მოურინიო: “ვინც კონტრშეტევებს არ იყენებს, სულელია”

ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის პრემიერლიგაში მომუშავე ის მწვრთნელები გააკრიტიკა, რომლებიც აქცენტს აკეთებენ ბურთის კონტროლზე და არა – კონტრშეტევებზე.

ახალი თაობის მწვრთნელები, როგორებიც არიან “ლივერპულის” თავკაცი ბრენდან როჯერსი და “ევერტონის” ხელმძღვანელი რობერტო მარტინესი, ბოლო სეზონში ლამაზ, შემტევ თამაშს ანიჭებდნენ უპირატესობას. ლონდონის “არსენალიც” და “მანჩესტერ სიტიც” სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდნენ. სეზონის მიმდინარეობისას ლუი ვან გაალმა და არსენ ვენგერმა “ჩელსის” სათამაშო სტილი გააკრიტიკეს, თუმცა მოურინიოს სჯერა, რომ დაცვითი თამაშითაც შესაძლებელია გამარჯვება, რაც ფეხბურთში ყველაზე მთავარი რამ არის.

“რას ნიშნავს ახალი თაობა? ფეხბურთში მხოლოდ ერთი თაობა იქნება, რომელიც იგებს. იმათ, ვინც ხანდახან ან ვერასდროს ვერ იგებს, სხვა რამე ჰქვიათ.

არსებობს ხალხი, რომელსაც აქვს რაღაც იდეა, ფილოსოფია. ისინი ამბობენ: “ჩვენ ვქმნით საიმედო დაცვას, კარგად ვფლობთ ბურთს და არ ვთამაშობთ კონტრშეტევებზე”.

თუ კონტრშეტევებზე არ თამაშობ, სულელი ხარ. კონტრიერიში ძალზედ კარგი საფეხბურთო ელემენტია. როდესაც ხედავ, რომ შენი მეტოქე არადაბალანსებულია, გოლის გატანის ფანტასტიური შანსი გეძლევა.

ზოგიერთები ქმნიან ილუზიებს, რაც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. ფეხბურთი არასდროს არ შეიცვლება. ფეხბურთი არსებობს გამარჯვებისთვის”, – უთხრა მოურინიომ “სანდი თაიმსის” ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ბოლო სეზონში ყველაზე მეტი გოლი (83) “მანჩესტერ სიტიმ” გაიტანა და ბურთების შეფარდების ყველაზე კარგი მაჩვენებელიც (+45) “ქალაქელებს” ჰქონდათ. ამ მხრივ “ჩელსი” მეორე ადგილზეა 73 გატანილი გოლით და +41 ბურთების შეფარდებით.

 

ჯერარდი: “ლივერპული” ასე რომ არ მიყვარდეს, მოურინიოს გუნდში გადავიდოდი”

ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “ლივერპულს” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

“წითლების” მხრიდან გოლი სტივენ ჯერარდმა გაიტანა, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს. ის მოედნიდან ლონდონური გუნდის ქომაგებმა აპლოდისმენტით გააცილეს, ტაშს უკრავდა “პენსიონერთა” თავკაცი ჟოზე მოურინიოც. მატჩის შემდეგ მერსისაიდული გუნდის კაპიტანმა განაცხადა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად თვლის.

Mourinho - Gerrard

“ჩელსის” ფანებმა ორიოდე წამით პატივი მცეს, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში მიწასთან მასწორებდნენ. “ლივერპულის” ფანების ოვაცია უფრო გამიხარდა, ისინი პირველი დღიდან მხარს მიჭერენ. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.

ჟოზე მოურინიოს დიდ პატივს ვცემ და მას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ვთვლი. “ლივერპულის” დიდი ქომაგი რომ არ ვიყო, მის გუნდში გადავიდოდი. სამჯერ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. მოურინიოს გუნდში გადასვლაზე არაერთხელ მიფიქრია, თუმცა მან კარგად იცის, რომ ამას ვერ გავაკეთებდი. მე მიყვარს “ლივერპული” და არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, როდესაც შენი ხალხისთვის იგებ”, – ჯერარდის კომენტარი BBC-მ გამოაქვეყნა.

 

პელეგრინი: “მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს მოურინიო”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ კომენტარი გააკეთა ლონდონის “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოს შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევისთვის “ქალაქელებს” ფულადი ჯარიმების ნაცვლად ქულები უნდა ჩამოაკლონ.

“ამის შესახებ მოსაზრება არ გამაჩნია. თითოეულ მწვრთნელს შეუძლია თქვას ის, რაც სურს. ქულები არ უნდა დაგვაკლონ, რადგან ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ.

ბევრი რამეს, რასაც მოურინიო ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს: ვგულისხმობ მის განცხადებებს მსაჯების, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის, სხვა მწვრთნელების მიმართ.

როდესაც ფიქრობ, რომ მოსაგებად ყველაფრის თქმა შეიძლება, თქვი, რაც გუსრს. თუმცა, მე, როგორც მწვრთნელს, მუშაობის სხვა მეთოდი მაქვს.

