საქართველოს მორიგი სუპერთასი, რომელიც უცნაურ დროს ტარდება

ხუთშაბათს, 11 დეკემბერს, საქართველოს 2014 წლის სუპერთასის მატჩი გაიმართება, რომელშიც, შარშანდელი მატჩის მსგავსად, ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ შეხვდებიან. 2013 წლის 22 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული მატჩი სოსო ფრუიძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა – ერთადერთი გოლი შეხვედრის 57-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა.

ზოგადად კი, საქართველოს სუპერთასს საკმაოდ უცნაური ისტორია აქვს. წესით, უამრავ სხვა ქვეყანაში, თუ ეს შეხვედრა ამ პერიოდში ტარდება, მაშინ ამ ქვეყანაში ჩემპიონატი ზამთარი-შემოდგომის სისტემით ტარდება. თუმცა, არა საქართველოში… საბედნიეროდ, უშუალოდ ჩემპიონატი შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ტარდება, რითაც ქართული ფეხბურთი ერთ პრობლემას ავტომატურად იცილებს, სამაგიეროდ, ბევრი სხვა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა სეზონის დაწყება იმ გუნდებისთვის, რომელთა სტადიონებზეც ცუდი მინდორია ან რომლებსაც საშინაო მატჩების ჩატარება რეგულარულად ნეიტრალურ სტადიონებზე უწევთ. მსგავსი კლუბები დღევანდელ 16-გუნდიან ჩემპიონატში დღეს მრავლადაა… არსებობს განათების პრობლემაც, რაზეც თუნდაც ის მეტყველებს, რომ რამდენიმე სტადიონიდან სატელევიზიო რეპორტაჟის წარმოება რთულია. ამის გამო დეკემბერში და თებერვალში მატჩები ადრე იწყება.

ქართულ ფეხბურთში მუდმივი და ჯერჯერობით არაფრის მომტანი ცვლილებების ჩამოთვლა რომ მოგვინდეს, ალბათ, საკმაო დროის დახარჯვა მოგვიწევს. სამწუხაროა, რომ ამ ცვლილებებს სათანადო შედეგი ჯერჯერობით არ მოუტანიათ. როგორც უკვე აქამდე ერთ-ერთ სტატიაში აღვნიშნეთ, 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა თავისი უარყოფით მხარეები ამ მცირე პერიოდში უკვე გვაჩვენა. საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატის შექმნის პერიოდიდანვე უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა მუდმივად იცვლებოდა, იყო შემთხვევებიც, როდესაც გუნდი სეზონის მიმდინარეობისას არსებობას წყვეტდა. მსგავს მაგალითს დღევანდელ ჩემპიონატში ქუთაისის „ტორპედო“ წარმოადგენს. მართალია, კლუბი არ დაშლილა, თუმცა მისი რიგები მწვრთნელთან და სპონსორ „ვისოლთან“ ერთად უამრავმა ფეხბურთელმა დატოვა.

როდესაც საქართველოს სუპერთასის უცნაურ ისტორიაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მისი ჩატარების თარიღს ვგულისხმობთ. უმაღლესი ლიგის გუნდების რაოდენობის არ იყოს, აქაც მუდმივი ცვლილებებია, ოღონდ ეს ცვლილებები მატჩის ჩატარების თარიღთანაა დაკავშირებული. თუ შარშანდელი სუპერთასი დეკემბერის ბოლოს ჩატარდა, 2013 წელს, „ზესტაფონისა“ და გორის „დილას“ შეხვედრა 22 თებერვალს შედგა. იმავე „ზესტაფონმა“ „გაგრასთან“ 2012 წლის სუპერთასისთვის საერთოდ 29 მაისს ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს სუპერთასი არც კი ჩატარებულა.

ასეთი არასტაბილურობა, როგორც ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის, ასევე უშალოდ ქართული კლუბებისთვის მხოლოდ ზარალის მომტანია. წესით, ეს მატჩი სეზონს უნდა ხსნიდეს და წინა სეზონის ტრიუმფატორები ახალ სათამაშო წელს სწორედ ამ შეხვედრით უნდა ხსნიდნენ. უცხოეთში ბევრი გუნდი სუპერთასს სწორედ ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად იყენებს. ეს შეხვედრა მოახლოებულის სეზონისთვის მოსამზადებლად მართლად კარგია, რადგან ერთმანეთს უშუალო კონკურენტები უპირისპირდებიან და მათ ერთმანეთის მინუსებისა და პლუსების გაგების კარგი შესაძლებლობა აქვთ. შემთხვევით არაა, რომ სუპერთასზე ბევრი გუნდი ძირითადი შემადგენლობით არ გამოდის.

იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დადებით ცვლილებას ამ მხვრივაც შეიტანს. მანამდე კი, ხვალინდელ მატჩს დაველოდოთ, რომელიც მართლაც საინტერესო უნდა იყოს. „დინამომ“ ჩემპიონატში ბოლო ორი მატჩი წააგო (ერთ-ერთი სწორედ „ჩიხურასთან“). კახა გოგიჩაიშვილის ფეხბურთელებს არამხოლოდ ბოლო დროინდელი ცუდი სტატისტიკის გამოსწორების, არამედ, შარშან სუპერთასის წაგებისთვის რევაშის აღების შანსი აქვთ. ამავდროულად „ჩიხურა“, მოგების შემთხვევაში, საქართველოს სუპერთასს ზედიზედ მეორედ დაეუფლება და მეოთხე ქართული კლუბი გახდება, რომელიც ამ წარმატებას მაიღწევს. აქამდე სუპერთასი ზედიზედ ორჯერ თბილისის „დინამომ“ (1996 და 1997 წლებში), თბილისის „ამერმა“ (2006, 2007) და „ზესტაფონმა“ (2011, 2012) მოიგეს.

ყველაზე მეტჯერ სუპერთასი თბილისის „დინამომ“ მოიგო. „მტკივრისპირელებმა“ აქამდე რვაჯერ ითამაშეს და ხუთი მატჩი მოიგეს. მეორე ადგილს ორ-ორი თასით „ზესტაფონი“ და „ამერი“ იყოფენ, თუმცა, თბილისურ კლუბთან განსხვავებით, ზესტაფონელები სუპერთასზე სამჯერ გამოვიდნენ (2008 წელს „ზესტაფონმა“ სუპერთასის თამაში „დინამოსთან“ წააგო).

დინამო VS ჩიხურა – ურთიერთშეხვედრები

7 დეკემბერს ივანწმინდაში საქართველოს პირველობის მე- 15 ტურის მატჩი გაიმართება. საჩხერის ჩიხურა პირველი წრის ბოლო ტურში დინამო თბილისს უმასპინძლებს, მატჩი კი 14.00 საათზე დაიწყება.
დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 10 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე დიდი უპირატესობაა– 7 მოგება და 3 ფრე. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 32/8 თბილისელთა სასარგებლოდ. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით – 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით ფეიქრიშვილი, იაშვილი, მერებაშვილი, ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ხმალაძემ მიამატა. მეექვსე შეხვედრა ამ გუნდებს შორის საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და დინამოს გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები გრაიციარის, ჩისკოს, მერებაშვილის და კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ჯაბა დვალმა დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა. 2014 წლის 2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ ისევ ჰეთ–თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. ბოლო შეხვედრა დინამოზე 7 მაისს გაიმართა და უგოლოდ დასრულდა.
11 დეკემბერს ეს გუნდები ერთმანეთში საქართელოს სუპერთასს გაითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ დინამო და ჩიხურა შარშანაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სუპერთასის შეხვედრაში. ჩიხურამ 1:0 აჯობა თბილისელებს.

fcdinamo.ge

ჩისკო კარიერას ასრულებს

როგორ გაირკვა, თბილისის „დინამო“ ლეგიონერი ჩისკო კარიერას დეკემბერში დაასრულებს.

ესპანელი ნახევარმცველი მტკვრისპირელთა მაისურით ბოლო მატჩს 11 დეკემბერს ჩაატარებს, როდესას „დინამო არენაზე“ მისი გუნდი საქართველოს სუპერთასისთვის საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდება. მანამდე, 8 დეკემბერს, კახა გოგიჩაიშვილის ფეხბურთელები იმავე „ჩიხურას“ ივანწინდაში საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ „დინამოს“ ამჟამინდელი კაპიტანი თბილისელებს 2011 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდში „ლურჯ-თეთრების“ 125 ნომერმა 77 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ჩისკო მუნიოზი მოედანზე 11-ჯერ გამოვიდა და გოლი 4-ჯერ გაიტანა.

