კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა, დასაჯონ

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგა პრიმერადივიზიონის 28-ე ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ მატჩში (2:1) მომხდარ ეპიზოდს შეისწავლის. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობისას “სამეფო კლუბის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მთავარ არბიტრ მატეუ ლაოსს სასქესო ორგანოსკენ მიუთითა და თან ჰკითხა:

“მატეუ, მოგწონს ეს?”

“ამ ეპიზოდს, რა თქმა უნდა, შევისწავლით”, – განაცხადა ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა.

 

რონალდუ 2018 წელს MLS-ში წავა?

გამოცემა Sports Illustrated-ი იუწყება, რომ მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ 2018 წელს კარიერას MLS-ში გააგრძელებს. წყაროს ცნობით, სწორედ ჩრდილოეთ ამერიკის ლიგაში აპირებს პორტუგალიელი ფეხბურთელი კარიერის დასრულებას. გამოცემაში წერია, რომ რონალდუ საცხოვრებლად სამ ალტერნატივას განიხილავს: მაიამი, ლოს ანჯელესი და ნიუ იორკი.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს “რეალთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისს ეწურება. პორტუგალიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 120 მილიონ ევროდ ფასდება.

 

კრიშტიანუ რონალდუ პლანეტის ყველაზე პოპულარული ადამიანია

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ პლანეტის ყველაზე პოპულარული ადამიანია. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” უკან ჩამოიტოვა კოლუმბიელი მომღერალი, ჟერარ პიკეს მეუღლე შაკირა, რომელსაც ამ დრომდე ყველაზე მეტი მოწონება ჰქონდა. რონალდუს ფანთა რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა და ახლა პორტუგალიელს ათი ათასით მეტი მოწონება აქვს, ვიდრე შაკირას.

“ფეისბუქში” ყველაზე პოპულარული სპოტსმენების ოთხეული ასე გამოიყურება:

  • 1. კრიშტიანუ რონალდუ — 107 მილიონი მოწონება;
  • 2. ლიონელ მესი — 78.2 მილიონი მოწონება;
  • 3. დევიდ ბექჰემი — 52.1 მილიონი მოწონება;
  • 4. ნეიმარი — 51.9 მილიონი მოწონება;
  • 5. რიკარდო კაკა — 32.7 მილიონი მოწონება.

ეს ყველაფერი არ არის…

რონალდუ სპორტსმენთა შორის “ტვიტერშიც” ლიდერია. მას 34 მილიონი მიმდევარი ჰყავს. სპორტსმენთა შორის მეორე ადგილი კაკას უკავია, რომელსაც 22 მიმდევარი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ “ფეისბუქზე” მოწონებების მიხედვით ათ საუკეთესო სპორტსმენს შორის სპორტის არასაფეხბურთო სახეობიდან მხოლოდ ორი წარმომადგენელია, ორივე კალათბურთელი: მაიკლ ჯორდანი და კობი ბრაიანტი. NBA-ს კიდევ ერთი ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ათეულში საერთოდ ვერ მოხვდა.

“ფეისბუქში” ყველაზე პოპულარული სპოტსმენების ათეული ასე გამოიყურება: (მონაცემები მოცემულია დამრგვალებით)

  • 1. კრიშტიანუ რონალდუ — 107 მილიონი მოწონება;
  • 2. ლიონელ მესი — 78 მილიონი მოწონება;
  • 3. დევიდ ბექჰემი — 52 მილიონი მოწონება;
  • 4. ნეიმარი — 52 მილიონი მოწონება;
  • 5. რიკარდო კაკა — 33 მილიონი მოწონება;
  • 6. რონალდინიო — 31 მილიონი მოწონება;
  • 7. მესუთ იოზილი — 28 მილიონი მოწონება;
  • 8. მაიკლ ჯორდანი — 28 მილიონი მოწონება;
  • 9. ანდრეს ინიესტა — 24 მილიონი მოწონება;
  • 10. კობი ბრაიანტი — 21 მილიონი მოწონება.

 

რონალდუმ ბოლო რვა მატჩიდან ოთხ შეხვედრაში კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 26-ე ტურში ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მეტოქე გუნდის კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა.

სტატისტიკოსებმა დაითვალეს და გამოარკვიეს, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს ბოლო რვა შეხვედრიდან ოთხ მატჩში კარში ზუსტად ერთხელაც არ აქვს დარტყმული.

მანამდე რონალდუ მინიმუმ ერთხელ მაინც ურტყამდა ზუსტად მეტოქის კარში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 23 მატჩში 30 გოლი გაიტანა და ათი საგოლე პასი გააკეთა.

 

მესი და რონალდუ თანასწორნი

Infostrada Sports-მა მადრიდის “რეალის” ლიდერის კრიშტიანუ რონალდუსა და “ბარსელონას” თავდამსხმელის ლიონელ მესის სტატისტიკური მაჩვენებელი გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, ორივე ფეხბურთელს ჩატარებული მატჩებისა და გოლების რაოდენობაში აბსოლუტური თანაფარდობა აქვთ.

მესისაც და რონალდუსაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 41-41 მატჩი აქვთ ჩატარებული და 41-41 გოლი აქვთ გატანილი.

 

“ვან გაალმა იანვარში რონალდუს დამატებაზე უარი თქვა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა იანვარში მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს დამატებაზე უარი თქვა.

ამ ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი ალფრედო დურო ავრცელებს. მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ სკაუტ მარტინ ფერგიუსონს შეხვდა და რონალდუს ტრანსფერის შესაძლებლობა განიხილა.

