტმა მიუნხენის “ბაიერნის” გაძღოლა არჩია. მესამე ვარიანტად დიეგო სიმეონე მოიაზრება. დროებით მწვრთნელად გუს ჰიდინკის კანდიდატურას განიხილავენ, რომელიც “ჩელსის” 2009 წელს ხელმძღვანელობდა და დანიშვნიდან სამ თვეში გუნდს ინგლისის თასი მოაგებინა.

 

„ვესტ ჰემის“ მფლობელმა „ჩელსისა“ და მოურინიოს დასცინა (ფოტო)

„ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ერთ-ერთმა მფლობელმა დევიდ გოლდმა „ჩელსისთან“ მოგების შემდეგ „ტვიტერზე“ სურათი განათავსა, რომელზეც „არისტოკრატთა“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მისი კლუბის აკადემიის ბავშვებთან ერთააა ასახული. გოლდმა სურათს შემდეგი კომენტარი დაურთო: „კარგი, ვის უნდა შემდეგ კვირას „ჩელსიში“ თამაში?“

20152410213827