ესტონეთი — საქართველო: “ჯვაროსანთა” სასტარტო შემადგენლობა

რამდენიმე წუთში ესტონეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა შორის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი დაიწყება. უკვე ცნობილია “ჯვაროსანთა” ძირითადი შემადგენლობა.

სასტარტო შემადგენლობა: ლორია, კაკაბაძე, გრიგალავა, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კანკავა (კ), ყაზაიშვილი, ცინცაძე, კობახიძე, ვაწაძე.

სათადარიგო შემადგენლობა: რევიშვილი, მაკარიძე, გველესიანი, დაუშვილი, გელაშვილი, ჭანტურია, ცხადაძე, ფოფხაძე, ბეგრალიშვილი, ჰუფნაგელი, ფალავანდიშვილი.

შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

 

კიდევ ერთ დებიუტანტი ესტონეთთან მატჩში (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგის 90-ე ნაკრებს ტალინში რამდენიმე საათში დაუპირისპირდება. ესტონეთთან და ალბანეთთან შეხვედრამდე გუნდში კიდევ ერთი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ქვეყნის პირველ გუნდს ტალინის „ფლორას“ მოთამაშე ზაქარია ბეგლარიშვილი შეურთდა. კახა ცხადაძემ ესტონეთის ჩემპიონის დამატება დღეს გადაწყვიტა. მიზეზი თორნიკე ოქრიაშვილის პირადი ოჯახური მდგომარეობა გახდა,რომელმაც ტალინში ჩამოსვლა ვერ მოახერხა და ეროვნული გუნდის უახლოეს ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს. საქართველოს ნაკრებმა მატჩის წინა ბოლო ვარჯიში კვლავ ს.კ. „ფლორას“ სათადარიგო მოედანზე გამართა. გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა ზაქარია ბეგლარიშვილმა და ასევე „დინამო თბილისის“ წევრმა გიორგი გველესიანმა. ტალინში იმყოფება კიდევ ერთი დებიუტანტი „ფრაიბურგის“ წევრი, 21 წლის ლუკას ჰუფნაგელი. გერმანული კლუბის წევრმა დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებში გამოძახებაზე პირველი კომენტარი გააკეთა:

„ძალიან ბედნიერი ვარ,რომ აქ ვიმყოფები საქართველოს ნაკრებთან ერთად. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. ძალიან კარგი გუნდია და იმედი მაქვს უახლოეს პერიოდში მისი ნაწილი გავხდები და შევძლებ ნაკრების დახმარებას“, – ამბობს ლუკას ჰუფნაგელი.

ზაქარია ბეგლარიშვილი: „დილით ფლორას ვარჯიშზე ვიყავი, როცა ნაკრებში გამოძახების შესახებ ჩემი ამბავი გავიგე. ძალიან გამეხარდა და მოტივირებული ვარ. მინდა მწვრთნელებს მადლობა ვუთხრა, რადგან ნაკრებში თამშის შანსი მომცეს. ვფიქრობ კარგი მატჩი იქნება, ესტონეთს ბოლო პერიოდში მომატებული აქვს, კარგი, კომპაქტური გუნდია და საინტერესო თამაში გამოვა. ვფიქრობ, გამარჯვების დიდი შანსი გვაქვს, რადგან საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერია. ბოლო პერიოდში ესტონეთის ნაკრებში თამაშის შანსი ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცეს, შეიცვალა გუნდის ბირთვიც, მაგრამ ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი. ვფიქრობ, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე უპირატესობა ჩვენ გვექნება“.

ოთარ კაკაბაძე : „მეორე დღეა, რაც ტალინში ვემზადებით. გუნდში კარგი განწყობაა, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური თამაშია, ვეცდებით რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და კარგი შედეგი ვაჩვენოთ“.

