დანი ალვესი სამსახურს ეძებს

ბრაზილიის ნაკრების მცველმა დანიელ ალვესმა საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო, რომ მისი მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია და ის კარიერის გასაგრძელებლად ახალი კლუბის ძიებაშია.

“სამსახურს ვეძებ. სად გავაგზავნო CV?” – დაწერა დანი ალვესმა.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამ ზაფხულს “პარი სენ-ჟერმენი” დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

კატალონიური გაზეთები “იუვენტუსს” მხარს ღიად უჭერენ

კატალონიური გამოცემები ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ტურინის “იუვენტუსს” მხარს ღიად უჭერენ. დღეს ორივე მთავარ კატალონიურ გაზეთში “ბებერი სინიორას” მხარდამჭერი ჰედლაინია გამოტანილი.

“წინ, “იუვე”, – ვკითხულობთ კატალონიურ გაზეთ “სპორტში”.

“წინ, ალვესს”, – ეს კი “მუნდო დეპორტივოს” სათაურია.

კატალონიელებს ურჩევნიათ, რომ ტიტული “იუვენტუსმა” მოიპოვოს და არა – მათმა მთავარმა მეტოქე მადრიდის “რეალმა”. აქვე შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” გათამაშებას სწორედ “იუვენტუსმა” გამოთიშა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა 3 ივნისს, კარდიფში გაიმართება და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

დანი ალვესმა მძიმე ტრავმა მიიღო

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში “ჯენოამ” საკუთარ მოედანზე ტურინის “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას “ბებერი სინიორას” მარჯვენაფლანგელმა მცველმა დანიელ ალვესმა მძიმე ტრავმა მიიღო და შეხვედრის მიწურულს მოედნის დატოვება მოუხდა, გუნდმა კი თამაში ათი ფეხბურთელით ჩაამთავრა.

ბრაზილიელი მოთამაშე მატჩის შემდეგ ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას მარცხენა მცირე წვივის მოტეხილობა დაუდგინდა. “გლობოს” ცნობით, დანი ალვესს ოთხი თვით უქმობა მოუწევს. 33 წლის ფეხბურთელი დეტალურ სამედიცინო გამოკვლევას დღეს ჩაიტარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაში ლეონარდო ბონუჩიც დაშავდა, თუმცა იტალიელი მცველის ტრავმის ხარისხი ჯერჯერობით უცნობია.

დანი ალვესი: “რეალში” გადასვლასთან ძალზედ ახლოს ვიყავი”

“ბარსელონას” მცველი დანიელ ალვესი თვლის, რომ ფეხბურთელებს არ უნდა უყურებდნენ, როგორც გულშემატკივრებს და სხვა კლუბში გადასვლისას არ უნდა კიცხავდნენ. იქვე ბრაზილიელი ფეხბურთელი გამოტყდა, რომ თავის დროზე მადრიდის “რეალში” გადასვლასთან ძალზედ ახლოს იყო.

“არასდროს დამიმალავს, რომ “რეალში” გადასვლასთან ძალზედ ახლოს ვიყავი, თუმცა ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა. ჩვენ პროფესიონალები ვართ, ეს ჩვენი საქმიანობაა. ჩვენ არ ვართ ქომაგები. მე, მაგალითად, “სან პაულუს” ფანი ვარ, მაგრამ ახლა “ბარსელონაში” ვთამაშობ და ეს კლუბი მიყვარს. ასევე მიყვარდა “სევილია”, როდესაც ამ გუნდის ღირსებას ვიცავდი”, – დანი ალვესის კომენტარს “მარკა” აქვეყნებს.

 

რონალდუ ალვესს: “მოეშვი ამ იდიოტობას და აიღე მაგალითი ინიესტასგან”

Libertad Digital-ის ცნობით, მადრიდის “რეალის” ლიდერმა “ბარსელონას” მცველ დანიელ ალვესს იდიოტი უწოდა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კატალონიური გუნდის მცველს ასე “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე მიმართა.

“სოციალურ ქსელებში იდიოტურ გამოხდომებს მოეშვი. ასე შეცდომას უშვებ და ორ კლუბს შორის ურთიერთობას ძაბავ. მოეშვი “რეალზე” საუბარს და საკუთარ თავზე ილაპარაკე. შენ გვერდით ანდრეს ინიესტას სახით ნამდვილი სპორტსმენი და რაინდი თამაშობს. აიღე მაგალითი მისგან”, – წყაროს თანახმად, სწორედ ასე მიმართა რონალდუმ დანი ალვესს.