როდესაც მატჩი გაქვს მოსაგები, არა მგონია, რაც მოგინდება, ყველაფერი თქვა.

რაც შეეხება სეზონს, ჩემია ზრით, “ჩელსი” საუკეთესო იყო. გუნდმა ტიტული დაიმსახურა. ვულოცავ მფლობელებს, ფანებს, ჟოზე მოურინიოს, ფეხბურთელებს”, – პელეგრინის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

დროგბას ბედს აბრამოვიჩი გადაწყვეტს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელ დიდიე დროგბას მომავალს კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი გადაწყვეტს.

37 წლის კოტ დივუარელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ სათამაშო კარიერას კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივებს, თუმცა ფეხბურთელს “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ აპირებს ამ სიტუაციაში ჩარევას და იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხს პირადად აბრამოვიჩი მოაგვარებს.

დროგბას სამი ვარიანტი აქვს: “ჩელსისთან” კონტრაქტის გახანგრძლივება, კლუბის სამწვრთნელო შტაბში დასაქმება ან სხვა გუნდში გადასვლა. გადაწყვეტილებას ფეხბურთელთან ერთად აბრამოვიჩიც მიიღებს.

“აბრამოვიჩთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. ვფიქრობ, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.

ეს კლუბის საშინაო საქმეა, რომელიც მისტერ აბრამოვიჩმა უნდა გადაწყვიტოს. მას სურს, რომ დიდიე საკუთარი სურვილის მიხედვით მოიქცეს, თუმცა აბრამოვიჩმა მას ეს უნდა უთხრას.

ცხადია, რომ დროგბა უკვე შევიდა კლუბის ისტორიაში. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია”, – მოურინიოს კომენტარი ბრიტანულმა გამოცემა “მირორმა” გამოაქვეყნა.

მოურინიო კლუბის პრესატაშეს გაეხუმრა (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო წინასამატჩო პრესკონფერენციაზე თავის პრესატაშე სტივ ატკინსზე ადრე მივიდა და მასთან გახუმრება სცადა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს შესთავაზა: “როდესაც სტივი შემოვა, ვუთხრათ, რომ პრესკონფერენცია უკვე დასრულებულია და მივდივართ”.

ცოტა ხანში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მოურინიოს შესთავზა, რომ თავად დაესვა მედიის წარმომადგენლებისთვის კითხვები.

საბოლოოდ, საპრესკონფერენციო დარბაზში პრესატაშე გამოჩნდა, მოურინიო უმალ წამოხტა სავარძლიდან, ჟურნალისტებს დაემშვიდობა და გასასვლელისკენ გაეშურა, თუმცა მალევე გაჩერდა და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა.

 

მოურინიო: “პრემიერლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელთა სიაში ბოლო ადგილზე ვარ”

ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე საკუთარი შანსები შეაფასა.

“არ ვიცი, ვინ გახდება პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი.

პრეტენდენტთა სიაში მე ბოლო ადგილზე ვარ. თვის საუკეთესო მწვრთნელი ვერცერთხელ ვერ გავხდი და წლის მწვრთნელობაზე როგორ ვიფიქრებ?!

ასე რომ, მე ამ ბრძოლაში არ ვარ. მე აქ არა მწვრთნელის ჯილდოს, არამედ პრემიერლიგის მოსაგებად ვარ”, – მოურინიოს სიტყვები “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.

 

მოურინიო: “პრემიერლიგის მოგებისთვის ოთხი გუნდი იბრძვის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ ინგლისის პრემიერლიგის მოგებისთვის ერთმანეთს ოთხი კლუბი ეცილება.

“პირველი ადგილისთვის ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი” და “არსენალი” გვეცილება. დარჩენილ ცხრა მატჩში ექვსი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ და ერთხელ ფრედ ვითამაშოთ. მარტივი მათემატიკაა. თუმცა, ჯერ ყველაფერი გასაკეთებელია”, – მოურინიოს სიტყვებს Sport Review აქვეყნებს.

 

მოურინიოს შვილი: “ჩელსის” ფანები სამარცხვინოდ მოიქცნენ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს შვილმა კლუბის ფანების ნაწილი გააკრიტიკა, რომლებმაც ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:1) შემდეგ სესკ ფაბრეგასს უსტვინეს.

“ყველამ რატომ გამოხატა სიძულვილი ფაბრეგასის მიმართ? რატომ დაადანაშაულეს ის? დამნაშავე მთელი გუნდია. შესაძლოა, სესკმა ისე ვერ ითამაშა, როგორც მისგან ელოდნენ, თუმცა მან ბოლომდე იბრძოლა. მან ხასიათი გამოავლინა.

“ჩელსის” ცუდი ფანები მინახავს, თუმცა კვირას უარესი რამ ვნახე. ფანებმა ფაბრეგასს დაუსტვინეს. ქომაგები სამარცხვინოდ მოიქცნენ”, – დაწერა მოურინიოს შვილმა სოციალურ ქსელში.