10 ნოემბრის საწვრთნელი პროცესი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მასში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ესტონეთთან გამოძახებული ფეხბურთელების შემადგენლობა:

მეკარეები : გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), გიორგი მაკარიძე („ფეირენსე“, პორტუგალია)

მცველები : გიორგი ნავალოვსკი („დილა“, გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კარშიაკა“, თურქეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი გველესიანი („დინამო თბილისი“, საქართველო), ოთარ კაკაბაძე („დინამო თბილისი“, საქართველო), გია გრიგალავა ( „პაფოსი”, კვიპროსი)

ნახევარმცველები : ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), მათე ცინცაძე („დინამო თბილისი“, საქართველო) ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გუგა ფალავანდიშვილი („დილა“, გორი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, ლვოვი, უკრაინა), გიორგი ჭანტურია („დუისბურგი“, გერმანია), ლუკას ჰუფნაგელი („ფრაიბურგი“, გერმანია), ზაქარია ბეგლარიშვილი („ფლორა“, ტალინი, ესტონეთი)

თავდამსხმელები : მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), ბაჩანა ცხადაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („პაფოსი“, კვიპროსი)

კვიპროსის „ომონიას“ წევრი უჩა ლობჟანიძე ეროვნულ ნაკრებს 12 ნოემბერს ტირანაში შეურთდება და გუნდთან ერთად ალბანეთთან მატჩისთვის მოემზადება. ესტონეთისა და საქართველოს მატჩი ტალინის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც ადგილობრივი „ფლორა“ თამაშობს, 11 ნოემბერს თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური

ცვლილება ეროვნული გუნდის განაცხადში

11 ნოემბერს ესტონეთის და 16 ნოემბერს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის განაცხადში გამოძახებული იყო ლევან ყენია, მაგრამ პრაღის “სლავიას” ფეხბურთელი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. მის ნაცვლად კახა ცხადაძემ გუნდში გორის “დილას” ნახევარმცველ გუგა ფალავანდიშვილს უხმო.

აქვე შეგახსენებთ, რომ ყენიასთან ერთად ტრავმების გამო ეროვნულ გუნდს ლევან მჭედლიძე, ნიკა კვეკვესკირი და ჯანო ანანიძე ვერ დაეხმარებიან. სეზონის ბოლო ორი მატჩისთვის მზადებას საქართველოს ნაკრები 9 ნოემბერს ტალინში დაიწყებს.

 

ბადრი კვარაცხელია: “ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ “მერანი” უმაღლეს ლიგაში დარჩეს”

მარტვილის “მერანს” კარგი პერიოდი არ უდგას. გუნდი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით და თითქმის დაუმარცხებელი იყო საკუთარ მოედანზე, მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში არასტაბილურად გამოიყურება, რაც კლუბის მიერ ნაჩვენებ შედეგზეც აისახა. მარტვილელებს მე-9 ტურის თავზე მხოლოდ 3 ქულა აქვთ, თუმცა არსებულ ვითარებას თავისი მიზეზებიც აქვს, მთავარი მიზეზი კი ალბათ ის არის, რომ გუნდმა ჩემპიონატის დაწყებამდე ძირითადი ბირთვის შენარჩუნება ვერ შეძლო. წამყვანი ფეხბურთელების უმრავლესობას გუნდის დატოვება მოუწია ფინანსური კუთხის გამო და შეიძლება ითქვას, ფაქტიურად ახალი გუნდი შეიქმნა დუბლების, ჭაბუკთა ლიგის და რამდენიმე ახალწვეული ფეხბურთელისგან. “მერანს” მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის წარუმატებელი სტარტის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. თუ რა მდგომარეობაა გუნდში და რა ცვლილებებია მოსალოდნელი, ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ ბადრი კვარაცხელიას დავუკავშირდით.

— მართალია გუნდში ახალი მოსული ხართ, მაგრამ მცირე დროც საკმარისია იმისთვის, რომ გარკვეული წარმოდგენა გქონდეთ გუნდში არსებულ პრობლემებზე. რაში ხედავთ გამოსავალს?
— პრობლემებს რა გამოლევს საქართველოში. ისევე როგორც სხვა გუნდებს, მარტვილის “მერანსაც” აქვს პრობლემები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გუნდმა ფარ-ხმალი უნდა დაყაროს. საუბარს “საპოვნელასთან” მატჩით დავიწყებ, სადაც “მერანმა” ოთხი ძირითადი ფეხბურთელის გარეშე ითამაშა, რაც ნებისმიერი გუნდისთვის იქნებოდა დიდი დანაკლისი. ჯერ ავიღოთ “შუქურასთან” მატჩი, სადაც გუნდმა ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა, სამწუხაროდ, იმ შეხვედრაში ორი ფეხბურთელი გაგვიძევეს, ასევე ყვითელი ბარათი მიიღო შალიკაშვილმა, რომელსაც გაფრთხილებები დაუგროვდა და გამოტოვა მომდევნო შეხვედრა და დუბლების შეხვედრაში გაძევებული იქნა პაჭკორია. პასუხისმგებლობას კი არ ვიხსნი, უბრალოდ ეს ყველაფერი რომ გავლენას იქონიებდა შემდეგ თამაშზე, ცხადი იყო. აქიდან გამომდინარე, მოგვიწია როტაცია, ჩვენ სერიოზულად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელით იმ დასახული ამოცანის შესრულება, რაც გვქონდა. ახლა მთავარია “ლოკომოტივთან” მატჩში მოვიპოვოთ გამარჯვება. “ლოკომოტივთან” მოგებას უდიდესი მნიშნელობა აქვს როგორც შედეგისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის, საკუთარ თავში ძალები რომ ირწმუნონ. “მერანში” ახალი მოსული ვარ და ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, რომ ძირეული ცვლილებები მომხდარიყო, თუმცა ვცდილობ, გუნდში შევქმნა ისეთი ატმოსფერო, რომ გამარჯვებულის მოტივაცია ჰქონდეთ ფეხბურთელებს, შეთამაშდნენ და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს. ბევრი სამუშაოა. “შუქურასთან” მატჩი ვახსენეთ და გამარჯვებას თუ არა, ფრეს მაინც ვიმსახურებდით ამ შეხვედრაში, მაგრამ შეცდომის გამო მივიღეთ ბოლო წუთზე გოლი, “საპოვნელასთანაც” იყო შეცდომები.

— ამ კონტიგენტით რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენა გაგიჭირდებათ, ფაქტია და თუ აპირებთ გუნდის გაძლიერებას ახლო მომავალში?
— აუცილებლად გვჭირდება გაძლიერება ყველა რგოლში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდი მთლიანად შეიცვლება. საჭიროა შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო, ერთ პოზიციაზე უნდა იყოს ორი ისეთი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ვინც დაიმსახურებს, ის ფეხბურთელი დაიცავს გუნდის ღირსებას. ვინც უფრო მეტს იშრომებს და შედეგიანი იქნება, ის ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მყავს გუნდში ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე შემოვუშვებ და თამაშის ამინდს შეცვლის, ლიდერის როლს იკისრებს. თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ, ახალი სისხლია საჭიროა და მეორე წრისთვის ასეც მოხდება.
დუბლშემადგენლობიდან, ჭაბუკთა ლიგიდან გვყავს ჩვენ ნიჭიერი პერსპექტიული ფეხბურთელები, მაგრამ ჯერ ადრეა ამ ბავშვებს ასეთი დიდი ტვირთი ავკიდოთ. რა თქმა უნდა, გვყავს გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომლებიც გამოგვადგებიან და ვნახოთ, ყველაფერს გვიჩვენებს მომავალი“.

— სანამ “მერანში” მოხვიდოდით სამუშაოდ, ლანჩხუთიას “გურიას” მთავარი მწვრთნელი იყავით, თუმცა ძალიან ცოტა ხნით. შეგიძლიათ გვითხრათ, რა მოხდა მაშინ?
— იცით რა, მე არ ვარ ის მწვრთნელი, რომ ორი თვით მივიდე გუნდში სამუშაოდ. აი, დღეს “მერანში” ვარ და ჩემთვის ერთ თვეში შედეგი რომ მოეთხოვათ, არ მოვიდოდი. მე ვიცი ეს გუნდი, შესწავლილი მყავს და რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი გუნდის ხელმძღვანელობასთან, მაქვს ჩემი ხედვა და გეგმა. ამისთვის დროა საჭირო, ერთი და ორი თამაშით არ შეიძლება მოხდეს ანალიზი. ვფიქრობ, რომ “გურიას” შემთხვევაში მე და იმ გუნდის პრეზიდენტმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან, საბოლოო ჯამში, ასე მოხდა. “მერანში” მოვედი იმისთვის, რომ დასახული მთავარი ამოცანა შევასრულო, ამისთვის დროა საჭირო და შედეგიც აუცილებლად მოვა. მე აქ ძმაკაცობით და მეგობრობით არ მოვსულვარ, ჩემი მთავარი მიზანი გუნდის გადარჩენაა და თუ ეს ვერ შევასრულე, ავდგები და წავალ. გუნდის ხელმძღავნელობიდან ხელშეწყობა არის, აქ არის იმის პირობები, გუნდმა ივარჯიშოს, დაისვენოს. ახლა იდეალური მდგომარეობა საქართველოში არსად არ არის, მაგრამ ის პირობები რაც “მერანს” აქვს, არ ასახავს გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგს. დღეს “მერანი” არ უნდა იყოს ბოლოსწინა ადგილზე, მაგრამ, როგორც გითხარით, ყველაფერს ვაკეთებს იმისთვის, რომ გუნდი წარმატებული გახდეს და აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწიოს.

— და ბოლოს, უახლოესი მატჩი თბილისის “ლოკომოტივთან” გაქვთ. როგორი განწყობაა გუნდში?
— მე დავესწარი “ლოკომოტივი” – “საბურთალოს” მატჩს. იცით, რომ ახალი მწვრთნელი ჰყავს “ლოკომოტივს” და აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვებას მიაღწიეს. ეს მუხტი თითქმის ყველა ახალმა მწვრთნელმა გამოიყენა ჩემ გარდა და იმედია, ჩვენს შემთხვევაში სწორედ “ლოკომოტვთან” გატყდება ნავსი “მერანის” სასარგებლოდ. კარგი ძლიერი გუნდი ჩამოდის გამოცდილი ფეხბურთელებით, მათ შორის ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელებიც არიან. ასე რომ, სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავს, თუმცა ჩვენ, მთავარია, ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ვინც უფრო მეტს მოინდომებს და მეტი ჟინი ექნება, ის გუნდი გაიმარჯვებს. ძალიან გვჭირდება გამარჯვება და იმედი მაქვს, ასეც მოხდება, რაშიც საშინაო არენა და ჩვენი ერთგული გულშემატკივარიც დაგვეხმარება.

 

ერთი ნაბიჯი ელიტრაუნდამდე: 17-წლამდელებმა რუმინელებს სძლიეს

უეფას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 3:0 დაამარცხა რუმინეთის ნაკრები.

პირველ მატჩში, სლოვაკეთთან განცდილი დასანანი მარცხის (3:4) შემდეგ, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა სრული კონცენტრაცია და მობილიზება შეძლეს და პირველ შეხვედრაში მასპინძელი უნგრეთის მძლეველ რუმინელებს დამაჯერებლად მოუგეს.

ანგარიში 24-ე წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა. ტაიმის ბოლომდე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი კიდევ ჰქონდათ.

მეორე ტაიმში, ანგარიში ორამდე გიორგი ჩაკვეტაძემ გაზარდა. 64-ე წუთზე კი, რუმინეთის ნაკრები მოედანზე 10 კაცით დარჩა – მცველმა დიმამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

რუმინელი მცველის გაძევებიდან ოთხ წუთში კი, ნიკა ნინუამ ანგარიში უფრო სოლიდური გახადა – 3:0.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ფრე – 1:1 ითამაშეს და ამჟამად, ჯგუფში ლიდერი 4 ქულით სლოვაკეთის ნაკრებია. 3-3 ქულა აქვთ საქართველოსა და რუმინეთს. თუმცა, ბურთების უკეთესი შეფარდებით მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრებია. მხოლოდ ერთი ქულა აქვს უნგრეთის გუნდს.
გადამწყვეტი კი, ბოლო მატჩები იქნება და გაირკვევა იმ ორი გუნდის ვინაობა, ვინც 2016 წლის გაზაფხულზე ელიტრაუნდში იასპარეზებს.

რუმინეთიU17 vs საქართველოU17 0:3 (0:1) ეჩშ

საქართველოU17: გუგეშაშვილი, ვირუბოვი, ასათიანი (კაპ), ჩაკვეტაძე (კოპლატაძე 74), ქავთარაძე (ქიმერიძე 63), ნიკოლეიშვილი, სპანდერაშვილი, ქაფიანიძე (კასრელიშვილი 71), ხარაბაძე, კუცია, ნინუა
მთ.მწვრთნელი – გოჩა ავსაჯანიშვილი
გოლები: სპანდერაშვილი (24), ჩაკვეტაძე (44), ნინუა (68)
გაფრთხილება: ქიმერიძე

ხვალ და ზეგ გუნდები დაისვენებენ. 29 ოქტომბერს კი, საქართველოს ნაკრები უნგრეთის 17-წლამდელებს დაუპირისპირდება.

სფფ-ის პრესსამსახური

ჯაბა კანკავა: “გერმანიასთან ფრე კანონზომიერი შედეგი იქნებოდა”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრა ქალაქ ლაიფციგში გერმანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ამ მატჩში ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა.

“ღირსეულად ვითამაშეთ, ვიბრძოლეთ. ფრედ თამაში და მოგებაც შეგვეძლო. მანუელ ნოიერმა ძალიან კარგი ბურთები აგვიღო. ჩვენც გაგვიმართლა თავიდან. მე ვფიქრობ, ფრე კანონზომიერი შედეგი იქნებოდა”, – აღნიშნა კანკავამ.

 

კრუზე: “მნიშვნელოვანია, რომ ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ბოლო შეხვედრა შინ საქართველოს ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა გამარჯვების გოლის გამტანმა მაქს კრუზემ.

“ანგარიშის გათანაბრების შემდეგ თამაში საყურებლად კარგი არ იყო, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ევროპის ჩემპიონატზე ძველი ძალებით დავბრუნდებით”, – აღნიშნა კრუზემ.

 

იოახიმ ლიოვი: “უკმაყოფილო ვარ”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ბოლო შეხვედრა შინ საქართველოს ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ “ბუნდესთიმის” მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი საკუთარი გუნდის მიმართ პრეტენზიებს არ მალავდა.

“იგივე თამაში ვიხილეთ, რაც დუბლინში. ადრეული გოლი ვერ გავიტანეთ, რამაც იმედები გამიცრუა.

ჩვენ ის მოკრივე ვართ, რომელიც მეტოქეს ბევრ დარტყმას აყენებს, მაგრამ ადრეულ ნოკაუტში ვერ აგდებს.

ასე რომ, როგორც ირლანდიის ნაკრებთან, ისევე დღევანდელ შეხვედრაში უკმაყოფილო დავრჩი. ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ვითხოვთ.

ნოემბერში იმ ფეხბურთელებს გამოვიძახებ, რომლებიც ახლა გუნდთან ერთად არ იყვნენ.

ფლანგიდან შეტევის საშუალება არ გვაქვს, ამიტომ ცენტრიდან ვუტევდით. ფლანგის მცველებს ვერ გამოვიყენებდი, რადგან საკლუბო დონეზე ისინი ასე არ თამაშობენ, ვარჯიშებზე კი ფლანგზე თამაში არ ისწავლება”, – განაცხადა ლიოვმა.

 

კახა ცხადაძე: “ეს ჩემი თავკაცობის პერიოდში საქართველოს ნაკრების საუკეთესო მატჩი იყო”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრა ქალაქ ლაიფციგში გერმანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძემ განაცხადა, რომ მისი თავკაცობის პერიოდში ეს საქართველოს ნაკრების საუკეთესო მატჩი იყო.

“ვულოცავ გერმანიის ეროვნულ გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას. მე ვამაყობ ჩემი ნაკრებით.
არცერთ სხვა გუნდს არ ჰქონია გერმანიის ნაკრებთან ამდენი შანსი. მანუელ ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა.
ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რაც ნაკრებში ჩემი მუშაობის პირველი მატჩის შემდეგ იგრძნობა.
ვთვლი, რომ ჩემი თავკაცობის პერიოდში ეს საქართველოს ნაკრების საუკეთესო მატჩი იყო”, – განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძემ.

 

ეროვნული ნაკრები ლაიფციგშია

გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებთან მოპოვებული მარტივი გამარჯვების შემდეგ, დღეს დილით ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა გეზი გერმანიისკენ აიღო, სადაც ევრო შესარჩევის ბოლო ტურში ჯგუფის ფავორიტსა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, გერმანიის ეროვნულ ნაკრებს, დაუპირსპირდება. გერმანია – საქართველოს მატჩი ლაიფციგში Redbull Arena-ზე გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

სფფ-ის პრესსამსახური

ევრო-2016-ის კვალიფიკაცია: ჩვენი ჯგუფის მიმოხილვა (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში მე-9 ტურის მატჩები გაიმართა.

ამ ციკლში მესამე გამარჯვეა მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა. კახა ცხადაძის გუნდმა “დინამო არენაზე” გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 4:0 გაანადგურა. დუბლი შეასრულა მათე ვაწაძემ, პენლატი გაიტანა თორნიკე ოქრიაშვილმა, ერთი ბურთი კი ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში პირველი გოლი 30-ე წუთზე გავიდა. გიბრალტარის ნაკრებისთვის გოლი ასე გვიან ჯერ არცერთ გუნდს არ გაუტანია.

ევრო-2016 – კვალიფიკაცია. D ჯგუფი. მე-9 ტური
საქართველო — გიბრალტარი 4:0
გოლები: ვაწაძე 30′, 45′, ოქრიაშვილი 35′ (პენ), ყაზაიშვილი 87′.
გაფრთხილებები: ოქრიაშვილი 31′ — კაბრერა 15′.

 

სენსაციურად დამარცხდა გერმანიის ნაკრები. “ბუნდესთიმმა” დუბლინში ირლანდიის ნაკრებთან ისე წააგო, რომ გოლის გატანაც ვერ შეძლო, რაც პოლონეთთან გასული წლის 11 ოქტომბერს გამართული შეხვედრის (0:2) შემდეგ პირველად მოხდა. ირლანდიამ ანგარიშით 1:0 იმარჯვა, ეს ერთადერთი გოლი კი მატჩის 70-ე წუთზე შეინ ლონგმა გაიტანა.

ევრო-2016 – კვალიფიკაცია. D ჯგუფი. მე-9 ტური
ირლანდია — გერმანია 1:0
გოლი: ლონგი 70′.
გაფრთხილებები: ჰულაჰანი 89′ — ჰუმელსი 86′.

 

საინტერესოდ წარიმართა გლაზგოში შოტლანდიისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა. სტუმრები მე-3 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მეტ რიჩიმ შესანიშნავი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 62-ე წუთზე კი სტივენ ფლეტჩერის ლამაზი და ზუსტი დარტყმის წყალობით მასპინძლები სულაც წინ გავიდნენ. პოლონელები მარცხისგან ისევ ლევანდოვსკიმ იხსნა, რომელმაც მე-4 კომპენსირებულ დროში წონასწორობა აღადგინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 2:2.

ევრო-2016 – კვალიფიკაცია. D ჯგუფი. მე-9 ტური
შოტლანდია — პოლონეთი 2:2
გოლები: რიჩი 45′, ფლეტჩერი 62′ — ლევანდოვსკი 3′, 90+4′.
გაფრთხილებები: ბრაუნი 56′, ჰატონი 67′ — რიბუსი 22′, კრიხოვიაკი 83′.

 

გუნდი მიღ გაშ +/-
Germany   გერმანია 9 6 1 2 22 8 14 19
Poland   პოლონეთი 9 5 3 1 31 9 22 18
Republic of Ireland   ირლანდია 9 5 3 1 18 5 13 18
Scotland   შოტლანდია 9 3 3 3 16 12 4 12
Georgia   საქართველო 9 3 0 6 9 14 -5 9
Gibraltar   გიბრალტარი 9 0 0 9 2 50 -48 0

 

კახა ცხადაძე: “როცა ვიგებთ, “ქართული” გვემართება ხოლმე”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ბოლო საშინაო შეხვედრა გამართა. კახა ცხადაძის გუნდმა “დინამო არენაზე” გიბრალტარის ნაკრების მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ცხადაძემ აღნიშნა, რომ კმაყოფილია როგორც შედეგით, ასევე თამაშის ხარისხით.

“მადლობა ფეხბურთელებს იმისთვის, რომ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს. ყველაფრით კმაყოფილი ვარ და ვულოცავ გამარჯვებას”, – ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ცხადაძემ.

— როგორ შეაფასებდით დებიუტანტების თამაშს?
— ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ. თავიდან იყო ნერვიულობა, თუმცა შემდეგ ეს ბარიერი გადალახეს. ვულოცავ გამარჯვებას.

— თითქოს, გუნდს სისწრაფე აკლდა, იქიდან გამომდინარე, რომ სუსტ მეტოქეს ეთამაშებოდა…
— პირველ ნახევარში ყველა მომენტი რომ გაგვეტანა, ასტრონომიული შედეგი იქნებოდა. მეორე ნახევარში გუნდს დავალება მივეცი, რომ ბურთი დაგვეჭირა. მეტოქეც მიხვდა, რომ ზემოთ როცა ამოდიოდა, მეტი პრობლემა ექმნებოდა. ამიტომ, დაცვაში თამაშობდნენ. ჩვენც არ გვინდოდა ბურთის ხშირად დაკარგვა, რადგან ასეთ შემთხვევაში, მეტი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევდა. ნაკლები რისკი გავწიეთ, რადგან თამაში უკვე “გაკეთებული” იყო. გერმანიასთან, რა თქმა უნდა, სხვანაირი თამაში იქნება.

— მეტოქიდან გამომდინარე, დებიუტანტებს შანსი მიეცით. გერმანიის ნაკრებთანაც ასე ხომ არ იქნება?
— შეგნებულად დავასვენე რამდენიმე ფეხბურთელი. გერმანიის ნაკრებთან ბურთის ფლობის ასეთი უპირატესობა არ გვექნება, უფრო დაცვაში ვითამაშებთ. დღეს მეც მინდოდა მეტი გოლის გატანა, მაგრამ სხვა დავალება იყო. მნიშვნელოვანია მენტალიტეტის შეცვლა. გერმანია ჯგუფში პირველ ადგილზე იქნება თუ სხვა რომელიმე პოზიციაზე, ყოველთვის ერთნაირად მაღალ დონეზე თამაშობს. ეს არის სწორი მენტალიტეტი. პრაგმატული, მაგრამ სწორი მიდგომაა, რასაც მაღალი შედეგი მოაქვეს არამხოლოდ ერთი თამაშით.

— კვეკვესკირი პირველ ტაიმში კარგი იყო, მაგრამ თითქოს ნელი ჩანს. გიბრალტარის ნაკრებზე ძლიერ მეტოქეებთან რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება?
— ძნელია პროგნოზირება. ფაქტია, მეტოქემ ასეთი თამაშის საშუალება მისცა. ვთვლი, რომ პირველ ტაიმში ნელა არ მოქმედებდა. მეორე ნახევარში კი მენტალიტეტის პრობლემამ იჩინა თავი. როცა ვიგებთ, “ქართული” გვემართება ხოლმე. აღსანიშნავია, რა პასიც გააკეთა კვეკვესკირმა პირველ ტაიმში, დაცვაში აგრესიულად თამაშიც შეუძლია. ალბათ, დაინახეთ, ძალიან ვბრაზდებოდით, როცა ბურთს ზედმეტად ფლობდა, რადგან ამ პოზიციის მოთამაშეს უფრო სწრაფად თამაში და მეტი აზროვნება მოეთხოვება.