მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა ერიკ თოჰირმა, რომელიც კლუბს 2013 წლის ოქტომბრიდან მართავს, განაცხადა, რომ “ნერიაძური” უახლოეს მომავალში მსოფლიოს საუკეთესო კლუბთა ათეულში მოხვდება.
“კვლავ ვფიქრობ იმაზე, რომ “ინტერი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბთა ათეულში უნდა იყოს, თუმცა ამისთვის დრო არის საჭირო. ყველამ კარგად ვიცით, რომ რობერტო მანჩინი ნამდვილი პროფესიონალია, ის მუყაითად მუშაობს იმისთვის, რომ კარგი გუნდი შექმნას.
უკანასკნელი რამდენიმე მატჩია, გოლს ბოლო წუთებზე ვუშვებთ, თუმცა გუნდის თავდაჯერებულობა მატულობს. ფეხბურთელებმა კონცენტრაცია 94-ე წუთამდე უნდა შეინარჩუნონ, თუნდაც ანგარიშით 2:0 იგებდნენ. ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება, ამიტომაც არის სპორტის ყველაზე მიმზიდველი სახეობა.
თუ გვინდა, რომ “ინტერი” კვლავ გახდეს დიდი კლუბი, პირველ რიგში – გუნდს მხარი უნდა დავუჭიროთ”, – განაცხადა თოჰირმა მილანური კლუბის ოფიციალური ტელეარხის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ “ინტერი” დღეს ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე გლაზგოს “სელტიკთან” განმეორებით მატჩს გამართავს. პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.