“იუვენტუსის” ლაზარეთს ტევესი შეუერთდა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კარლოს ტევესი დაშავდა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა ოთხშაბათის საწვრთნელ პროცესზე კუნთები დაიზიანა. პირველადი ინფორმაციით, ტევესი “უდინეზეს” წინააღმდეგ 13 სექტემბერს გასამართ მატჩს გამოტოვებს. გარდა ამისა, არგენტინელი თავდამსხმელის თამაში საეჭვოა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “მალმიოს” და სერია A-ს III ტურში “მილანის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსს” ასევე დაშავებული ჰყავს ანდრეა პირლო და არტურო ვიდალი.

 

ალეგრი კმაყოფილია

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი კლუბის სატრანსფერო კამპანიით კმაყოფილია. “ბებერი” ქალბატონის” თავკაცმა ისიც აღნიშნა, რომ გუნდიდან არტურო ვიდალის გაშვებას არ აპირებდნენ.

“ვიდალი ტრანსფერზე არც ყოფილა. კლუბში მაშინვე მითხრეს, რომ ის დარჩებოდა. “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკა მომეწონა. ტრანსფერები მხოლოდ ტრანსფერებისთვის არ გაგვიკეთებია, ჩვენ ზუსტი შენაძენები გვინდოდა. ეს იყო საკითხისადმი გონივრული მიდგომა. რა თქმა უნდა, მეტიც შეგვეძლო, ვგულისხმობ ისეთი ფეხბურთელის დამატებას, რომელიც გუნდის დონეს კიდევ უფრო აამაღლებდა”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს “სქაი იტალია”.

 

ოფიციალურად: ისლა “ქუინს პარკში” ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარცველი მაურისიო ისლა კარიერას ინგლისურ “ქუინს პარკ რეინჯერსში” გააგრძელებს. 26 წლის ჩილელი ფეხბურთელი დასავლეთლონდონურ კლუბში მთელი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით ითამაშებს.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სეზონის ბოლოს ლონდონელებს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

ისლას შესახებ კომენტარი გააკეთა “ქუინს პარკის” მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა.

“ისლა უმაღლესი დონის მოთამაშეა. მოხარულნი ვართ, რომ მას ჩვენს კლუბში ვხედავთ. ის უნივერსალური ფეხბურთელია, სავსე ენერგიით. დარწმუნებული ვარ, რომ მისი დამატება ჩვენთვის სახეირო იქნება”, – რედნაპის სიტყვები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პირველი კომენტარი გააკეთა მაურისიო ისლამაც.

“მოხარული ვარ აქ გადმოსვლით. ჩემთვის ეს ახალი თავგადასავლის დაწყებაა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ პრემიერლიგა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია. “ქუინს პარკ რეინჯერსის” მიერ შემოთავაზებული წინადადება მეტად საინტერესო აღმოჩნდა და მიხარია, რომ დავთანხმდი. თითოეულ მატჩში 100 პროცენტით დავიხარჯები, რათა გუნდს დავეხმარო”, – აღნიშნა თავად ისლამ.

 

ვიდალი “იუვენტუსიდან” წასვლაზე ფიქრობს

“სქაი სპორტსის” ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი ახლობლებთან საუბრისას გამოტყდა, რომ კლუბიდან წასვლაზე ფიქრობს.

თუმცა, თავად ფეხბურთელის სურვილზე ნაკლებია დამოკიდებული. “იუვეს” ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ ვიდალს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ მსურველი მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის.

ჩილელ ნახევარმცველს “ბებერ სინიორასთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება.

არტურო ვიდალის მთავარ მსურველად “მანჩესტერ იუნაიტედი” სახელდება.

 

ისლამ “ქუინს პარკში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

საზღვარგარეთული პრესის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა მაურისიო ისლამ “ქუინს პარკ რეინჯერსში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და უახლოეს პერიოდში ტრანსფერი ოფიციალურადაც უნდა დადასტურდეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთლონდონური კლუბი ჩილელ ფეხბურთელს იჯარის წესით აიყვანს, შემდგომი გამოსყიდვის პირობით.

მაურისიო ისლამ იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა.

 

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” რომულო ინათხოვრა

“ვერონას” ნახევარმცველი რომულო იჯარის წესით ტურინის “იუვენტუსში” ითამაშებს. საიჯარო ხელშეკრულება მთელი სეზონის პერიოდზე ვრცელდება.

შეთანხმების მიხედვით, თუ 27 წლის ფეხბურთელი “იუვეს” ფორმით მატჩების საერთო რაოდენობის მინიმუმ 60 პროცენტს ჩაატარებს, “ბებერ სინიორას” მისი სრულად გამოსყიდვის უფლება ექნება. ამ შემთხვევაში, ტურინელები იჯარისთვის გათვალისწინებულ ერთ მილიონს კიდევ 6 მილიონ ევროს დაამატებენ.

იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში რომულომ 32 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

„იუვენტუსმა“ არგენტინელი ფეხბურთელი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ იჯარის წესით „უდინეზეს“ ნახევარმცველი რობერტო პერეირა დაიმატა.

მხარეებს შორის ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. სეზონის ბოლოს ტურინელებს არგენტინელი ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება მიეცემათ.

რობერტო პერეირას ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, თუმცა უმეტესად მარცხენა ფრთაზე ირჯება ხოლმე.

იტალიური პრესის თანახმად, აღნიშნულ იჯარაში „იუვენტუსმა“ 1,5 მილიონი ევრო გაიღო. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 14 მილიონ ევროს შეადგენს.