 

მოურინიო: “არსენალი” კვლავ საჩემპიონო ბრძოლაშია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ “არსენალი” საჩემპიონო ბრძოლაში ჯერ კიდევ ჩართულია. შეგახსენებთ, რომ “მეთოფეებს” სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია უკავიათ და ლიდერს შვიდი ქულით ჩამორჩებიან.

“არსენალი”, რა თქმა უნდა, საჩემპიონო ბრძოლაშია ჩაბმული. ისინი მხოლოდ შვიდი ქულით ჩამოგვრჩებიან და ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული. ჩვენ უკეთესი მდომარეობა გვაქვს, თუმცა ვფიქრობ, “არსენალი” კვლავ საჩემპიონო ბრძოლაშია”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal.com-ი.

 

ზლატანი: “სამწუხაროა, რომ მოურინიოსთან მხოლოდ ერთი სეზონი ვიმუშავე”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსისა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გასამართ განმეორებით მატჩამდე პარიზელთა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “პენსიონერების” თავკაც ჟოზე მოურინიოს საქებარი სიტყვები უძღვნა.

შვედისა და პორტუგალიელის გზები მილანის “ინტერში” 2008/09 წლების სეზონში გადაიკვეთა. იმ წელს ზლატანი 25 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რის შემდეგაც ის “ბარსელონაში” გაყიდეს.

“ჟოზესთან მუშაობა დიდი გამოცდილება იყო. ჩვენ ერთად “ინტერში” მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ. მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა და სამწუხაროა, რომ თანამშრომლობა მხოლოდ ერთ სეზონს გაგრძელდა”, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს “ტელეფუტი”

შეგახსენებთ, რომ “პსჟ”-სა და “ჩელსის” შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა დამდეგ ოთხშაბათს შედგება.

 

ფორლანი: “ასეთი რამ “ინტერში” პირველად ვნახე”

იაპონური “სერესო ოსაკას” თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა.

“ინტერში” გადასვლამდე არ ვყოფილვარ კლუბში, სადაც ყოფილ მწვრთნელზე ამდენს ლაპარაკობდნენ. მას ყველა თაყვანს სცემდა.

ამიტომ არ მიკვირს, რომ ყველა ფეხბურთელს სურს მასთან ერთად მუშაობა. ის მოთამაშეებს არამხოლოდ ტიტულების მოგებაში ეხმარება, არამედ მათ კრიტიკისგან იცავს.

სხვადასხვა ადამიანებს შესაძლოა უყვარდეთ ან სძულდეთ მოურინიო, თუმცა ფეხბურთელები, როგორც წესი, მას ეთაყვანებიან”, – ციტირებს ფორლანის სიტყვებს პორტუგალიური ინტერნეტგამოცემა A bola.

 

სქოულზი: “მოურინიო მსაჯებზე ზეგავლენას ისე ვერ ახდენს, როგორც ამას ფერგიუსონი აკეთებდა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა განაცხადა, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მსაჯებზე ზეგავლენას ისე ვერ ახდენს, როგორც ამას “წითელი ეშმაკების” ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი აკეთებდა.

“გასაკვირი არ არის ის, რომ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ჟოზე მოურინიო, რომელიც პრემიერლიგის ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს – მსაჯებით დაწყებული ინგლისის ფეხბურთის ასოციაციით დამთავრებული. პრობლემა ის არის, რომ მას ეს არ გამოსდის.

ყველა უმაღლესი დონის მწვრთნელი ცდილობს ზეგავლენის მოხდენას. ამას მოურინიო საკუთარი გუნდისთვის აკეთებს და ეს არ არის გასაკვირი, თუმცა არბიტრები მისი გავლენის ქვეშ არ ექცევიან. მათ არ მოსწონთ, როდესაც ვინმე მსაჯებს რაიმეს გაკეთებაზე უთითებენ.

Mourinho - Referee

ვფიქრობ, რომ არბიტრებს არ სურთ, მოურინიოს ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ, თუმცა არც იმას ვამბობ, რომ ვინც შეცდომას უშვებს, ის გავლენის ქვეშაა და მისი ქმედება წინასწარ განზრახულია.

ჩემი ყოფილი თავკაცი სერ ალექსი ნამდვილად ახდენდა არბიტრებზე ზეგავლენას. ჩემი აზრით, ზოგიერთ მსაჯს სურდა, რომ მისთვის თავი მოეწონა. იმას არ ვგულისხმობ, რომ ისინი ჩვენ გვეხმარებოდნენ. მათ სურდათ, შეცდომების დაშვების გარეშე ემუშავათ. არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობს მოურინიო. თუ მას ჰგონია, რომ არბიტრების კრიტიკით საკამათო ეპიზოდებში მსაჯები “ჩელსის” სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ძალიან ცდება”, – დაწერა სქოულმა “ინდეპენდენტის” საიტზე გამოყოფილ საკუთარ სვეტზე.