სარდალიშვილი: “გპირდებით, რომ სლოვენიაში ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ”

გუშინ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” “მიხეილ მესხზე” სლოვენიური “მარიბორი” მიიღო და უგოლო ფრე გააგორა.

დაპირისპირების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, მიშიკო სარდალიშვილმა Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“მარიბორი” ძლიერი გუნდია. ვერ ვიტყვი, რომ  ადვილი თამაში იყო. ორივე გუნდს გვქონდა ძალიან კარგი შანსები. ამ მატჩით, რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ, რადგან სლოვენიაში შანსი გვაქვს, რომ მოვიგოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. მოტივაცია დიდია. ამის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. ვნახოთ, რა იქნება. გპირდებით, რომ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ.

“ჩიხურაში” ცოტა ხნის წინ დავბრუნდი და ადაპტაციის პერიოდი არც მქონია. ამ გუნდში თავს ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ,” – განაცხადა სარდალიშვილმა.

ლეანდრო რიბეირო: “საქართველოში ცხოვრებაც მომწონს და თამაშიც”

ეროვნული ლიგის ბომბარდირობისთვის რამდენიმე ფეხბურთელი იბრძვის, რომელთა შორისაც გორის დილასბრაზილიელი ლეანდრო რიბეიროცაა.

23 წლის ბრაზილიელი დილას კარგად შეეწყო და ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. როგორია მისიშთაბეჭდილებები, რა მიზნები აქვს კარიერაში ლეანდროს ამ და სხვა საინტერესო თემებზე Eliga.Ge ესაუბრა.

დილაში რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდით…

ამით ძალიან ბედნიერი ვარ. დილაში წინა სეზონის ნაწილი გავატარე, გუნდთან და ქართულ ფეხბურთთანადაპტაციის გავლაც მოვასწარი და როცა დაბრუნების შესაძლებლობა გამოჩნდა, არ მიყოყმანია. მოხარულივარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, მომწონს აქ თამაში და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის.

როგორ შეაფასებთ ისრაელში, მაკაბი ნეთანიაში გატარებულ პერიოდს?

როცა ისრაელში წავედი, მეგონა, ხშირად მომიწევდა თამაში, თუმცა ჩემი სტილი ვერ ჩაჯდა გუნდის ტაქტიკურსქემაში, რის გამოც არ მეძლეოდა ბევრი დრო. მე კი თამაში მწყუროდა და ამიტომ მივიღე დილაშიდაბრუნების გადაწყვეტილება.

როგორი ატმოსფეროა დილაში, როგორ შეეგუეთ საქართველოსა და ცხოვრების აქაურ წესს?

გუნდი ძალიან მეგობრულია, ბიჭები გვერდში მიდგანან და სირთულეების დაძლევაში მეხმარებიან. საქართველო კი საოცარი ქვეყანაა, აქ ცხოვრება ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.

გორში ცხოვრობთ თუ თბილისში? თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

ვცხოვრობ თბილისში და როცა ვარჯიშები და თამაშები არ მაქვს, სულ დედაქალაქში ვარ. თავისუფალიდროის დიდ ნაწილს სახლში ვატარებ, ასევე მიყვარს საყიდლებზე სიარული.

რას იტყვით დილას სათამაშო სტილზე, როგორი გარემოა გორის სტადიონზე?

ჩვენი გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. გორში ბევრიგულშემატკივარი დადის სტადიონზე, გამარჯვების შემდეგ ძალიან გახარებულები არიან და მე, ისევე როგორცგუნდის სხვა ფეხბურთელები, ბედნიერი ვარ მათთვის სიხარულის მინიჭებით. აქ ხალხისგან დიდ სითბოსვგრძნობ და მაქსიმალურად ვცდილობ, ეს სიყვარული და ნდობა კარგი თამაშითა და გოლებით დავუფასო.

 

კმაყოფილი ხართ თუ არა იმ შედეგებით, რასაც დილა აღწევს მიმდინარე სეზონში?

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვთამაშობთ სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ხარისხის გაუმჯობესება, რაც აუცილებლად აისახება სატურნირო ცხრილში – ნამდვილად გვაქვს ამის პოტენციალი. ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მიღწეულზე შეჩერება არ შეიძლება.

სეზონის წინ თუ წარმოიდგენდით, რომ დილას მთავარი ბომბარდირი იქნებოდით და ეროვნული ლიგის საუკეთესო მეგოლეობის შანსიც გექნებოდათ?

ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო გუნდისთვის. როდესაც გუნდი იგებს და ამაში ჩემი წვლილიცაა, ძალიან ბედნიერი ვარ. რაც შეეხება პირად მიღწევებს: პირველ რიგში, ვფიქრობ მხოლოდ გუნდის წარმატებაზე და თუ ბომბარდირიც გავხდები, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები.

ამ სეზონში ჩატარებული მატჩებიდან თქვენთვის რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?

უდავოდ, საბურთალოს წინააღმდეგ თამაში, რომელიც გორში სოლიდური სხვაობით, 4:1 მოვიგეთ. საბურთალო საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდია და ტყუილად როდი ლიდერობს გათამაშებას. მის წინააღმდეგ ჰეთ-თრიქის შესრულება ორმაგად სასიხარულოა.

მიგაჩნიათ თუ არა დილა ჩემპიონობის კანდიდატად?

რატომაც არა?! თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. საქართველოს ჩემპიონატში დიდი კონკურენციაა და ჩემპიონობის შანსი რამდენიმე გუნდს აქვს. ჯერ ჩემპიონატის ნახევარიც არ არის გასული და პროგნოზების გაკეთება რთულია. მთავარია, დილამ თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოს. საამისოდ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? დიდი ხნით აპირებთ საქართველოში დარჩენას?

ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აქ ცხოვრებაც ძალიან მომწონს და თამაშიც. რა იქნება მომავალში, ამაზე საუბარი გამიჭირდება.

საქართველოს ჩემპიონატს როგორ დაახასიათებდით?

ნორმალური დონის ლიგაა. ამ ფორმატის ჩემპიონატისათვის ფიზიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია.