კრიშტიანუ რონალდუს გულისწყრომა დანი ალვესის კომენტარმა გამოიწვია. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ელ კლასიკოს” შემდეგ რონალდუ ეგოცენტრიზმში დაადანაშაულა და თქვა, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელი მარცხს საკუთარი თავის გარდა ყველას აბრალებს.

 

დანი ალვესი: “Google-ი ბევრზე ჭკვიანია”

“ბარსელონას” მცველი დანიელ ალვესი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ კამპანიაა აგორებული, რომლის მიზანსაც კატალონიური გუნდიდან მისი გაშვება წარმოადგენს.

“ჩემს მოსაშორებლად კამპანიაა აგორებული, მაგრამ მე ძლიერი ვარ და აქვე ვამბობ, რომ ჩემი მოწინააღმდეგეები წააგებენ. იმდენად ძლიერი განცდა მაქვს და იმდენად ერთგული ვარ ფეხბურთის, რომ არ მადარდებს, რას ამბობს არანორმალური ხალხი ჩემზე. მათ, ვისაც სურს გაიგოს, ვინ ვარ მე, ჩაწეროს ჩემი სახელი Google-ში. ვფიქრობ, Google-ი ბევრზე ჭკვიანია”, – ციტირებს დანი ალვესის სიტყვებს Goal.com-ი.

 

დანი ალვესის უნიკალური მიღწევა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის X ტურში “ხეტაფესა” და “ბარსელონას” შორის მიმდინარე მატჩი კატალონიელთა მარჯვენაფლანგელმა მცველმა დანიელ ალვესმა სასატრო შემადგენლობიდან დაიწყო.

ეს 32 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის პრიმერადივიზიონში ჩატარებული მე-400 შეხვედრა გახლავთ. ალვესი პირველი უცხოელი ფეხბურთელია, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია.

პრიმერადივიზიონში თავის დროზე 466 მატჩი ჩაატარა დონატომ, რომელიც ბრაზილიაში დაიბადა, თუმცა ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვესი “ბარსელონაში” გადასვლამდე “სევილიაში” თამაშობდა, რომლის ღირსებასაც ექვსი წლის განმავლობაში იცავდა.

 

დანი ალვესი: “პედროს “ბარსელონაში” დავტოვებდი”

“ბარსელონას” მარჯვენაფლანგელმა მცველმა დანიელ ალვესმა კიდევ ერთხელ ისაუბრა გუნდიდან პედრო როდრიგესის წასვლაზე. ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, ეს საკითხი მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, პედროს “ნოუ კამპზე” დატოვებდა.

“პედროს ვუთხარი, რომ “ბარსელონაში” უნდა დარჩენიულიყო, მაგრამ ამ ამბავში ძალიან ბევრი პირი იყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, აქ რომ დარჩენილიყო, ყველაფრით კმაყოფილი იქნებოდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებდით. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, პედროს აქ კიდევ დიდი ხნით დავტოვებდი”, – ციტირებს დანი ალვესის სიტყვებს : Football Espana.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს თვეში პედრო ლონდონის “ჩელსიში” გადავიდა.

 

ინიესტას და დანი ალვესის მატჩისწინა პრესკონფერენცია

სამშაბათს, “დინამო არენაზე” უეფას სუპერთასის მატჩში ერთმანეთს “ბარსელონასა” და “სევილიას” ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კატალონიელთა მხრიდან ანდრეს ინიესტა და დანიელ ალვესი წარსდგნენ ჟურნალისტების წინაშე და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

— ფიქრობთ თუ არა, რომ ეს მატჩი ზედმეტად ადრე ტარდება? რამდენად დიდია პასუხისმგებლობა?
— (ინიესტა) ეს ახალი სეზონის პირველი მატჩია. რაც შეეხება ჩემს პასუხისმგებლობას, ის არასდროს იცვლება, თანაც ამ სეზონში გუნდის კაპიტანი გავხდი. ძალიან მაღალი დონის თანაგუნდელები მყავს და გუნდში ყველაფერი ისეა, როგორც მანამდე იყო. მეც და ჩემი თანაგუნდელებიც შევეცდებით, რომ საუკეთესო თამაში ჩავატაროთ.
— (ალვესი) არ შეიძლება იმაზე ვიფიქროთ, რომ ეს მატჩი ადრე ტარდება. აღნიშნული შეხვედრა ჩვენი გეგმის ნაწილია და ამ გეგმას უცვლელად მივყვებით. როგორც ყოველთვის, მაქსიმუმს გავიღებთ იმისთვის, რომ ახალ სეზონში გუნდის მუზეუმს ახალი თასი შევძინოთ.

