ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რომ არაორდინალური კაცია, ეს არახალი ამბავია. ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი საკუთარ თავს „განსაკუთრებულს“ ტყუილად როდი უწოდებს.
პრესკონფერენციებზე უცნაურ კითხვებს ყველგან სვამენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც შვეიცარიაა. „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის Vტურში „ბაზელს“ სტუმრობს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კი, მოურინიოს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ შეიჭრა თმა.
შეიძლება მიაქციეთ ყურადღება, რომ სანაკრებო პაუზამდე მოურინიოს უფრო დიდი თმა ჰქონდა, შემდეგ კი შეთხელებული ვარცხნილობით დაბრუნდა, რამაც ჟურნალისტის დაინტერესება გამოიწვია.
მოურინიომ აღნიშნა, რომ თმის შესაჭრელი მოწყობილობა ფერნანდო ტორესისგან ითხოვა და ახალი ვარცხნილობა თავადვე დაიყენა.
„ზოგიერთს არ შეუძლია ის, რაც მე შემიძლია. ორიოდ თვეში ძველებურად მექნება თმა. ზოგიერთს ეს არ ძალუძს.
თმის შეთხელება გადავწყვიტე. ფერნანდოსგან თმის შესაჭრელი მანქანა ვითხოვე, დავჯექი სარკის წინ და თვითონვე შევიჭერი. ასე უფრო იაფია.
სანამ სახლში დავრუნდებოდი, ჩემს მეუღლეს ფოტო გავუგზავნე, რომ გამეგო, შემეძლო თუ არა შინ დაბრუნება. ქალბატონ მოურინიოს არავითარი პრობლემა არ ჰქონია“, – აღნიშნა ჟოზე მოურინიომ.
საინტერესოა, ვინ იგულისხმა მოურინიომ, როცა თქვა, რომ ზოგიერთს თმის გაზრდა არ შეუძლია. გამოითქვა მოსაზრება, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ ფრაზით ოსტატურად დასცინა ტორესის ყოფილ თავკაც და „ნაპოლის“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს.
ბექა დოგრაშვილი