ალბათ მოუთმენლად ელით მსოფლიოს ჩემპიონატს…

რა თქმა უნდა! თითოეული ბრაზილიელი ჩვენს ნაკრებს მთელი სულითა და გულით ქომაგობს. ობიექტურად რომ შევხედოთ, მიმაჩნია, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოა და მჯერა, ჩემპიონები ჩვენ გავხდებით.

Eliga.Ge

ვრცელი ინტერვიუ როინ კვასხვაძესთან: “მეორე დღეს კიტეიშვილს მესიჯი მივწერე”

საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ირაკლი სიხარულიძე დასახელდა, ეროვნული ლიგის გმირის წოდება კი ერთპიროვნულად ეკუთვნის როინ კვასხვაძეს. ქუთაისის ტორპედოს მეკარე და კაპიტანი ბოლო იყო, რომელიც 2017 წლის ჩემპიონატში ბურთს შეეხო – თბილისის დინამოს კაპიტნის, ოთარ კიტეიშვილის მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია და ქუთაისელი გულშემატკივარი წლების განმავლობაში ნანატრი ჩემპიონობით უზომოდ გაახარა. როინ კვასხვაძე გუშინ Eliga.Ge-ს სტუმარი იყო. თავადაც დარწმუნდებით, რომ იგი არა მხოლოდ მაღალი კლასის მეკარე, არამედ საინტერესო მოსაუბრეცაა.

საუბარი, რა თქმა უნდა, პენალტით უნდა დავიწყოთ… როცა ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ გამარჯვებასა და ჩემპიონობას ხელიდან გავუშვებდით. უნდა ავიღო! – მტკიცედ ვუთხარი საკუთარ თავს. შინაგანად მქონდა იმის რწმენა და განცდა, რომ ამას შევძლებდი. არ ველოდი, რომ ოთარ კიტეიშვილი ცენტრში დაარტყამდა, შეიძლება, იგი ჩემმა მოძრაობამაც დააბნია. ჩემგან მარჯვენა კუთხე ავირჩიე, მაგრამ შევძელი და ბურთი ფეხით მოვიგერიე.

თამაშის შემდეგ ოთარ კიტეიშვილს თუ ელაპარაკე?

იმ დღეს მას ალბათ, არავისთან საუბარი არ სურდა, მეორე დღეს კი მესიჯი მივწერე და გავამხნევე. ოთარი შესანიშნავი ფეხბურთელი და თბილი პიროვნებაა, იგი ყოველივე საუკეთესოს იმსახურებს და მთავარი წარმატებები წინ აქვს.

ახლა, როცა იმ მატჩს უკვე ცივი გონებით იხსენებ, როგორი შეგრძნება გეუფლება?

მე, უბრალოდ, ჩემი საქმე გავაკეთე, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ბევრი რამ განაპირობა – ტორპედო საქართველოს ჩემპიონია, მე კი ამ გუნდის კაპიტანი და გადამწყვეტი ეპიზოდის ავტორი. მოკლედ ასე ვიტყოდი – უსაზღვროდ ამაყი ვარ, რომ ეს შევძელი. სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებასა და ამ კონკრეტულ მომენტამდე მისვლას კი ვერ მოვახერხებდი თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის გარეშე. დიდი მადლობა ბიჭებს, მადლობა კახა ჩხეტიანსა და ჩვენს სხვა მწვრთნელებს, მადლობა კლუბის ხელმძღვანელობასა და რაღა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ ქომაგებს.

ტორპედოს დუბლის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ თასი მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

სამწუხაროდ, ფინალში საჩხერის ჩიხურასთან პენალტების სერიაში დავმარცხდით. ამან გული ძალიან დაგვწყვიტა, მაგრამ ჩიხურა უდავოდ ღირსეული გამარჯვებულია. ეს ტიტულიც ძალიან გვსურდა, მაგრამ საჩემპიონო ზეიმის შემდეგ, ალბათ, ცოტა მოტივაცია და კონცენტრაცია დაგვაკლდა. ჩიხურა კი, რომელსაც აქამდე ტიტული არ ჰქონდა მოგებული, ფინალს გამარჯვების წყურვილით შეხვდა და მიზანსაც მიაღწია, რასაც მთელი გულით ვულოცავ.

ტორპედოს ერთმა ქომაგმა ორიგინალური სვირინგი წარმოგვიდგინა – როინ კვასხვაძე პენალტს იგერიებს.

მადლობის მეტი რა მეთქმის, ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს ამხელა სიხარული ვაჩუქე. ეს ისეთი ემოციური მომენტია, რომელსაც ვერავითარი მატერიალური სიკეთით ვერ გადასწონის. ასეთ დროს ხვდები, რომ ტყუილად არ დაგიღვრია ამდენი ოფლი, ღვთის წყალობაა, რომ ხალხისთვის ამხელა სიხარულის მინიჭება შეგიძლია.

თავადაც ხომ არ აპირებ მსგავსი სვირინგის გაკეთებას?

სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ. უბრალოდ, მინდა ცოტა სხვა სტილში გავაკეთო.

რას ნიშნავს შენთვის ტორპედოში თამაში, მისი კაპიტნობა?

უპირველესად, ეს უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ვარ ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდის კაპიტანი, სადაც უამრავ სახელოვან ფეხბურთელს უთამაშია. მაქვს საშუალება, სიხარული ვაჩუქო ჩემს თანაქალაქელებს – ეს სათქმელად არის იოლი, ამ სიტყვებს მიღმა კი ზღვა შრომა და ემოციებია.

საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდი – ზესტაფონში ზედიზედ ორჯერ მოიპოვე ქართული ოქრო.

ზესტაფონში გატარებულ პერიოდს დღემდე დიდი სიამოვნებითა და სიამაყით ვიხსენებ – მაღალი დონის გუნდი გვყავდა, რომელიც გეგმაზომიერად ვითარდებოდა და მომავალში ბევრად მეტის მიღწევაც შეეძლო… გულშემატკივარმა სწორედ ზესტაფონში თამაშით გამიცნო, ორჯერ გავხდით ჩემპიონები, არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარეთ ევროთასებზე. მაშინდელ და ახლანდელ ჩემპიონობას კი ის განასხვავებს, რომ მაშინ მეტოქეებს საგრძნობლად ვჯობდით და ჩემპიონები დამაჯერებლად ვხდებოდით, გასულ სეზონში კი ჩემპიონის ვინაობა ასეთ დრამატულ ვითარებაში გაირკვა – ეს, თავისთავად, სულ სხვა განცდა და სიხარულია.

წლებია, რეგულარულად გიწვევენ საქართველოს ნაკრებში.

ამით უსაზღვროდ ამაყი ვარ. იმის მიუხედავად, რომ ეროვნულ გუნდში ბევრი მატჩი არ ჩამიტარებია, თავს ნაკრების სრულფასოვან წევრად მივიჩნევ და ყოველი გამოძახება ძალიან მახარებს. სწორედ ნაკრებს უკავშირდება ჩემი კარიერის ერთი გამორჩეული ეპიზოდი – ესპანეთის დამარცხებას ვგულისხმობ. მაშინ ნუკრი რევიშვილი დაშავდა და შეცვლაზე შევედი, ჩვენს გამარჯვებაში ჩემი მცირე წვლილიც შევიტანე. არ ვკარგავ იმედს, რომ ნაკრების ძირითადი მეკარე გავხდები, მგონი, ტორპედოს ჩემპიონობა ამის შანსებს ზრდის.

ქართული ფეხბურთის წინსვლის აუცილებელ წინაპირობად რა მიგაჩნია?

სწორი მენეჯმენტი და ფინანსები. საბედნიეროდ, ამ ორივე კუთხით სასიკეთო ძვრები შეინიშნება, რაც დროთა განვალობაში აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. ამ ყველაფერთან ერთად, ქვეყნის განვითარებაც აუცილებელია, სოციალური ფონი უნდა გაუმჯობესდეს. როცა ფეხბურთელის ირგვლივ ამდენი გაჭირვებული ადამიანია, ფინანსური პრობლემებია ოჯახში და სამეგობროში, იგი ვერ მოახერხებს მთლიანად ფეხბურთზე კონცენტრირებას.

შეიძლება ითქვას, რომ მეკარისთვის იდეალურ ასაკში ხარ. თუ შეცვალა ბოლო წლებმა რამე შენს თამაშში?

გამოცდილება მეკარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამაა და ბოლო წლებმა სწორედ ეს მომიტანა. გავხდი უფრო მშვიდი, თავდაჯერებული, გაწონასწორებული, ნაკლებ შეცდომას ვუშვებ. ვფიქრობ, დროს ფუჭად არ ვკარგავ. საქმეს ყოველთვის პროფესიონალურად ვუდგები და ფეხბურთზე მაღლა არაფერს ვაყენებ, რაც მიფასდება კიდეც.

შენი უცხოური კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა. რა შეგძინა კვიპროსზე გატარებულმა პერიოდმა და თუ გაქვს სურვილი, კვლავ მოსინჯო ძალები საზღვარგარეთ?

ოთელოსი უმაღლესი ლიგის აუტსაიდერი იყო და ვიმედოვნებდი, რომ ტრამპლინად გამომადგებოდა. ადაპტაცია საერთოდ არ გამჭირვებია, სადებიუტო მატჩში ორი პენალტი მოვიგერიე და ჩემპიონატის სამ საუკეთესო მეკარეს შორის დამასახელეს. თუმცა გუნდი გავარდა და ამან წინსვლაში ხელი შემიშალა. გაურკვეველ პერსპექტივას საქართველოში დაბრუნება ვამჯობინე.

მომავალში გამორიცხავ ლეგიონერობას?

არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ წავალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებ კონკრეტულ ხელსაყრელ წინადადებას. თუ ასე არ მოხდა, მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც მაფასებენ და როგორც ფეხბურთელს, აბსოლუტურად ნორმალური პირობები მაქვს შექმნილი.

ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

სამწუხაროდ, ეს ადამიანი დღეს ჩემს გვერდით აღარ არის – მამაჩემი, გია კვასხვაძე იყო ჩემი ყველაზე თავგადაკლული ქომაგი. ყოველთვის მომიწოდებდა, რომ ბევრი მეშრომა და ვყოფილიყავი თავმდაბალი ადამიანი. ჩემი პირველი მწვრთნელიც ის იყო. მამაჩემი იყო ქუთაისური კლუბის, მემორიალის პრეზიდენტი და იქ ვთამაშობდით მე და ჩემი ძმა, ნიკა. თავიდან ნიკა იყო მეკარე, მე კი ნახევარდაცვაში ვთამაშობდი. ნიკა უფრო ემოციური ბავშვი იყო და გოლს რომ გაუშვებდა, ვნერვიულობდი. ერთ მშვენიერ დღეს მე ჩავდექი კარში და მას მერე ვდგავარ (იცინის). დღეს ჩემი ყველაზე მხურვალე გულშემატკივრები მეუღლე, დედა და ძმა არიან, რა თქმა უნდა, ტორპედოს მრავალ ათას ერთგულ ქომაგთან ერთად.

მეორე როინ კვასხვაძე ხარ, რომელიც ტორპედოს კარს იცავს.

დიახ, მე როინ კვასხვაძის შვილიშვილი გახლავართ. გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუაჩემი უმაღლესი კლასის მეკარე იყო და ძალიან ვამაყობ, მის სახელს რომ არ ვარცხვენ. როინ კვასხვაძე იყო საოცრად წესიერი და ვაჟკაცი პიროვნება.

როგორ განაწყობ ხოლმე საკუთარ თავს მატჩების წინ?

მიმაჩნია, რომ ფეხბურთელმა მოახლოებულ თამაშზე უნდა იფიქროს ზომიერად და არა – გადამეტებულად, რამაც იგი შეიძლება, ფსიქოლოგიურად `გადაწვას~. პირადად მე, ვცდილობ, მოვიპოვო ინფორმაცია მეტოქეზე, თუ საშუალებაა, ინტერნეტში ვნახო გუნდის თამაშის ეპიზოდები…

ეს უკვე მწვრთნელის თვისებაცაა…

ვნახოთ, როცა ფეხბურთელი აღარ ვიქნები, არც ამას გამოვრიცხავ.

ფეხბურთისგან თავისუფალ დროს რით ხარ დაკავებული?