— ახალი სეზონი იწყება და შანსი გაქვთ, რომ ექვსი ტიტული მოიგოთ. ფიქრობთ ამაზე? დანი ალვესი კლუბის დატოვებას აპირებდა და ახლა რა ხდება? ნეიმარის არყოფნაზე რას იტყვით?
— (ინიესტა) სეზონის დასაწყისში შანსი გვაქვს, სამი ტიტული მოვიგოთ: უეფას სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. რთულია ყველაფრის მოგება, თუმცა ვნახოთ. ხვალინდელი მატჩი პირველი გამოცდაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებით დავძლიოთ. მეტოქეს კარგად ვიცნობთ და იმედია, ჩვენს არსენალში აღმოჩნდება საკმარისი ძალა მის დასამარცხებლად. ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ.

— (ალვესი) კლუბიდან ჩემ წასვლაზე აღარ არის საუბარი, მე ვრჩები და მაქსიმუმს გავიღებ გუნდისთვის. რაც შეეხება ნეიმარს, ცოტა მოულოდნელია, რომ ამ ტიპის პრობლემა (ყბაყურა შეხვდა – ავტ.) აქვს. იგი დაგვაკლდება, მაგრამ გვაქვს საკმარისი ძალა იმისთვის, რომ მის გარეშეც დავამარცხოთ მეტოქე.

— რამდენად არის იმის შანსი, რომ პედრო “ბარსელონაში დარჩეს?
— (ალვესი) პირადი გადაწყვეტილების მიღება რთულია, როცა საკითხში ბევრი ადამიანია ჩართული. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს პედრომ, ჩვენ გაგებით უნდა შევხვდეთ მას და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. იმედია, იგი გუნდში დარჩება.

— მესის ფაქტორიდან გამომდინარე, იქნებით დაუმარცხებელი ამ სეზონში?
— (ინიესტა) გუნდში მესის ყოფნა წარმატების გარანტიაა. მისი წყალობით მივაღწიეთ დიდ გამარჯვებებს და იმედია, ახალ სეზონსაც ისე დავიწყებთ, როგორც წინა დავამთავრეთ.

— დანი ალვესი ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელმაც 2006 წელს “სევილიას” რიგებში უეფას სუპერთასი მოიგო. რას გამოიყენებთ ამ გამოცდილებიდან?
— (ალვესი) მე წამიგია კიდეც და აქედანაც ბევრი რამ მისწავლია. ფავორიტები ვართ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა გუნდს აქვს ძლიერი მხარეები. დღესდღეობით ფაქტია, რომ ფავორიტები თითქმის აღარ არსებობენ. არაპროფესიონალურად თუ მივუდგებით საქმეს, ქაღალდზე ფავორიტობა არ გვიშველის. გამარჯვება კარგია, მით უფრო ლამაზი თამაშით მიღწეული.

— (ინიესტა) მაშინ “სევილიამ” დაიმსახურა ის გამარჯვება. ბევრს ჰგონია, რომ ხვალ ადვილად გავიმარჯვებთ, თუმცა ეს ასე არ არის. ფინალში წარმატების მისაღწევად 100-პროცენტიანი მობილიზებაა საჭირო.

— გასული სეზონი ცოტა მძიმედ დაიწყეთ, თუმცა შემდეგ სიტუაცია გამოასწორეთ და ყველაფერი კარგად დაამთავრეთ. რა შედარებას გააკეთებდით ახალ სეზონთან?
— (ინიესტა) როცა გუნდში ახალი ფეხბურთელები მოდიან, ეს გარკვეულ დროსა და ადაპტაციას საჭიროებს, თუმცა მთელი სეზონის განმავლობაში პროგრესი სახეზე იყო. შედარებებს რაც შეეხება, რთულია სეზონების ერთმანეთთან შედარება, მით უფრო მაშინ, როცა ეს განსხვავებულ შემადგენლობებს ეხება. ვეცდებით, რომ ახალ სეზონში ეს წინსვლა გავაგრძელოთ.

— რას ფიქრობთ არდა თურანზე?
— (ალვესი) არდა ძალზედ მხიარული ადამიანია, ბევრს გვართობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს გუნდში. სამწუხაროა, რომ იგი ხვალ ვერ დაგვეხმარება, თუმცა მისი საფეხბურთო ინტელექტი და ტექნიკური მონაცემები სამომავლოდ აუცილებლად დაგვეხმარება. ყველა გუნდს სჭირდება ასეთი არასტანდარტული ტიპის ფეხბურთელი.

— “ბარსელონას” საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. რას ურჩევდით დამწყებ ქართველ ფეხბურთელებს?
— (ინიესტა) რთულია ამის თქმა. ყველას ჩვენი მეთოდები გვაქვს. საერთოა მონდომება, წარმატების სურვილი, მიზნების მიღევა, რაც არ უნდა რთული იყოს, თავდაჯერება. მთავარია ოცნება გქონდეს.

— დანი ალვესი “სევილიაში” თამაშობდა, ახლა “ბარსელონას” ღირსებას იცავს. იქნება ხვალინდელი თამაში ამ ხმრივ განსაკუთრებული?
— (ალვესი) არა, ეს უკვე ნორმალური მოვლენაა. ესპანური ფეხბურთის ეს ორი გრანდი შიდა ჩემპიონატში ხშირად ხვდება ერთმანეთს. სევილია ის ქალაქსია, სადაც გავიზარდე, ვთამაშობდი და ბევრი მეგობარი მყავს როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა. მიუხედავად ამისა, მე მხოლოდ ჩემს ამჟამინდელ გუნდზე ვფიქრობ.

 

გვარდიოლას ბრაზილიის ნაკრების ჩაბარება სურდა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას 2012 წელს ბრაზილიის ნაკრების ჩაბარება შეეძლო. ამის შესახებ “ბარსელონას” ბრაზილიელმა მცველმა დანიელ ალვესმა ისაუბრა, რომელსაც გვარდიოლა კატალონიურ გუნდში თავკაცობდა. საბოლოო ჯამში, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუიშ ფელიპე სკოლარი შეარჩია.

“პეპმა თქვა, რომ სურდა, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოეგო და ამის მისაღწევად სტრატეგიაც ჰქონდა შემუშავებული. ბრაზილიური ფეხბურთის ჩინოსნებს უცხოელი მწვრთნელის დანიშვნა არ სურდათ, რადგან არ იცოდნენ, როგორ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას ბრაზილია.

გვარდიოლა ამაზე ფიქრობდა. მას მართლაც სურდა ნაკრებში მუშაობა. მზად იყო, ხელფასზეც უარი ეთქვა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, მხოლოდ ბონუსი მიეღო. ჩვენ გვქონდა შანსი, გვყოლოდა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ზედმეტი ფინანსური ხარჯის გარეშე”, – დანი ალვესის კომენტარს ESPN-ის ბრაზილიური ბიურო აქვეყნებს.

 

რომელ იტალიურ გუნდში სურს თამაში დანი ალვესს

“ბარსელონას” მცველმა დანიელ ალვესმა განაცხადა, რომ იტალიიდან კარიერის გაგრძელების შემოთავაზება აქვს.

“სიამოვნებით შევუერთდებოდი “მილანს”. იტალიიდან მაქვს შემოთავაზება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა შესაძლო ალტერნატივა უნდა განვიხილო”, – ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტყვებს Football Italia აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვესს “ბარსელონასთან” კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს ეწურება.

 

ბლანი: “დანი ალვესი “პსჟ”-ში არ გადმოვა”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბარსელონას” მარჯვენაფლანგელი მცველი დანიელ ალვესი პარიზულ კლუბში გადავა.

“დანი ალვესი “პარი სენ-ჟერმენში” არ გადმოვა”, – ციტირებს ბლანის სიტყვებს beIN SPORTS-ი.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელ ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 3 მილიონ ევროს მიიღებდა.