შერგელაშვილმა “გურიას” კარში თვალსასეირო გოლი გაიტანა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIV ტურში “დინამო თბილისსა” და “გურიას” შორის მიმდინარე მატჩში მასპინძელთა მცველმა ლაშა შერგელაშვილმა სტუმრებს მეტად თვალსასეირო გოლი გაუტანა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდარული ფეხბურთელის ძეგლი გაიხსნა (ვიდეო)

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ლეგენდარული ფეხბურთელის მიხეილ მესხის ძეგლი გაიხსნა. თბილისის „დინამოსა“ და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ძეგლის გახსნას ცნობილი ადამიანები დაესწრნენ, მათ შორის ფეხბურთელის შვილიშვილი, მსახიობი მიხეილ მესხიც იყო.

Meskhi

წარმოგიდგენთ ძეგლის გახსნის ამსახველ ვიდეოს, რომელიც თავისი ფეისბუქის გვერდზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდმა გაავრცელა:

 

დინამოს მეორე გუნდი დამარცხდა

ტყიბულში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა მეშახტემ დინამოს მეორე შემადგენლობას უმასპინძლა და 2:1 იმარჯვა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. პირველივე წუთზე დინამოელებმა გახსნეს ანგარიში. ზივზივაძე გამოირჩა ზუსტი დარტყმით. მასპინძლებმა 30-ე და 75-ე წუთებზე მოახერხეს თბილისელთა კარის დალაშქვრა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა- 2:1. მომდევნო შეხვედრას დინამო-2 გაგრას წინააღმდეგ 4 ნოემბერს გამართავს.
დინამო-2: ტყეშელაშვილი, სამხარაძე, მარაქველიძე, ჯ. ნოზაძე, ქაჯაია, ქიქავა (ლ. ნოზაძე 46), ლაშხია, სარიშვილი (მესხი 80), გოგოლიძე (სამუშია 46), მათიაშვილი, ზივზივაძე (ვოლკოვი 86)

fcdinamo.ge

დინამომ სპარტაკი გაანადგურა

“დინამო არენაზე” უმაღლესი ლიგის მეათე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს “დინამო თბილისი” და ცხინვალის “სპარტაკი” დაუპირისპირდნენ.

ანგარიშის გახსნა სტუმრებს პირველივე წუთზე შეეძლოთ. სტანდარტის შემდეგ გატანის შანსი შინდაგორიძეს მიეცა, თუმცა მისი მცდელობა მიგინეიშვილმა მოიგერია.

მასპინძლები სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ და შეხვედრის მე-12 წუთზე პირველი რელალური მომენტიც შექმნეს, რომელიც გოლით დასრულდა. ჩისკოს გადაცემით “სპარტაკის” კარი პაპუნაშვილმა დალაშქრა – 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ “სპარტაკი” გააქტიურდა და რამდენიმე იერიშიც განახორციელა. 25-ე წუთზე კი სტუმრებმა გათანაბრებაც შესძლეს. შორეული დარტყმით გიგაურმა საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა. “დინამოს” წინ გასვლის შანსი ერთ წუთში ჰქონდა, თუმცა ნადირაძემ საოცარი სეივით შესძლო საკუთარი გუნდის გადარჩენა.

თუმცა, შემდეგ ეპიზოდში “დინამო” მაინც დაწინაურდა. 30-ე წუთზე ჩისკომ რამდენიმე მცველი ჩამოიშორა და კარში დაარტყა. ნადირაძემ ესპანელს აუღო, მაგრამ დამატებაზე ყველას პარუნაშვილმა დაასწრო და საკუთარი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა. მალევე მასპინძლებს კიდევ ერთი შესაძლებლობა ჰქონდათ. ლობჟანიძე-ჩისკოს გათამაშებული კომბინაციის შემდეგ “დინამოს” კაპიტანმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მეტოქის კარს.

39-ე წუთზე მასპინძლებმა მესამეც გაიტანეს. მარცხენა ფლანგაზე საჯარიმოში შეჭრილმა ლობჯანიძემ ძარიას გაადაწოდა, რომლის დარტყმა ძლიერი და ზუსტი აღმოჩნდა – 3:1.

მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში შინდაგორიძეს თოთაძის შეცდომის შემდეგ შეეძლო სხვაობის შემცირება, თუმცა პირველი ტაიმის სასტარტო წუთების მსგავსად “სპარტაკის” შემტევს კვლავ მიგინეიშვილმა აჯობა.

53-ე წუთზე “დინამომ” მეოთხე გაიტანა. საჯარიმოს მისადგომებიდან პაპუნაშვილმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით დუბლი გაიფორმა, რის შემდეგაც მატჩის ტემპი საგრძნობლად დაეცა.

მომდევნო გოლი ზუსტად ოც წუთში გავიდა. 73-ე წუთზე მათე ცინცაძემ საჯარიმო საჯარიმო მოედანთან დანიშნული ჯარიმა ძალიან ლამაზ გოლად აქცია – 5:1.

87-ე წუთზე გოლის გატანის შანსი შეცვლაზე შემოსულ ჩირგაძეს მიეცა, რომელმაც ეფექტური მოძრაობის შემდეგ ბურთი ხარიხას გაარტყა. საბოლოო ანგარიში კი მატჩის უკანასკნელ წუთზე პაპუნაშვილმა დააფიქსირა და აღნიშნული გოლით პირველი ჰეთ-თრიქიც გაიფორმა.

“დინამო თბილისი” 6-1 “სპარტაკი” (ცხინვალი)

გოლები: პაპუნაშვილი 13′ (1:0); გიგაური 25′ (1:1); პაპუნაშვილი 31′ (2:1); ძარია 39′ (3:1); პაპუნაშვილი 54′ (4:1); ცინცაძე 73′ (5:1); პაპუნაშვილი 90′ (6:1)

“დინამო თბილისი”: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, თოთაძე (ხიზანიშვილი 59′), ჭანტურია, ცინცაძე, პაპუნაშვილი, პარუნაშვილი, ლობჟანიძე (ჩირგაძე 66′), ჩისკო (საბანაძე 80′), შერგელაშვილი (კემუხტაშვილი 69′), ძარია.

“სპარტაკი”: ნადირაძე, შინდაგორიძე, ივანიშვილი (ლექვთაძე 54′), მაისაშვილი, ცერცვაძე, იოსელიანი, კაჭკაჭიშვილი, გიგაური, თექთურმანიძე (მაქაცარია 61′), კაჭარავა.

დინამო – სპარტაკს გიორგი ვადაჭკორია განსჯის

საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამო 24 ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს – გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ.ჭიჭინაძე და ლ. ვარამიშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ა. კრიჭაშვილი და ჯ. ხორავა. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გ. ყრუაშვილი შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 5 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურში იმსაჯა. დინამო თბილისი მარტვილის მერანს ფრედ 0:0 დასცილდა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 20 ოქტომბერს მეორე ლიგაში გამართული – მარკ სტარსი 4:0 ჰერეთი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.
თბილისის დინამოს ოფიციალური საიტის მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ვადაჭკორია (8.06.1977)
===========================================
უმაღლესი ლიგა – 123 თამაში / 520 ყვითელი / 24 წითელი / 35 პენალტი
პირველი ლიგა – 8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი
მეორე ლიგა – 20 თამაში / 52 ყვითელი / 2 წითელი / 8 პენალტი
საქართველოს თასი – 9 თამაში / 34 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

fcdinamo.ge

დინამო VS მერანი – ურთიერთშეხვედრები

5 ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრას თბილისის დინამო საკუთარ მოედანზე გამართავს. თბილისელთა მეტოქე მარტვილის მერანი იქნება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 8–ჯერ შეხვედრიან. დინამომ რვა თამაშიდან 6 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი კი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 21/9 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანის პირველი დაპირისპირება 2011 წლის 25 სექტემბერს შედგა. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართული შეხვედრა მტკვრისპირელი ფეხბურთელების გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს.
დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 2013 წლის 19 დეკემბერს სამტრედიაში გაიმართა. თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე ორბურთიანი სხვაობით – 2:0 დაამარცხეს. გოლები გიორგი მერებაშვილმა და დარკო გლიშიჩმა გაიტანეს.

fcdinamo.ge

35 წელი “ლივერპულის” თბილისური კრახიდან

დღეს თბილისის “დინამო”—”ლივერპულის” ჩვენთვის სახელოვანი მატჩიდან 35 წელი გავიდა.

1979-1980 წლების ჩემპიონთა თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალში “დინამოს” მეტოქედ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) გუნდი — “ლივერპული” ერგო. თბილისელებს მანამდეც მრავალჯერ მიუღიათ მონაწილეობა ევროპულ ტურნირებში, მაგრამ საკმაოდ უშედეგოდ, თუმცა ცალკეულ მატჩებში სამუდამოდ დასამახსოვრებელი გამარჯვებები მოვიპოვეთ. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩვენი “ლივერპულთან” დაპირისპირებაც.

ქართველი ქომაგი თავიდანვე მოუთმენლად ელოდა “ლივერპულთან” შეხვედრას. აბა, რა იქნებოდა, თბილისში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ. პირველი შეხვედრა 1979 წლის 19 სექტემბერს “ენფილდ როუდზე” მერსისაიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მაშინ გოლები ასეთი თანმიმდევრობით გავიდა: მატჩის 30 წუთზე ჯონსონმა გახსნა ანგარიში, ჩივაძემ 37-ე წუთზე სხვაობა აღადგინა, ხოლო 45-ე წუთზე კეისმა მატჩის საბოლოო წერტილი დასვა. განმეორებით მატჩს კი უკვე 3 ოქტომბერს “დინამოს” სტადიონი მასპინძლობდა. თამაშზე ტევა რომ არ იქნებოდა, ეს თავიდანვე ცხადი იყო. თბილისელი ქომაგები (და არამხოლოდ თბილისელი) ამ მატჩისთვის რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდნენ.

“დინამო”—”ლივერპულის” მატჩამდე თბილისელმა გულშემატკივრებმა დილის 4 საათზე იმ სასტუმროსთან, სადაც მერსისაიდელები იმყოფებოდნენ, მსვლელობა მოაწყვეს “დინამო”, “დინამოს” ძახილით და ინგლისელებს ნორმალურად ძილის საშუალება არ მისცეს, რითაც მერე “ლივერპულის” ფეხბურთელები იმ მარცხის გამართლებას ცდილობდნენ.

მატჩის შესახებ საუბარს სჯობს ქვემოთ მოცემულ ვიდეოს მიადევნოთ თვალყური. უბრალოდ გეტყვით იმას, რომ თბილისის “დინამოს” ყველა დროის უძლიერესი “ლივერპული” ჰყავს განადგურებული. მთავარი მარტო ანგარიში როდი იყო, თბილისელებმა გულშემატკივები მოხიბლეს მძლავრი და მაღალტექნიკური თამაშით, ბრძოლის წარმართვის დიდი კულტურით. მერსისაიდელებს მსაჯის მიმართ უკმაყოფილება არ დაუმალავთ, თუმცა იმ დღეს თბილისის “დინამომ” თავისი თამაშითა და ფეხბურთის ტრადიციების სრული დაცვით მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

1979 წლის 3 ოქტომბერი. თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 90 000 მაყურებელი
უეფას ჩემპიონთა თასის მატჩი
თბილისის “დინამო” — “ლივერპული” 3:0 (0:0)

“დინამო”: გაბელია, გ.მაჩაიძე, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია, დარასელია, მ.მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, შენგელია, ყიფიანი.
მთავარი მწვთნელი: ნოდარ ახალკაცი.

“ლივერპული”: კლემენსი, ნილი, კენედი, ტომპსონი, ჰანსენი, ირვინი, დალგლიში, კეისი (ფეარკლაფი 77′), ჯონსონი, მაკდერმოტი, სუნესი.
მთავარი მწვთნელი: ბობ პეისლი.

გოლები: გუცაევი 57′, შენგელია 75′, ჩივაძე 81′(პენ).

მსაჯი: ჰ. ალდინგერი (გფრ).
საინტერესოა, რას წერდა ბრიტანული პრესა მატჩის შემდგომ:

Daily Mirror: “ლივერპული” გამარჯვებისთვის იბრძოდა, როგორც ეს ჩემპიონს შეჰფერის, მაგრამ დამარცხდა უძლიერესთან…”

Daily Telegraph: “მიუხედავად იმისა, რომ “ლივერპულელები” მთელი მატჩის განმავლობაში მონდომებით ცდილობდნენ ქართველი ფეხბურთელების იერიშების შეჩერებას, ისინი იძულებულნი გახდნენ დაეთმოთ მეტოქისათვის, რომელიც მათ სჯობდა ტექნიკით…”

Daily Mal: “ცეცხლი მეტისმეტად ძლიერი აღმოჩნდა… “ლივერპული” ცდლობდა, მისთვის ჩვეული სტლით ეთამაშა, მაგრამ იგი გაანადგურეს ფეხბურთელებმა, რომლებიც საუცხოოდ თამაშობდნენ, განსაკუთრებით მეორე ნახევარში”.

 

დინამოს ისტორიიდან

1961 წლის 1 ოქტომბერს დინამო თბილისი სსრკ- ს პირველობის მეორე ეტაპის მეექვსე ტურში ერევნის სპარტაკს მასპინძლობდა. შეხვედრას ბურევესტნიკის (დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი) სტადიონზე 35 000 მაყურებელი ესწრებოდა. დაპირისპირება საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მატჩის მსაჯმა ნიკოლაი ლატიშევმა თბილისელებს 2 გოლი არ ჩაუთვალა, რამაც მაყურებლების გაღიზიანება გამოიწვია. არბიტრის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო გულშემატკივარმა მინდორზე სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო და ლატიშევმაც მატჩი შეწყვიტა. იმ დროისთვის ერევნელები 3:1 იგებდნენ. საბოლოოდ დინამოს წაგება ჩაუთვალეს. აღნიშნულ სეზონში დინამოელებმა მეშვიდე ადგილი დაიკავეს.
მოვლენებს იხსენებს დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელი ვლადიმერ (სიომა) ბარქაია – შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. არბიტრმა- ნიკოლაი ლატიშევმა, რომელიც იმხანად ერთ-ერთ გამოცდილ მსაჯად ითვლებოდა, ჩვენს გუნდს ორი გატანილი ბურთი არ ჩაუთვალა. ტრიბუნებზე ნელ- ნელა დაიძაბა სიტუაცია. უკმაყოფილო გულშემატკივარის პროტესტი თანდათან გაძლიერდა და მსაჯიც საბოლოოდ გასახდელში მიიმალა. ინციდენტის შემდეგ კი არბიტრი პირდაპირ ვნუკოვოს აეროპორტამდე ჩააცილეს. სადისციპლინო კომისიამ იმ შეხვედრაში წაგება ჩაგვითვალა.

file

fcdinamo.ge

“დინამო თბილისის” 19 წლამდე გუნდმა რურის თასი მოიგო

“დინამო თბილისის” U-19 გუნდი რურის თასის გათამაშების ჩემპიონია.

დღეს ფინალურ მატჩში კახი გოგიჩაიშვილის შეგირდები თურქულ გალათასარაის დაუპირისპირდნენ. შეხვედრის 44- ე წუთზე ანგარიში არჩილ მესხმა გახსნა, თუმცა სტამბულელებმა ერთ წუთში გაათანაბრეს. თბილისელებს ჰქონდათ კიდევ რამდენიმე საგოლე ეპიზოდი, მაგრამ ანგარიში 1:1 აღარ შეცვლილა და დაინიშნა მატჩისშემდგომი პენალტების სერია. დინამოელებმა გადამწყვეტი დარტყმები უფრო ზუსტად შეასრულეს. სამხარაძემ, მესხმა და კობახიძემ გატანილი პენალტებით გამოიჩინეს თავი. ჩვენი გუნდის მეკარემ- გიორგი კულუამ მეტოქის დარტყმული ორი პენალტი მოიგერია და საბოლოოდ თბილისელებმა 3:2 აჯობეს “გალათასარაის”.

მესამე ადგილზე მიუნხენგლადბახის “ბორუსია” გავიდა, რომელმაც “ვიქტორია პლზენს” 2:0 აჯობა.

“დინამო”: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი (ნემსაძე 41), სამხარაძე, ქიქავა, კობახიძე, ვეკუა (კვერნაძე 60), ლაშხია (მაჭავარიანი 41), ვოლკოვი, მესხი.

 “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი