“კრილია სოვეტოვს” ლორიას სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა გიორგი ლორიამ “კრილია სოვეტოვს” სასამართლო მოუგო. პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი) მეტის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ლორიამ განმარტა, რომ “კრილია სოვეტოვმა” ხელფასის გარდა საშვებულებო თანხის გადახდაც დაუგვიანა. ის სამარული კლუბის რიგებში 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას მსგავსი შემთხვევა მახაჭკალის “ანჟისთანაც” ჰქონდა. მაშინ დაღესტნურ კლუბს ქართველი მეკარის სასარგებლოდ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.

მაურიციო სარი: “ედენ აზარი გუნდის ლიდერი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “ლურჯების” ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას გუნდის ლიდერად არ თვლის.

“დღესდღეობით აზარი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე უფრო არის, ვიდრე – გუნდის ლიდერი. ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ედენს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ორ წუთში შეუძლია, ზოგჯერ კი ამისთვის ერთი წუთიც ჰყოფნის, თუმცა მას ლიდერად ვერ ჩავთვლი.

მისგან ნებისმიერი მწვრთნელი უფრო მეტს მოითხოვდა. მეც ვფიქრობ, რომ მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. მან საკუთარი თავი უნდა დააფასოს და სრულყოფისთვის მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აქ დარჩეს თუ ახალი გამოცდილების მისაღებად სხვა კლუბს მიაშუროს. ედენი ამ საკითხში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული”, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

“ჩელსი” ედენ აზარს კვირაში 300 000 ფუნტს სთავაზობს

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებს მკაცრად აქვთ გადაწყვეტილი ედენ აზარის შენარჩუნება. ამ მიზნის მისაღწევად, ლონდონელებმა უკვე შეიმუშავეს ახალი ხელშეკრულება ბელგიელი ვარსკვლავისთვის.

“არისტოკრატები” მზად არიან, 27 წლის ფეხბურთელს ხელფასი გაუზარდონ. ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემთხვევაში, აზარი კვირაში 300 ათას ფუნტს მიიღებს ხელფასის სახით. ამჟამად ის კვირაში 220 ათასს იღებს.

როგორც ჩანს, ეს ყოველივე “ჩელსის” ახალი მთავარი მწვრთნელის მაურიციო სარის სურვილია. სწორედ მისი გეგმის ნაწილი იყო ნგოლო კანტესთვის გაზრდილი ხელფასის შეთავაზება (290 ათასი კვირაში), რათა მას “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლაზე უარი ეთქვა.

მაურიციო სარიმ კურტუას, აზარისა და ვილიანის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ლონდონის “ჩელსის” ახალმა მთვარმა მწვრთნლმა მაურიციო სარიმ კურტუას, აზარისა და ვილიანის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

“ძალიან ბედნიერი ვარ გუნდში ისეთი ფეხბურთელების ყოფნით, როგორებიც ედენ აზარი, ტიბო კურტუა და ვილიანი არიან. ძალიან მინდა ისინი კლუბში დარჩნენ, თუმცა ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.

დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დარჩებიან. თუმცა ბოლო პასუხს თვის ბოლოს გეტყვით, როდესაც ისინი დაბრუნდებიან და მათ პირისპირ გავესაუბრები,”- აცხადებს სარი.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარისა და ტიბო კურტუას ტრანსფერებით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული. ვილიანის ტრანსფერზე კი უკვე სამჯერ მიმართა “ჩელსის” კატალონიურმა “ბარსელონამ”.

მაურისიო სარიმ აზარისა და კურტუას შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა

ლონდონის “ჩელსის” ახლადწარდგენილმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ, გუნდში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას, ედენ აზარისა და ტიბო კურტუას მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანი ძალიან ახლოსაა “რეალში” ტრანსფერთან.

“რა თქმა უნდა, ფეხბურთელები, რომლებზეც ვსაუბრობთ უმაღლესი დონის სპეციალისტები არიან და მათი შენარჩუნება ძალიან მინდა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში სატელეფონო ზარი ვერაფერს მომცემს.

პირადად უნდა გავესაუბრო ორივე მათგანს, თვალებში უნდა ვუყურებდე და გადავწყვიტო, თუ რა არის საუკეთესო თითოეული ჩვენგანისთვის. გადაწყვეტილების მიღებამდე კი მსურს, ფეხბურთელები მოედანზეც ვნახო, რათა უკეთ გავერკვე ყველაფერში,” – აცხადებს მაურისიო სარი.

ედენ აზარი: “ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დავიმსახურე”

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ედენ აზარმა, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში გამარჯვების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩვენ სასწაული გავაკეთეთ, შეუძლებელი შევძელით. მესმის, რომ დღევანდელი მატჩი ხვალინდელთან შედარებით ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მსოფლიო ჩემპიონატი იდეალური იყო ჩვენთვის. ახლა კი მომავალზე უნდა ვიზრუნოთ.

ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დავიმსახურე, თუმცა ასე ფიქრობენ სხვებიც. ჩემთვის ასეთი საკითხები ყოველთვის მეორეხარისხოვანია. მთავარია, გუნდი გაძლიერდეს და წარმატებული იყოს. თუ ამ პრიზს მომცემენ, ბედნეირი ვიქნები.

ხვალინდელი ფინალი? თუ ჩემს შვილებს მოუნდებათ, ვუყურებთ და თუ სხვა რამის ყურების სურვილი ექნებათ, მაშინ – არა,” – აცხადებს აზარი.

ედენ აზარი: “რეალის” მაისური განსაკუთრებულია”

საფრანგეთის ნაკრებთან გასამართი უმნიშვნელოვანესი ნახევარფინალური მატჩის წინ, ედენ აზარმა “რეალზე” სასაუბროდ გამონახა დრო. შეგახსენებთ, რომ საკმაოდ დიდი ხანია, რაც ბელგიელ ნახევარმცველს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

“ჩელსიში” თავს მშვენივრად ვგრძნობ და ამ დროისთვის არავის არ წარუდგენია ჩემთვის რაიმე სახის წინადადება,” – აცხადებს ედენ აზარი Marca-სთან საუბრისას.

“მართალია, ზიდანი ბრწყინვალე ადამიანია, მაგრამ “რეალში” თამაში ისედაც ყველა ფეხბურთელის ოცნებას წარმოადგენს. მის გარეშეც, “რეალის” მაისური განსაკუთრებულია.

თუმცა, არანაკლებ მომწონს ლურჯი მაისური, ასე რომ, დარჩენაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი,” – დაამატა ბელგიელმა.

აზარი: “რეალმა” იცის, რაც უნდა გააკეთოს, თუ ჩემი ტრანსფერი უნდა”

ბელგიის საფეხბურთო ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” ვარსკვლავი, ედენ აზარი, აღიარებს რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია.

“მხოლოდ იმ შემთხვევაში დავრჩები, თუ კლუბი გუნდის გაძლიერებისკენ სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს. თუ სიტაუცია მხოლოდ გაუარესდება, აუცილებლად წავალ.

ბევრი სპეკულაციებია ჩემს “რეალში” გადაბარგებასთან დაკავშირებით. “რეალმა” იცის, რაც უნდა გააკეთოს, თუ ჩემი ტრანსფერის განხორციელება უნდა.

ლონდონში ყველაფერი მოვიგე ჩემპიონთა ლიგის გარდა. მადლობას ვუხდი კლუბს ამ ყველაფრისთვის, მაგრამ მე პროექტი მჭირდება. “რეალშიც” იმ პირობით გადავალ, თუ მათი პროექტი მომეწონება,” – აცხადებს აზარი.

ედენ აზარმა “ჩელსის” ულტიმატუმი წაუყენა

ლონდონის “ჩელსის” 27 წლის ვარსკვლავმა, ედენ აზარმა, საკუთარი პოზიციები კიდევ ერთხელ დააფიქსირა, თანაც საკმაოდ ხაზგასმით. ბელგიელი ფეხბურთელი “არისტოკრატთა” ხელმძღვანელობას ულტიმატუმს უყენებს.

როგორც იცით, აზარის ტრანსფერით საკმაოდ აქტიურად ინტერესდებიან უცხოური გრანდები, მათ შორის მადრიდის “რეალიც”. თავად ფეხბურთელი კი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

“ახალ ფეხბურთელებს ველოდები, ძლიერ მოთამაშეებს. მინდა გუნდი გაძლიერდეს და მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის მოგებისთვის ღირსეულად ვიბრძოლოთ.

სწორედ ამიტომაც ვაჭიანურებ კონტრაქტის გახანგრძლივებას. აქ ბედნიერი ვარ, მაგრამ დრო გადის, მე კი ჩემი მიზნები მაქვს. ძალიან ბევრს ვფიქრობ მომავალთან დაკავშირებით,” – აცხადებს ბელგიელი ნახევარმცველი.

აზარი: “ესპანეთში სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ჩინეთში თამაში ჯობს”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი ლიდერი, ედენ აზარი იანიკ ფერეირა კარასკოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც მადრიდული “ატლეტიკო” ჩინურ კლუბში, “დალიან იფან”-ში გაცვალა.

“შესაძლოა, მისთვის ჩინეთში გადასვლა ერთადერთ ვარიანტს წარმოადგენდა. “ატლეტიკოში” რომ დარჩენილიყო, შესაძლოა სულ ვერ ეთამაშა. ახლა კი ფაქტია, რომ მას სათამაშო დრო არ მოაკლდება – ესპანეთში სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ჩინეთში თამაში ჯობს.

ბევრს ეს ტრანსფერი უცნაურად ეჩვენება, მაგრამ კარასკოს თავისი მიზეზები ჰქონდა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთში თამაში ნაკრებში მისი მოხვედრის შანსებს არ შეამცირებს,” – აცხადებს ედენ აზარი.

შეგახსენებთ, რომ თავად ედენ აზარი ძალიან ახლოსაა ესპანეთში, კერძოდ კი მადრიდში გადაბარგებასთან.

დღის სიახლეები: “არსენალში” განხეთქილებაა, “ჩელსიში” შიშობენ, რომ აზარი გუნდს დატოვებს

ლონდონის “არსენალი” კვლავაც გვაკვირვებს თავისი ცუდი შედეგებით, ვენგერის წასვლის საკითხი კი კვლავაც აქტუალურია. “არისტოკრატებს” კი გუნდიდან აზარის წასვლა სურთ. გთავაზობთ სამშაბათის მთავარ სიახლეებს.


“არსენალში” განხეთქილებაა: თანაგუნდელები ლონდონური ტრიოს წინააღმდეგ

ბრიტანული ჟურნალ-გაზეთების გარეკანს კვლავაც კრიზისში მყოფი ლონდონის “არსენალის” ამშვენებს. The Sun-ის ცნობით, ყველაფერს გუნდში არსებული განხეთქილება ემატება – თანაგუნდელები მესუთ იოზილს, ჰენრიხ მხითარიანსა და მუსტაფის აუჯანყდნენ.

“მეთოფეები” მესუთ იოზილს “ბრაიტონთან” წაგებულ მატჩში გაუჩინარებაში ადანაშაულებენ, მხითარიანის დანაშაულს კი მის უმოტივაციოობაში ხედავენ. რაც შეეხება შკოდრან მუსტაფის, თანაგუნდელები მისი ქცევებით არიან გაღიზიანებულები, რადგანაც გაშვებულ გოლში ის მუდამ სხვას ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას გაურბის.

ბუნებრივია, ასე სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. “არსენალში” ყველაფერს ერთმანეთს აბრალებენ და ეს მალე კიდევ უფრო სერიოზულ დაპირისპირებამდე მიიყვანს ვითარებას. ფაქტია, რომ არსენ ვენგერის შემცვლელს გუნდში ძალიან რთული მდგომარეობა დახვდება.


ცვლილებები “მეთოფეთა” სისტემაში

ვენგერის მომავალი “ემირეიტს სტედიუმზე” ჯერ კიდევ გაურკვეველია. საიდუმლო არავისთვისაა, რომ “მეთოფეები” საკმაოდ დიდი ხანია, ფრანგი სპეციალისტის მემკვიდრეს ეძებენ.

“არსენალში” ცვლილებები უკვე დაწყებულია, სვენ მისლინტატი სკაუტთა სისტემის მმართველად დაინიშნა, რაულ სანელი კი საფეხბურთო ურთიერთობების ხელმძღვანელად. The Sun-ის ცნობით, ლონდონელთა შემდეგი ნაბიჯი 1996 წელს მოსული არსენ ვენგერის გათავისუფლება უნდა იყოს.

ყოფილი “მეთოფის”, ლი დიქსონის განცხადებით, ვენგერის ბოლოდროინდელმა ჩავარდნებმა დაამტკიცეს, რომ ის ნამდვილი მწვრთნელი არ არის და რომ სკაუტების სისტემის არასათანადო მუშაობაშიც ფრანგი სპეციალისტის ბრალეულობას ხედავს.


კონტეს ტაქტიკები აზარს იძულებულს ხდის, გუნდი დატოვოს

“ჩელსიში” საფუძვლიანი შიში სუფევს, რომ სეზონის ბოლოს ედენ აზარი კლუბს დატოვებს და სავარაუდოდ, მადრიდის “რეალს” შეუერთდება. The Telegraph-ის ცნობით, ამის მიზეზი ანტონიო კონტეა.

როგორც ცნობილი ხდება, ბელგიელი ვარსკვლავი უკმაყოფილოა ლონდონური ცხოვრებით და “ცრუ ცხრიანის” როლით, რომელზეც მას იტალიელი სპეციალისტი ათამაშებს. მაგალითისთვის, ბოლო შეხვედრაში, “სიტის” წინააღმდეგ, მან ერთხელაც ვერ შეძლო კარის მიმართულებით დარტყმა.

როგორც ჩანს, “არისტოკრატთა” ბანაკში არც თუ ისე კარგი მდგომარეობაა. რომან აბრამოვიჩსა და ანტონიო კონტეს შორის არსებულმა დაძაბულმა ურთიერთობამ, შესაძლოა, ზაფხულში “ჩელსის” დიდი დანაკარგი გამოიწვიოს.


ბალოტელი მზადაა, იტალიას დაუბრუნდეს

ბალოტელის მიერ საფრანგეთში გატარებულმა წლებმა იტალიელ ვარსკვლავს ძველი ფორმა დაუბრუნა და ახლა ის სრულფასოვნად დაგვიბრუნდა. როგორც ცნობილი ხდება, მარიოს მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის მაისურით თამაში აქვს მიზნად დასახული.

ამის პარალერულად, მისი აგენტი, მინო რაიოლა აღიარებს, რომ ბალოტელის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არაერთ იტალიურ კლუბთან აწარმოებს, მათ შორის “ნაპოლთან” და “ინტერთან”.

“რეალი” ზაფხულში ახალი შემტევი ტრიოს შექმნას გეგმავს

მადრიდის “რეალი” ახალი შემტევი ტრიოს შექმნისთვის ემზადება – ფლორეტნინო პერესი არც თუ ისე მომთმენი აღმოჩნდა და მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე აპირებს გუნდში ძირეული ცვლილებების მოხდენას.

Marca-ს მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ახალი “გალაქტიკოს” ლიდერი ნეიმარ ჟუნიორი იქნება, რომელიც ამჟამად “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს. მის გვერდით კი ისეთი ფეხბურთელები შემოიკრიბებიან, როგორებიც არიან ედენ აზარი და რობერტ ლევანდოვსკი.

ბუნებრივია, ეს ტრანსფერები დიდ დანახარჯებს მოითხოვს და მადრიდელები ამისთვისაც მზად არიან: მომავალი სატრანსფერო ფანჯრისთვის 500 მილიონი ევროა გამოყოფილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი სრულ ნდობას უცხადებს ზინედინ ზიდანს.