 

„იუვენტუსის“ ქართულ ფანკლუბს ოფიციალური სტატუსი მიენიჭა

ტურინის „იუვენტუსის“ ქართულ ფანკლუბს ოფიციალური სტატუსი მიენიჭა.

ერთწლიანი არაოფიციალური საქმიანობის შემდეგ, ტურინიდან შესაბამისი დოკუმენტი მოვიდა, რომლის თანახმადაც, „ბიანკონერის“ ქართული ფანკლუბი DOC-ის (კლუბის მთავარი ოფიციალური ფანკლუბი, რომელიც კოორდინირებას უწევს კლუბის სხვა ოფიციალურ ფანკლუბებს) წევრი გახდა.

ამიერიდან თითოეული აქტივობა, რომელსაც „იუვენტუსის“ ქართული ფანკლუბი გაწევს, ასოცირებული იქნება მთავარ ფანკლუბთან, რომელმაც რამდენიმეთვიანი დაკვირვების შემდეგ გადაწყვიტა, საკუთარ ოჯახში ქართველი ქომაგების დაშვება აღარ გადაედო და ახალი სეზონისთვის უკვე ოფიციალური სახე ჰქონოდათ.

ამჟამად ტურინის „იუვენტუსის“ ოფიციალურ ქართულ ფანკლუბში 93 წევრი ირიცხება, თუმც პერიოდულად ახალი წევრების მიღებაც მოხდება. კერძოდ, ქართულ ფანკლუბს თვეში ერთხელ შეეძლება მთავარ ფანკლუბში ახალი წევრების სიის გაგზავნა.

 

ალვარო მორატა დაშავდა

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეული ალვარო მორატა ორშაბათის ვარჯიშზე დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა მარცხენა მუხლი დაიზიანა და 40 დღე იუქმებს. სამშაბათს მორატა სიღრმისეულ სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს, რის შემდეგაც მედიკოსები ზუსტს დიაგნოზს დასვამენ და ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადაც გვეცდოინება.

შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა „იუვენტუსში“ „რეალიდან“ რამდენიმე დღის წინათ გადავიდა. ფეხბურთელმა „ბებერ ქალბატონთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულებამ 20 მილიონი ევრო შეადგინა.

 

ოფიციალურად: ევრა „იუვენტუსის“ ფეხბურთელია

ფრანგი მცველი პატრის ევრა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ტურინის „იუვენტუსში“ გადაბარგდა.

ფეხბურთელმა „ბებერ ქალბატონთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ბევრი ვიფიქრე და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება გადავწყვიტე. ეს ჩემი კარიერის ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. „მანჩესტერ იუნაიტედი“ სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. ინგლისში თამაში ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ“, – განაცხადა ევრამ.

ტრანსფერის ღირებულებამ 1,2 მილიონი ფუნტი (1,5 მილიონი ევრო) შეადგინა. „წითელი ეშმაკები“ დამატებით 0,3 მილიონ ფუნტს იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ „ბიანკონერი“ ჩემპიონთა ლიგის 2015-16 წლების სეზონის საგზურსაც მოიპოვებს.

 

ნედვედი: „კიელინი ბავშვივით მოიქცა“

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორმა პაველ ნედვედმა „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა.

„სუარესი შესანიშნავი ფეხბურთელია. მე მას ბევრი ფიქრის გარეშე დავიმატებდი „იუვენტუსში“.

საერთოდაც, ორი წლის წინათ ძალიან ახლოს ვიყავით სუარესის შეძენასთან. ის ჩემპიონია და ამით ყველაფერი ნათქვამია“, – ნედვედის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

ჩეხმა სუარესსა და ჯორჯო კიელინის შორის მომხდარი ინციდენტის შესახებაც ისაუბრა და იტალიელ მცველს საქციელი დაუწუნა.

„სუარესის რეაქციას არ ვამართლებ, თუმცა ჯორჯოს საქციელმა აღმაშფოთა. კიელინი ბავშვივით მოიქცა. მსაჯს ნაკბენ ადგილს უჩვენებდა. საბედნიეროდ, როდესაც სუარესმა ბოდიში მოიხადა, კიელინიმ გონივრულად უპასუხა და ფიფას დისკვალიფიკაციის შემცირებაც სთხოვა“, – აღნიშნა ნედვედმა.

 

ნედვედი: „კონტეს „იუვენტუსიდან“ წასვლა ჯერ კიდევ მაისში სურდა“

ტურინის „იუვენტუსისა“ და ჩეხეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ ანტონიო კონტეს „ბიანკონერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება ჯერ კიდევ მაისში სურდა.

„ანტონიოს თანამდებობა კლუბის ხელმძღვანელობასთან რაიმე უთანხმოების გამო არ დაუტოვებია. მას უბრალოდ მუშაობის გაგრძელების ძალა აღარ ჰქონდა.

კონტეს პოსტის დატოვება ჯერ კიდევ მაისში სურდა, თუმცა ამ საკითხზე ვიმსჯელეთ და პირობა მოგვცა, რომ გადაწყვეტილებას შვებულების დროს მიიღებდა. დაბრუნების შემდეგ გვითხრა, რომ მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებდა.

რასაც პრესაში წერენ, არ შეესააბამება სინამდვილეს. კონტე უბრალოდ დაიღალა“, – ნედვედის სიტყვები „ლა გაძეტა დელო სპორტში“ გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა.