პლატინი სომხურად ალაპარაკდა

როგორც მოგეხსენებათ, 2013 წლის საუკეთესო სომეხ ფეხბურთელად დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი დაასახელეს.

„რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ წლის ფეხბურთელის ტიტული მე გადმომეცა. მადლობას ვუხდი ჩემს სანაკრებო თანაგუნდელებს, რომელთა წყალობითაც ამ წარმატებას მივაღწიე“, – მხითარიანის ეს სიტყვები სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა.


აღსანიშნავია, რომ სომეხ ფეხბურთელს ჯილდოს მოგება უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ სპეციალური ვიდეომიმართვით სომხურ ენაზე მიულოცა. მხითარიანი ამ ფაქტმა ძალიან გაახარა.

„ჩემთვისაც და დამსწრე საზოგადოებისთვის ეს დიდი სურპრიზი იყო. ყოველდღე ვერ მოისმენ უეფას პრეზიდენტისგან შენს გვარს“, – აღნიშნა მხითარიანმა.

დასასრულს, 24 წლის სომეხმა ფეხბურთელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

„28 დეკემბერს შვებულებაში გავდივარ. 5 იანვარს „ბორუსიას“ შევუერთდები და ვარჯიშს განვაახლებ. შემდეგ ესპანეთში რვადღიანი შეკრება გვექნება, სადაც სეზონის მეორე წრისთვის მოვემზადებით“.

აქვე გთავაზობთ პლატინის ვიდეომიმართვას.

ბექა დოგრაშვილი

კლოპმა მხითარიანს ბოდიში მოუხადა

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გერმანიის ბუნდესლიგის XIV ტურში „მაინცის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის კომპენსირებულ დროში მომხდარ ფაქტზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დამატებით დროში „ბორუსიამ“ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა. პენალტის შესასრულებლად ჰენრიხ მხითარიანი გაეშურა, თუმცა ბოლო მომენტში სომეხ ნახევარმცველს რობერტ ლევანდოვსკიმ უთხრა, რომ თერთმეტმეტრიანი პოლონელს უნდა დაერტყა. საბოლოო ჯამში, პენალტი ლევანდოვსკიმ დაარტყა და გაიტანა კიდეც.

„ეს ჩემი ბრალია. მხითარიანი სამართლიანად განაწყენდა, თუმცა თავად მე ვთქვი, რომ პენალტს მეცხრე ნომერი დაარტყამდა. უხერხული სიტუაცია შეიქმნა. მხითარიანს ბოდიში უკვე მოვუხადე. მე უბრალოდ მინდოდა, რომ ეს პენალტი აუცილებლად გაგვეტანა. რა თქმა უნდა, მიკისაც (მხითარიანის შემოკლებული სახელი) შეეძლო, კარგად დაერტყა“, – კლოპის სიტყვები „ბორუსიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „ბორუსიამ“ სტუმრად „მაინცი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა. აქედან ორი გოლი ლევანდოვსკიმ პენალტით გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

მხითარიანს ჰიმნი დაუწერეს (ვიდეო)

სომეხი ჟურნალისტები და ფეხბურთის ქომაგები იმდენად ამაყობენ ჰენრიხ მხითარიანით, რომ მას ჰიმნი მიუძღვნეს. დორტმუნდის „ბორუსიას“ ფანებმა მალევე აიტაცეს მათი ერთ-ერთი ლიდერისადმი დაწერილი კომპოზიცია.

გთავაზობთ მხითარიანისადმი მიძღვნილ ჰიმნს.