ყველაზე მეტად ოჯახთან ერთად ყოფნა მიყვარს. ვხატავ, ლექსებსაც ვწერ, ყოველივე ეს დიდ სიმშვიდეს მანიჭებს. მინდა, როგორც კი ამის დრო და საშუალება გამომიჩნდება, უმაღლესი განათლება მივიღო.

როგორც ვიცით, 2017 წელი შენთვის მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობით არ ყოფილა გამორჩეული.

დიახ, ღმერთმა ჩემპიონობასთან ერთად, შვილიც მაჩუქა – სწორედ 2017-ში დაიბადა კახი კვასხვაძე. ასე რომ, უთუოდ საუკეთესო წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. ვისურვებდი, რომ 2018 წელიც ასეთი ამაღელვებელი მომენტებით იყოს დახუნძლული როგორც ჩემთვის, ასევე ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. ჩემი მთავარი ოცნებაა, საქართველო გამთლიანებული, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე კი ბედნიერი ვნახო. ვისურვებდი, რომ 2018 წელი წარმატებული ყოფილიყოს როგორც საქართველოსთვის, ასევე ქართული ფეხბურთისთვის.

წყალტუბოს “სამგურალი”: ახალი ფორმები, ეკიპირება და სულ მალე ახალი სტადიონი

რამდენიმე დღეში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს აიღებს. წყალტუბოს ,,სამგურალი“ ჩემპიონატს სიახლეებით ხვდება. გუნდმა შეკრება ანტალიაში გაიარა, შეიმოსა ახალი ფორმებითა და ეკიპირებით, შეიძინა ახალი ბურთები და რაც ყველაზე მთავარია, წყალტუბოში დაიწყო სტადიონის რეაბილიტაცია… ყოველივე ამის თაობაზე ,,სამგურალის“ დირექტორს ამირან ვარდანიძეს “სამგურალის” ოფიციალური გვერდი ესაუბრა.

ამირან ვარდანიძე: ,,17 იანვარს წყალტუბოს სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ჯგუფი იმყოფებოდა. ფედერაციის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსმა გიორგი რევაზიშვილმა, მთავარმა აგრონომმა ალექსანდრე თორიამ და ინჟინერ ექსპერტმა გოგა დადივაძემ შეამოწმეს მოედნის საფუძველი, სადრენაჟო სისტემა და სხვა კომუნიკაციები. მაშინ ითქვა, რომ მოედნის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები თებერვალში დაიწყებოდა და სიტყვა უკვე საქმედ იქცა, სამი დღის წინ 26 მაისის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო და სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს ბატონ ლევან კობიაშვილს ამ დიდი მხარდაჭერისთვის. ფედერაცია აკეთებს 7 კომპონენტიან მაღალი ხარისხის ბუნებრივ საფარს, სადრენაჟო და სარწყავი სისტემით. ეს ქალაქისთვის არის ძალიან დიდი საჩუქარი“….

–ფედერაციისა და წყალტუბოს მერიის შეთანხმების თანახმად სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა საკუთარ თავზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ აიღო. ფედერაციამ მოედნის გაკეთება უკვე დაიწყო, თუ გაქვთ ინფორმაცია, ტრიბუნების დამონტაჟება და სხვა სარემონტო სამუშაოები როდის დაიწყება?

–რა თქმა უნდა, მარტო მინდორის გაკეთება საკმარისი არ არის. კარგ მოედანს ინფრასტრუქტურაც მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს. ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შეთანხმების საფუძველზე ტრიბუნების მოწყობასა და სხვა სარემონტო სამუშაოებს წყალტუბოს მერია დააფინანსებს. ქალაქის მერი გრიგოლ იოსელიანი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი პირადად არიან ჩართული ამ საკითხში. მათი ხელშეწყობით წყალტუბოს სულ მალე თანამედროვე სტანდარტების სტადიონი ექნება.

დაახლოებით როდის დაიწყება ტრიბუნების მშენებლობა და საერთო ჯამში რა სამუშაოების ჩატარება იგეგმება?

– საპროექტო ხარჯთაღრიცხვის პროექტის თაობაზე გამოცხადებული იყო ტენდერი, გამარჯვებული კომპანია უკვე მუშაობს ამ თემაზე და დაახლოებით 3 კვირაში გამოცხადდება სამშენებლო ტენდერიც. ჩვენი გათვლებით ტრიბუნებს მოწყობა და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 თვეში დაიწყება. ქალაქის ხელმძღვანელობა თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ ყველაფერი ბოლომდე გააკეთოს რაზეც ფეხბურთის ფედერაციასთან არის შეთანხმებული.

სტადიონის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე გაკეთდება ის მინიმუმი, რაც იმისთვისაა საჭირო, რომ ,,სამგურალს“ საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მიეცეს. კერძოდ, მოეწყობა 500 კაციანი ტრიბუნა, პრეს და VIP ლოჟები, ოპერატორებისთვის განკუთვნილი ბოძები, შემოიღობება და სტადიონის ტერიტორია. დაცული იქნება უსაფრთხოების ზომები, რაც ლიცენზირებისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა ამის შემდეგ ეტაპობრივად გაგრძელდება. აღდგება ცენტრალური შენობა, გაკეთდება სარბენი ბილიკები, ტრიბუნები კი საბოლოო ჯამში 3500 კაცზე იქნება გათვლილი. აქ შესაძლებელი იქნება საქართველოს ახალგაზრდული, ასაკობრივი ნაკრებების და სხვა საერთაშორისო მატჩების ჩატარებაც, წყალტუბოში ტურისტული ინფრასტრუქტურა საკმაოდ განვითარებულია, ქალაქში ბევრი სასტუმროა და გუნდებს კარგ პირობებში შეეძლებათ ვარჯიში და დასვენება.

–ჩემპიონატი კარს მოგვადგა, როგორ ხვდება გუნდი ახალ საფეხბურთო სეზონს?

–ახალი ჩემპიონატი შარშანდელზე კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება. ეროვნულ ლიგა 2–ში ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი და ყველა მატჩში ბრძოლა იქნება. გუნდის მომზადების დონეზე და სპორტულ კუთხეზე მწვრთნელები ისაუბრებენ, მე კი სხვა ორგანიზაციულ საკითხებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. იმისათვის, რომ ჩემპიონატს მზადყოფნაში შევხვედროდით, ფეხბურთის განვითარების ფონდთან კუნსულტაციის შედეგად, გადავწყვიტეთ, გუნდს შეკრება თურქეთში, ანტალიის რეგიონში გაევლო. ,,სამგურალი“ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე 8 დან 20 თებერვლამდე იმყოფებოდა. ჩვენი თხოვნით, ორგანიზატორებმა შეგვირჩიეს ძლიერი მეტოქეები, რომლებთან დაპირისპირებითაც ,,სამგურალმა“ დიდი გამოცდილება მიიღო. თურქულ შეკრებაზე შევხვდით უკრაინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ ლვოვის ,,კარპატს“, ყაზახეთის უმაღლესი ლიგის ,,ყიზილ ჯარს“, დანიურ ,,ფრედერისიას“ და უკრაინულ ,,ობოლონს“. ოთხივე გუნდი ფიზიკურად ძლიერი, ტანმაღალი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. მართალია, ოთხივე შეხვედრაში დავმარცხდით, მაგრამ მთავარია, რომ გუნდი შეთამაშდა და კარგი გამოცდილება მიიღო. ,,კარპატი“ უკრაინის უმაღლეს ლიგაში გამოდის და ჩვენი გუნდი ტოლ–სწორად ებრძოლა, მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ უკრაინელებმა გამოცდილებით აჯობეს. ,,სამგურალი“ უცხოურ შეკრებაზე პირველად იმყოფებოდა. ეს მართლაც ისტორიული ფაქტია, ჩვენი კლუბის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ,,კარპატის“ ოფიციალურმა საიტმა ჩვენს ქალაქზე და გუნდზე ვრცელი, პოზიტიური სტატია გამოაქვეყნა. წყალტუბოზე ბევრი ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული, ქალაქის ისტორიის, საკურორტო და ტურისტული მნიშვნელობის შესახებ. ეს დიდი რეკლამაა ჩვენისთანა პატარა ქალაქისთვის და კურორტისთვის. ამასთან ერთად, მეგობრული ურთიერთობები დამყარდა სხვადასხვა გუნდებთან. ,,სამგურალთან“ ერთად ,,სიდე სტარში“ მზადებას უკრაინის უმაღლესი ლიგის მეხუთე ადგილოსანი ,,ვერესი“, უკრაინული ,,დნიპრო“ და სხვადასხვა გერმანული გუნდები გადიოდნენ. მათ ჩვენი გუნდის შესახებ ბევრი რამ გაიგეს.

რა მიზნები ექნება ,,სამგურალს“ ჩემპიონატში?

–მიზნებზე საუბარი რთულია. ლიგაში თანაბარი დონის გუნდებია თავმოყრილი და ყველა მხრივ საინტერესო ჩემპიონატი იქნება. ჩვენ თავს არ დავზოგავთ იმისთვის თითოეულ შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ,,სამგურალი“ მაჩანჩალა არასდროს იქნება. რა თქმა უნდა, ხუთეულისთვის ვიბრძოლებთ. კონკრეტულ ადგილს არ დავსახავთ, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენი გუნდი ლიდერთა შორის იყო. ჩვენი მიზანია, რომ სწორად ვიმუშაოთ, განვვითარდეთ და ,,სამგურალი“ სპონსორისთვის მიმზიდველი გავხადოთ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განხორციელდა მთელი გუნდის ეკიპირება. დიდი გუნდი შეიმოსა გამოსასვლელი და სავარჯიშო ეკიპირებით. გარდა ამისა, დანარჩენ ასაკობრივ გუნდებს 10 წლის ბავშვებიდან დაწყებული, დაურიგდებათ გამოსასვლელი სპორტულები, ახალი სათამაშო ფორმები, ახალი ბურთები. ეს ყველაფერი განვახორციელეთ ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელშეწყობით, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ფონდის ხელმძღვანელს ბატონ ზაზა დოლიძეს.

30 წელიწადია საფეხბურთო კლუბ ,,სამგურალში“ ვმუშაობ და გუნდს ასეთი კარგი მოსამზადებელი პირობები ჯერ არ ჰქონია. ყველაფერი ეს საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდის დამსახურებაა. რომ არა ეს პროექტი, ,,სამგურალი“ იმ დონეზე ვერ იქნებოდა, როგორც დღეს არის. ჩვენის მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ,,სამგურალმა“ ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენთან გამოცდილებთან ერთად, არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, რომლებსაც თავის გამოჩენისა და განივითარების შესაძლებლობა აქვთ.

ის პროგრესი, რაც დღეს ,,სამგურალს“ აქვს და პლიუს განვითარებული ინფრასტრუქტურა აუცილებლად გამოიწვევს ინვესტორების დაინტერესებას, ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ სპონსორი მოვიზიდოთ და ,,სამგურალი“ კერძო კლუბი გახდეს.

–რა სახის დახმარებას უწევს კომპანია ,,კრისტალბეთი“ ,,სამგურალს“?

ქველმოქმედების სახით 1500 ლარით გვეხმარება კომპანია ,,კრისტალ ბეთი“ , რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ამ კომპანიას და ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე განვითარებული ინფრასტრუქტურით და წარმატებული ასპარეზობით ,,სამგურალი“ სპონსორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

კროოსი: “პსჟ”-სთან წარსულის გამოცდილება და ამჟამინდელი ძალა დაგვეხმარება!”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის “რეალი” და “პარი სენ-ჟერმენი” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. პირველი თამაში 14 თებერვალს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგება.

მნიშვნელოვანი მატჩის წინ “ბლანკოსის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენს მიმართ იგივე შეკითხვები და ეჭვებია, რაც შარშან იყო. წინა წელსაც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები ვიყავით და ბევრს არ სჯეროდა, იმავეს ზედიზედ მეორედ მოვახერხებდით. ეს ძალიან რთულია. კარგად მახსოვს ურთულესი დაპირისპირებები მიუნხენის “ბაიერნთან”, მადრიდის “ატლეტიკოსთან” და ტურინის “იუვენტუსთან”. ეს არ იყო ადვილი და ვფიქრობ.

“ახლა, წარსულის გამოცდილებიდან და ამჟამინდელი ძალიდან გამომდინარე, მატჩებს ოპტიმისტურად ვხვდებით. ეს არ იქნება იოლი, რადგან “პსჟ” მშვენიერი გუნდია. თუმცა, ჩვენც არ ვართ ნაკლები. ერთი სული მაქვს, როდის მოვა დაპირისპირების დრო. ჩვენ ვხვდებით ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს, ოთხ შესანიშნავ მცველს, სამ გამორჩეულ ნახევარმცველსა და სამ საოცარ თავდამსმხელს. ამით ყველაფერი ნათქვამია. ისინი ერთიანნი არიან, კარგად ითვისებენ სივრცეებს და სწრაფად უტევენ. მთავარია, ჩვენი თავის და მოთამაშეების ვირწმუნოთ. ეს უმთავრეის რამაა,” – აცხადებს კროოსი.

ჩხეტიანი: “ამხანაგურ თუ ოფიციალურ შეხვედრაში, “ტორპედო” ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის” (ვიდეო)

გუშინ საქართველოს ჩემპიონი, ქუთაისის “ტოპრედო” თურქეთში, ამხანაგურ შეხვერდაში ყაზახურ “აქტობეს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშთ, 0:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა გუნდის არხთან, “ტორპედო TV”-სთან ისაუბრა.

“კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნებით, იმიტომ, რომ დავმარცხდით. ამხანაგური თუ ოფიციალური თამაში იქნება, ქუთაისის “ტორპედო” ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა იბრძოდეს. მთლიანობაში, ბიჭების მონდომება, მათი დამოკიდებულება ვარჯიშებისა და თამშებისადმი, იმედს გვაძლევს. ისინი ძალიან მოტივირებულები არიან და გრძნობენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩემპიონ გუნდს უნდა ჰქონდეს.”

“მოსამზადებელი პერიოდია და ცუდი იყო, რომ დავმარცხდით. ვეცდებით, რომ ის შეცდომები, რაც ამ თამაშში იყო დაშვებული, ვარჯიშებით გამოვასწოროთ. თამაშდან თამაშამდე გუნდი დარწმუნებული ვარ, რომ მოუმატებს და უფლის წყალობით ჩემპიონატს მომზადებულნი შევხვდებით,” – ამბობს ჩხეტიანი.

იხილეთ ვიდეო

 

 

“საბურთალო”: გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველი შეკრება შეაჯამა

“საბურთალომ” პირველი შეკრება ბულგარეთის “ბოტევთან” 2:0 გამარჯვებით დაასრულა. კლუბი 31 იანვარს სამშობლოში იქნება, რამდენიმე დღეში კი კვლავ თურქეთში გაემგზავრება, სადაც დასკვნით შეკრებას გაივლის.
“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა.

– თურქეთის ქალაქ სიდეში ყველანაირი პირობა იყო საფუძვლიანად მომზადების. როგორც სამწვრთნელო შტაბმა, ასევე ფეხბურთელებმა დიდი მოცულობის სამუშაო გაწიეს. საწვრთნელი პროცესი ორჯერადი ვარჯიშებისგან შედგებოდა, პარალელურად კი ამხანაგურ მატჩებს ვთამაშობდით. მახარებს ის, რომ დატვირთვებს ღირსეულად გაუძლეს და ყველა მაქსიმალურად იხარჯებოდა. ასევე, სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შეკრება სერიოზული ტრავმების გარეშე ჩავატარეთ.

– მეორე შეკრებაზე რამდენიმე დღეში გაემგზავრებით. აქცენტი რაზე გაკეთდება?

– მეორე შეკრება ძირითადად, ტექნიკა-ტაქტიკას დაეთმობა. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ოთხი ამხანაგური შეხვედრა, საბოლოოდ მეტოქეების ვინაობა კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

– წლეულს გონსალეს ვაგნერი დაუბრუნდა კლუბს. რამდენად ელოდით?

– ვაგნერის დაბრუნების დიდი სურვილი მქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ბელგიური კარიერა ვერ აეწყო. ჩვენთვის ეს ფეხბურთელი დიდ ძალას წარმოადგენს და სარგებლობის მოტანა შეუძლია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელებმა შეძლეს, როგორც ფეხბურთელთან, ასევე მის აგენტთან წარმატებით მოლაპარაკება. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ნახევარი წელი აკავშირებდა, მხარეებმა მოილაპარაკეს და ვაგნერი დღეს ჩვენთანაა. ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ფეხბურთელის დიდი სურვილიც იყო “საბურთალოში” დაბრუნების.

– ყოველთვის აქტუალურია გიორგი ხარაიშვილის საკითხი. რა ხდება მასთან დაკავშირებით, რჩება “საბურთალოში”?

– ხარაიშვილი “საბურთალოს” კაპიტანი, გუნდის სული და გულია, ჩვენი აკადემიის აღზრდილია. იგი ჯერჯერობით ჩვენს კლუბში ირიცხება. რა თქმა უნდა, ინტერესი არის მის მიმართ, მაგრამ როდესაც კონკრეტული და ჩვენთვის მისაღები შემოთავაზება იქნება, ამას ყველა გაიგებს.

– გასული წლისგან განსხვავებით, “საბურთალოს” თამასა ბევრად აწეულია. ხშირად მოისმენს ადამიანი, რომ წლეულს გუნდი მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ამის თქმის საფუძველს რა აძლევთ?

– ყველაზე დიდი შემფასებელი გულშემატკივარია. თუ ასე ფიქრობენ და ხედავენ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მახარებს. ესე იგი, ამ წლების განმავლობაში “საბურთალომ” გულშემატკივარსა და ამ სფეროში ჩახედულ ადამიანებს დაანახა გარკვეული ძალა.
ვცდილობთ, ყოველთვის საინტერესო და კონკურენტუნარიანი კლუბი გვყავდეს, ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ბრძოლობდეს. ჩვენ სისტემატურად ამისთვის ვმუშაობთ.

– “საბურთალო” ტრადიციას არ ღალატობს და მეორედან პირველ გუნდში ყოველწლიურად აწინაურებს ფეხბურთელებს. წლეულს ვის მიეცა მსგავსი შანსი?

– 2018 წელს ერთი ფეხბურთელი დავაწინაურეთ – გიორგი ჯინჯოლავა. მან, “საბურთალო:-2-ში კარგი სეზონი ჩაატარა, ასევე მაღალ დონეზე წარმოაჩინა თავი ასაკობრივ ნაკრებში. ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს პროცესი დამეჩქარებინა. ვფიქრობ, ჯინჯოლავა ახლოსაა პირველ გუნდში მოსახვედრად. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი 17 წლისაა, საერთოდ არ ეტყობა, რომ იგი დებიუტანტია. თურქულ შეკრებაზე სამივე ამხანაგურ შეხვედრაში მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ყველა მატჩში კარგად წარმოაჩინა თავი.

ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალო-2”-ის სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს, გაწეული სამუშაოსთვის მადლობას გადავუხდი.

– ახალი სეზონიდან ეროვნული ლიგის მთავარი მწვრთნელები PRO ლიცენზიას უნდა ფლობდნენ. სემინარები თებერვალში დაიწყება. რას იტყვით ამის შესახებ, როგორ ემზადებით მოახლოებული კურსებისთვის?

– როგორც კლუბის მთავარი მწვრთნელი, აუცილებელია, რომ მქონდეს PRO ლიცენზია. აღნიშნული პროცესი დიდი გამოწვევაა ჩემთვის, სასიახარულოა, რომ მეძლევა შესაძლებლობა ცოდნა კიდევ უფრო გავიღრმავო და უფრო მეტი გამოცდილება მივიღო. ამ კუთხით და არა მარტო ამ მიმართულებით, ძალიან ბევრს მუშაობს ფეხბურთის ფედერაცია.

ბოლოს, ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალოს” კლუბის ხელმძღვანელებს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და აღმასრულებელ დირექტორ კახა კაშიას მადლობას გადავუხდი გვერდში დგომისთვის. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეგვიწყონ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ის ტრანსფერები, რომელიც წლეულს “საბურთალომ” განახორციელა (დიმიტრი ტატანაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი სომხიშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, გეგა დიასამიძე) ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო. ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება.

მაკარიძე ერთა ლიგაზე: “კენჭისყრით დიდად არც დავინტერესებულვარ – მაინც ყველას უნდა ვაჯობოთ”

დღეს უეფას ერთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები D ლიგაში, D1 ჯგუფში ლატვიის, ყაზახეთისა და ანდორის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

კენჭისყრის შედეგზე სააქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მაკარიძემ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“დიდად არც დავინტერესებულვარ სიმართლე გითხრათ . მიზანი ხომ 1 ადგილზე გასვლაა ანუ ყველას უნდა აჯობო და რა მნიშვნელობა აქვს ვის როდის შეხვდები . იმედი მაქვს და მჯერა რომ გავალთ ევროპაზე . თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ საკმაოდ რთული თამაშები გვექნება ჩვენთვის არცერთი მეტოქე არაა სუსტი ასე რომ ყველასან მაქსიმუმი უბდა გავიღოთ,” – ამბობს მაკარიძე.

ოთარ კიტეიშვილი: “მოტივიაცია? ამაზე საუბარი ზედმეტია”

ხვალ ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის ხუთივე მატჩი შედგება. რა თქმა უნდა,  ტურის და სეზონის ცენტრალური მატჩი, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “დინამო” ქუთაისის “ტორპედოს” მიიღებს. სიტუაცია მარტივია: დედაქალაქელები 57 ქულით პირველზე არიან, იმერლები, 55-ით – მეორეზე, ფრე ან “დინამოს”  მოგება მას აჩემპიონებს, ხოლო “ტორპედო” ჩემპიონი მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ხდება.

საკმაოდ პრინციპული დაპირისპირების წინ, Fanebi.Com-თან “დინამოს” კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა.

“სეზონის დასაწყისში რომ ეთქვათ, გადამწყვეტი შეხვედრა “დინამო არენაზე” შედგებაო, ალბათ ყველა დათანხმდებოდა. თუმცა, სტარტის შემდეგ დიდი უპირატესობა გვქონდა და უფრო მარტივადაც შეიძლებოდა, საქმე წასულიყო. საჭირო იყო, აღნიშნული დაშორების უკეთ გამოყენება. დასანანი ქულები დავკარგეთ, თუმცა ამაზე ფიქრის დრო არ არის. ხვალინდელი მატჩი იმ ახალაგაზრდებისთვის, რომლებიც კლუბში ვთამაშობთ, ძალიან დიდი გამოცდილება იქნება. მოტივაცია? ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამ შეხვედრას მთელი საქართველო ელის და მიხარია, რომ ასეთი დაპირისპირების ჩატარება გვიწევს.”

“მხოლოდ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი და წარსულში გამოუყენებელ შანსებზე არ ვფიქრობთ. მეტოქე საკმაოდ ძლიერია. ისინი კარგ ფორმაში არიან, თუმც მთელი სეზონის განმავლობაში მდევრების როლში იყვნენ. ახლა მათ გადასწრების და გაჩემპიონების შანსი აქვთ. თუმცა, არ ვაპირებთ, რამე დავთმოთ. პირველ ადგილზე ვართ და იმედია, ხვალინდელი თამაშის შემდეგაც ასე იქნება,” – აცხადებს კიტეიშვილი.

კლოპმა სენეგალის მწვრთნელის ნათქვამზე: “საიდან იცის, რომ მანე ამ დროს დაბრუნდება?”

სადიო მანემ 10 ოქტომბერს მუხლის ქვედა მყესის ტრავმა მიიღო და მოედანს ექვსი კვირით დაემშვიდობა. მიუხედავად ამისა, სენეგალის ნაკრების მწვრნელი, ალიოუ სისე აცხადებს, რომ მანე 10 და 14 ნოემბერს გასამართი სანაკრებო მატჩებისთვის ასი პროცენტით მზად იქნება.

“ლივერპულის” დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან სისეს კომენტარსა და 25 წლის შემტევის დაზიანებაზე ისაუბრა.

“ვერ ვხვდები, სისემ ეს ინფორმაცია საიდან იცის. ზუსტად არ ვიცი, როდის დატოვებს სადიო ლაზარეთს. თუ ეს დაგეგმილზე ადრე მოხდება, ძალიან ბედნიერი ვიქნები. მაგრამ ამ ეტაპზე არაფერია გარკვეული.”

“მანემ დაამტკიცა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მის დაბრუნებას ყველა ველით, რადგან “ლივერპულისთვის” დიდი წარმატების მოტანა შეუძლია,” – აცხადებს კლოპი.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოლონეთთან შეხვედრის წინ ივარჯიშა (ვიდეო)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ბოლო ვარჯიში ჩაატარა პოლონეთთან მატჩამდე. გია გეგუჩაძემ გუნდი ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ავარჯიშა. წვრთნის დაწყებამდე გუნდს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა და გაამხნევა.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ წელის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გიორგი ჩაკვეტაძე. სამაგიეროდ, 21-წლამდელებს ეროვნული ნაკრებიდან შეუერთდა მცველი ჯიმი ტაბიძე.

საქართველო-პოლონეთი 1 სექტემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასაწყისი 20 საათზე. ბილეთის ფასი 2-3 ლარი.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი);

მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელარუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).

Gff.Ge

დათუნაიშვილი: “წლების განმავლობაში უკან მიდიოდა საქმე და უცებ უკეთესობისკენ ვერ შეიცვლებოდა”

ეროვნული ლიგის 22-ე ტურში “სამტრედია” თბილისურ “დინამოს” დაუპირისპირდება. იმერლების გამარჯვების შემთხვევაში, კლუბებს შორის სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდება.

Eliga.Ge “სამტრედიელთა” კაპიტანს, გიორგი დათუნაიშვილს აღნიშნულ მატჩზე და სხვა თემებზე ესაუბრა.

– ცხრილიდან გამომდინარე, თუ დინამოს მოუგებთ, სამეულში ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბება…

– ამ შემთხვევაში დინამოსთან ჩამორჩენა მხოლოდ 4 ქულა გახდება. თუმცა ყველამ ვიცით, რომ მოგება იოლი არ იქნება. დინამო ნიჭიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძისნაირი ტალანტი კარგა ხანია, ჩვენს ჩემპიონატში არ გამოჩენილა.

– წინა წრის მატჩი, როცა თბილისში 2:3 წააგეთ, ბევრი გულშემატკივრის აზრით, საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში…

– დიახ, მართლა კარგი თამაში იყო და ვეცდებით, ამჯერად მოგებით დავასრულოთ.

– დინამოს კარში საკმაოდ ხშირად გაგაქვთ გოლი. ეს იმიტომ, რომ დინამოა და მის წინააღმდეგ უფრო მოტივირებული ხართ?

–  ასე ვერ ვიტყოდი, ყველასთან მოტივირებული გავდივარ მოედანზე. დინამოს კარში კი რატომღაც მართლაც ხშირად გამქონდა. ვიტ ჯორჯიაში თამაშისას ოთხჯერ თუ ხუთჯერ გავუტანე, მათ შორის, თასის ფინალში და სუპერთასზეც. ტორპედოშიც რომ ვიყავი, მაშინაც გადამწყვეტი გოლი შევაგდე. ასევე, ჩიხურაში თამაშისას თასის ფინალში. წინა წრეშიც გავუტანე, სტუმრად თბილისში… ისე, დინამოს სტადიონზე უფრო ხშირად გამაქვს.

– დინამოს ახალგაზრდები ახსენეთ. სამტრედიას რამდენად ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს?

– ჩვენს გუნდშიც არიან იმედისმომცემი ახალგაზრდები. ბურკაძე, ხაბეიშვილი, ნინუა – ხანდახან უწევთ თამაში ეროვნულ ლიგაში. მათ ხელშეწყობა სჭირდებათ, რათა განვითარდნენ. 

– ჩემპიონატის ფორმატზეც გკითხავთ. რამდენად დადებითად აისახა ლიგაზე ათი გუნდის ოთხ წრედ თამაში?

– დაძაბული თამაშებია. მხოლოდ შუქურა ჩამორჩა, თორემ სხვა გუნდების დაპირისპირებებს რომ გადავხედოთ, ფავორიტ-აუტსაიდერის წინასწარ გარკვევა ურთულესი საქმეა. წინა ტურშიც ასე მოხდა: ტორპედომ კოლხეთს ვერ მოუგო. 16 გუნდი უმაღლეს ლიგაში მართლაც ბევრი იყო, კარგად მახსოვს, ზოგიერთ კლუბს გზის ფულიც კი არ ჰქონდა. ათგუნდიანი უკეთესია, დაძაბული თამაშებია. კარგია, რომ ჩემპიონატიც შუქდება. მაგრამ ამ ყველაფერს სათამაშო დონეზე ჯერ არ უმოქმედია.

– კითხვა თავისთავად დაიბადა – რატომ?

– ვფიქრობ, წლების განმავლობაში უკან-უკან მიდიოდა საქმე და ეს ყველაფერი ერთ და ორ წელიწადში ვერ შეიცვლებოდა. უბრალოდ, წარმოუდგენელია, ამას უცებ ემოქმედა. ყარაბახს, ვისთანაც მწარედ წავაგეთ, 50 მილიონი დოლარი წლიური ბიუჯეტი აქვს. ეს თითქმის  ნახევარია იმ თანხისა, რაც ქართული ფეხბურთის განვითრეების პროგრამას 5 წლის განმავლობაში უნდა მოხმარდეს.

წლების განმავლობაში ინგრეოდა სტადიონები, უარესდებოდა ინფრასტრუქტურა… ჩემპიონატში ამდენი ხელოვნური მოედანი, თანაც, უხარისხოები. ამიტომაცაა, რომ იმატა ტრავმებმა, ხშირია ჯანმრთელობის პრობლემები. ყარაბახთან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშის წინ, ბაქოში მინდორი მორწყეს და ბიჭები ერთმანეთს ვეკითხებოდით – ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე? თითქოს დეტალებია, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი დეტალები ბევრია და ეს მოქმედებს ჩემპიონატზეც. თვითონ კლუბებმაც უნდა მოინდომონ. როგორ მოვა კერძო ინვესტორი, თუ მას არაფერი დაახვედრე? მხოლოდ სახელს ხომ არ იყიდის? ინფრასტრუქტურასაც და ბავშთა ფეხბურთსაც დიდი ყურადღება სჭირდება. ასე თუ დავძლევთ კრიზისს…