აღნიშნული მოლაპარაკების შემდეგ ფერგიუსონმა ვან გაალთან სცადა საკითხის განხილვა, თუმცა “წითელი ეშმაკების” ჰოლანდიელმა თავკაცმა რონალდუს ტრანსფერზე უარი თქვა.

 

რონალდუ, მესი, რაული: გოლები და ტიტულები ევროთასებზე

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ გელზენკირხენის “შალკეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გაიტანა. პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის ეს ევროთასებზე გატანილი 76-ე გოლია, რითაც ის “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის და “რეალის” ყოფილ თავდამსხმელ რაულს დაეწია.

scorers

რონალდუს შეურაცხყოფისთვის “ბარსელონა” შესაძლოა, დაისაჯოს

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ შესაძლოა “ბარსელონა” კლუბის ქომაგების არასათანადო ქცევის გამო დააჯარიმოს.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 23-ე ტურში “ლევანტეს” წინააღმდეგ გამართული მატჩის (5:0) 65-ე წუთზე სტადიონზე მყოფმა 200-მდე ადამიანმა სკანდირება დაიწყო: “რონალდუ მთვრალია”.

CR7

ლიგა ვიდეოჩანაწერს შეისწავლის, რის შემდეგაც განაჩენს გამოიტანს. “ბარსელონა” შესაძლოა, სოლიდური ფულადი ჯარიმით დაისაჯოს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “ატლეტიკოსთან” განადგურების (0:4) შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ 30-ე იუბილე პომპეზურად აღნიშნა, რის გამოც პორტუგალიელი ფეხბურთელი საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ინტერნეტსივრცეში ზეიმის ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა.

 

ბეკენბაუერი და მენოტი კრიშტიანუ რონალდუს გამოექომაგნენ

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდარული ფიგურები — ფრანც ბეკენბაუერი და სეზარ ლუის მენოტი მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს გამოქომაგნენ. შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოსთან” განადგურების (0:4) შემდეგ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 30-ე იუბილე პომპეზურად აღნიშნა, რის გამოც საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

“მას ყველაფრის უფლება აქვს, რასაც მოისურვებს”, – აღნიშნა მენოტიმ.

რაც შეეხება ბეკენბაუერს, მან განაცხადა, რომ რონალდუმ დღესასწაული ადრევე დაგეგმა და ბუნებრივია, წინასწარ ვერ ეცოდინებოდა, რომ მისი გუნდი ანგარიშით 0:4 განადგურდებოდა.

 

მასკერანო რონალდუს გამოექომაგა

“ბარსელონას” ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს გამოექომაგა, რომელმაც “ატლეტიკოსთან” განადგურების (0:4) შემდეგ იუბილე პომპეზურად აღნიშნა. ამის გამო პორტუგალიელი ფეხბურთელი საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

“ყველა ისე ცხოვრობს, როგორც სურს. არ მომეწონებოდა, ვინმეს ჩემთვის რომ მიეთითებინა, თუ როგორ გამომეყენებინა თავისუფალი დრო. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. მოედანზე და კამერის წინ კი პროფესიონალები გახლავართ. ამასთან, ჩვენ პირადი ცხოვრებაც გვაქვს. ჩვენ ამის უფლება გაგვაჩნია და ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს”, – მასკერანოს სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

კასილასი: “ადვილი არ არის, იყო რონალდუ”

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი კრიშტიანუ რონალდუს ორმატჩიან დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა და თანაკლუბელს მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ადვილი არ არის, იყო რონალდუ. ის ყველას მხრიდან უდიდესი წნეხის ქვეშაა. ჩვენი გუნდი მხარს უჭერს კრიშტიანუს. ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს და არც რონალდუ არის გამონაკლისი. ამისთვის ის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის დაისაჯა”, – კასილასის სიტყვებს Football Espana აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის XX ტურში “კორდობას” წინააღმდეგ გამართული მატჩის 83-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქე გუნდის მცველ ედიმარს განზრახ ფეხი დაარტყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს, შემდეგ კი ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. პორტუგალიელმა მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ გულშემატკივრებსა და თავად ედიმარსაც მოუბოდიშა.

ტელეკომპანია “კუატროს” ცნობით, კრიშტიანუ რონალდუმ ვარჯიშზე თანაკლუბელები შემოიკრიბა, ინციდენტი პირად ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნებით ახსნა, მათ ბოდიში მოუხადა და დაპირდა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.

 

ლუკას სილვა: “რონალდუ ძალიან მშვიდი და თავმდაბალი ადამიანია”

მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა ლუკას სილვამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე კლუბის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ.

“რონალდუ ჩემი გმირია. ის ფენომენალური, ფანტასტიური ფეხბურთელია. რონალდუმ პირველივე ვარჯიშზე ძალიან თბილად მიმიღო. კრიშტიანუს ბევრი ვესაუბრე და მივხვდი, მისი მიღწევების მიუხედავად, რაოდენ მშვიდი და თავმდაბალი ადამიანია”, – ციტირებს ლუკას სილვას სიტყვებს პორტუგალიური სპორტული ინტერნეტგამოცემა A Bola.

შეგახსენებთ, რომ ლუკას სილვამ “რეალთან” 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელებმა 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ  “კრუზეიროს” 14 მილიონი ევრო გადაუხადეს. ლუკას სილვა “სამეფო კლუბში” 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.