ლივერპულელთა ისტორიული უიკენდი

ორივე მერსისაიდული გუნდისთვის ეს უიკენდი გამორჩეულია.

“ლივერპულიცა” და “ევერტონიც” ამ უქმეებზე გასამართ მატჩებს შინ ჩაატარებენ, რაც უკანასკნელი 123 წლის განმავლობაში პირველად მოხდება. როგორც წესი, ერთი მერსისაიდული გუნდი ტურის შეხვედრას შინ, მეორე კი გასვლაზე ატარებს ხოლმე, მაგრამ პირველ წრეში “ლივერპული” “ბარნლის” მატჩის ჩატარების ადგილმდებარეობის შეცვლაზე მოელაპარაკა, ვინაიდან მაშინ “ენფილდზე” რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა.

ასე რომ, “ლივერპულიცა” და “ევერტონიც” დამდეგი ტურის მატჩებს საშინაო კედლებში ჩაატარებს, რაც ბოლოს 1894 წლის 24 მარტს მოხდა.

შაბათს, 11 მარტს “ევერტონი” “ვესტ ბრომვიჩს” მიიღებს, კვირას კი “ლივერპული” “ბარნლის” უმასპინძლებს.

კარაგერი: “სიამოვნებით ჩავიბარებ “ევერტონს”, რათა ჩემპიონშიფში დავაქვეითო”

გუშინ “ევერტონის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რობერტო მარტინესი გაათავისუფლა. ბუქმეიქერებმა უკვე დაიწყეს ფსონების მიღება, თუ ვინ ჩაიბარებს “კანფეტებს”. მოულოდნელად საკმაოდ მაღალი შანსი მიაკუთვნეს “ლივერპულის” ყოფილ მცველ ჯეიმი კარაგერს (66/1). ინგლისელი “ევერტონის” შესაძლო ჩაბარებას იუმორნარევი კომენტარით გამოეხმაურა.

“სიამოვნებით გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, რათა ჩემპიონშიფში დაგაქვეითოთ”, – დაწერა სოციალურ ქსელში კარაგერმა.

მერსისაიდული დერბი “ლივერპულის” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)

დღეს ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის გადადებული მატჩები გაიმართა: “ლივერპულმა” “ენფილდზე” თანაქალაქელი “ევერტონი” მიიღო. პირველი ტაიმის ბოლოს “წითლებმა” ერთბაშად ორი გოლი გაიტანეს: თავი დივოკ ორიგიმ და მამადუ სახომ გამოიჩინეს. მატჩის მეორე ნახევარში იურგენ კლოპის გუნდმა კიდევ ორი ბურთი გაიტანა: “წითლების” უპირატესობა დანიელ სტარიჯმა და ფილიპე კოუტინიომ გაზარდეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 50-ე წუთიდან “კანფეტები” მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, ვინაიდან უხეში თამასისთვის მოედნიდან რამირო მორი გააძევეს. ამ ეპიზოდში ორიგი მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს. ბელგიელმა თამასის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

საბოლოო ჯამში, “ლივერპულმა” მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

ინგლისის პრემიერლიგა
27-ე ტური
“ლივერპული” — “ევერტონი” 4:0 (2:0)

გოლები: ორიგი 43′, სახო 45+2′, სტარიჯი 61′, კოუტინიო 76′.
გაფრთხილებები: მილნერი 8′ — ლენონი 42′.
გაძევება: მორი 50′.

მერსისაიდული დერბი ფრედ დასრულდა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურში “ევერტონმა” “გუდისონ პარკზე” თანაქალაქელი “ლივერპული” მიიღო.

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, რაც ტაბლოზე დაფიქსირებულ საბოლოო ანგარიშზეც აისახა. 41-ე წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგიდან შესრულებული კუთხურის შემდეგ საჯარიმო მოედანზე უყურადღებოდ მყოფმა დანი ინგსმა ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა დაწინაურების შანსი, ანგარიში არ შეცვლილა — 1:1.

ინგლისის პრემიერლიგა (VIII ტური)
“ევერტონი” — “ლივერპული” 1:1 (1:1)

გოლები: ლუკაკუ 45+1′ — ინგსი 41′.
გაფრთხილებები: ბარკლი 35′, მაკკარტი 65′, ლუკაკუ 90+1′ — ჯანი 35′, ლეივა 69′, სახო 90+1′.

ჟოზე მოურინიო რობერტო მარტინესს გაუჯავრდა

“ტელეგრაფის” ცნობით, ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში ლივერპულის “ევერტონსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის (3:1) შემდეგ ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მერსისაიდელთა თავკაც რობერტო მარტინესს გაუჯავრდა.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ მოცდა მოუწია, სანამ მარტინესი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გამოსვლას დაასრულებდა.

როგორც “ტელეგრაფი” წერს, როდესაც მარტინესი საპრესკონფერენციო დარბაზიდან გამოვიდა, მოურინიომ მას უთხრა: “რობერტო, მომდევნო ჯერზე თქვი, რომ პირველი მე წარვდგები ჟურნალისტების წინაშე, რადგან ჩვენ შინისაკენ უნდა გავემგზავროთ”. მარტინესმა უპასუხა, რომ ეს მისი საქმე არ არის, რაზეც მოურინიომ უხამსად მიუგო: “F*** hell” (“ეშმაკსაც წაუღიხარ!”).

 

უეინ რუნი “ევერტონში” ითამაშებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი უეინ რუნი ლივერპულის “ევერტონის” რიგებში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

რუნი “კანფეტების” ყოფილი თავდამსხმელის დანკან ფერგიუსონის გამოსათხოვარ შეხვედრაში ითამაშებს. “ევერტონი” ამ მატჩში “ვილიარეალს” დაუპირისპირდება.

“ჩემთვის, როგორც ლივერპულის გარეუბანში გაზრდილი ბიჭისთვის, დანკან ფერგიუსონი ნამდვილი გმირი იყო. იგი გახლდათ ჩემი შთაგონების წყარო, როდესაც “ევერტონის” ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი. როცა პირველ გუნდს შევუერთდი, იგი ჩემზე ზრუნავდა და მეხმარებოდა”, – რუნის სიტყვები “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი 2 აგვისტოს, “გუდისონ პარკზე” შედგება.

 

“ევერტონმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” გაანადგურა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში ლივერპულის “ევერტონმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და ბევრისთვის გასაკვირად, მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

“კანფეტების” წაუგებელი სერია ექვს მატჩამდე გაიზარდა, “წითელმა ეშმაკები” კი ზედიზედ მეორედ დამარცხდნენ.

შეხვედრის დებიუტში გატანილი გოლით თავი ჯეიმს მაკარტიმ გამოიჩინა. 35-ე წუთზე ჯონ სტოუნსმა “ევერტონის” უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 74-ე წუთზე კევინ მირალასმა “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში მესამე გოლი გაიტანა.

“ევერტონს” სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-10 ადგილი უკავია, “მანჩესტერ იუნაიტედი” 65 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

 

ინგლისის პრემიერლიგა
34-ე ტური
“ევერტონი” — “მანჩესტერ იუნაიტედი” 3:0 (2:0)

გოლები: მაკარტი 5′, სტოუნსი 35′, მირალასი 74′.
გაფრთხილებები: ფელაინი 12′, შოუ 64′.

ევროპა ლიგა. რეკორდი კიევის “დინამოსა” და “ევერტონს” შორის გამართულ მატჩში

უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე კიევის “დინამოსა” და ლივერპულის “ევერტონს” შორის გამართულ საპასუხო მატჩში სტადიონზე დასწრების მხრივ ახალი რეკორდი დამყარდა. მიუხედავად ცუდი ამინდისა, შეხვედრას 67 553 გულშემატკივარი დაესწრო. წინა რეკორდი “ოლდ ტრაფორდს” ეკუთვნოდა, სადაც 2012 წლის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე ამსტერდამის “აიაქსმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ კიევის “დინამომ” “ევერტონს” ანგარიშით 5:2 მოუგო, მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 6:4 აჯობა და ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

 

სილვესტერ სტალონე პრემიერლიგის მატჩს დაესწრება

ცნობილი ამერიკელი მსახიობი სილვესტერ სტალონე ინგლისის პრემიერლიგის XXII ტურში ლივერპულის “ევერტონსა” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” შორის გამართულ შეხვედრას დაესწრება.

მატჩის შესვენების დროს მსახიობი სტადიონზე დამონტაჟებული დიდი მონიტორის საშუალებით სტადიონზე მისულ ქომაგს მიმართავს.

ცნობისთვის, სილვესტერ სტალონე ლივერპულელ მოკრივე ტონი ბელოუსთან ერთად ფილმ “კრიდზე” მუშაობს.

“ძალიან მინდა, რომ შესვენების დროს სტადიონზე მოსული ფანები  არსად არ წავიდნენ და მონიტორს უცქირონ, რომელზეც განსაკუთრებულ სტუმარს აჩვენებენ”, – აღნიშნა მოკრივემ.

“ევერტონსა” და “ვესტ ბრომვიჩს” შორის გასამართი მატჩი დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

“ევერტონმა” “ჩელსის” ნახევარმცველი ინათხოვრა

ლივერპულის “ევერტონმა” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი კრისტიან ატსუ ინათხოვრა. 22 წლის განელი ფეხბურთელი “კანფეტების” რიგებში მთელი სეზონის განმავლობაში იჯარით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ატსუმ გასული სეზონი არენდის წესით არნემის “ვიტესში” გაატარა.

განელი ნახევარმცველი გარეტ ბერის, მუჰამედ ბეშიჩისა და რომელუ ლუკაკუს შემდეგ “ევერტონის” მეოთხე ახალწვეულია.

ცნობისთვის, ატსუ “ჩელსიში” 2013 წლის ზაფხულში “პორტუდან” გადავიდა. როგორც მოგახსენეთ, გასული სეზონი ჰოლანდიურ “ვიტესში” გაატარა, რომლის რიგებშიც 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კრისტიან ატსუმ განის ნაკრების მონაწილეობით ჩატარებულ 3 მატჩში ითამაშა.

 

ოფიციალურად: “ევერტონმა” ლუკაკუ გაიფორმა

ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ლონდონის “ჩელსიდან” ლივერპულის “ევერტონში” გადავიდა. 21 წლის ფეხბურთელმა “კანფეტებთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მერსისაიდულმა გუნდმა ლუკაკუს სანაცვლოდ 28 მილიონი ფუნტი გაიღო, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული სატრანსფერო თანხაა.

გასული სეზონი რომელუ ლუკაკუმ იჯარის წესით სწორედ “ევერტონში” გაატარა. ახალგაზრდა ბელგიელმა ფორვარდმა კლუბის რიგებში ჩატარებულ 33 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

 

„რობერტო მარტინესი „ბარსელონას“ თავკაცობასაც გაართმევდა თავს“

ლივერპულის „ევერტონის“ თავდამსხმელმა ჟერარ დეულოფეუმ კლუბის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ მარტინესი გაცილებით ძლიერი გუნდის თავკაცობასაც გაართმევდა თავს.

„მარტინესი თავიდანვე ძალიან დამეხმარა. მან იცოდა, რომ გამიჭირდებოდა, მაგრამ მოთმინება გამოავლინა. მწვრთნელი მენდო და პრემიერლიგაში თამაშის შესაძლებლობა მომცა. თქმა არ უნდა იმას, რომ მე უფრო მეტი სათამაშო დროის გამოყოფა მსურდა, თუმცა მარტინესი სწორად მოიქცა. ვთვლი, რომ მან საკმაოდ კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი და ჩემი აზრით, ის „ბარსელონასთვისაც“ შესანიშნავი თავკაცი იქნებოდა“, – განაცხადა დეულოფეუმ.

შეგახსენებთ, რომ ჟერარ დეულოფეუ ამ დრომდე „ბარსელონას“ ეკუთვნის, „ევერტონში“ კი იჯარის წესით თამაშობს.

ბექა დოგრაშვილი